Home Blog Page 1678

“პრიგოჟინის გარეშე „ვაგნერის“ ჯგუფისგან მომავალი საფრთხე მხოლოდ გაიზრდება” – პოლონეთის პრემიერი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი მიიჩნევს, რომ ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალების შემდეგ „ვაგნერის“ ჯგუფზე კონტროლს უშუალოდ კრემლი გადაიბარებს და ეს მას პოტენციურად უფრო საშიშს გახდის.

„ვაგნერის“ ჯგუფი უშუალოდ პუტინის ხელმძღვანელობის ქვეშ გადავა. ყველამ თავად უპასუხოს კითხვას: საფრთხე გაიზრდება თუ შემცირდება? ჩემთვის ეს საკითხი რიტორიკულია“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.

მორავეცკის თქმით, პუტინის მეთვალყურეობის ქვეშ, „ვაგნერის“ ჯგუფი შემდგომშიკიდევ უფრო იქნება გამოყენებული პროვოკაციებისთვის, შანტაჟისა და თავდასხმებისთვის.

“პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში” – ვლადიმერ პუტინი

პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილინთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ამ ავიაკატასტროფას, უპირველეს ყოვლისა მინდა ჩემი გულწრფელი სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილთა ოჯახებს… პრიგოჟინს ძალიან დიდ ხანს ვიცნობდი, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ეს რთული ბედის ადამიანი იყო, და სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში, საჭირო შედეგებს აღწევდა – საკუთარი თავისთვისაც და, როდესაც მე ვთხოვდი, საყოველთაო საქმისთვისაც, როგორც ბოლო თვეებში. ის ნიჭიერი ადამიანი იყო, ნიჭიერი ბიზნესმენი”,- განაცხადა პუტინმა.

თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ამასთან, დამოუკიდებლობის დღე უკრაინელ ხალხს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიულოცა და ტერიტორიულ მთლიანობასთან ერთად, კეთილდღეობა უსურვა.

„ვულოცავ ჩვენს მეგობარს, უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი!!! უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა უკრაინაში 1991 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა.

“თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე” – მიხეილ სააკაშვილი

მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის, ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს და უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ეხმაურება.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის ამაყობს ყველა იმ ქართველით, რომლებმაც უკრაინის სახელმწიფოს მშენებლობაში წვლილი შეიტანეს.

„დღეს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა!

მინდა გავიხსენო თუ რა როლი შეასრულეს ქართველებმა უკრაინის დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნაში. უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა გრუშევსკიმ თბილისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა. ,,ვარდების რევოლუციას” უმნიშვნელოვანესი გავლენა ჰქონდა “ნარინჯისფერ რევოლუციაზე”.

მას შემდეგ რაც მე 2014 წლის მაიდანზე ჩავედი (მაიდნის ამ მოვლენების დროს 2 ქართველი დაიღუპა) ჩემთან ერთად კიევში ნამდვილი ქართული დესანტი გადასხდა. უზარმაზარი გავლენა ჰქონდა კახა ბენდუქიძის იდეებს. კიევის ცენტრში ერთ-ერთ მთავარ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს. უკრაინაში ახალი პოლიციის შექმნაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ეკა ზღულაძემ და ხატია დეკანოიძემ, რომელიც გახდა უკრაინის ნაციონალური პოლიციის პირველი უფროსი. გიორგი ვაშაძემ, ადგილობრივ ქართველთან – ლევან ფარცხალაძესთან ერთად, კიევის ცენტრში ქართული იუსტიციის სახლის პირველი ანალოგი ააშენა და შექმნა მოდელი, რომელსაც ‘’Готово’’ ეწოდა.

მთელი უკრაინისთვის ჩვენ ყველანი ჩართული ვიყავით სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალე სისტემის შექმნაზე, რომელსაც ‘’პროზორო’’ ეწოდა.

მარიუპოლის მშენებლობაში და ინვესტიციების მოზიდვაში აქტიურად იყო ჩართული ლევან ვარშალომიძე. ფაქტობრივად, მარიუპოლის ბათუმიზაცია ლევანის პროექტი იყო და რომ არა ეს მოვლენები, დღეს მარიუპოლი სულ სხვანაირი იქნებოდა.

