Home Blog Page 1677

ნაძალადევის რაიონში 17 000 აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

გაზსადენზე გადაუდებელი სამუშაოების გამო 17 000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 8 თებერვლის 23:00 საათიდან 9 თებერვლის 10:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ცოტნე დადიანის ქ. 34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ცოტნე დადიანის ქ. 106/კავთისხევის ქ. 19ა, დავით გურამიშვილის გამზ. 1, ც. დადიანის ქ. 118, 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 207, 229, 259, 261, 263, 303, 305, 305ა, 307, 309, 313, 313ა, 315, 317, 319, 321, 323, 265-267/ზედაზენის ქ. 2 („ლ.დ. დეველოპმენტის“, შპს „კომფორტ პლიუსის“, შპს „მოდერნ დეველოპმენტის“, შპს „კონსოლის“, შპს „ჯოიფულის“, შპს „თბილისი გეით ინვესთმენტ ენდ თრეიდინგ კო“-ს, შპს „ლივინის“ საცხოვრებელი კორპუსები), 271-273-281, ზესტაფონის ქ. 1, 3, ჭოლა ლომთათიძის I შეს. 5, ჭოლა ლომთათიძის ჩიხი # 8, ე. მანჯგალაძის ქ. 81/ხევსურეთის ქ. 17, გ. სააკაძის/ცინცაძის ქ. 61/1, ჭყონდიდელის ქ. 10, 20, 20-2, ჭყონდიდელის ქ. 22 (შპს „სამშენებლო კომპანიის“, შპს „ბინექსის“ საცხოვრებელი კორპუსები), ჭიჭიკო ბენდელიანის ქ. 1ა, 1ბ, 12ა, 12ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, კავთისხევის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, სვანეთის, ხევსურეთის, ც. დადიანის ქ. (86-დან 132-ის ჩათვლით), ც. დადიანის ქ. 63, 65-1, 65-2, 77, 87ა, 87-1, 87-2, 103, 105, 107, 109, ც.დადიანის II მ/რ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპ. 2, 3, ავთანდილ ღოღობერიძის, დაისის, ეკა ბეჟანიშვილის, თმოგვის, კნოლევის, ილურიძის, ტოროშელიძის, ქსოვრელის, ქართლის, ღრმაღელის, ჭოლა ლომთათიძის, დეპოს, საყვირის, ხრესილის, მრევლიშვილის, გიორგი ჭყონდიდელის, ზესტაფონის, დიდი ჯიხაიშის, გიორგი სააკაძის, ჯავის, ჭიჭიკო ბენდელიანის, ჩოდრიშვილის (ურიდიას), რაჭის, პეტრე გრუზინსკის, დომენტი ჟღენტის, კამალოვის (ლევან ქართლელიშვილის), იმერეთის, ზედაზენის, კონდოლის, კურნატოვის, კოკინაკის, ზაქარაიას, კალუჟინის, კახიანის, კოხრეიძის, სურგულაძის, სამღერეთის, ლიკანის, ლეჩხუმის, მესხიშვილის, ვასილ თამარაშვილის, მეჯვრისხევის, ნიკო მარის, ნოსტეს, ქებურიას, ცქიტიშვილის, წიკლაურის, წაღვერის, წრომის, სუმბათაშვილის, ხიმშიაშვილის, ჯანელიძის, ჭიჭინაძის, ხევსურეთის, შალვა ცინცაძის, უიარაღოს, ასკურავას (მახალდიანის), კისისხევის, ჩხიკვაძის, გომბორის, კოდალოს, კაჭრეთის, ლეჩხუმის, სართანიას, საჭილაოს, ლოტკინის ხევის, ხუდადოვის, გომარეთის, ახტალის, ენისელის, გულრიფშის, კიკნაძის, ზედა უბნის, ლისაშვილის, მაღაროს, პიონერის, მიქატაძის, ნოვოსიინსკის, წერონისის ქუჩებისა და შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს „პირველი სამედიცინო ცენტრი“, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევიის პოლიციის მე-9 განყოფილება, მიმდებარედ ი/მ შავთვალიშვილი, შპს „ხვასტაგი“, 160-ე საჯარო სკოლა, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ქავთარაძის ქუჩაზე – სს „ნიკორა“, შპს „ოაზისი“, შპს „არბო 2009“, შსს-ს ეკონომიკური დეპარტამენტი და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 9 თებერვალს 10:00 სთ-დან და დასრულება 22:00 საათისთვის.

„თბილისი ენერჯი“ აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

„აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის. გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში“, – აცხადებენ კომპანიაში.

მეწყრული ზონები საქართველოში – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტოს კვლევა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტმა ხანგრძლივი კვლევისა და შესწავლის შემდეგ, ის ზონები დაადგინა, სადაც მეწყრული პროცესებია მოსალოდნელი. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და ამ ჩამონათვალში ნერგეეთიც შედის, სადაც წუხელ მეწყერი ჩამოწვა და ადამიანები დაიღუპნენ.  კვლევა გასულ წელს მომზადდა და ის საჯარო იყო.

