Home Blog Page 1679

“პირდაპირ გვითხრეს, სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ“-ანაკო ტურაშვილი

მწერალ დათო ტურაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მისი შვილი  ავრცელებს.

„მეგობრებო, არანაირი კომენტარის გაკეთება აღარ გვინდოდა მე და ჩემს ოჯახს ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ისედაც უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან ჩვენი მდგომარეობა და ისედაც ძალიან შეგაწყინეთ თავი გასულ კვირებში დათოს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.

ქვეყანაში, სადაც ბავშვების წამლისთვის ფული ვერ გამოინახა, სადაც ყოველდღე ისეთ ამბავს იგებ, იმდენ უსამართლობას და პრობლემას ეჯახები, რომ შეიძლება გული გაგისკდეს, რთულია საკუთარზე დაიწყო ლაპარაკი, ამიტომ მართლა აღარ გვინდოდა დათოს ჯანმრთელობის შესახებ რამის თქმა.

მაგრამ რადგან ყველაფერი დასრულდა, ეს არის სამადლობელი პოსტი და აღარ შეგაწუხებთ.

დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია. ექიმმა, რომელმაც ჩვენდა ბედად, გამონახა დრო დათოს მდგომარეობის შესამოწმებლად, დათო გადაარჩინა. დეტალებს აღარ დავწერ, პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანებინა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ და ისედაც გაოგნებულები დასცქეროდნენ დათოს და ეკითხებოდნენ საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო.

და ეს ყველაფერი ასე ბედნიერად არ ჩაივლიდა, რომ არა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა დათო ისრაელის კლინიკაში, იმ საოცარი ხალხის ხელში. ამიტომ დათოს მესამედ დაბადება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მას ჩვენი ოჯახისგან.

ვიცით რომ მას არ სურსდა, რომ ასე საჯაროდ გვეთქვა მადლობა, მაგრამ დათოს თხოვნით ვწერ ამ სამადლობელ პოსტს და თავს აღარ მოგაბეზრებთ მეტს.

დათო რამდენიმე დღეში ჩამოვა, თუმცა გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება.

ყველას უღრმესი მადლობა, უამრავი სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთის მთელი ამ დროის განმავლობაში – წერს ანაკო ტურაშვილი.

19 მარტს ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი ტელევიზიიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი სავარაუდოდ სტენოკარდიული შეტევა გახდა.

“მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი”- მამუკა ხაზარაძე აქონდროპლაზიით დაავადებულთა დაფინანსებაზე

მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით წერს:

“აქონდროპლაზიით დაავადებული 12 ბავშვი დაფინანსების მოლოდინშია. ამ დაფინანსებაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე და ეს საკითხი სასწრაფო გადაწყვეტას მოითხოვს. მივმართავ მთავრობას, შეიქმნას სპეციალური ფონდი, სადაც სახელმწიფო, კერძო ბიზნესი და მოქალაქეები ერთობლივად შეიტანენ ფინანსურ წვლილს ამ ბავშვების გადასარჩენად. მზად ვარ, პირადად მივიღო მონაწილეობა ამ ფონდის დაფინანსებაში. არის საკითხები, რომლებიც ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლაა. მოდით, ვისწავლოთ ასეთი საქმეების ერთობლივად კეთება პოლიტიკის გარეშე, ვისწავლოთ გაერთიანება პრობლემის გარშემო, ვისწავლოთ ერთად სიკეთის კეთება.”

https://www.facebook.com/mamukakhazaradzeofficial/posts/771367921012299

სუს-მა “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური მალხაზ პაქსაშვილი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

„კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

2013-2015 წლებში იგი ე.წ. სამხედრო ემირების, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში.

დაკავებულს მჭიდრო კავშირი ჰქონდა „ისლამური სახელმწიფოს“ მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან და აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი დაჯგუფების, ე.წ. ნაიბის პოზიციას იკავებდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარებას. დანაშაული სასჯელის სახით 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს ბრძოლას საერთაშორისო ტერორიზმთან. საქართველო რჩება საერთაშორისო კონტრტერორისტული სისტემის ერთ-ერთ აქტიურ წევრად და საიმედო პარტნიორად“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

“ელჩო დეგნან, ვენდოთ ღია წყაროების მიერ აშშ-ს პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში მხილებას, თუ გამოძიებას დაველოდოთ?” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ს ელჩს ტვიტერით მიმართავს:

“ღია წყაროები აშშ-ში ამხელენ პრეზიდენტის ვაჟს ჰანტერ ბაიდენს კორუფციაში.

