საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა აღდგენილია.
,,ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება”- ირაკლი კობახიძე
ჯანდაცვა არის უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევაა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და ბუნებრივია გაგრძელდება მოსახლეობის უნივერსალური მოცვა ამ პროგრამით. ამასთან ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა. კობახიძის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული სტრატეგიის ამოცანების შესრულება.
„გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლოდ მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. ქვეყანაში დაინერგება ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები ქართველი და უცხოელი ექიმების თანამშრომლობით. გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებების და სოფლად ამბულატორიების მშენებლობა, რეაბილიტაცია, აღჭურვა და ასევე ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას.“ – აღნიშნა კობახიძემ.
,,2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი ცენტრალური წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი”- ირაკლი კობახიძე
წლის ბოლოსთვის 365 000 ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით, საიდანაც 130 000-ს არასდროს ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე და ისინი მიიღებენ ახლა ამ მომსახურებაზე წვდომას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. „წყალმომარაგების მასშტაბური პროექტი ხორციელდება, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან სერიოზული პროგრესია ამ მიმართულებითაც. 2025 წლის ბოლოსთვის უკვე ყველა ქალაქი იქნება უზრუნველყოფილი ცენტრალური წყალმომარაგებით. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაიწყო და რომელიც ბოლომდე იქნება მიყვანილი მომავალი წლის ბოლოსთვის, – განაცხადა კობახიძემ.
,,ეს „პროექტი“ უკვე გაშიფრულია, ჩამოშლილია”- ირაკლი ქადაგიშვილი
გახარიას მიერ „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წართმევის „პროექტს“, რომელიც ფაქტობრივად მან თავისი მოღალატეობრივი ნაბიჯებით თავის დროზე განახორციელა, გარკვეული ეფექტი ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნების დროს. დღეს ეს „პროექტი“ უკვე გაშიფრულია, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„გახარიას მიერ „ქართული ოცნებისთვის“ ხმების წართმევის „პროექტს“, რომელიც ფაქტობრივად მან თავისი მოღალატეობრივი ნაბიჯებით თავის დროზე განახორციელა, გარკვეული ეფექტი ჰქონდა თვითმმართველობის არჩევნების დროს. დღეს ეს „პროექტი“ უკვე გაშიფრულია, ჩამოშლილია. ნარატივს, რომ „ქართული ოცნების“ ალტერნატივა ვიქნები და ამაზე ლოცვა-კურთხევა მაქვს ივანიშვილისგან მიღებულიო, ავრცელებდნენ ჭორის სახით ამომრჩეველში და ეს ყოველთვის სენტიმენტებს იწვევდა. ეს დამთავრებულია. მცდელობა, რომ ე.წ. ჩამოუყალიბებელი ელექტორატის ხმებზე გავიდნენ, ეს მცდელობა აქვს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ აქტორს. შეიძლება ასეთი ამომრჩევლის 1, ან 2 პროცენტი მოიზიდო, მაგრამ ზოგადად, ამომრჩევლის ქცევა სხვანაირი ხდება ხოლმე როდესაც არჩევნები იწყება. ძირითადად, ამომრჩევლის ქცევა გახლავთ, რომ ის ან უკვე კარგა ხნის წინ ჩამოყალიბებულ სიმპათიას უჭერს მხარს, ან ეძებს, ვის შეუძლია რეალურად არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალოს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
,,გამოკვეთილად კარგი პროფესიონალი ხართ, ვინ აგებს გელათზე პასუხს?”- ჩარკვიანი კობახიძეს
„მოხდა მართლაც საპატრიარქოსთვის გადაცემა და საინტერესოა გაფუჭებული საქმის გადაცემა მოხდა? ან თუ გაფუჭდა და დაგვიანდა ვინ აგებს ამაზე პასუხს?“, – ამ კითხვით მიმართა გელათის ტაძრის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე.
დეპუტატმა ჩარკვიანმა კულტურის მინისტრობის კანდიდატთან, თეა წულუკიანთან დაპირისპირების თემა პრემიერობის კანდიდატ კობახიძესთან შეხვედრაზეც გააგრძელა და უთხრა, რომ “გაფუჭებული საკითხის” გამოსასწორებლად დიდი შრომა მოუწევს.
