როგორც ცნობილია, წუხელ ღამით განვითარდა ქვეზვავური ტიპის მეწყერი, რომლის შედეგადაც, დაახლოებით, 150 000 კუბური მეტრის მასა ჩამოიშალა კლდიდან, რამაც მოახდინა საცხოვრებელი სახლების დანგრევა და დაზიანება. მეწყერი განვითარდა მყისიერად; პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ამ მოვლენის თავიდან აცილება“, – ამის შესახებ ეგარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა, განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.
მისივე განმარტებით, კლიმატურ ცვლილებებთან ერთად, საკმაოდ გახშირდა სტიქიური მოვლენები, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში. გედევანიშვილის განცხადებით, გარემოს ეროვნული სააგენტოდან გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და მიმდინარეობს დეტალური შესწავლა, პოტენციური საფრთხეების ანალიზი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არსებობს კიდევ რაიმე დამატებითი საშიშროება. უახლოეს მომავალში გარემოს ეროვნული სააგენტო დეტალურ დასკვნას გაავრცელებს.
„ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ საფრთხეების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღვნიშნავთ პოტენციურ საფრთხეებს გეოლოგიის, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრია საქართველოში და რამდენიმე ათეულ ათასს აღემატება. კონკრეტულ შემთხვევაში, უშუალოდ ეს ფერდობი არ ყოფილა შეფასებული. სოფელში უამრავი ფერდობი არსებობს. საფრთხეები შეფასებული გვაქვს მთლიანი სოფლის მასშტაბით. მომზადებულ ინფორმაციაში თქვენ ნახავთ სხვა სოფლებსაც; ბუნებრივია, რისკები არსებობს და გარემოს ეროვნული სააგენტო უცხოელ ექსპერტთან ერთად აქტიურად მუშაობს, რომ უფრო მეტი დეტალიზაცია მოახდინოს. სოფლის დაცლის რეკომენდაცია არ ყოფილა გაცემული, იმიტომ რომ ასეთი ტიპის რეკომენდაციას სჭირდება დამატებითი კვლევები, დამატებითი საფრთხის შეფასება. სააგენტო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, რომ შევძლოთ მაქსიმალურად მოვახდინოთ მეწყრულად აქტიური უბნების იდენტიფიცირება. გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მასშტაბურია ეს პროცესები, საკმაოდ გახშირდა ეს მოვლენები და კლიმატის ცვლილებებთან ერთად იზრდება რისკები, საკმაოდ რთულია ყველა კონკრეტული ლოკაციის შესწავლა“, – აღნიშნა ვასილ გედევანიშვილმა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კონკრეტული რეკომენდაცია კონკრეტულ მეწყერთან დაკავშირებით არ მომზადებულა. პოტენციურ მეწყრებს და საფრთხეებს სჭირდება დამატებითი კვლევა, დამატებითი შესწავლა იმისათვის, რომ დადგინდეს, რა რისკები ახლავს ამ საფრთხეებს; არ არსებობს მსოფლიოში სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, ზუსტად როდის, რა ლოკაციაზე განვითარდება მეწყერი.
„დამატებით კვლევებში ვგულისხმობ თითოეული პოტენციურად მეწყრულ არეალის დამატებით ანალიზს იმისთვის, რომ მოვახდინოთ რისკის შეფასება, თუმცა, ესეც არ აზღვევს რისკს ბოლომდე. სამწუხაროდ, სტიქიასთან ბრძოლაში უძლურები ვართ. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ასეთი რისკები დავაზღვიოთ, რაც ძალიან რთულია და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც“, – განაცხადა ვასილ გედევანიშვილმა.
როგორც სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, კონკრეტულად რაიმე განცხადება, შეტყობინება ოჯახებიდან არ ყოფილა შემოსული, არსებობდა მხოლოდ ერთადერთი განცხადება, რომელიც ქვათაცვენას უკავშირდებოდა, ამასთან დაკავშირებით გაკეთდა დასკვნა, გაიცა რეკომენდაცია, რომელიც არის მიმდებარე და არ უკავშირდება ამ ფერდს. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ღრმა მწუხარებას გამოხატა მომხდართან დაკავშირებით და მიუსამძიმრა გარდაცვლილების ოჯახებს.