დღეს ლონდონში ჩარლზ მესამის კორონაცია გაიმართება

67
spot_img

ლონდონში დღეს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფის, ჩარლზ მესამის კორონაცია გაიმართება. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს პირველი კორონაციაა სამეფოში ბოლო 70 წლის განმავლობაში. ცნობილია, რომ მეფე და დედოფალი-კონსორტი კამილა უესტმინსტერის სააბატოში, სადაც ცერემონია გაიმართება, ეტლით მივლენ. გვირგვინს კამილასაც დაადგამენ, რის შემდეგაც მას ოფიციალურად „დედოფალ კამილად“ მოიხსენიებენ.

ცერემონია მრავალფეროვანი და ინკლუზიური იქნება. ქრისტიანი სასულიერო პირების გარდა მასში მონაწილეობას მიიღებენ იუდაიზმის, ისლამის, ბუდიზმისა და სიქჰიზმის წარმომადგენლები. მუსიკა კი უელსურ, შოტლანდიურ და ირლანდიურ გელურ ენებზე შესრულდება. ასევე, პირველად დიდი ბრიტანეთის მონარქის კორონაციაში მონაწილეობას ქალი ეპისკოპოსები მიიღებენ.

კორონაციას 100 სახელმწიფოს მეთაური დაესწრება, რის გამოც ლონდონში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული – ცერემონიის დროს პოლიციის 11 500 ოფიცერი იმუშავებს. სულ კორონაციას 2 300 სტუმარი დაესწრება, მათ შორის პრინცი ჰარი, რომელიც სამშობლოში სპეციალურად ამ დღისთვის დაბრუნდა.

სააბატოში ცერემონიის შემდეგ მეფე და დედოფალი ბუკინგემის სასახლეში გადაინაცვლებენ და ხალხს ტრადიციულად აივნიდან მიესალმებიან. კორონაციის აღნიშვნა დიდ ბრიტანეთში 8 მაისამდე გაგრძელდება.

გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II 2022 წლის 8 სექტემბერს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი უფროსი ვაჟი ჩარლზი ქვეყნის ახალი მონარქი გახდა.