Home Blog Page 1681

საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილება დასაშვები ხდება

1-ელი იანვრიდან ამოქმედდა წესი, რომლის მიხედვითაც, საავტობუსო ზოლში სასკოლო ტრანსპორტის გადაადგილებაა დასაშვები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები სკოლების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა.

კახა კალაძის განცხადებით, მითითებული წესის გამოყენება შეეძლებათ როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლების წარმომადგენლებს.

„აღნიშნული წესის შესაბამისად, კერძო თუ საჯარო სკოლას შეუძლია, მიმართოს მუნიციპალიტეტს, მიაწოდოს ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალებების, მათი რაოდენობისა და მიმართულებების შესახებ, შეათანხმოს სატრანსპორტო საშუალებების ვიზუალი. ამის შემდეგ, მათ შეეძლებათ, უზრუნველყონ სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. არ დავიწყებ ახსნას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატარების უსაფრთხოება, მათი გადაადგილება, რათა დილისა და საღამოს საათებში საცობებში არ იდგნენ. იაქტიურეთ, მოგვმართეთ და ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით, რომ იმ სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნები შევითანხმოთ, რომლითაც პატარები გადაადგილდებიან, დავარეგისტრიროთ და ავტობუსის ზოლების გამოყენება შეძლოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება

თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, მარტიდან მომსახურებას დამატებით 250 ბავშვი და მოზარდი მიიღებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილების განხორციელების შედეგად, ბენეფიციარებს მომლოდინეთა რიგის დაკავება აღარ მოუწევთ.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამის ფარგლებში, დღეისთვის, მომსახურებას 18 წლამდე ასაკის 1 850 ბავშვი და მოზარდი იღებს, მარტიდან კი მათი რიცხვი 2 100 გახდება. პარალელურად, პროგრამის ბიუჯეტი,  დაახლოებით, 1 350 000 ლარით გაიზრდება. თბილისის მერიის  ვაუჩერის ღირებულება ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 5 400 ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ პროგრამას, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებაც ემატება და პროგრამას, ჯამში, 10 ცენტრი მოემსახურება.

„პროგრამის ფარგლებში, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს, ინდივიდუალური გეგმით განსაზღვრული, მინიმუმ ერთსაათიანი თერაპიული სეანსები უფინანსდებათ. ინდივიდუალური განვითარების გეგმა პროგრამის მოსარგებლეზე მორგებულ სეანსებსა და მათ რაოდენობას განსაზღვრავს, რაც პროგრამის მოსარგებლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან შეთანხმებით ხორციელდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის – სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით მუშაობას”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტის -ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიზნით მუშაობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო უწყება ძალისხმევას მიმართავს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელებისკენ, როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის, ისე საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის შერიგებისა და ჩართულობის კუთხით.

ამ კონტექსტში ილია დარჩიაშვილმა ყურადღება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ხელშესახები შედეგის მიღწევის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„ჩვენ გავაგრძელებთ თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან და აშშ-სთან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილესთან, ასევე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან მჭიდრო თანამშრომლობას მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევის მიზნით გზების გამონახვისა და ქმედითი საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად,“ – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ საგარეო უწყების ძალისხმევის შედეგია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში 51 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ და გაეროს გენ. ასამბლეაზე 61 ქვეყნის მიერ ინიცირებული და 100 სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.

ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლად გაგრძელდება არაღიარების პოლიტიკის შემდგომი კონსოლიდაცია საერთაშორისო არენაზე, ომითა და საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის ხელშეწყობა და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედითი ჩართულობის უზრუნველყოფა.

“დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება”- კახა კალაძე

ბიუჯეტთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს – 2024 წლის ბიუჯეტი მილიარდ 763 მილიონია და აღნიშნული ცვლილებებით, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წელს მერია დამატებით, 40 ერთეულ 180-მეტრიან ავტობუსს შეიძენს.

„მინდა ბიუჯეტთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია. გვაქვს გარკვეული ცვლილებები, რომლის შეტანა გვინდა არსებულ დამტკიცებულ ბიუჯეტში, დღეს გვინდა მთავრობის სხდომაზე განვიხილოთ ეს ყველაფერი, შემდეგ საკრებულოს გადაეგზავნება. ბიუჯეტში აისახება გარდამავალი ნაშთები, რომლებიც შედგება გადაჭარბებული შემოსავლებისგან. ასევე, გარკვეული კომპონენტი გახლავთ გარდამავალ პროექტებზე გადმოყოლილი თანხები. თქვენ იცით, რომ 2024 წლის ბიუჯეტი მილიარდ 763 მილიონია და აღნიშნული ცვლილებებით, რომლებსაც დღეს განვიხილავთ, დედაქალაქის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარი გახდება. აღნიშნული დამატებითი თანხებით გათვალისწინებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი მუნიციპალური პროექტების განხორციელება.

მინდა ინფორმაციის სახით გითხრათ, რომ ვიწყებთ პროცედურებს, რომ დამატებით შევისყიდოთ 40 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი. თავიდან დავაანონსეთ 200 ერთეულის შეძენა, თუმცა იმის გამო, რომ თანხები საკმარისი არ გვქონდა, შევიძინეთ მხოლოდ 160 ერთეული. წელს გვინდა დამატებით ის 40 ერთეულიც შევიძინოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბაღდათის სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.

იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“,- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 თებერვალს ქუთაისში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიამიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5. ბათუმშიც ანალოგიური ამინდია. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმიანია დღე ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი. +14 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით -2 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

ჭიათურაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი. დღე +8 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში ითოვებს. დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +8 იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც ანალოგოური ამინდია ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +10 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი. მოთოვს.

ითოვებს გუდაურშიც, სადაც დღე +3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +3, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

ლაგოდეხშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით მზიანი ამინდი და +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +12 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. პერიოდულად მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.

