Home Blog Page 1678

“საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს” – ნათია თურნავა

ამ ეტაპზე არსებული ტენდენციების ანალიზის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლას აგრძელებს და მიმდინარე სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პპ-ით, 9.0 პროცენტამდე ამცირებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ საქართველოს სუვერენული რისკის პრემია შეამცირა, რამაც, სხვა თანაბარ პირობებში, მონეტარული პოლიტიკის ნეიტრალურ განაკვეთზეც კლების მიმართულებით უნდა იმოქმედოს.

„შესაბამისად, მიუხედავად პოლიტიკის განაკვეთის შემცირებისა, მონეტარული პოლიტიკა კვლავ მკაცრია და, სხვა თანაბარ პირობებში, ზემოთ აღწერილი რისკების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზების მიმართ ფრთხილ მიდგომას შეინარჩუნებს. თუ ინფლაციის მოლოდინებზე ზრდის მიმართულებით მოქმედი ფაქტორები კვლავ გამოიკვეთა, შესაძლოა, მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრება ან მიმდინარე მკაცრი პოზიციის ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს საჭირო”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. დეკემბერში ფასების საერთო დონე წლიურად 0.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 1.9 პროცენტი შეადგინა.

„მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია. ერთის მხრივ, მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინების გამო, ადგილობრივად წარმოებული საქონლის ინფლაცია კლებადია. პარალელურად, ომისგან და პანდემიისგან გამოწვეული საგარეო შოკების თანდათანობით მილევამ ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად შეამცირა. მოსალოდნელზე დაბალი ინფლაციის ფონზე, რასაც ასევე ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება დაემატა, საქართველოს ეროვნული ბანკმა მიმდინარე წლის ინფლაციის პროგნოზი, წინასთან შედარებით, შეამცირა. ეს საშუალოვადიანი პერიოდის ინფლაციის რისკებსაც გარკვეულწილად ამცირებს. სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წლის დასაწყისში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი დარჩება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება”, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა. ნათია თურნავას განმარტებით, პოზიტიურ ტენდენციებთან ერთად, ასევე საყურადღებოა ინფლაციური რისკებიც. მიმდინარე მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა ტრანსპორტირების ხარჯებთან დაკავშირებულ გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის.

„საგარეო რისკებთან ერთად, ადგილობრივი ეკონომიკური ტენდენციებიც, ინფლაციაზე ზეწოლის კუთხით, საყურადღებოა. ეკონომიკური აქტივობა გასულ წელს ძლიერი იყო და წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ეკონომიკური ზრდა 7.0 პროცენტია. საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზით, პრე-პანდემიური ტრენდიდან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია და მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ეკონომიკური აქტივობა მისი პოტენციური დონის გარშემო ნორმალიზდება, რაც, მიმდინარე შეფასებით, 5 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას მოიაზრებს. თუმცა, შესაძლოა, ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მომდინარე წნეხი წარმოიქმნას, თუკი ერთობლივი მოთხოვნა ეკონომიკის საწარმოო პოტენციალზე სწრაფად გაიზრდება, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც საკრედიტო აქტივობის დაჩქარება შეიძლება იყოს”, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

“პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?!” – ირაკლი ზარქუა

პრეზიდენტს ვკითხავდი, ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს?! – უნდა აღიაროს, თუ უნდა, რომ მივუტევოთ და მზად ვარ ვუთხრა – ჯიგარი ხარ, ქალბატონო პრეზიდენტო, ფრანგულადაც გადავუხდი მადლობას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რა მოლოდინები აქვს პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით და რას ეტყოდა მას, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს.

ზარქუას თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ, პრეზიდენტს კარგი შესაძლებლობა აქვს, ახსნას თავისი პოზიციები და თქვას, რომ შეცდომაში შეიყვანეს.

