Home Blog Page 1681

“გამოვლენილია “ისლამური სახელმწიფოს” აქტივობები სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე”-სუსი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ეროვნულ კონტრტერორისტულ სისტემაში ჩართული კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით წარმოებული ოპერაციის შედეგად, გამოვლენილია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩო მგელაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კომპლექსურად წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად მოპოვებულია მასალები და მტკიცებულებები, რითაც იკვეთება უცხო ქვეყნებში მიმდინარე ტერორისტული აქტივობები.

„ჩვენ მიერ მოპოვებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, საიდანაც ამოღებული აშშ-ისა და ევროპის დედაქალაქების სტრატეგიული ობიექტების სატელიტური ფოტოები. მასშტაბური კონტრტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში, იდენტიფიცირებულია ტერორისტულ ორგანიზაციასთან შემხებლობაში მყოფი პირები. კომუნიკაციის ფორმები, მეთოდები, დაინტერესების სფეროები და შესაძლო თავდასხმის ობიექტები საქართველოს ფარგლებს გარეთ.

საერთაშორისო ტერორისტული რისკებიდან გამომდინარე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად გადაეცა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს და მეზობელ ქვეყნებს, მათ შორის თურქეთს. ამასთან, სამსახურში ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო, საგამოძიებო და ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო ერთიანი კონტრტერორისტული სისტემის საიმედო პარტნიორად. ამასთან, ცალსახად გამოვრიცხავთ უცხოურ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტული მიზნებით სამხედრო მომზადებისა და საწვრთნელი ბაზების არსებობის თაობაზე“, – განაცხადა სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა, ბაჩო მგელაძემ.

ამასთან, ბაჩო მგელაძის განცხადებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე დეტალებზე არ ისაუბრებს.

„საქმე არის ძალზე მასშტაბური და შესაბამისად, ამ ღონისძიებაში ჩართული არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები“, – აღნიშნა მგელაძემ.

“ზოგიერთი პირდაპირ, ზოგიერთი – არაპირდაპირ, ჩართულია “ქოლცენტრების საქმეში”- ალუდა ღუდუშაური

ზოგიერთი პირდაპირ, ზოგიერთი – არაპირდაპირ, ჩართულია „ქოლცენტრების საქმეში“, ამ ამორალურ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში ისინი ინფორმირებული იქნებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ალუდა ღუდუშაურმა განუცხადა.

„როგორც ჩანს, ეს ადამიანები – ზოგიერთი პირდაპირ, ზოგიერთი – არაპირდაპირ, ზოგიერთი მათი დამფუძნებელი – პირდაპირ, არიან ჩართული ამ ამორალურ და დანაშაულებრივ საქმიანობაში. მათი მიზანია, საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში, ისინი ინფორმირებული იქნებიან, ეცოდინებათ ხელთ რა აქვთ საგამოძიებო უწყებებს გამოძიების ფარგლებში“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ზურაბ ოდიშვილი სამშობლოში ჩამოასვენეს. ოდიშვილი 93-ე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა.

2022 წლის 24 თებერვლის, უკრაინაში რუსეთის ფართო მასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 43 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქრისტინე თაკალანძის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სასამართლომ უკანონოდ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნულ უკანონო „გადაწყვეტილებას“ წინ უძღოდა გამოგონილი და აბსურდული ბრალდებების საფუძველზე თაკალანძის უკანონოდ დაკავება, რასაც მოჰყვა მრავალთვიანი უკანონო პატიმრობა.

ქრისტინე თაკალანძის მიმართ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ქრისტინე თაკალანძის უკანონო პატიმრობის პირველივე დღიდან, ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს. ასევე, აღნიშნული საკითხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

ერთობლივი ძალისხმევით, კეთდება ყველაფერი, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ქრისტინე თაკალანძე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს ლონდონში ჩარლზ მესამის კორონაცია გაიმართება

ლონდონში დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის კორონაცია გაიმართება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი კორონაციაა სამეფოში ბოლო 70 წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ მეფე და დედოფალი-კონსორტი კამილა უესტმინსტერის სააბატოში, სადაც ცერემონია გაიმართება, ეტლით მივლენ. გვირგვინს კამილასაც დაადგამენ, რის შემდეგაც მას ოფიციალურად „დედოფალ კამილად“ მოიხსენიებენ.