გოგა ცხაკაია უკრაინაში რეფორმების სხვადასხვა მიმართულებით გატარების, ისეთი როგორიცაა: საბაჟო, სამშენებლო ნებართვები და სხვა, ერთ-ერთი წარმატებული და ცენტრალური ფიგურაა.

კობა ნაყოფია ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში განსაკუთრებულ როლს ასრულებს. საკუთარი ინიციატივებითა და გადადგმული ნაბიჯებით, კობა კიდევ უფრო აძლიერებს ორი ქვეყნის ხალხებს შორის არსებულ მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობას.

გია ლორთქიფანიძემ პრაქტიკულად თავიდან ჩამოაყალიბა უკრაინის კონტრდაზვერვა. დათო ლორთქიფანიძემ, უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეობისას გამოიძია უკრაინის ისტორიაში და იმ დროისთვის ყველაზე რეზონანსული საქმე, დააპატიმრა ქალაქ კიევისა და კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის პროკურორი.

გიზო უგლავამ ჩამოაყალიბა უკრაინის ანტიკორუფციული სამსახურის ‘’НАБУ’’ – გამოძიების ინსტიტუტი. მას შემდეგ, რაც ამ სამსახურს სათავეში ჩაუდგა ჩემი მრავალწლიანი თანაშემწე სიმონ კრივონოსი НАБУ-მ ანტიკორუფციულ სფეროში სასწაულების კეთება დაიწყო. მაგალითად, დააპატიმრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ქალაქ ოდესის მერი და ბევრი სხვა მაღალი თანამდებობის პირი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი სამხედროები. ვამაყობ, რომ ჩემმა კიდევ ერთმა თანაშემწემ გიორგი ქუფარაშვილმა გადამწყვეტი როლი შეასრულა „აზოვის’’ შექმნაში და დღესაც მძიმე ჭრილობის შემდეგ დაბრუნდა მწყობრში.

2014 წლიდან 70-ზე მეტმა ქართველმა გაწირა თავი უკრაინისთვის და, შესაბამისად, საქართველოსთვის. ქართულ ლეგიონს და მამუკა მამულაშვილს მთელი უკრაინა იცნობს.

რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიებაში უკრაინის ხელისუფლებამ მთავარი ფუნქცია ზურაბ ადეიშვილს დააკისრა.

ასე რომ, თავზე ნაცრის დაყრის დრო არ არის! ქართველებმა უნდა ვისწავლოთ სხვა ქართველებით სიამაყე!

მე ძალიან ვამაყობ ჩვენი ქართველებით უკრაინაში და თქვენ?”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე სიფხიზლე და ჯანდაცვის სისტემის მობილიზება აუცილებელია” – თენგიზ ცერცვაძე

COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე სიფხიზლე და ჯანდაცვის სისტემის მობილიზება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს. მისი ჯანმრთელობა, მათ შორის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე „კოვიდის“ მართვასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ყველა მცდელობა, დახატოთ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი, განწირულია“.

„როგორი ჯანდაცვა გვაქვს საქართველოში – ბატონი ვატო სურგულაძე, რომელიც ერთ დროს კომპეტენტურობით და ინტელექტით გამოირჩეოდა და პატივისცემითაც სარგებლობდა, ბოლო დროს სამწუხაროდ შეპყრობილია სურვილით, რომ მოსახლეობა დაარწმუნოს, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან ცუდადაა და მხოლოდ საშინელებები ხდება. განსაკუთრებით მწვავედ აკრიტიკებს ქვეყნის ჯანდაცვას. თუ მას დავუჯერებთ, ჩვენს ქვეყანას ჯანდაცვა საერთოდ არ აქვს?! ბატონო ვატო, იქნებ დამისახელოთ საქართველოს თანაზომადი შესაძლებლობების და რესურსების მქონე რომელიმე ქვეყანა, რომელსაც საქართველოზე უკეთესი ჯანდაცვა აქვს. ნუთუ მართლა ვერ ხედავთ, რომ მარტო C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალურმა პროგრამამ უკვე 80 000 – ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ამ დარგში მსოფლიოში უპირობო ლიდერები ვართ. საქართველო პირველი, ან ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება მსოფლიოში, რომელიც უახლოეს წლებში დაძლევს ოცდამეერთე საუკუნის ორი მთავარი გამოწვევის C ჰეპატიტის და აივ/შიდსის ეპიდემიებს. ვერ ხედავთ იმას, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომია ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. ქვეყანაში კეთდება ურთულესი კარდიოქირურგიული და ნეიროქირურგიული ინტერვენციები, ულტრათანამედროვე რადიოლოგიური კვლევები (PET-ის ჩათვლით). სახელმწიფო სრულად აფინანსებს ყველა სახის მაღალტექნოლოგიურ ონკოლოგიურ სერვისებს, ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და კლინიკებში!! ღეროვანი უჯრედების, ღვიძლის და თირკმლის გადანერგვას, ენდოპროტეზირებას და სხვა და სხვა. არ იცით, რომ ამჟამად ქვეყნის ჯანდაცვაში ტარდება მასშტაბური, სისტემური, სიღრმისეული რეფორმები, რის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობა კიდევ უფრო ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის ჯანდაცვას მიიღებს.