„მე კითხვას დავუსვამდი ნანობს თუ არა ანტისახელმწიფოებრივ გამოხტომებს, რასაც ადგილი ჰქონდა?! ნანობს თუ არა, რომ რადიკალებს შეეკრა?! ველოდები, რომ გამოვა და იტყვის – მე ვიყავი შეცდომაში შეყვანილი, მადლობას გიხდით მთავრობას და პარლამენტს სტატუსის დამსახურებულად მოპოვებისთვის და მე მეტს აღარ გავაკეთებ. ეს მოლოდინი მაქვს, თუ ღირსება შერჩენია, ბოდიშის მოხდა არ არის ცუდი ტონი. როცა დარწმუნდები, რომ შეცდომა დაუშვი და პარლამენტს სადაც სხვათა შორის, თვითონაც მუშაობდა „ფსევდორეფორმებს“ ეძახდა, ამ „ფსევდორეფორმებით“ და შესრულებული პუნქტებით დამსახურებულად და ერთხმად მოგვანიჭა ევროკავშირის ყველა სახელმწიფომ სტატუსი. მით უმეტეს, რეიტინგებით, რაც გამოქვეყნდა, ევროკავშირის 7 სახელმწიფოს, ნატო-ს 9 სახელმწიფოს ვუსწრებთ, ეს მთავრობის, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა და ეს უნდა აღიაროს ქალბატონმა პრეზიდენტმა, თუ უნდა მივუტევოთ ის შეცდომები და ვთქვათ, რომ რა მოხდა მერე, ვის არ ეშლება?! მე პირადად მზად ვარ ვუთხრა, ჯიგარი ხარ ქალბატონო პრეზიდენტო-თქო. ფრანგულადაც ვეტყვი – მადლობას გადავუხდი”, – განაცხადა ზარქუამ.

“მიხარია, რომ „ლელო“ „ქართული ოცნებისთვის“ მთავარი კონკურენტია და ამიტომ „გვირტყამენ“ ასე გამწარებულები” – ანა ნაცვლიშვილი

როგორც ჩანს, სამკაციანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმდენად დიდი დისკომფორტი შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, რომ თავად სპიკერი არის საჭირო ამ თემას გამოეხმაუროს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს გამოეხმაურა, სადაც მან „ლელოს“ საქმიანობას „ჩიხუახუას სინდრომი“ უწოდა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რაც ვერ და არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად ნახევრის განმავლობაში, „ლელომ“ ორ დღეში გააკეთა.

„ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ასეთი შეწუხებული და შეშფოთებულია „ლელოთი“, ეს ჩვენ ძალიან გვახარებს, როგორც ჩანს, სამკაციანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა იმდენად დიდი დისკომფორტი შეუქმნა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, რომ თავად სპიკერი არის საჭირო ამ თემას გამოეხმაუროს. დიახ, რაც ვერ და არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ წელიწად ნახევრის განმავლობაში, „ლელომ“ ორ დღეში გააკეთა, დადო ნამუშევარი, კონკრეტული ხედვები. პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნება“ ვამხილეთ იმაში, რომ ასე უნდა საქმის კეთება და არა უსაგნო და უშინაარსო პროცესების შექმნა, რომლის შედეგებიც, ჯერჯერობით, საზოგადოებამ რეფორმების სახით ვერ ნახა. ეს ადასტურებს იმას, რომ რამდენია დეპუტატი ამას კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ ხარისხს, ინტელექტს და ძალას აქვს მნიშვნელობა. მიხარია, რომ „ლელო“ „ქართული ოცნებისთვის“ არის მთავარი კონკურენტი და ამიტომ „გვირტყამენ“ ასე გამწარებულები, ჩვენ ეს მხოლოდ გვახარებს.