„მე მინდა ობიექტური ვიყო. შეიძლება, ბევრჯერ არ მომწონებია თქვენი გამოსვლა, მაგრამ არასოდეს მსმენია თქვენს შესახებ, რომ ხართ არაპროფესიონალი. მე არ ვარ თქვენი დარგის სპეციალისტი, მაგრამ გამოკვეთილად ჩანს ხოლმე, რომ ხართ კარგი პროფესიონალი. შეიძლება გამკვირვებია, რომ ამ კარგმა პროფესიონალმა, კარგმა კონსტიტუციონალისტმა როგორ დაუშვა გავრილოვის შემოსვლა, მაგრამ არაპროფესიონალიზმში ვერ დაგდებთ ბრალს.
რატომ გავუსვი ხაზი? თქვენ დიდი შრომა მოგიწევთ ამ 10 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ თქვენს გუნდში, რომელთა დამტკიცებასაც აპირებთ, მე რომ არ გითხრათ, თავადაც იცით, შეუძლებელია, ამდენი უკმაყოფილო ადამიანი ერთ დარგს ჰყავდეს… ალბათ, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, ბევრი კარგი პროფესიონალი გყავთ, მაგრამ ბევრი არაპროფესიონალია ამ დარგში…
საინტერესოა. მართლაც გაფუჭებული საქმის გადაცემა მოხდა საპატრიარქოსთვის? დანაშაულის ხსენება არ მინდა… ვფიქრობ, პრაქტიკულად მოხდა გაფუჭებული საქმის გადაცემა. ან თუ გაფუჭდა და დაგვიანდა, ვინ აგებს ამაზე პასუხს? მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თქვენ ძალიან დიდი მუშაობა მოგიწევთ“, – მიმართა ჩარკვიანმა პრემიერობის კანდიდატს.
ცნობისთვის, თამარ ჩარკვიანმა კულტურის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს მიმართა და აღნიშნა, რომ „ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელსა და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა, გელათს“.
მანამდე კი, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს ყველას, ვინც „ცილს დასწამებს“ და იტყვის, რომ „ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ“.
,,სამაშველო სამუშაოები ღამითაც გაგრძელდება”- ლერი ბარნაბიშვილი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ღამიდან მოყოლებული არ გაჩერებულა სამაშველო ოპერაცია. ახლა შებინდებას იწყებს, მაგრამ სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება ღამითაც, სპეციალური განათებებისა და მოწყობილობების საშუალებით, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვხატო 6-7 თებერვლის სტიქიური მოვლენების შედეგად ბაღდათის მუნიციპალიტეტში და მაღალმთიან აჭარაში გარდაცვლილი ჩვენი მოქალაქეების ახლობლების მისამართით. აჭარაში სტიქიურ მოვლენებს შეეწირა ორი ჩვენი მოქალაქე. რაც შეეხება ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთს, ამჟამადაც მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები. ბოლო ინფორმაციით, კიდევ ორი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. აქედან გამომდინარე, 10 დაკარგულიდან 1 მოქალაქე გადაყვანილი საავადმყოფოში და უტარდება მკურნალობა, 6 ცხედარია ნაპოვნი, 3 დაკარგულ მოქალაქეს კი კვლავ ვეძებთ. ღამიდან მოყოლებული არ გაჩერებულა სამაშველო ოპერაცია. ჩართულია ადგილობრივი ხელისუფლება, მთავრობის ყველა უწყება, რაც საჭირო იყო ამ ღონისძიების დროს. შებინდებას იწყებს, მაგრამ სამაშველო ოპერაცია გაგრძელდება ღამითაც, სპეციალური განათებებისა და მოწყობილობების საშუალებით“, – აღნიშნა ლერი ბარნაბიშვილმა.
„სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ კანონის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო
„სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“ კანონის გამო, ევროკავშირმა უნგრეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება დაიწყო.
„ევრონიუსი“ წერს, რომ უნგრეთის პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული კანონი სახელმწიფოს უფლებას აძლევს, გამოიძიება დაიწყოს ფიზიკური პირების და ორგანიზაციების წინაამდეგ, რომლებიც ეჭვმიტანილი იქნებიან ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვაში. აღნიშნული კანონით მსჯავრი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კანონის იმპლემენტაცია ეკისრება ახალ სამთავრობო ოფისს, რომელიც შეაგროვებს ინფორმაციას იმ პირთა ჯგუფების შესახებ, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას და თვლიან, რომ გავლენას ახდენენ საჯარო დებატებზე. უნგრეთის უსაფრთხოების სამსახურები ვალდებულები არიან დაეხმარონ ოფისს.