 

ამ დღეებში ბატონმა ვატომ TV პირველის ეთერში უაპელაციოდ განაცხადა, რომ COVID-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე (რაც მთელ მსოფლიოში აღინიშნება) მოსახლეობა ბედის ანაბარადაა მიტოვებული, პირველადი ჯანდაცვა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობს, ხოლო კლინიკებს COVID-თან ბრძოლის არანაირი ცოდნა და რესურსი არ გააჩნიათ?! როგორც ჩანს ბატონი ვატო ხელმძღვანელობს გებელსის პრინციპით: თქვი ტყუილი, დიდი ტყუილი, მრავალჯერ გაიმეორე და ხალხი დაიჯერებს. ბატონო ვატო, არ იცით, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მიაღწია „COVID თავისუფლებას“ და COVID-ით პაციენტების პროაქტიული და თანამედროვე მიდგომებით მკურნალობით ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID-19 ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციების მაგ. გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს. ოფიციალურ დოკუმენტებში ხელმისაწვდომია და შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ 2022 წლის მაისის შემდეგ ერთ მილიონ მოსახლეზე გადათვლით საქართველოში COVID გარდაცვალებების რაოდენობა ბევრად, შეუდარებლად ბევრად ნაკლებია ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მათ შორის ისეთებშიც კი, რომლებიც სანიმუშოდ ითვლებოდნენ COVID-ის მართვაში (ისრაელი, გერმანია, აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, იაპონია, სამხრეთ კორეა, სკანდინავიის და ბალტიის ქვეყნები, იტალია, ესპანეთი და სხვა). საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, სადაც უკლებლივ ყველა COVID ავადმყოფი იღებდა სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას. კლინიკებში ადგილების არ ქონის გამო, სასწრაფოებს არ უხდებოდათ საათობით რიგში დგომა. COVID ავადმყოფები არ კვდებოდნენ ბინაზე, სასწრაფო დახმარების მანქანებში და ა.შ. ბატონო ვატო, როცა ამბობთ, რომ ჩვენს კლინიკებში COVID-ის მართვა არ იციან და არც არავითარი რესურსი არ აქვთ, ღმერთის მაინც არ გეშინიათ?! არ იცით, რომ (შეგიძლიათ, გადაამოწმოთ) მაგალითად ჩვენს კლინიკაში COVID-19-ით მოთავსებული ყველა ავადმყოფიდან მხოლოდ 1.6% გარდაიცვალა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით.

 

