Home Blog Page 1677

Koba Kobaladze attends reception dedicated to Turkish national holiday at Turkish Embassy

On August 30, 2023, Major General Koba Kobaladze, Director of the State Service of Veterans Affairs, attended a solemn reception at the Turkish Embassy in connection with the 101st anniversary of the victory of Turkey and the Day of the Turkish Armed Forces. He congratulated Mr Ali Kaan Orbay, Ambassador of the Republic of Türkiye to Georgia and the Military Attaché Colonel Burak Altiner on the Turkish national holiday and wished success and prosperity to Turkish people and the Turkish armed forces.

“I would like to show my respect to you and Turkish people. I wish you success and prosperity. I am hopeful that our common aspirations will further deepen and strengthen friendship and cooperation between the two countries”, said Koba Kobaladze.

Turkish Victory and the Day  of Turkish Armed Forces is a national holiday of the country. Its establishment is connected with the final expulsion of foreign troops from the territory of Anatolia by the Turkish army under the command of Mustafa Kemal Atatürk on August 30, 1922, which resulted in the establishment of the Republic of Turkey.

August 30 was declared as the national holiday of Turkey in 1935.

“პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა” – გურამ მაჭარაშვილი

პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტის მიზანი იყო იმ საგარეო კურსის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც სახელმწიფოს აქვს.

„ეს არის სამწუხარო, რომ მან იმდენი მოახერხა, რომ იმპიჩმენტის დაწყების პროცედურა მიიღო. ბევრჯერ გვითქვამს, რომ მას ჰქონდა შემთხვევები, როცა არღვევდა კონსტიტუციას, მაგრამ ბოლო იყო იმდენად აშკარა, პრაქტიკულად თავზე გადახევა კონსტიტუციის საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ ამაზე რეაგირების არქონა იქნებოდა შეურაცხყოფა თავად კონსტიტუციისთვის. ეს მართალია სამწუხარო რეალობაა, მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ ყველაფერში დამნაშავეა თავად პრეზიდენტი.

ბევრი მტკიცებულება არ დაგვჭირდება გავიგოთ, რისთვის მიდიოდა პრეზიდენტი ევროპაში, მათ შორის, არაევროპულ ქვეყნებში. ის თანახმა იყო შარშან, როცა საქართველოს არ მიენიჭა სტატუსი. მეტიც, წელსაც თანახმაა, რადგან თურმე საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ სტატუსი მივიღოთ ან თურმე ფორმალურად აკეთებს იმას, რაც საფუძველი უნდა იყოს სტატუსის მიღებისთვის. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მთავრობა ვერ მისცემდა თანხმობას პრეზიდენტს, რომელიც უნდა წასულიყო იმ საგარეო კურსის წინააღმდეგ, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აქვს არჩეული,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც უხეშად არღვევს” – ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც უხეშად არღვევს. ამას არავითარი არც ახსნა და არც გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კითხვაზე, როდესაც პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად, მაკა ბოჭორიშვილი და საპარლმენტო გუნდი მართავს შეხვედრებს ბრიუსელში, ხომ არ გამოიწვევს ეს დაბნეულობას პარტნიორებში, რაზეც კობახიძემ აღნიშნა:

„რა თქმა უნდა, ეს დამაბნეველია. პრეზიდენტი კონსტიტუციას როცა არღვევს, ბუნებრივია, ეს დამაბნეველია პარტნიორებისთვის, ისევე როგორც დამაბნეველი იყო პოლონეთის, ფინეთისა და სხვა ქვეყნების შემთხვევები. პრეზიდენტი როცა უხეშად არღვევს კონსტიტუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მთავრობა არის პასუხისმგებელი საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე და მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია პრეზიდენტს, ვიზიტი განახორციელოს, ეს არის დამაბნეველი და ეს ქმნის უხერხულობას ჩვენი ქვეყნისთვის. ამ კუთხითაც პრობლემურია სალომე ზურაბიშვილის ქმედებები, მაგრამ დეტალებში შესვლა არც ღირს. მან ფიცი დადო კონსტიტუციაზე, რომელსაც უხეშად არღვევს დღეს. ამას არავითარი არც ახსნა და არც გამართლება არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება როგორ გამოჩნდება საერთაშორისო დონეზე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ეს ცუდად წარმოჩნდება.