რაც შეეხება ჩვენს საარჩევნო გეგმებს, ამ ეტაპზე, რაიმე ტიპის კონკრეტული მოლაპარაკებები ჯგუფებთან არ მიდის, თუმცა „ლელოს“ რიგები საინტერესო ადამიანებით ძლიერდება. იქმნება ახალი პარტიული ორგანიზაციები. „ლელომ“ დადო საკუთარი ხედვები სახელმწიფოებრიობის მოწყობის პრაქტიკულად ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ღია ვართ ამ ხედვების ირგვლივ შედგეს ფართო კონსენსუსი. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, რამდენი მესაჭეც არ უნდა შეცვალონ ამ გემზე „ოცნების“ წარმომადგენლებმა, მათი გემი მიდის რუსული მიმართულებით და ეს არის უცვლელი. ქართველი ხალხის დაკვეთაა არა ხელისუფლების შიგნით ცვლილება, არამედ ხელისუფლების ცვლილებაა“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ლელო „ჩიხუახუას სინდრომით“ არის წარმოდგენილი, რადგნა ის საკუთარ წონას და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს. მისივე თქმით, „ლელოს“ დიდი გული აქვს, და ჰქონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, კლინიკის პერსონალისთვის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად დრო 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა.

„სამედიცინო დაწესებულებაში რეორგანიზაცია 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიიღეს. თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება. „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრები 5 მარტამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

“სკანდალურია, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები ჩინეთთან”

თინა ხიდაშელის ორგანიზაცია არის „ენჯეოს“ ფუტლარში ჩადებული ლობისტური კომპანია, რომელიც პირდაპირ იღებს ფულს სეპარატისტული მთავრობისგან იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, დააზიანოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელის ლობისტური კომპანია, რომელიც „ენჯეოს“ ფორმაშია შენიღბული და რომელიც სეპარატისტული რეჟიმის მხრიდან ფინანსდება საქართველოს და ჩინეთის პარტნიორული ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს.

„ეს ორგანიზაცია ბოლო პერიოდში ისე არის წარმოჩენილი, როგორც ერთ-ერთი, მათვე უყვართ ხოლმე თქმა, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია. სინამდვილეში, ეს არის „ენჯეოს“ ფუტლარში ჩადებული ლობისტური კომპანია, რომელიც პირდაპირ იღებს ფულს სეპარატისტული მთავრობისგან იმისთვის, რომ უპირველეს ყოვლისა, დააზიანოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობები. ამასთანავე, იცით, რომ ტაივანის ინტერესი არის მისი აღიარება და ამას ცდილობს ის, ისევე, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს ინტერესიც არის ჩადებული ამ დაფინანსებაში. ამიტომ, ეს არის განსაკუთრებულად სკანდალური, როდესაც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფინანსდება სეპარატისტული რეჟიმისგან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველოს ეროვნული ინტერესები. საქართველოს ეროვნულ ინტერესებში არის ჩინეთთან პარტნიორული ურთიერთობები და სწორედ ამ ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს ეს ლობისტური კომპანია, რომელიც „ენჯეოს“ ფორმაში არის შენიღბული სეპარატისტული რეჟიმის დაფინანსებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, რაც მისასალმებელია” – ნათია თურნავა

მისასალმებელია, რომ იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო. თურნავას განმარტებით, როდესაც საუბარია, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირება ხდება და მონეტარული პოლიტიკის შერბილება, ეს ნიშნავს, რომ ლარის სესხები აუცილებლად გაიაფდება.

„უნდა ითქვას, რომ პროდუქტიულობის ზრდა მთელი 2023 წელი საკმაოდ მაღალი იყო. მიუხედავად მაღალი ეკონომიკური ზრდისა, ინფლაცია საკმაოდ დაბალი იყო, მოსალოდნელზე უფრო მეტად დაბალი. ეს რისკი 2023 წელს არ მატერიალიზდა. 2024 წელს რა თქმა უნდა, ამას გავადევნებთ თვალს, ერთ-ერთი ნიშანი არის საკრედიტო აქტივობის ზედმეტად დაჩქარება თუ მოხდა, დღეს ეს არის მდგრადი ტემპი, რითაც საკრედიტო აქტივობა იზრდება. მისასალმებელია, რომ იანვრის მონაცემებით, ლარში საკრედიტო აქტივობა, ლარში აღებული სესხები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე უცხოურ ვალუტაში. ეს დაკავშირებულია მათ შორის ჩვენ პოლიტიკასთანაც“,- აღნიშნა თურნავამ.