თიბისი Agile Business Awards-ის გამარჯვებულია

რეგიონში პირველად, გავლენიანმა საერთაშორისო კონკურსმა Agile Business Award-მა თიბისი საუკეთესო ეჯაილ ბიზნესად დაასახელა. თიბისიმ გამარჯვება ისტორიულად ყველაზე კონკურენტულ კატეგორიაში – Overall Business Agility-ი მოიპოვა. კონკურსს ყოველწლიურად Agile Business Consortium ატარებს.

თიბისი იყო პირველი უმსხვილესი კომპანია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ეჯაილ ტრანსფორმაცია დაიწყო საქართველოში. სწორედ ამ პროცესების შეჯამებით აიღო ჯილდო, რომელიც ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კომპანიებს აქვთ მოპოვებული როგორებიცაა: Natwest Group, RHB Banking Group, Vodafone, bp, Capgemini.

თიბისი, როგორც საქართველოში ეჯაილის ფუძემდებელი, ბოლო 5 წლის განმავლობაში არაერთი აქტივობით უჭერდა მხარს ამ მიმართულების განვითარებას. 2022 წელს უკვე ნათლად გამოიკვეთა დადებითი შედეგები, რომელიც ადამიანების ცხოვრების გამარტივებაში და ტექნოლოგიური პროცესების სისწრაფეში აისახა.

Agile Business Awards ყოველწლიური კონკურსია, რომელსაც ამ მიმართულებით ლიდერი საერთაშორისო ორგანიზაცია – Agile Business Consortium ატარებს. თავად ეს ორგანიზაცია 1994 წლიდან ფუნქციონირებს და მიზნად ისახავს საერთაშორისო დონეზე Business Agility-ს პრაქტიკების გავრცელებას. ჯილდოები 4 კატეგორიაში გაიცემა – Agile in Marketing, Agile in HR, Agile in Finance და Overall Business Agility.

 

R

ნევადის შტატში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა

ნევადის შტატში „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო პრაიმერიზში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხმების 89% მიიღო, ამომრჩეველთა 6%-მა „არცერთი ამ კანდიდატებიდან“-ს მისცა ხმა, რამაც მეორე ადგილი დაიკავა. მესამე ადგილზე ხმების 3%-ით მარიან უილიამსონი გავიდა.

ჯო ბაიდენმა გასულ შაბათს სამხრეთ კაროლინას პრაიმერიზშიც გაიმარჯვა, სადაც მან ხმების 96% მიიღო.

ნევადის შტატის „რესპუბლიკური პარტიის“ სიმბოლურ საპრეზიდენტო პრაიმერიზში „არცერთი ამ კანდიდატებიდან“-მა გაიმარჯვა. პრაიმერიზში ერთადერთი კანდიდატი ნიკი ჰეილი იყო, მას შემდეგ რაც ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნევადის შტატის პრაიმერიზში მონაწილეობისგან თავი შეიკავა და ხუთშაბათს გასამართ „რესპუბლიკური პარტიის“ შიდაპარტიულ კენჭისყრაში ე.წ. „კოკუსში“ მიიღებს მონაწილეობას.

“ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და 4 სახლი მოიყოლა, ვეძებთ 6 ადამიანს “- იმერეთის გუბერნატორი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. მაშველები ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ.

როგორც იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა, რომელმაც ოთხი საცხოვრებელი სახლი მოიქცია.

„ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა და პირველ რიგში, მინდა დაღუპულების ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო. ფაქტია, რომ ძალიან დიდი მიწის მასა მოწყდა და მოიქცია 4 საცხოვრებელი სახლი. თავიდანვე ვეძებდით 10 ადამიანს. ამ წუთის მონაცემებით, 1 ადამიანი ცოცხალია, სამწუხაროდ, 3-ის ცხედარი ვიპოვეთ და დანარჩენი 6 ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ამ ლოკაციაზე იმუშაოს, ცოცხალი ძალა და რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ სამუშაოებს,“ – აცხადებს შალამბერიძე.

ცნობისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყოლილია 4 საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა 3 ცხედარი იპოვეს, ერთი ადამიანი კი ცოცხალი ამოიყვანეს. ამ დროისთვის კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი სამხედრო საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი სამხედრო – ზურაბ წიკლაური და გოჩა ჟვანია საქართველოში დღეს დილით ჩამოასვენეს.

ცხედრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათი ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლობლები დახვდნენ.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროები აღმოსავლეთის ფრონტის წინა ხაზზე დაიღუპნენ. ისინი ქართული ლეგიონის შემადგენლობაში უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდნენ.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომში, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 50-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

დღეს აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია.

მედიის ცნობით, შედეგების შესახებ წინასწარ ინფორმაციას ცესკო-ს საინფორმაციო ცენტრი 10:00, 12:00, 15:00, 17:00 და 19:00 საათზე გაავრცელებს.

არჩევნებში მონაწილეობას შვიდი კანდიდატი იღებს, მათ შორის, მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

ამ დროისთვის ამომრჩეველთა სიაში ექვს მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადების შესახებ.

აზერბაიჯანში ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წელს ჩატარდა, შესაბამისად, მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილში უნდა გამართულიყო.

“ბაღდათის სოფელ ნერგეთში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ამ დროისთვის ნაპოვნია სამი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე” – შსს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ერთი მოქალაქე, ნაპოვნია სამი ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება ექვსი პირის მიმართ, – ამის შესახებ ნათქამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განცხადებით, სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

„იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ჩამოწოლილია მეწყერი, რის შედეგადაც მიწის მასაში მოყოლილია ოთხი საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 მოქალაქე, ნაპოვნია 3 ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 6 პირის მიმართ.

სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.

სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბაღდათის სოფელ ნერგეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.