თეთრი სახლი უარყოფს ბრალდებას და გამოძიებისადმი ხელის შეშლას, პრეზიდენტის მხრიდან.

ელჩო დეგნან, ვენდოთ ღია წყაროების მიერ პრეზიდენტის ოჯახის კორუფციაში მხილებას თუ გამოძიებას დაველოდოთ?”- წერს გოგა ხაინდრავა

არ გამოტოვოთ PSP-ს დიდი გათამაშება ტელეკომპანია „ტვ1“-ის პირდაპირ ეთერში

დღეს, ტელეკომპანია ტვ1-ის პირდაპირ ეთერში, 19:30 საათზე PSP-ს რიგით 22-ე გათამაშება ტარდება. ოცნებების ახდენამდე რამდენიმე საათი რჩება და თითოეულ მომხმარებელს PSP გამარჯვებას გისურვებთ. გრანდიოზული გათამაშებაში პრიზებიც განსაკუთრებულია: 50 000, 100 000 და 150 000 ლარი!

PSP-ს გათამაშებაში ჩართვა ტრადიციულად ძალიან მარტივია. PSP-ს „ჩემი ოჯახის“ ბარათის ყველა მფლობელი ყოველ 10 ლარიან შენაძენზე გათამაშების 1 ბილეთს იღებდა. მომხმარებელს ასევე შეეძლო ბარათზე დაგროვილი 10 ღიმილი გათამაშების 2 ბილეთში გადაეცვალა და 50, 100 და 150 ათასი ლარის მოგების შანსი გაეზარდა.

მოგების შანსი ყველას!

PSP-ს წამახალისებელი გათამაშების პროექტი 2007 წლიდან იღებს სათავეს და 10 წლის განმავლობაში უწყვეტად ჩატარებულ გათამაშებებში 150-ზე მეტმა ადამიანმა PSP-სგან ძვირადღირებული პრიზები მოიგო, მათ შორის 48 ახალთ-ახალი ავტომობილი, 10 ბინა თბილისის ცენტრში, 10 – 2000 ლარიანი ხელფასი, საქართველოს 2 მოქალაქე კი, რომელთაც 10 წლის განმავლობაში ყოველთვე 1000 ლარიანი ხელფასი მოიგეს, კვლავ იღებს ყოველთვიურ ხელფასს PSP-სგან. წელს PSP-ს გრანდიოზული გათამაშება დაბრუნდა!

მომხმარებელზე ზრუნვა PSP-ს საქმიანობის ძირითადი ორიენტირია. გარნდიოზული გათამაშება მომხმარებლის წახალისებისთვის PSP-ს ბოლო კამპანიის „ზრუნვა ყველაზე, ყველაზე კარგად“ ნაწილია. ზრუნვა PSP-ს, მისი თითოეული თანამშრომლის ყოველდღიურობაა.

გათამაშების დასრულების შემდეგ გამარჯვებულების სია შეგიძლიათ იხილოთ card.psp.ge- ზე, PSP–ს ოფიციალურ facebook-ის გვერდზე psp.ge, PSP–ს ნებისმიერ აფთიაქში და ასევე ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ PSP-ს ცხელ ხაზზე : 240-20-20.

(R)

“ინფორმაცია პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს”- დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ილია მეორის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ამის შესახებ Facebook-ზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე წერს.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, – წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

https://www.facebook.com/andriajagmaidze/posts/pfbid02J51xVmDt2Bg6um42sAhqd4pNpmuJJhcEhcbvCVNLGsJcVT6oNSejU9EV8yMmDeeFl

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მიზნისკენ ჯიუტად მიიწევთ და საკუთარ შესაძლებლობებში ისეთი დარწმუნებული ხართ, როგორც არასდროს. ამ დღეს შეგიძლიათ თქვენი დიდი ხნის ოცნება განახორციელოთ. თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოგდით, მეორედ უნდა სცადოთ. თქვენს კოლეგებსა და ნაცნობებს შორის ბევრია მზად, რომ დახმარება გაგიწიოთ.