ცერემონია მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება. ქრისტიანი სასულიერო პირების გარდა მასში მონაწილეობას მიიღებენ იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმისა და სიქჰიზმის წარმომადგენლები. მუსიკა კი უელსურ, შოტლანდიურ და ირლანდიურ გელურ ენებზე შესრულდება. ასევე, პირველად დიდი ბრიტანეთის მონარქის კორონაციაში მონაწილეობას ქალი ეპისკოპოსები მიიღებენ.

კორონაციას 100 სახელმწიფოს მეთაური დაესწრება, რის გამოც ლონდონში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული – ცერემონიის დროს პოლიციის 11 500 ოფიცერი იმუშავებს. სულ კორონაციას 2 300 სტუმარი დაესწრება, მათ შორის პრინცი ჰარი, რომელიც სამშობლოში სპეციალურად ამ დღისთვის დაბრუნდა.

სააბატოში ცერემონიის შემდეგ მეფე და დედოფალი ბუკინგემის სასახლეში გადაინაცვლებენ და ხალხს ტრადიციულად აივნიდან მიესალმებიან. კორონაციის აღნიშვნა დიდ ბრიტანეთში 8 მაისამდე გაგრძელდება.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ქვეყნის ახალი მონარქი გახდა.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს.

ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა საკვირველმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართება. ქართლში მას გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ჰქვია; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი

.

ლეგენდის თანახმად, წმმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა. საქართველოში არსებობდა წმმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო.

წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

ტროპარი

ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა თვისსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

ყოველი ერი გასაკუთრებულ პატივს მიაგებს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.

წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში.

საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, – წერს ვახუშტი ბატონიშვილი.

საქართველოს მეფეების, ბაგრატიონების გერბზე წმიდა გიორგი გამოსახულია, როგორც გველეშაპის შემმუსვრელი. წინათ დიდმოწამის ხატი ქართული ლაშქრის დროშებზე აბრეშუმით იყო ამოქარგული. ბრძოლის დროს რუსთავის ეპისკოპოსს დროშა ეჭირა, მღვდლებს კი – ხატები. არცთუ იშვიათად წმიდა გიორგის გამოსახულება მეომართა ფარებზე იყო ამოტვიფრული.

საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან და საქართველოში არსებული წმიდა გიორგის 365 ნაწილთან არის დაკავშირებული.

10(23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.

„მეფე უგუნური (დიოკლეტიანე) ესწრაფოდა სიკვდილსა შენსა“, – ვკითხულობთ წმიდა გიორგის დაუჯდომელ ლოცვაში, – „ჭირთა დამთმენელო გიორგი, და ვითარცა მგელსა მშიერსა, სწყუროდა სისხლი შენი, ამისთჳსცა ბრძანა ურმის თვალსა ზედა წამებაჲ და საშინელთა სატანჯველთა მიცემაჲ შენი, ხოლო შენ, უფლისა მიერ ყოველივეს დამთმენელი, სასოებით მტკიცედ ჴმობდი ღმერთსა, ალილუია“.

წმიდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა, მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან დახსნისათვის.

ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმიდა გიორგის, ამიტომაც წმიდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩვენი ეკლესიისაო“.

„წმიდა გიორგი არის სიმბოლო გამარჯვებისა, საქართველოს ძლევამოსილი გამარჯვებისა. აი, ჩვენს წინაშე არის ორი პიროვნება – წმიდა გიორგი და იმპერატორი დიოკლეტიანე, სიმბოლო სიკეთისა და ბოროტებისა. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის ყოველთვის იყო და იქნება, ვიდრე დედამიწა იარსებებს. ამიტომ ერთადერთი ძალა, რომელიც ადამიანს, ერს, ქვეყანას ამ ბრძოლის დროს შეეწევა, ღვთის ძალა და მადლია. თქვენ გახსოვთ, წმიდა გიორგი სისხლით რომ იცლებოდა, მოესმა ხმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ“. დღეს ჩვენც გვესმის, სრულიად საქართველოს ესმის ეს ხმა უფლისა: „საქართველო, ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!“ ჩვენთან არს ღმერთი და ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს, რადგან ჩვენი მფარველი არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა – განგებითა ღვთისათა პატრონი საქართველოსი, დიდი დიასახლისი ჩვენი ქვეყნისა.