გეოლოგიის დეპარტამენტის კვლევით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონებია:  დიმი, I ობჩა, II ობჩა, წითელხევი, ფერსათი, ნერგეეთი, შუბანი და ზეგანი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  შუქრუთი, ითხვისი, დარკვეთი, ზოდი, ჯალაურთა, შავწყალი, წირქვალი, ბუნიკაური, მღვიმევი, ხრეითი, მელუშეთი, ჭალოვანი, ვაკევისა და ჯაჯანიძეები.

საჩხერის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  საირხე, ჭორვილა, ბაჯითი, სარეკი, წითელსოფელი, საჩხერე, სავანე, არგვეთი, გორისა, მახათაური, ორღული, კორბოული, ხცისი და საჩხერე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  ტყიბული, გურნა, წყნორი, ანტორია, ციხია, კურსები, ოჯოლა, ზედა ჭყეპი, ნაბოსლევი, ორპირი, მუხურა და შუქერი.

ხონის მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონები: ქვედა გორდი, ზედა გორდი, ქვედა კინჩხა, გამოღმა ნოღა, გაღმა ნოღა, კინჩხაფერდი, ზედა კინჩხა, რონდიში, გელავერი, ღვედი და ძეძილეთი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონები: ქუთაისი, გუმათი, ჟონეთი, ჯიმასტარო, ოფურჩხეთი, რიონი, ზარათი, ნამოხვანი, მექვენა, დერჩი, სორმონი, დღნორისა, ბენთქოულა, ბანოჯა და ცხუნკური.

სამტრედიის მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონები: მთისძირი, დაბლა გომი, ზედა გომი, დობირო, პირველი და მეორე ნიგორზღვა, გამოჩინებული, მტერჩვეული, ზედა ნოღა და კორმაღალი. ნაპირგარეცხვები მოსალოდნელია მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე და მდ. ცხენისწყალის ორივე ნაპირზე მდ. რიონის შესართავამდე;

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი მეწყრული ზონები: ზვარე, ქვები, ლეღვანი, ფარცხნალი, კიცხი, ვარძია, ზიდარი, საქარიქედი, ღორეშა, ბაზალეთი, ღუდუმექედი, ვახანი, ვერტყვიჭალა, ლახუნდარა, სარგვეში, მოლითი და მაქათუბანი.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მეწყრული ზონები:  ნაგარევი, ღვანკითი, გოდოგანი, ძევრი, ახალთერჯოლა, ეწერი, ზედა და ქვედა სიმონეთი, თუზი, ალისუბანი, ჩხარი, რუფოთი, ზოვრეთი, ბარდუბანი, ნახშირღელე, ზედა საზანო და გოგნი.

სტიქიის ზონაში, ამ დროისთვის, რვა ცხედარია ნაპოვნი

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ პირველი არხი წერს.

ადგილზე მიმდინარეობს ერთი პირის სამძებრო სამუშაოები, მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.

,,დავეწევით ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანას, ეს ტემპი თუ არ მოგწონთ, მაშინ, რა მოგწონთ, არ ვიცი”- ირაკლი კობახიძე ვაშაძეს

თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2030 წლის ჩათვლით, ჩვენ პირდაპირ დავეწევით ევროკავშირის წვერ არაერთ ქვეყანას , – ასე უპასუხა პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

როგორც მან საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განმარტა, როდესაც ის ციფრებზე და სხვადასხვა ეკონომიკურ მაჩენებლებზე საუბრობს, ეს ციფრები ადამიანებს ეხება.

„მე საუბარი მქონდა ციფრებზე, რომელიც ეხება ადამიანებს. როცა საუბარია ხელფასზე, ეს ადამიანის ხელფასია. როცა საუბარია დასაქმებაზე, ეს არის ადამიანის დასაქმება. როცა საუბარია სიღარიბის დაძლევაზე, საუბარია ადამიანის სიღარიბის დაძლევაზე. როცა 200 ათასის ნაცვლად, 600 ათას ავტომობილზეა საუბარი, ეს არის ადამიანის საკუთრებაში არსებული ავტომობილები. როცა საუბარია იმაზე, რომ ძალიან ბევრი კორპუსი და ბინა აშენდა და 90%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეებმა იყიდეს.