კურო

საინტერესო აზრებითა და იდეებით სავსე ხართ და გსურთ ყველაფერი სასწრაფოდ განახორციელოთ. ამ დღეს ინტუიცია თქვენი საუკეთესო მრჩეველია, სხვა ადამიანების მოსაზრებებს კი ნაკლებად უნდა უსმინოთ. დილით დაძაბული სიტუაცია და უსიამოვნო საუბრები გელით, თუმცა საღამომდე ყველაფერი მოგვარდება.

ტყუპები

ალბათ „მარცხენა ფეხზე ადექით“, რადგან დილიდან ნებისმიერი, სრულიად უმნიშვნელო წვრილმანიც კი გაღიზიანებთ. ეცადეთ უარყოფითი ემოციები აკონტროლოთ და კონფლიქტურ სიტუაციებს ერიდოთ. არ ინერვიულოთ – დღის მეორე ნახევარი გაცილებით მშვიდი და ემოციურად კომფორტული იქნება. სავარაუდოდ, მოულოდნელი შემოსავალი გელით.

კირჩხიბი

ამ დღეს ურთიერთობებში დაძაბულობა და სირთულე იგრძნობა. ნებისმიერი წვრილმანი გაღიზიანებთ და ყურადღებას გიფანტავთ. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად, სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოთ და თქვენს გარშემო მიმდინარე პროცესები აკონტროლოთ. თუ ხვდებით, რომ დავალებას დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის გამოცდილ და პროფესიონალ კოლეგებს უნდა მიმართოთ.

ლომი

მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებაში შრომისმოყვარეობა და შედეგზე კონცენტრირება დაგეხმარებათ. მცირე უსიამოვნებებს ადვილად, შეცდომების გარეშე გაუმკლავდებით, თუმცა მნიშვნელოვან პრობლემებთან შებრძოლებისთვის ჯერჯერობით მზად არ ხართ. საღამოს საყვარელი ადამიანისგან რომანტიკულ სიურპრიზს მიიღებთ.

ქალწული

ნუ ინერვიულებთ იმის გამო, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ. ეცადეთ, თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ და უსიამოვნო შემთხვევებშიც კი რაღაც დადებითი იპოვოთ. ეს სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. თუ გრძნობთ, რომ სწრაფად იღლებით და ძალების აღდგენა გიჭირთ, ამ ეტაპზე მაინც იქნებ მოახერხოთ და მუშაობის დრო შეამციროთ, დასვენების დრო კი გაზარდოთ.

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ინდივიდუალური მუშაობისთვის. ყველაფერი თავად უნდა გადაწყვიტოთ, ამიტომ რჩევა და დახმარება არავის უნდა სთხოვოთ. ამ დღეს დავალებას მარტო უფრო სწრაფად და უკეთ გაუმკლავდებით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობა მაქსიმალურად შეამციროთ,მათ შორის, ახლობელ ადამიანებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, უსიამოვნო სიურპრიზი გელით.

მორიელი

ამ დღის ისეთი აზარტული ხართ, როგორც არასდროს – ცდილობთ, საკუთარი სიმართლე მთელს სამყაროს დაუმტკიცოთ და ცხარე კამათიდან გამარჯვებული გამოხვიდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ფეთქებადი ხასიათი ბევრ პრობლემას შეგიქმნით.

მშვილდოსანი

ყოველმხრივ ხელსაყრელი და მნიშვნელოვანი მოვლენებით სავსე დღეა. ამ დღეს არა მარტო ძველი კავშირების განმტკიცებას, არამედ ახალი ახალ პარტნიორებთან მოგებიან თანამშრომლობასაც შეძლებთ. კარიერული წინსვლისთვის საკუთარი პოზიციების ნებისმიერ ფასად დაცვა და კონკურენტებთან გამკლავება მოგიწევთ.