„ევრონიუსის“ ცნობით, კანონპროექტის დებულებებმა, განსაკუთრებით მისმა ბუნდოვნად ფორმულირებულმა მანდატმა და სასამართლო ზედამხედველობის ნაკლებობამ, გამოიწვია სერიოზული შეშფოთება სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიასაშუალებების მხრიდან, რომლებიც შიშობენ, რომ ისინი უსამართლოდ სამიზნე გახდებიან ქვეყნის პრეიმიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოლიტიკურ დოგმატებზე უარის თქმის გამო. ევროკომისიამ გაიმეორა ეს მოსაზრებები და ოთხშაბათს განაცხადა, რომ კანონი „არღვევს“ ფუნდამენტური ღირებულებების ფართო სპექტრს, როგორიცაა დემოკრატიის პრინციპი, პირადი ცხოვრების უფლება, პერსონალური მონაცემების დაცვა, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
უნგრეთს ორი თვე აქვს, რომ უპასუხოს კომისიის წინააღმდეგობებს.
სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში მეექვსე ადამიანის ცხედარი იპოვეს
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სადაც მეწყერი ჩამოწვა, კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.
ადგილზე 3 დაკარგულის ძებნა-შველის ღონისძიება კვლავ გრძელდება.
ინფორმაციისთვის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა.
ოფიციალური ინფორმაციით, ნერგეეთში მეწყერის სიმაღლე 30 მეტრია, მეწყრული მასის საორიენტაციო მოცულობა კი 150 000 მ3-ს შეადგენს. მიწის მასა ჩამოშლილია გზის დაახლოებით 200-მეტრიან მონაკვეთზე.
“ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა”
ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში დაინერგება ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები, ქართველი და უცხოელი ექიმების თანამშრომლობით.
„ჯანდაცვა არის უმნიშვნელოვანესი სფერო ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა და ბუნებრივია, გაგრძელდება მოსახლეობის უნივერსალური მოცვა ამ პროგრამით. ამასთან ეტაპობრივად გაიზრდება ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება, გაგრძელდება მიზნობრივი ჯგუფების სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა. ბუნებრივია, გაგრძელდება ონკოლოგიური დიაგნოზის ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. ქვეყანაში დაინერგება ონკოლოგიური დაავადებების მართვის უახლესი მეთოდები, ქართველი და უცხოელი ექიმების თანამშრომლობით. გაგრძელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული პრიორიტეტული სტაციონარული დაწესებულებებისა და სოფლად ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია-აღჭურვა და ასევე, ბუნებრივია, ყურადღება დაეთმობა პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
“ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება” – ირაკლი კობახიძე
ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან შეხვედრაზე, სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.
მისი თქმით, სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს.
„რაც შეეხება პორტებს, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება ანაკლიის პროექტის სათანადოდ დაწყება, განხორციელება. სამუშაოები უკვე დაწყებულია, წელს შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც სათავეში ჩაუდგება ამ სამუშაოებს. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო გეგმავს მრავალმილიონიანი ინვესტიციის ჩადებას ამ პროექტში. ყველაფერი განხორციელდება გეგმის შესაბამისად. ანაკლიის პორტის მშენებლობა იქნება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ამასთან ერთად, სხვა პორტების განვითარებასაც, რესურსების გაძლიერებასაც მიექცევა სათანადო ყურადღება. განსაკუთრებით ეს ეხება ფოთის პორტის განვითარებას, რესურსების გაძლიერებას. ასევე გაგრძელდება აქტიური მუშაობა შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებიდან ერთი „იმედის“ ოპერატორი, ორი კი მფრინავია
სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
რაც შეეხება დანარჩენ ორ გარდაცვლილს, ისინი მფრინავები არიან.
წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. საჰაერო ბურთზე მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, საჰაერო ბურთი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან დღეს დილით აფრინდა. ორ მფრინავს – რევაზ უთურგაურსა და პოლონელ კშიშტოფ ზააპარტს საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში მსოფლიო რეკორდის დამყარებამდე საცდელი ფრენა უნდა განეხორციელებინათ. საფრენი აპარატით ისინი ფოთიდან კახეთის მიმართულებით მიფრინავდნენ. მათთან ერთად საჰაერო ბურთზე იმყოფებოდა ოპერატორი მიშო ბიძინაშვილიც.
მედიაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსი” უთანაგრძნობს გარდაცვლილების ოჯახსა და ახლობლებს.