რაც შეეხება ტემპის შენარჩუნებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარი და ყველაფრის საზომი არის ეკონომიკა. როცა საუბარია ტემპზე, აქაც ყველაფრის საზომი არის ეკონომიკის ზრდის ტემპი. ბოლო 3 წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდა იყო. შვიდი პროცენტი იყო შარშან ზრდა და წელსაც გვაქვს ძალიან კარგი პროგნოზი, წესით არ უნდა ჩამოვრჩეთ შარშანდელ მაჩვენებელს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა 2030 წლის ჩათვლით, ჩვენ პირდაპირ დავეწევით ევროკავშირის წვერ არაერთ ქვეყანას. ამაზეა საუბარი და ეს ტემპი თუ არ მოგწონთ, მაშინ რა მოგწონთ არ ვიცი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საუბრობს, რომ „ტემპი უნდა შენარჩუნდეს“, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში რაც ხდება ყველაფრით კმაყოფილია.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძემ არაერთხელ თქვა, რომ ყველაფერი ციფრებია, თუმცა „ყველაფერი არის ადამიანები და არა ციფრები”.

,,დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას”- ნიკოლ ფაშინიანი

ახლა ევროკავშირი რეალურად ჩვენი რეგიონია და ამასთან დაკავშირებით დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ საქართველოსთან სტრატეგიული დიალოგის დაწყებას, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნულ ასამბლეაში „სამთავრობო საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, რეგიონში ბევრი მნიშვნელოვანი რეალობა შეიცვალა და ერთ-ერთი მათგანია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

„სომხურ-ქართული სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციასთან დაკავშირებით შემიძლია, ვთქვა, რომ იქ არსებითად ყველა მიმართულებაა გაწერილი. ამით გამოხატულია ორი ქვეყნის მთავრობების ნება, წინ წავიდნენ მთელ ამ დღის წესრიგში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

,,სააკაშვილი თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული”- ირაკლი კობახიძე

ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ნაცმოძრაობის წევრის თემურ ჯანაშიას კითხვას სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილი თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, ბატონი თემურ ჯანაშიას კითხვა იყო, ითქვა, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, თუმცა შეგახსენებთ, რა იყო ოპოზიციის შესაბამისი ნაწილის რიტორიკა ამასთან დაკავშირებით, პირდაპირ მათი გზავნილები იყო, რომ დღეები იყო დარჩენილი, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ამას ამბობდნენ დაახლოებით ორი წლის განმავლობაში. დღეს ეს ადამიანი ჩაერთო პოლიტიკაში, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, გაუმჯობესდა თუ არა მისი მდგომარეობა. ანუ, ადამიანი, რომელიც ოპოზიციის გზავნილების თანახმად, იყო ფატალური რისკების წინაშე, დღეს არის ჩართული და აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, თავად ბატონი მიხეილ სააკაშვილიც ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა მანამდე რა იყო არ ვიცით, მაგრამ თავად ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სერიოზულად არის გაუმჯობესებული“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენად დამთრგუნველი და დამამცირებელია სააკაშვილის მდგომარეობა, ირაკლი კობახიძე ოპოზიციას შეახსენებს, რომ სააკაშვილი ციხეშიც კი არ არის.

მინდა შეგახსენოთ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი არ არის ციხეშიც კი. ის არის კლინიკაში, ოროთახიან პალატაში. შეიძლება ადამიანი დაითრგუნოს იმით, რომ არის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში სხვა პატიმრებთან შედარებით. სხვა პატიმრებს უწევთ საკანში პატიმრობის ვადის მოხდა, მიხეილ სააკაშვილი არის ოროთახიან პალატაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. მე დავითრგუნებოდი ამით მორალური შეხედულებიდან გამომდინარე. არ ვიცი რამდენად ითრგუნება ამით მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო 7 თებერვალს, სოფელ ასურეთთან მომხდარ საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, Cameron Z-315 ტიპის სითბური აეროსტატი ასრულებდა ფრენას ფოთიდან ვაშლოვანის ეროვნული პარკის მიმართულებით, რის თაობაზეც ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების (ICAO-ს საერთაშორისო სტანდარტი) შესაბამისად, მფრინავის მიერ წარდგენილი იყო საფრენოსნო გეგმა შესაბამის უწყებაში (“საქაერონავიგაცია”), აეროსტატზე იმყოფებოდა 3 ადამიანი.

„დიდი ბრიტანეთის წარმოების სითბური აეროსტატი Cameron Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV).

აეროსტატს მართავდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები მოქმედი მოწმობებით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა გეგმური შემოწმება.

საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი უბედური შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.

„მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი”- საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე აჭარასა და იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების, ასევე სოფელ ასურეთთან დაღუპული სამი ადამიანის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„მძიმე დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, მწუხარებამ მოიცვა ჩვენი ხალხი.

სამძიმარს ვუცხადებთ აჭარაში, იმერეთის რეგიონსა და სოფელ ასურეთთან სტიქიური უბედურებების შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს განსვენებულთა უკვდავი სულნი, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა.