ჩვენი მფარველნი არიან წმიდა ნინო, წმიდა გიორგი, წმიდა ნიკოლოზი და მრავალი ის წმიდანი, მოწამე, ღირსი მამა, მღვდელმთავარი, რომელიც ადიდებდა ღმერთს და თავისი ცხოვრებით მოიხვეჭა მადლი უფლისა. და აი, ამ წმიდათა მოწამეთა და ღირსთა მამათა, მღვდელმთავართა და ყოველთა წმიდათა ლოცვით, ვერავითარი მტერი ვერ სძლევს საქართველოს.“ („კათოლიკოს-პატრიარქი ილია II )

ჯანმო “კოვიდ 19”-თან დაკავშირებული გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “კოვიდ 19”-თან დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოაცხადა.

„გუშინ საგანგებო სიტუაციების კომიტეტი მეთხუთმეტედ შეიკრიბა და რეკომენდაცია გამიწია, გამომეცხადებინა საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის დასრულება. მე მივიღე ეს რჩევა. ამიტომ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებულ გლობალური ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობას დასრულებულად ვაცხადებ“, – განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო ფაზა დასრულდა, პანდემია არ დასრულებულა. ბოლოდროინდელი პიკები იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. გაერო-ს ჯანდაცვის სააგენტო ამბობს, რომ ყოველკვირეულად ათასობით ადამიანი კვლავ იღუპება ვირუსისგან.

„ეს არ ნიშნავს, რომ „კოვიდ-19“ დასრულდა, როგორც ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე“, – თქვა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პანდემიით სულ მცირე შვიდი მილიონი ადამიანი დაიღუპა.

“ამერიკელები ომის პროპაგანდისკენ, ომის ბანაკისკენ გვიბიძგებენ”-უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ აშშ აშკარად ცდილობს უნგრეთს ომის ბანაკისკენ უბიძგოს, თუმცა აღნიშნა, რომ უნგრეთი მშვიდობის მომხრე გლობალურ უმრავლესობას მიეკუთვნება.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთში აშშ-ის ელჩი, დევიდ პრესმანი ომის პროპაგანდით არის ცნობილი.

აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ომის დაწყებიდან პიტერ სიიარტო ხუთჯერ ეწვია რუსეთს ენერგეტიკის საკითხების განსახილველად, თუმცა არც ერთხელ არ დამჯდარა სასაუბროდ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

„ელჩებს სხვა ქვეყნებში ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად ვაგზავნი და არა იმისთვის, რომ იფიქრონ, რომ ადგილობრივებზე უფრო ჭკვიანები არიან“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

„აშშ-ის ელჩის თქმით, ჩვენ უნდა დავკავდეთ ომის [საკითხით]. ეს არის ომის პროპაგანდა. ჩვენ არ გვინდა ომი. ჩვენ მშვიდობა გვსურს. ჩვენ გვესმის, რომ ამერიკელები ომის პროპაგანდისკენ, ომის ბანაკისკენ გვიბიძგებენ, მაგრამ ჩვენ სამშვიდობო ბანაკს ვეკუთვნით“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

“თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო არის რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბი”-ADB-ის პრეზიდენტი

თავისი უნიკალური ადგილმდებარეობით, საქართველო არის რეგიონული ვაჭრობის მნიშვნელოვანი ჰაბი და დამაკავშირებელი ხიდი აზიასა და ევროპას შორის, – ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის დასასრულს, საქართველოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მასაცუგუ ასაკავამ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრა 2024 წელს, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს სხვადასხვა უპირატესობების წარმოსაჩენად.