თხის რქა

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით, ამ დღეს ბევრი საქმე თქვენს სასარგებლოდ და თითქმის თქვენი ჩარევის გარეშე გადაწყდება. ახალი, საინტერესო და ძალიან მოგებიანი პერსპექტივები გელით. საქმე, რომლის დასრულება დღეს შეგიძლიათ, ხვალისთვის არ უნდა გადადოთ.

მერწყული

დროა, ჩანაფიქრის განხორციელებას შეუდგეთ, თუმცა გეგმას თანმიმდევრულად და აუჩქარებლად უნდა მიჰყვეთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და ის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძვირად ღირებული შესყიდვები რამდენიმე დღით გადადოთ.

თევზები

ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, მათ შორის პრიორიტეტის არჩევა შეძლოთ. გამოცდილი კოლეგების რჩევა გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. დროა, გატკეპნილ ბილიკებზე უარი თქვათ და მუშაობის ახალი მეთოდები მოძებნოთ. არ ინერვიულოთ – დღის მეორე ნახევარი გაცილებით მშვიდი იქნება.

ირმა ხეცურიანი საფრანგეთის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

ხმლით ფარიკაობაში ქართველმა ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე ანგარიშით 15:2 დაამარცხა, ფინალურ ასპარეზობაში კი ტაილანდელ საისუნ იანას მოუგო 15:12 და პირველ ადგილზე გავიდა.

საფრანგეთის მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც გამოდიან. ხვალ ჩვენი გოგონები ინდივიდუალურად რაპირაში იასპარეზებენ, ზეგ – გუნდური რაპირაში.

საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

2023 წლის 21 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებისა და გამრავალფეროვნების მყარ საფუძველს.

„მაღალი დონის დიალოგი ასახავს ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას და გამოავლენს პარტნიორობის ახალ პერსპექტივებს.

მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ და სწრაფვას, დაიცვან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.

დეკლარაციის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ მტკიცე ნებას უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და დასახონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

აღნიშნული ფორმატი შედგება ოთხი თემატური განზომილებისაგან, რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს.

დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრები. სესიებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების/უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციები.

ყოველი შეხვედრის შედეგად გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკე.

მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციას ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, რომში ვიზიტისას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა იტალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს

ალბანეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აუქმებს.

რუსეთის ფედერაციაში ალბანეთის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალბანეთში ჩასასვლელად რუსეთის მოქალაქეებს, ვიზიტის მიზნის შესაბამისად, ვიზის მისაღებად განაცხადის გაკეთება დასჭირდებათ.

ტურიზმის სტიმულირების მიზნით, ალბანეთის საელჩო უვიზო რეჟიმს 1-ელი მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყოველწლიურად აუქმებდა.

ცნობისთვის, ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდა მკაცრი მიდგომის დანერგვისკენ რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ამის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ფინეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში რუს ტურისტებს შესვლა ეკრძალებათ.

რა?! – ორბანი სტოლტენბერგის განცხადებაზე

“რა?!”- ასე გამოეხმაურა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ნატოს გენერალური მდივნის  განცხადებას, რომ უკრაინა მომავალში ალიანსის წევრი უნდა გახდეს.

ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გააზიარა „პოლიტიკოს“ სტატია, სადაც იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ უკრაინის ადგილი ნატოშია.

„რა?!“ – წერს „ტვიტერზე“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

რბანმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში უკრაინას „ფინანსურად არარსებული“ ქვეყანა უწოდა და აღნიშნა, რომ ევროპის მხარდაჭერის გარეშე, ომი მაშინვე დასრულდება.

კიევში ვიზიტისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის მომავალი ნატო-შია და ალიანსის ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება.

ვინ არის სიმონა ვაინგლასი?

BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საერთაშორისო ქსელის შესახებ კვლავ ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია. მასალები მოგვითხრობს ევროპელი პენსიონერების გაძარცვის სქემაზე, თაღლითური სქემის ორგანიზატორად კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია დასახელებული..

18 აპრილს გავრცელებული განცხადებით ცნობილი გახდა დავით კეზერაშვილის გადაწყვეტილება, ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტის ჟურნალისტებისთვის გადაცემის შესახებ.