ამასთან, თურნავამ განმარტა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტების წილიც.

“მიგრანტების ეფექტი მართლაც მნიშვნელოვანი იყო 2022 და 2023 წელს, ეს ასეა, თუმცა ჩვენ, ეროვნული ბანკი არასდროს ვუყურებდით ამ ფაქტორს, როგორც გრძელვადიანს. ეს იყო ფაქტორი, რომელმაც თავისით შეიტანა კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში, ეკონომიკურ აქტივობაში, მათ შორის, შეიტანა ფულად ბაზარზეც, რამაც საშუალება მოგვცა, რომ ყოველგვარი კურსზე დაწოლის გარეშე შეგვეძინა მილიარდ ნახევარზე მეტი დოლარი და შეგვევსო ჩვენი რეზერვები, რაც სხვა შემთხვევაში, ალბათ, ამ დოზით არ მოხდებოდა. ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა არარეზიდენტების დეპოზიტების წილიც. ჩვენ ამას არასდროს მივიჩნევდით გრძელვადიან ფაქტორად, ერთჯერადია. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ომის მყისიერი ეფექტი მიგრანტების შემოდინება იყო უკვე თანდათან მიილია, ეს სწორედ ამას ნიშნავს”,- აღნიშნა თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემების თანახმად, „გზავნილები შემცირებულია მათ შორის რუსეთიდანაც“.

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერის მიმართ, შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

სახალხო დამცველმა „ვოლტის“ კურიერის მიმართ, შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა.

მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.

„2024 წლის 30 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა პლატფორმა „ვოლტ ჯორჯიას“ შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების გამო განხორციელებული დისკრიმინაციის აღმოფხვრის რეკომენდაციით მიმართა.

საქმეში არსებული მასალების მიხედვით, შრომის პირობებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ საჯაროდ საუბრისა და სხვა საპროტესტო აქტივობების გამო, კომპანიამ კურიერს აპლიკაციაზე წვდომა დაუბლოკა, თუმცა, საფუძვლად 2 კვირის განმავლობაში შრომითი მოვალეობების შეუსრულებლობა მიუთითა.

საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოების მიერ შემუშავებულ უახლეს სტანდარტებზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პლატფორმის მეშვეობით მომუშავე კურიერები, მიუხედავად „პარტნიორის“ სტატუსისა, კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირები არიან და, შესაბამისად, მათ შრომის კანონმდებლობიდან გამომდინარე გარანტიებით სარგებლობის უფლება აქვთ.

ამასთან, სახალხო დამცველს პრობლემურად მიაჩნია კომპანიის ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობა, რომლის მიხედვითაც, დასაქმებულს შეუძლია ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ კურიერის მიერ შრომითი მოვალეობები 2 კვირის განმავლობაში არ სრულდება. შესაბამისად, ხელშეკრულება დამსაქმებელს უფლებას აძლევს შრომითი ურთიერთობა შეუწყვიტოს ყველა იმ პირს, ვინც სამუშაო პირობების გაუმჯობესებისათვის პროტესტის გამო, უარს აცხადებს აპლიკაციის გამოყენებაზე. სახალხო დამცველის შეფასებით, ხელშეკრულების ამ ჩანაწერმა შესაძლოა, დისკრიმინაციული ზეგავლენა მოახდინოს კურიერებზე. ამასთან აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გაცხადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი წინააღმდეგობაში მოდის თავად „ვოლტის“ პოზიციასთან, რომ კურიერების გრაფიკი თავისუფალია და მათ სურვილის მიხედვით შეუძლიათ განსაზღვრონ თავისი სამუშაო დრო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „ვოლტ ჯორჯიას“ მიმართა – დაუყოვნებლივ აღუდგეს კურიერს აპლიკაციაზე წვდომა; მომავალში კი არ დაუშვას შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და უზრუნველყოს თანასწორობის პოლიტიკის გატარება კომპანიაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა

ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე წყალარინების ცენტრალური ქსელი მოეწყობა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვაგრძელებთ წყალარინების ქსელების მოწყობას ისეთ მისამართებზე, სადაც კომუნიკაციების ქსელი დღემდე არ არსებობდა. ეს ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა დედაქალაქში, რადგან წლების წინ ქალაქში უკანონო განაშენიანება ხდებოდა. მთელი რიგი უბნებია, სადაც არც განაშენიანების რეგულირების გეგმა არსებობდა, არც მშენებლობის ნებართვები. შესაბამისად, დღეს იმ გამოწვევის წინაშე ვდგავართ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოვაწესრიგოთ. ამჯერად, წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობას და მასზე მოსახლეობის დაერთების სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ნაძალადევის რაიონში, დავით იოსელიანის ქუჩაზე განახორციელებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მისამართზე ხუთი მრავალსართულიანი კორპუსი მდებარეობს, რომელთა მობინადრეების თხოვნით, სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 500 000 ლარით დაფინანსდება.

“კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ აღარ დაარღვევს” – პაპუაშვილი ზურაბიშვილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 6 თებერვალს პარლამენტს და ქართულ საზოგადოებას პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს.

პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პარლამენტისთვის სათქმელი არაფერი აქვს, რადგან მან კონსტიტუცია დაარღვია.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმედი აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევას აღიარებს და დადებს პირობას, რომ აღნიშნულ ქმედებას კვლავ არ გაიმეორებს.

„პარლამენტის რეგლამენტით საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს არის {პრეზიდენტის} მიმართვა. შესაბამისად, 6-ში იქნება ეს მიმართვა. რა თქმა უნდა, ამ დროს მთავრობა ვერ იქნება დამტკიცებული. შესაბამისად, იმ პროცედურით გვექნება, როგორც ადრე არის ხოლმე.

დაგეგმვის პროცესი ჯერ არ გვაქვს – მოწვევებიც დაიგზავნება, მათ შორის დიპლომატიური კორპუსი არის ხოლმე მოწვეული და სხვადასხვა ჯგუფები, ასე, რომ ეს ყველაფერი დაიგეგმება. მას შესაძლებლობა მიეცემა, რომ საზოგადოებას და პარლამენტს მიმართოს.

სინამდვილეში სალომე ზურაბიშვილის სათქმელი არაფერი არ აქვს, უპირველეს ყოვლისა საქართველოს პარლამენტისთვის, მან დაარღვია კონსტიტუცია, ეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არის დადგენილი. ამ გადაწყვეტილების აღსრულებაზე როგორც ჩანს ის უარს ამბობს. ერთადერთი, რასაც მისგან მე დიდი ხანია მოველი არის, რომ მან დაადასტუროს რომ კონსტიტუცია დაარღვია და დადოს პირობა, რომ ის აღარ დაარღვევს კონსტიტუციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პაპუაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი გაუუქმეს.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს, ახალი ბრძანების თანახმად, რომელიც უსაფრთხოების წესებს შეეხება, პრეზიდენტის, ისე როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი საკუთარი სამსახურებრივი მოწმობით პარლამენტის შენობაში უკვე შემოდიან.