„ჩემთვის დიდი პატივია შემოგიერთდეთ დღევანდელ ღონისძიებაზე, სადაც წარდგენილია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა – საქართველო. ბატონო ლაშა, მინდა, ასევე მოგილოცოთ აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნა 2023-2024 წლებისთვის. აზიის განვითარების ბანკის სახელით, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და 2023 წლის 2-5 მაისის პერიოდში კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩეონში აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 56-ე ძალიან წარმატებულ წლიურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. ჩვენ მადლიერები ვართ, რომ თანხმობა განაცხადეთ უმასპინძლოთ ADB-ის ყოველწლიურ შეხვედრას მომავალ წელს, ულამაზეს თბილისში. დარწმუნებული ვარ, რომ გავეცნობით საქართველოს ტრადიციებს, ისტორიასა და დიდებულ პეიზაჟებს. ასე რომ, მეგობრებო და კოლეგებო, კიდევ ერთხელ, გმადლობთ, რომ წელს მობრძანდით ჩვენს შეხვედრაზე და იმედი მაქვს, 2024 წელს შევხვდებით თბილისში“, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ.

აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას 2024 წელს საქართველო პირველად უმასპინძლებს. ღონისძიება 2024 წლის 2-5 მაისს გაიმართება.

ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

“ყველა სადარბაზოში ტრანსნაციონალური დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა, ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის” – ხატია დეკანოიძე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო დროს გახშირებული ტრანსნაციონალური დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა, ქვეყნისთვის მძიმეა.

„კონკრეტულად რომელიმე ადამიანთან კავშირი გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მე ვერ გეტყვით, არ ვიცი. მხოლოდ საჯარო ინფორმაცია რაც გაჟღერდა, ის ვიცი. ზოგადად, საქართველოში ყველა სადარბაზოში ტრანსნაციონალური დანაშაულის ნიშნების აღმოჩენა, ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

“ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა შეიძლება ბარიერი ვერავინ გადალახოს”

„ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა შეიძლება ბარიერი ვერავინ გადალახოს – მე ვხედავ გამსხვილების და პარტიების ძალიან მჭიდრო კოორდინაციის პროცესს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 5 – პროცენტიანი ბარიერის პირობებში “ნაციონალური მოძრაობის” “ორბიტაზე” შევლენ სხვა პარტიები, ვისაც გაერთიანება და გამსხვილება სურს. დეკანოიძე აცხადებს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, მსჯელობა მიმდინარეობს იმ საკითხზეც, იქნებიან თუ არა ისინი ერთი ნომრით წარმოდგენილი.

„მაშინაც კი როცა „ნაციონალურ მოძრაობაში” ვიყავი, მე ვემხრობოდი დაბალი ბარიერის სისტემას, საერთოდ, მე ვემხრობი ბუნებრივ ბარიერს, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მოცემულობა შეიძლება მიგვეღო. ახლანდელი მოცემულობით, “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” გარდა შეიძლება ვერავინ გადალახოს ბარიერი. ამიტომ ბუნებრივად “ნაციონალური მოძრაობის” ორბიტაზე, სიაში უნდა შევიდნენ სხვა პარტიები და ჩვენ ვიცით ეს პარტიები, ვისაც უნდა გაერთიანება და გამსხვილება, არ აქვს მნიშვნელობა ერთი ნომრით იქნებიან თუ სხვა ნომრით და ამაზეც არის მსჯელობა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია. რაც შეეხება გამოსავალს, შარლ მიშელის დოკუმენტში იყო ჯერ კიდევ ჩადებული დაბალი ბარიერი, საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხორციელებულიყო და ვხედავ ამ ორბიტას შორის გამსხვილების პროცესს და პარტიების მუშაობის და ძალიან მჭიდრო კოორდინაციის პროცესს იმ შემთხვევაში, რომ ეს მოცემულობა და კოალიცია მომავალ პარლამენტში “ქართული ოცნების” წინააღმდეგ რაც შეიძლება აქტიური და ეფექტური იყოს,”– განაცხადა დეკანოიძემ.

“ბრალდებული შეურაცხადი იყო” – პროკურატურა „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტის ითხოვს

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო „ამბასადორში“ ხანძრის გაჩენის ფაქტზე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის ჩატარების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. შესაბამის ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 31 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავებულმა პირმა თავისსავე ნომერში სხვადასხვა ნივთს ცეცხლი წაუკიდა, რომლითაც გამოწვეული ძლიერი ხანძრით სასტუმროს მე-3 და მე-4 სართული დაზიანდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნივთის დაზიანება ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების მიზნით სსიპ „ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩატარდა, რომლითაც დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს იყო შეურაცხადი, მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, აქედან გამომდინარე იგი საჭიროებს იძულებით მკურნალობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.