ქვეყნის 100-ზე მეტ COVID-კლინიკაში ჰოსპიტალიზებული (როგორც წესი მძიმე) ავადმყოფების გარდაცვალების საშუალო მაჩვენებელი 6%-ია, მაშინ როდესაც წამყვანი ქვეყნების უმეტეს კლინიკებში სიკვდილობის საშუალო მაჩვენებელი 6-დან 10%-მდე მერყეობს. COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი – ყველა დადასტურებულ შემთხვევას შორის გარდაცვალების მაჩვენებელი -ე.წ. CFR (Case fatality rate) საქართველოს მსოფლიოს 112 ქვეყანაზე დაბალი (ანუ უკეთესი აქვს) 0.93%. რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი პანდემიის მანძილზე, ყოველი ასი დადასტურებული COVID- შემთხვევიდან ავადმყოფების 99%-ზე მეტის გადარჩენა ხერხდებოდა და მხოლოდ 1%-ზე ნაკლები მთავრდებოდა ფატალურად. ბატონო ვატო, თქვენი დაუსაბუთებელი განცხადებებისგან განსხვავებით ეს ყველაფერი აბსოლუტური ჭეშმარიტებაა და დაფიქსირებულია ძირითად, მათ შორის საერთაშორისო დოკუმენტებში (შეგიძლიათ გადაამოწმოთ) და ეს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის. ამიტომ იმედი მაქვს, რომ თქვენი ყველა მცდელობა, დახატოთ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი, განწირულია და მას არცერთი ნორმალური და არაანგაჟირებული ადამიანი არ დაიჯერებს. COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების ფონზე სიფხიზლე და ჯანდაცვის სისტემის მობილიზება რა თქმა უნდა აუცილებელია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს. მისი ჯანმრთელობა, მათ შორის COVID- უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან მიიღო ორი შეტყობინება რვა ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის შესახებ, რომელთაც სალმონელოზი დაუდასტურდათ, – ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ.

მათივე ცნობით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში პაციენტებმა საკვებად მიიღეს ს.ს. „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მაღაზიებში შეძენილი „კოტლეტი კიევური“.

„შეტყობინებების მიღებისთანავე, სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა განახორციელეს ინსპექტირება „ნიკორა ტრეიდის“ სასურსათო მარკეტებში (ს/კ 206255808) მისამართებზე: თბილისი აღმაშენებლის ხეივანი N62/495; თბილისი, ხომლელის ქუჩა და აეროდრომის დასახ. მე-7 ქუჩას შორის, ასევე, მიკვლევადობით დადგენილ სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოებაში (აღმაშენებლის ხეივანი 1.6 კმ), საიდანაც ორივე მარკეტი „კოტლეტი კიევურით“ მარაგდებოდა“, – აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევისთვის აიღეს სურსათის ნიმუშები, რომლებშიც პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა აღმოჩნდა.

„შედეგად, სს „ნიკორა ტრეიდის“ მზა კერძების წარმოება დაჯარიმდა და კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი  შეუჩერდა. ამოღებულია და შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება პათოგენით დაბინძურებული 20 კგ ქათმის ფილე, 100 კგ სხვადასხვა სახეობის სურსათისა და 22 კგ „კოტლეტი კიევურის“ ფარში, სადაც გამოყენებული იყო აღნიშნული ქათმის ფილე“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, მიკვლევადობის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ნედლეულის იმპორტიორ კომპანიაშიც განახორციელებს.

XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები”

24 აგვისტოს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიო დრამატულ თეატრში XV საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე აკაკი ძნელაძე, ფესტივალის „ღამის სერენადები“ სამხატვრო ხელმძღვანელი,გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის „ღამის სერენადები“ დირექტორი ნინა ცაგარელი, ორკესტრის „საქართველოს ვირტუოზები“ კონცერტმაისტერი და პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე. სოპრანო ეილიკა ვუნში, ტენორი რიკარდო მარინელო, მევიოლინე ჰეიონ პარკი, პიანისტი თამარ ლიჩელი.

ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა ფესტივალის წლევანდელ პროგრამასა და კონცერტებში მონაწილე შემსრულებლებზე, სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სოფო ხალვაში, ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე:

“წლების განმავლობაში “ღამის სერენადები” ყოველთვის გამოირჩეოდა განსხვავებულობით, ეს ფესტივალი წელსაც იქნება მნიშვნელოვანი ჩვენი ბათუმისთვის. ტრადიციულად ქალაქ ბათუმის მერია მხარდამჭერია ფესტივალის და მინდა ვუსურვო ბევრი წარმატება, იმიტომ რომ ნამდვილად გამორჩეული მუსიკოსები არიან წელს და მსმენელს ელოდება ძალიან დიდი დღესასწაული.”