ამასთან, შევთხოვთ უფალს დაკარგულთა გადარჩენას“,- აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

რა ვითარებაა საავტომობილო გზებზე? – განახლებული ინფორმაცია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე ზვავის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პარლამენტის წევრები სტიქიის ზონაში იმყოფებიან

დასავლეთ საქართველოში, სტიქიის ზონაში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები ჩავიდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დეპუტატები არსებულ ვითარებას, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

მეწყერი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში ჩამოწვა. საგანგებო რეჟიმში გრძელდება მუშაობა – ადგილზე მძიმე ტექნიკა და სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.

,,გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა”- კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით ამჟამად არსებული ორი პრეტენდენტი კომპანიიდან, რომელიც უკეთეს პირობებს შესთავაზებს სახელმწიფოს, ის გაიმარჯვებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განახადა, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა.

„რაც შეეხება ანაკლიის საკითხს, არავის უთქვამს, რომ ჩინური კომპანია უპირატესობით ისარგებლებს. პროცედურები წარიმართება, 2 პრეტენდენტია ამჯერად, რომელიც უკეთეს პირობებს შემოგვთავაზებს, ის კომპანია გაიმარჯვებს. ამ შემთხვევაში, გეოგრაფიულ სივრცეს ნაკლებად მიენიჭება უპირატესობა, მთავარია, ვინ შემოგვთავაზებს უკეთეს პირობებს. ბუნებრივია, ეს არის სახელმწიფოს პრიორიტეტი“, – განაცხადა კობახიძემ.

,,მეწყერი განვითარდა მყისიერად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება”- ეგარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი

როგორც ცნობილია, წუხელ ღამით განვითარდა ქვეზვავური ტიპის მეწყერი, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 150 000 კუბური მეტრის მასა ჩამოიშალა კლდიდან, რამაც მოახდინა საცხოვრებელი სახლების დანგრევა და დაზიანება. მეწყერი განვითარდა მყისიერად; პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება“, – ამის შესახებ ეგარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

მისივე განმარტებით, კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, საკმაოდ გახშირდა სტიქიური მოვლენები, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში. გედევანიშვილის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოდან გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს დეტალური შესწავლა, პოტენციური საფრთხეების ანალიზი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობს კიდევ რაიმე დამატებითი საშიშროება. უახლოეს მომავალში გარემოს ეროვნული სააგენტო დეტალურ დასკვნას გაავრცელებს.

„ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ საფრთხეების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღვნიშნავთ პოტენციურ საფრთხეებს გეოლოგიის, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრია საქართველოში და რამდენიმე ათეულ ათასს აღემატება. კონკრეტულ შემთხვევაში, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული. სოფელში უამრავი ფერდობი არსებობს. საფრთხეები შეფასებული გვაქვს მთლიანი სოფლის მასშტაბით. მომზადებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ სხვა სოფლებსაც; ბუნებრივია, რისკები არსებობს და გარემოს ეროვნული სააგენტო უცხოელ ექსპერტთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უფრო მეტი დეტალიზაცია მოახდინოს. სოფლის დაცლის რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული, იმიტომ რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები, დამატებითი საფრთხის შეფასება. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რომ შევძლოთ მაქსიმალურად მოვახდინოთ მეწყრულად აქტიური უბნების იდენტიფიცირება. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მასშტაბურია ეს პროცესები, საკმაოდ გახშირდა ეს მოვლენები და კლიმატის ცვლილებებთან ერთად იზრდება რისკები, საკმაოდ რთულია ყველა კონკრეტული ლოკაციის შესწავლა“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან დაკავშირებით არ მომზადებულა. პოტენციურ მეწყრებს და საფრთხეებს სჭირდება დამატებითი კვლევა, დამატებითი შესწავლა იმისათვის, რომ დადგინდეს, რა რისკები ახლავს ამ საფრთხეებს; არ არსებობს მსოფლიოში სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, ზუსტად როდის, რა ლოკაციაზე განვითარდება მეწყერი.

„დამატებით კვლევებში ვგულისხმობ თითოეული პოტენციურად მეწყრულ არეალის დამატებით ანალიზს იმისთვის, რომ მოვახდინოთ რისკის შეფასება, თუმცა, ესეც არ აზღვევს რისკს ბოლომდე. სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლაში უძლურები ვართ. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რისკები დავაზღვიოთ, რაც ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.

როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, კონკრეტულად რაიმე განცხადება, შეტყობინება ოჯახებიდან არ ყოფილა შემოსული, არსებობდა მხოლოდ ერთადერთი განცხადება, რომელიც ქვათაცვენას უკავშირდებოდა, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა დასკვნა, გაიცა რეკომენდაცია, რომელიც არის მიმდებარე და არ უკავშირდება ამ ფერდს. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ღრმა მწუხარებას გამოხატა მომხდართან დაკავშირებით და მიუსამძიმრა გარდაცვლილების ოჯახებს.