„ეს არის კლასიკური მაგალითი, ადამიანს რაღაც დააბრალო, რომ ის არის სპილო, მერე იმან თავი უნდა იმართლოს. რაც არ არსებობს ამაზე ოფიციალურ განცხადებას ელით. არა თუ ვინმეს შეეზღუდა, პირიქით ბოლო ბრძანებით, რომელიც შეეხება უსაფრთხოების წესებს, საერთოდ მისთვის საშვის ვალდებულება მოიხსნა. პრეზიდენტის, ისე როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი საკუთარი სამსახურებრივი მოწმობით პარლამენტის შენობაში შემოდიან და არა მხოლოდ შემოდიან, არამედ მათ დამატებით შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი მანქანით პარლამენტის ტერიტორიაზე ეზოში შემოვიდნენ. ასე რომ პირიქით, ამ მხრივ არის უფრო კომფორტული გარემო შექმნილი, როგორც პრეზიდენტის, ისე მთავრობის საპარლამენტო მდივნისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

„ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო“ მათზეა ნათქვამი” – პაპუაშვილი გვარამია-ხოშტარია-ჯაფარიძის გაერთიანებაზე

„ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო“, მათზეა ალბათმ ნათქვამი – არათუ ეს კინო გვაქვს ნანახი, ტელესერიალად იქცა, როცა მუდმივად ხდება იმის წარმოჩენა, რომ ვიღაც ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ნიკა გვარამიას, ზურა ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ისინი ყველა „იფიცებიან სხვა დროშებზე, სხვა გერბებზე და სხვა ჰიმნებს მღერიან”.

„ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო“, ალბათ, მათზეა ნათქვამი. საერთო ჯამში, პრობლემა და ამ პრობლემის გადაწყვეტა არ არის იმაში, თუ როგორ ჯგუფდებიან. „ნაციონალური მოძრაობა“ ეს არის იდეოლოგია, რომელიც დაყრდნობილია ძალადობაზე და ძალადობრივი სისტემით მართვაზე. დამყარებულია არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურებაზე, არამედ, სხვა ქვეყნების და ქვეყნის გარეთ არსებული ჯგუფების ინტერესების მსახურებაზე. მთელი პერიოდი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში ყოფნისა, ასე შეიძლება დავახასიათოთ – ისინი ელიან ტაშს ქვეყნის გარედან და არა საკუთარი მოსახლეობისგან, ეს არის მათი სწრაფვა. მათ უნდათ წითელი ხალიჩები დაუგონ ქვეყნის გარეთ და არა მადლობა მიიღონ მოსახლეობისგან ქვეყნის შიგნით. ასე რომ, ვინ სად იქნება, როგორ დაჯგუფდება, არაფერს ცვლის ამ შინაარსში. ქართველმა ხალხმა დიდი ხანია გაიგო რა არის ნირი და ხასიათი „ნაციონალური მოძრაობისა“, ეს არის ქართველი ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი იდეოლოგია, რომელიც ჩამოკიდებულია ქვეყნის გარედან ლეგიტიმაციაზე და არა ქვეყნის შიგნით ლეგიტიმაციაზე. ეს კინო არათუ ნანახი გვაქვს, ეს უკვე ტელესერიალად იქცა, როცა მუდმივად ხდება იმის წარმოჩენა, რომ ვიღაც ემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“. საბოლოო ჯამში, როცა თვითონაც ხვდებიან, რომ ამ ტყუილს ვერავის აჯერებენ, ბრუნდებიან ისევ თავის დედა პარტიაში. ბოლო ასეთი შემთხვევა გიორგი ვაშაძეა, გვახსოვს მისი რადიკალური განცხადებები, კრიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ და ვხედავთ, რომ დღეს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია. სინამდვილეში არ ხდება მათი დაყოფა, ეს არის მათი გაშლა, რომ დააბნიონ საქართველოს მოსახლეობა, თითქოს სხვადასხვა ფლანგები არიან. სინამდვილეში, ეს ერთი პოლიტიკური ორგანიზმია. ვინაიდან, ეს ერთ იდეოლოგიას ეფუძნება ვერ სცილდებიან ერთმანეთს. იდეოლოგია არის ძალადობა და ამ გზით საკითხების გადაწყვეტა, ასევე, ის რომ მათ არ აინტერესებთ საკუთარი ხალხის ინტერესები. ისინი იფიცებიან სხვა დროშებზე, სხვა გერბებზე და სხვა ჰიმნებს მღერიან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