აკაკი ძნელაძე, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე:

“აქ თავისთავად არა მარტო ბათუმისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის არის მნიშვნელოვაანი ფესტივალი “ღამის სერენადები”, იმიტომ რომ ხაზგასმით ვამბობ, ლიანა ისაკაძე არის გენიალური მუსიკოსი, თანაც “ღამის სერენადები” ბათუმი-თბილისის  გეოგრაფია მუსიკაში არის ერთ-ერთი ბრწყინვალე ეპიზოდი ქართულ-კულტურულ სივრცეში ბოლო წლების მანძილზე. აუცილებელია ამ ფესტივალის მხარდაჭერა. მომავალშიც ასე იქნება და კიდევ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ როგორ შეიძლება საერთაშორისო ფესტივალს “ღამის სერენადები”, რაღაც კულტურული ემოციური ხაზგასმა გავუკეთო, მაგრამ ასე ვიტყვი – ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო კულტურული ფესტივალი თავისი ინტელექტით საქართველოში. დიდი მადლობა ამ ფესტივალს.”

გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:

“ფესტივალის პროგრამა ჩვეულებისამებრ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. წელსაც ვუმასპინძლებთ არაერთ მსოფლიოში აღიარებულ უცხოელ და ქართველ მუსიკოსს: Milano Classica-ს მთავარი დირიჟორი, Orchestra Scarlatti Young-ის მთავარი დირიჟორი და ტოსკანას ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატთან, ქართველ მევიოლინესთან, ვერიკო ჭუმბურიძესთან ერთად შეასრულებს ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტს. ლა სკალას ორკესტრის კონცერტმაისტერი, სოლისტი და ვენიავსკის კონკურსების ლაურეატი ლაურა მარზადორი მსმენელებს მოცარტის სავიოლინო კონცერტებს წარუდგენს. სოლო კონცერტს გამართავს ბეთჰოვენის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლის პროფესორი და თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი ანტი სიირალა.

საოცარი საღამო გვაჩუქეს გერმანული პროექტის “Das Supertalent” გამარჯვებულმა ტენორმა რიკარდო მარინელომ და საერთაშორისოდ აღიარებული ქართველმა ტენორმა გიორგი ონიანმა, რომლებმაც საოპერო მუსიკის შედევრები და ნეაპოლური სიმღერები შეგვისრულეს ქალაქ ბორჯომში. მინდა ავღნიშნო მსოფლიოში ცნობილი გერმანელი კლარნეტისტი საბინე გროფმაიერის საოცარი შესრულება.

კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი თამარ ლიჩელთან ერთად შეასრულებს ფრანკისა და ვოან უილიამსის ნაწარმოებებს, ასევე ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტს. პუბლიკა შეხვდება ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებსაც. სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას გაუწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.”

ნინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი:

“მეთხუთმეტე, საიუბილეო „ღამის სერენადებს“ მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეებით ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ გაიზარდა ჩვენი გეოგრაფიული არეალი და მასპინძელ ქალაქებს დაემატა ქალაქი ბორჯომი. წლევანდელმა ფესტივალმა სწორედ ბორჯომში აიღო სტარტი გალა-კონცერტით, შემდეგ კი ტრადიციულად ულამაზეს ბათუმში გადმოვინაცვლეთ. მეორე უმნიშვნელოვანესი სიახლე გახლავთ ის, რომ ფესტივალის პარტნიორთა სიას დაემატა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში ერთ კონცერტს გამართავს. წლევანდელი ფესტივალი 6 დაუვიწყარ საღამოსთან ერთად უკვე ტრადიციულად გააერთიანებს მასტერკლასებს და ვორკშოპებს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და შშმ პირებისათვის, ასევე საქართველოში ასტრო-არტის და Art-Science -ის პირველი წარმომადგენლის მხატვარ ეკა აბულაძის ნამუშევრების გამოფენას.”

 

რიკარდო მარინელო, ტენორი:

“ძალიან ბედნიერი ვარ, აქ რომ ვიმყოფები. პირველად ვარ ბათუმში და ამაყი ვარ, რომ ჩემს მუსიკას შევთავაზებ ამ ფესტივალის დამსწრე საზოგადოებას. იტალიელი ვარ და შევასრულებ კლასიკად აღიარებულ ნაწარმოებებს ” ო სოლე მიო” და უდიდეს არიას “ნესუნ დორმა”.

