,,გამოკვეთილად კარგი პროფესიონალი ხართ, ვინ აგებს გელათზე პასუხს?”- ჩარკვიანი კობახიძეს

20
spot_img

„მოხდა მართლაც საპატრიარქოსთვის გადაცემა და საინტერესოა გაფუჭებული საქმის გადაცემა მოხდა? ან თუ გაფუჭდა და დაგვიანდა ვინ აგებს ამაზე პასუხს?“, – ამ კითხვით მიმართა გელათის ტაძრის საკითხზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს ოპოზიციასთან გამართულ შეხვედრაზე.

დეპუტატმა ჩარკვიანმა კულტურის მინისტრობის კანდიდატთან, თეა წულუკიანთან დაპირისპირების თემა პრემიერობის კანდიდატ კობახიძესთან შეხვედრაზეც გააგრძელა და უთხრა, რომ “გაფუჭებული საკითხის” გამოსასწორებლად დიდი შრომა მოუწევს.

„მე მინდა ობიექტური ვიყო. შეიძლება, ბევრჯერ არ მომწონებია თქვენი გამოსვლა, მაგრამ არასოდეს მსმენია თქვენს შესახებ, რომ ხართ არაპროფესიონალი. მე არ ვარ თქვენი დარგის სპეციალისტი, მაგრამ გამოკვეთილად ჩანს ხოლმე, რომ ხართ კარგი პროფესიონალი. შეიძლება გამკვირვებია, რომ ამ კარგმა პროფესიონალმა, კარგმა კონსტიტუციონალისტმა როგორ დაუშვა გავრილოვის შემოსვლა, მაგრამ არაპროფესიონალიზმში ვერ დაგდებთ ბრალს.

რატომ გავუსვი ხაზი? თქვენ დიდი შრომა მოგიწევთ ამ 10 თვის განმავლობაში, იმიტომ რომ თქვენს გუნდში, რომელთა დამტკიცებასაც აპირებთ, მე რომ არ გითხრათ, თავადაც იცით, შეუძლებელია, ამდენი უკმაყოფილო ადამიანი ერთ დარგს ჰყავდეს… ალბათ, პური მეპურემ უნდა გამოაცხოს, ბევრი კარგი პროფესიონალი გყავთ, მაგრამ  ბევრი არაპროფესიონალია ამ დარგში…

საინტერესოა. მართლაც  გაფუჭებული საქმის გადაცემა მოხდა საპატრიარქოსთვის? დანაშაულის ხსენება არ მინდა… ვფიქრობ, პრაქტიკულად მოხდა გაფუჭებული საქმის გადაცემა. ან თუ გაფუჭდა და დაგვიანდა, ვინ აგებს ამაზე პასუხს? მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ თქვენ ძალიან დიდი მუშაობა მოგიწევთ“, – მიმართა ჩარკვიანმა პრემიერობის კანდიდატს.

ცნობისთვის, თამარ ჩარკვიანმა კულტურის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს მიმართა და აღნიშნა, რომ „ისტორია უჩივლებს ყველა იმ სახელსა და გვარს, რომელმაც ზიანი მიაყენა, გელათს“.

მანამდე კი, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სასამართლოში უჩივლებს ყველას, ვინც „ცილს დასწამებს“ და იტყვის, რომ „ამჟამად რაღაცას ვაფუჭებთ“.