„რა თქმა უნდა, ცუდად, მით უმეტეს, როდესაც პრეზიდენტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ბუნებრივია, ეს ცუდად წარმოჩნდება. საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა, მათ შორის ანგარიშვალდებული, პასუხისმგებელი პარლამენტის წინაშე. კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე როცა არის საუბარი, კონსტიტუციის თანახმად, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს კონსტიტუციურ ორგანოს. პასუხისმგებელი არის მთავრობა და არა პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, მთავრობას აქვს უფლება, ისაუბროს საკუთარი გზავნილებით და სხვას არ მისცეს საპირისპირო გზავნილების გაჟღერების საშუალება. ასეთ დროს, როდესაც პრეზიდენტი საერთოდ უგულებელყოფს კონსტიტუციას, ეს პარტნიორების თვალში ძალიან ცუდად გამოჩნდება. მისი ამოცანაა, მაქსიმალურად ხელი შეუშალოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, სწორედ ამიტომ ამბობს ტყუილს, რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს და ასე შემდეგ. საუბარი, რომ ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, უბრალოდ ტყუილია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის კოორდინაცია” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განაცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის ფარლგებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან კონსტიტუციის უხეში დარღვევა დადასტურდება, გაიმართება კენჭისყრა პარლამენტში.

როგორც კობახიძე ამბობს, კენჭისყრაზე გამოჩნდება კოორდინაცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის არსებობს.

„პირველ რიგში, შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ საქმე არის ცხადი, მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია, რომელიც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის და ეს კოორდინაცია რომ მიმართულია ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ევროპაში ვიზიტისა და სტატუსზე მოლაპარაკებების გამართვის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება „ქართული ოცნების“ ლუსტრაციას მოახდენს” – პაატა მანჯგალაძე

ევროპული კურსის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ყველა ხელისმომწერი იქნება საქართველოს ღალატზე რუსეთის სასარგებლოდ.

„ევროპაში ვიზიტისა და სტატუსზე მოლაპარაკებების გამართვის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება „ქართული ოცნების“ ლუსტრაციას მოახდენს, რომ ისინი არიან რუსეთის დამკვეთის შემსრულებლები. კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, უნდა იცოდეს, რომ სამართლებრივზე მეტად პრეზიდენტის იმპიჩმენტი პოლიტიკური პროცესია, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს. „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია ხდება, თუ ვის სამსახურში დგას ხელისუფლება. მათი გაშიშვლება ხდება. ეს ყველაფერი უკვე წყალგამყოფია – ამაზე ხელმოწერა საქართველოს ინტერესების ღალატს ნიშნავს. ჩვენ დავთვლით, რამდენი მოღალატეა საქართველოა პარლამენტში, რომელიც მზად არის, ევროპული კურსის მხარდაჭერის გამო პრეზიდენტს პასუხი აგებინოს. ეს არანაირი სამართლებრივი საკითხი არ არის. ევროპული კურსის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი პუტინისთვის კიდევ ერთი საჩუქრის გაკეთებას ნიშნავს. ვინც იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ყველა ხელისმომწერი იქნება საქართველოს ღალატზე რუსეთის სასარგებლოდ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

“დღევანდელი გადმოსახედიდან, კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და ზურაბიშვილს სურს, მოვლენების ამგვარი განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს”

დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სალომე ზურაბიშვილს სურს, მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა,სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია, განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. შესაბამისად, კონსტიტუციის ტექსტი მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის მინიმალურ სივრცესაც კი არ ტოვებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება. მისი პოზიციაა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს. ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასაბუთებულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

„სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში. ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს, მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს. მეორე მხრივ კი, ის ეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი. საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინწინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია. იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე, მას აღსრულების პერსპექტივა არა აქვს.

ამის მიუხედავად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული.

„იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს

პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც გარდა სხვა საკითხებისა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევის ფაქტზეც შედგა მსჯელობა.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. შესაბამისად, კონსტიტუციის ტექსტი მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის მინიმალურ სივრცესაც კი არ ტოვებს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტს აქვს საქართველოს მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რომელიც საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას უკავშირდება.