აელიკა ვუნში სოპრანო:

“უბედნიერესი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში და ამ ულამაზეს თეატრში შევხვდები მსმენელს. ჩემთვის უძვირფასეს არიებს შევასრულებ და იმედი მაქვს, რომ კონცერტზე მოსული მსმენელი ისიამოვნებს. დიდი მადლობა ქართველებს მოწვევისთვის.

ჰეიონ პარკი, მევიოლინე:

“დიდი სიამოვნებით ველოდები შეხვედრას მსმენელთან და მსურს ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო – საუკეთესოდ დავუკრა. თათა ლიჩელთან ერთად დავუკრავ. უნიჭიერესი პიანისტია და მიხარია, რომ მასთან ერთად მუშაობის საშუალება მომეცა. მიყვარს საქართველო, კარგი ამინდია, კარგი განწყობა…”

შეგახსენებთ, რომ კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ წელს, მეთხუთმეტედ იმართება. ფესტივალს სამი ქალაქი ბორჯომი, ბათუმი და თბილისი მასპინძლობს. ტრადიციულად „ღამის სერენადები“ კონცერტებზე მსოფლიოში აღიარებულ მუსიკოსები ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს შეასრულებენ .

ფესტივალის დამფუძნებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.
ფესტივალ „ღამის სერენადების“ ბათუმის კონცერტს მაყურებელი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 24 აგვისტოს 20:40 იხილავს.
პროგრამაშია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – Exsultate, jubilate, K 165 ერნესტო დე კურტისი – Torna surriento ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – „მწყემსი მეფე“ – L’amerò, sarò costante იმრე კალმანი – „ჩარდაშის დედოფალი“ – Tanzen möcht’ ich სეზარ ფრანკი – სავიოლინო სონატა ლა მაჟორი ჯუზეპე ვერდი – „რიგოლეტო“ – La donna è mobile ფრანც ლეჰარი – „მხიარული ქვრივი“ – Lippen schweigen ჯაკომო პუჩინი – „ტურანდოტი“ – Nessun Dorma ედუარდო დი კაპუა – O sole mio ჯუზეპე ვერდი – „ტრავიატა“ – Sempre libera

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო საქართველოში, გერმანიის საელჩო საქართველოში. მასპინძელი სასტუმროები: ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, კომპანია „სარაჯიშვილი“, ძმები ხუციშვილების “ღვინის მარანი” “HOTSALE.GE”-ს პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“ საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.

“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევგენი პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რთული გადასამოწმებელია” – პიტერ სტანო

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევგენი პრიგოჟინი, სავარაუდოდ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რთული გადასამოწმებელია.

„ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია ავიაკატასტროფის შესახებ, რომლის დროსაც, სავარაუდოდ, დაიღუპა ევგენი პრიგოჟინი და მისი გარემოცვის წევრები. მაგრამ კიდევ ერთხელ, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ რუსეთში, ძალიან რთულია ამის გადამოწმება“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

პიტერ სტანოს თქმით, პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ ჯგუფის უარყოფითი ქმედებები ფართოდ არის ცნობილი, რაც მიუთითებს მის მონაწილეობაზე უკრაინის ომში და მის ოპერაციებზე აფრიკის ქვეყნებში.

„ყველგან, სადაც „ვაგნერის“ ჯგუფი იმყოფებოდა, მათ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის კვალი დატოვეს“, – განაცხადა სტანომ.

“მჯერა, ერთ დღეს უკრაინა გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი” – გიტანას ნაუსედა

მჯერა, ერთ დღეს უკრაინა გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

გიტანას ნაუსედას თქმით, აგრესორი არ განსაზღვრავს უკრაინის ბედს.

„ჩვენ ერთად აღვადგენთ უკრაინას. გვსურს, უკრაინა გახდეს ნატო-ს ალიანსის ნაწილი. ჩვენი ხედვა დღეს არის ძლიერი უკრაინა ძლიერ ევროპაში. მჯერა, ერთ დღეს უკრაინა გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. აგრესორი არ განსაზღვრავს უკრაინის ბედს“, – განაცხადა გიტანას ნაუსედამ.

კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, ლიეტუვის ლიდერთან ერთად, პორტუგალიის, ნორვეგიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ლიდერები ესწრებოდნენ.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამანათებს გერმანული ნაგაზი „პრადა“ შეამოწმებს

პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევის თავიდან აცილების მიზნით, კინოლოგიური ქვედანაყოფი ჩამოყალიბდა, – ამის შესახებ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ამანთებს დღეიდან გერმანული ნაგაზი „პრადა“ ამოწმებს.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში მომზადდება შესაბამისი ჯიშის ძაღლების დამატებით რაოდენობა, რის შემდეგაც ისინი პენიტენციური სამსახურის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩაერთვებიან.

„სამსახური პასუხისმგებლობას იღებს ძაღლების მოვლა-პატრონობასა და გაწვრთნაზე, მათ ეფექტურ და რაციონალურ გამოყენებაზე“, – ნათქვამია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

“ვულოცავ ჩვენს მეგობარ უკრაინას და გმირ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას”

თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ამის შესახებ კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვულოცავ ჩვენს მეგობარ უკრაინას და გმირ ხალხს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. დაე, თქვენი ბრძოლა იყოს გამარჯვების, დამოუკიდებლობისა და მშვიდობის მომტანი. უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობასა და კეთილდღეობას“, – წერს კახა კალაძე.

“უკრაინას მუდმივად აქვს ჩვენი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ხელისუფლება”

უკრაინას მუდმივად აქვს ჩვენი მხარდაჭერა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ხელისუფლება. ეს არაფერს ცვლის ამ მხარდაჭერაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე რატომ არ იმყოფება კიევში ქართული მხარე, ასევე, არ ავრცელებენ მისალოც განცხადებებსაც?“

გია ცაგარეიშვილის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მისალოცი მიმართვა, აგრეთვე გავრცელდება სხვა განცხადებებიც.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ხომ მოისმინეთ, საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ამ ქვეყანას. მერე რა, რომ უამრავი აზრთა სხვაობა გვაქვს, მათ შორის, ჩემი არჩეულიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ის, რომ ბოლო ხანს სხვანაირად მსჯელობს და ფიქრობს ხოლმე, ვიდრე ჩვენ, არ ნიშნავს, რომ მე ან ვინმეს რაიმე სახის უფლება აქვს, ამ ქვეყნის არალეგიტიმურ წარმომადგენლად აღიაროს, ეს ხომ სისულელე იქნება? ამგვარი სიბრიყვე რომ ვინმე ჩვენგანმა თქვას, ამას ხომ არცერთი წამი არ დაიჯერებთ? ასე რომ, ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ამ ფორმატში, როგორც შარშან, ისე წელს მონაწილეობდა დისტანციურად, ეს მისი უფლებაა. აქამდე და ამის შემდეგაც საქართველო იქნება უკრაინის გვერდით, მიუერთდება ყველა იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდება და რომელიც მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის წარმატებას ამ სამამულო ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინის რეჟიმთან და რუსულ აგრესიულ სამხედრო მანქანასთან. ეს მხარდაჭერა შეუქცევადი იქნება. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ჰააგის სისხლის საერთაშორისო ტრიბუნალში რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სარჩელს, რამდენიმე ქვეყანა იყო მხარდამჭერი, ჩვენ თანასპონსორები ვიყავით. ბევრმა ეს ვერ გაბედა, ჩვენ ეს გავაკეთეთ, პირველ რიგში, უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, იმ გმირების სულთა მოსახსენიებლად, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი. ეს არის ჩვენი ორმაგი პასუხისმგებლობა და ჩვენ ამ პასუხისმგებლობით მომავალშიც გავაგრძელებთ მოქმედებას. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას მუდმივად აქვს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ეს არაფერს ცვლის ამ მხარდაჭერაში. ვაგრძელებთ მეგობრობას, მერე რა, რომ ეს ამ ეტაპზე შეიძლება, ცალმხრივად ჩანდეს მათი მხრიდან. ელჩებიც დაბრუნდებიან დედაქალაქებში, ეს ურთიერთობებიც აღდგება და დალაგდება, რადგან ყველაფერი წარმავალია და ერებს შორის მეგობრობა რჩება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის სახელით. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის და ამ მთავრობის, ეს არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, მათ შორის, თქვენიც. ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტოს ოფიციალური განცხადება არის საქართველოს მთავრობის განცხადება. იქნება სხვა განცხადებებიც, დაელოდეთ და გაეცანით“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.