„ჩიხუახუას სინდრომით“ არის „ლელო“ წარმოდგენილი, საკუთარ წონასა და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს” – შალვა პაპუაშვილი

ვფიქრობ, „ჩიხუახუას სინდრომით“ არის „ლელო“ წარმოდგენილი, საკუთარ წონას და ზომას ადეკვატურად ვერ აფასებს – ის ყველაზე რადიკალურად იქცევა და ვფიქრობ, ევროკავშირსაც შესაბამისი რეაქციები უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელოს“ დიდი გული აქვს, და ჰქონიათ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი მათ უნდა განსაზღვრონ.

„ლელო“ ზოგადად საინტერესო მოვლენა არის ქართულ პოლიტიკაში. ერთადერთი მათი პოლიტიკური მიღწევა არის, რომ 2022 წლის არჩევნებში მათ მიიღეს მოსახლეობის 3%-ის ხმა და ერთ წელიწადში შეძლეს ის, რომ ჩამოვიდნენ 2%-მდე. ამის შემდეგ რატომღაც სულ დიდ გულზე არიან და ჰგონიათ, რომ მათ უნდა განსაზღვრონ პოლიტიკური დღის წესრიგი. არსებობს ასეთი „ჩიხუახუას სინდრომი“. ჩიხუახუა იცით, რომ ზომით პატარა ძაღლია, მაგრამ დიდი გული აქვს. თავის ზომაზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს და შემდეგ შეებრძოლება ხოლმე სხვა ზომის ცხოველებს. მოკლედ, ადეკვატურად ვერ აფასებს საკუთარ წონას და ზომას. ვფიქრობ, ამ სინდრომით არის დღეს განსაკუთრებით „ლელო“ წარმოდგენილი. გუშინ ვნახეთ, რომ პარლამენტში ორ დეპუტატს უნდა განსაზღვროს დღის წესრიგი თან ამას ისეთ ტონალობაში, ისეთი გონორით, ისეთი ეგოთი წარმოაჩენენ, რომ არ ვიცი უკვე ირონიის და სიცილის გარდა მე მგონი, სხვა სერიოზულ რეაქციას არ იწვევს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ვარკეთილის მე-3 მასივის მე-4 კვარტალში მდებარე ავარიული კორპუსის ახლით ჩანაცვლების მიზნით, ტენდერი გამოცხადდა

სამგორის რაიონში, ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-4 კვარტალში, N6 კორპუსის ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო, მათ შორის სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერი გამოცხადდა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მშენებლობის პროცესში მოსახლეობის ქირით გაყვანის ხარჯებს მუნიციპალიტეტი სრულად დაფარავს.

„ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. იცის საზოგადოებამ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. შესაბამისად, მათი განახლება და ჩანაცვლება მნიშვნელოვანია. აღნიშნულ მისამართზე იყო 4-სართულიანი, უმძიმეს მდგომარეობაში არსებული სახლი. მის ნაცვლად, ავაშენებთ 10-სართულიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის შენობა-ნაგებობას. 36 ოჯახი დაკმაყოფილდება ფართებით მათ სრულად გარემონტებული, მოწესრიგებული საცხოვრებელი სახლები გადაეცემათ. ეს ოჯახები დროებით, ქირით გვყავს გაყვანილი და ამ ხარჯებს მუნიციპალიტეტი საკუთარ თავზე იღებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მიმართა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, აღნიშნული პროექტის მიმართ მეტი ინტერესი გამოიჩინონ.

„მინდა, ვთხოვო დეველოპერულ თუ სამშენებლო კომპანიებს, დაინტერესდეთ აღნიშნული პროექტით, მიიღოთ მონაწილეობა და ერთად შევძლოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. ბიზნესის თვალსაზრისით, ეს შეიძლება ძალიან მომგებიანი არ იყოს, თუმცა სოციალური პროექტებია, სადაც თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.