ამავე განცხადებაში დავით კეზერაშვილი ქოლცენტრებთან კავშირს უარყოფს და BBC-ის გამოძიების ერთ-ერთ ავტორს სიმონა ვაინგლასს, საქმიანი რეპუტაციის შელახვასა და „რუსული რეჟიმის ნარატივების“გამეორებაში ადანაშაულებს:

„ჟურნალისტი წარმოადგენს ისრაელის მედიასაშუალებას – The Times of Israel (არა BBC-ის) და ის წლების განმავლობაში ცდილობს შემილახოს საქმიანი რეპუტაცია. ამის მაგალითად ისრაელის მედიაში გამოქვეყნებული მისი პუბლიკაციები გამოდგება. მე არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ავტორის მოტივაცია. აღვნიშნავ მხოლოდ იმას, რომ მისი მასალების დიდი ნაწილი ბევრ საკითხში უცნაურად ემთხვევა რუსული რეჟიმის ცრუ ნარატივებს, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს თავდაცვის სისტემის საკითხებთან დაკავშირებით, რაც ჩემს საქმიანობასთან მიმართებაში ყოველთვის განსაკუთრებულად აღელვებდა და აღელვებს რუსეთს“ -წერს კეზერაშვილი.

 

მოგვიანებით გიორგი ვაშაძემ „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ „ის კორესპონდენტი BBC-ის, საერთოდ ისრაელში ცხოვრობს“, ამავე არხზე გასულ კიდევ ერთ გადაცემაში კი წამყვანმა ვაინგლასს „ფრილანსერი“ უწოდა.

 

***

 

ცნობილი გამომძიებელი ჟურნალისტი სიმონა ვაინგლასი წლების განმავლობაში მუშაობს გამოცემა The Times of Israel-ში. BBC-ის საგამოძიებო სტატია მოამზადა გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა და მათი სახელები (მაქს ჰუდზონი, სიმონა ვაინგლასი, მარკ ტორნერი და ჯოელ გიუნტერი) გამოტანილია BBC-ის შესაბამისი სტატიის დასაწყისში.

 

ამერიკიდან ისრაელში გადასახლებულმა ვაინგლასმა, გაზეთ The Times of Israel-ში მუშაობა 2015 წელს დაიწყო. ე.წ. „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული პირველი და ყველაზე რეზონანსული გამოძიება სიმონა ვაინგლასმა 2016 წელს გამოაქვეყნასათაურით „თელ-ავივის მგლები“.

 

მასში აღწერილია ისრაელში შექმნილი ბინარული ოპციონების პლატფორმები, რომლებიც იმართება როგორც ისრაელის, ასევე საფრანგეთის, კანადის და ავსტრალიის ებრაული სათვისტომოების წარმომადგენლების მიერ, მაგრამ არ არის ნახსენები არც კეზერაშვილი და არც საქართველო.

(ბინარული ოფციონი – იგივე ციფრული ოფცია, შეთავაზება პრინციპით “ყველაფერი ან არაფერი”. ოფციონი გულისხმობს კლიენტისთვის ფიქსირებული მოგების შეთავაზებას, რომელიც განსაზღვრულ დროს განსაზღვრული პირობის შესრულებიდან გამომდინარე, ან უზრუნველყოფს ფიქსირებულ შემოსავალს ან არ მოაქვს არაფერი – ავტ.)

 

2016 წლიდან დღემდე ვაინგლასმა გამოაქვეყნა არაერთი სტატია ქოლცენტრებთან, ბინარულ ოფციონებთან და ტრანსნაციონალური თაღლითობის ქსელებთან დაკავშირებით და მხოლოდ ორჯერ ახსენა კეზერაშვილი. პირველად 2020 წელს და მეორედ, სამი წლის შემდეგ, – უკვე BBC-ის გამოძიებაში.

 

2020 წლის 18 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში ვაინგლასი მკითხველს უამბობს, როგორ გაშიფრა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმმა (მსოფლიოს 20 მედიასაშუალება) უკრაინაში განთავსებული „ქოლცენტრი“:

 

თაღლითური კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ოფისიდან გამოიტანა დოკუმენტაცია, რომლის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა „მილტონ ჯგუფი“ და მისი გენერალური დირექტორი იაკობ კესელმანი, კომპანიის ფარულ მესაკუთრედ კი გამოიკვეთა ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა.

 

ჟურნალისტურმა გამოძიებამ შეამოწმა თოდუას სხვა აქტივებიც და აღმოაჩინა, რომ მას, დავით კეზერაშვილთან ერთად გააჩნია ორი კომპანია უკრაინაში. ეს კომპანიებია – Project Partners (რომელშიც ასევე ფიგურირებს გია გეწაძე) და Elitekomfortbud (რომელშიც ასევე ფიგურირებს პეტრე ცისკარიშვილი).

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ კეზერაშვილმა დაადასტურა საქმიანი პარტნიორობა თოდუასთან, თუმცა უარყო კავშირი „მილტონ ჯგუფთან“.

 

სტატიაში ასევე ნახსენებია კეზერაშვილის ნათესავი (სტატიის მიხედვით, ძმისშვილი) – გია ჯანაშვილი, რომლის თანამშრომლობა ფიქსირდება როგორც თოდუასთან, ასევე Lbinary-სთან (კომპანია, რომელსაც სასამართლოში უჩივლა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების და ბირჟების კომისიამ).

 

2020 წლის შემდეგ სიმონა ვაინგლასს არ უხსენებია არც კეზერაშვილი და არც საქართველოს თავდაცვის სისტემა.

 

2022 წლის 15 სექტემბრის სტატიაშისიმონა ვაინგლასი თაღლითურ ქსელებში ჩართულ ქვეყნებს შორის ახსენებს საქართველოს და მოჰყავს ბავარიის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთა ციტატა, თუმცა კეზერაშვილი სტატიაში ნახსენები არ არის.

 

2023 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში „ქოლცენტრების“ შესახებ საუბარია აშშ-ში ძებნილ 6 პირზე, რომელიც ისრაელმა დააკავა და კეზერაშვილი არც იქ არის ნახსენები.

 

დავით კეზერაშვილი თავის განცხადებაში აქცენტს აკეთებს სიმონა ვაინგლასის და რუსეთის ინტერესების დამთხვევაზე, თუმცა ღია წყაროებში არ იძებნება ჟურნალისტის რუსეთთან აფილაციის ერთი ფაქტიც კი.

 

პირიქით, ვაინგლასის Twitter-ის გვერდზე აშკარად ჩანს ჟურნალისტის სიმპატიები უკრაინის მიმართ, რუსეთ-უკრაინის ომში.

 

უფრო მეტიც, 2021 წლის 20 აპრილს The Times of Israel-ში გამოქვეყნდა სიმონა ვაინგლასის საგამოძიებო სტატიაისრაელის ბინარული ოფციონების კომპანია SpotOption-ის შესახებ, რომლის თანახმად, ამ თაღლითური კომპანიის დამფუძნებლის მალხაზ პინხაზ პატარკაციშვილის (პინი პიტერი) რუს პარტნიორებად ნახსენები არიან TrustForex-ის დამფუძნებლები იგორ გორბენკო და ბორის სპეკტორი – ევგენი პრიგოჟინის საქმიანი პარტნიორები.

 

ამ სტატიის საფუძველზე აშშ-ში დაიწყო გამოძიება, რის შედეგადაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ SpotOption თაღლითობაში ამხილა.

 

ალოგიკურია, რუსეთის ინტერესების გამტარებელ ჟურნალისტს ასეთ რეზონანსულ სტატიაში პრიგოჟინი და მისი პარტნიორები ემხილა.

 

2021 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სიმონა ვაინგლასი ღიად აცხადებს, რომ ტრანსნაციონალურ თაღლითურ სქემებში ისრაელის მოქალაქეების გარდა, ჩართული იყვნენ რუსეთის, უკრაინის და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლებიც.

 

ამ ფონზე აზრი ეკარგება რუსული კვალის ან სხვა მოტივის ძიებას ვაინგლასის სტატიებში.

 

დავით კეზერაშვილის მტკიცება, რომ სიმონა ვაინგლასი „წლებია ცდილობს“ მისი რეპუტაციის შელახვას, ან განგებ ჰყავს შერჩეული სამიზნედ კეზერაშვილი, არ დასტურდება.

წყარო: მედია კრიტიკა –დავით კობახიძე