„მისი პოზიციაა, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. მეტიც, მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი და მთავრობა ახლაც მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც ნიშნავს, რომ მისი აზრით, საქართველო კანდიდატის სტატუსს არც ახლა იმსახურებს. ამგვარი დამოკიდებულების ფონზე, აშკარაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოს მიენიჭოს აღნიშნული სტატუსი. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის უარი პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ ევროპულ ტურნესთან დაკავშირებით დასაბუთებულია როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. სალომე ზურაბიშვილი ცდილობს ითამაშოს ერთგვარი წაუგებელი თამაში. ერთი მხრივ, მან იცის, რომ დღევანდელი გადმოსახედიდან, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და მას სურს, მოვლენების ამგვარი შესაძლო განვითარებიდან ქულები თავად დაიწეროს. მეორე მხრივ კი, ის ეცდება, რამდენადაც შესაძლებელია, საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას შეუშალოს ხელი. საქართველოს კონსტიტუცია მის დარღვევაზე რეაგირების ერთადერთ ქმედით სამართლებრივ მექანიზმს ითვალისწინებს – ეს არის იმპიჩმენტი. გუშინ და გუშინწინ ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ კონსტიტუციის უხეში დარღვევის მიუხედავად, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში, იმპიჩმენტის პროცედურის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას ესაჭიროება 100 პარლამენტარის მხარდაჭერა და შესაბამისად, რადიკალური ოპოზიციის ხმების გარეშე, მას აღსრულების პერსპექტივა არა აქვს.

„ამის მიუხედავად, პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული. იმპიჩმენტის პროცედურის აღსაძრავად, უახლოეს დღეებში შეგროვდება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა ხელმოწერები და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში შევა შესაბამისი კონსტიტუციური წარდგინება“, – განაცხადა კობახიძემ.

თიბისიმ შოვში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება დაიწყო

3 აგვისტოს, რაჭაში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად თიბისი ბანკში გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე დღეისათვის 700 000 ლარია შეგროვებული. აქედან, თიბისის დონაცია 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 200 000 ლარი მოქალაქეების, კომპანიებისა და ორგანიზაციების მიერ გაღებული თანხაა.

შოვის ფონდში შეგროვებული თანხების მიზნობრივად მიმართვის პროცესში, თიბისი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან თანამშრომლობს. წითელი ჯვარი თიბისის მიერ შექმნილ შოვის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ფონდში შეგროვებული თანხის უშუალო ბენეფიციარებამდე მიტანის პროცესს გაუწევს ადმინისტრირებას.

დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა ორი ძირითადი მიმართულება, რომლებსაც მოხმარდება ფონდში აკუმულირებული ფინანსური რესურსი.

  • ფსიქიკური ჯანმრთელობა და გრძელვადიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის, მათ შორის, დაკარგულთა/გარდაცვლილთა ოჯახის წევრების, ევაკუირებული პირების, მაშველების, სამძებრო სამუშაოებში ჩართული ადამიანების, ადგილობრივი მოსახლეობისა და მოხალისეებისათვის პირველი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა, რათა ხელი შევუწყოთ ტრაგედიით გამოწვეული სტრესის დაძლევის ბუნებრივ პროცესს.

  • დაზარალებულთა ფინანსური დახმარება

სოფელი გლოლასა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებული იყო დაბა შოვის ტურისტულ ზონაში, რაც მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. სტიქიის შედეგად ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. წითელი ჯვრის ეგიდით ჩატარდება შეფასება და შეიქმნება იმ პირთა მონაცემთა ბაზა, რომლებმაც სტიქიის შედეგად სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი დაკარგეს. თიბისის ფონდიდან ამ ადამიანებს ჩაერიცხებათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომელიც მათ პირველადი საჭიროებების დაფარვის საშუალებას მისცემს.

თიბისი მზადყოფნას გამოხატავს, ფინანსური დახმარება გაუწიოს სტიქიის შედეგად დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახებს. ამ პროცესის მართვაში, ვითვალისწინებთ წითელი ჯვრისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების ფსიქოლოგების რეკომენდაციებს.

სტიქიის პირველივე დღეებში, სამაშველო სამუშაოებისა და სტიქიაზე რეაგირებისათვი საჭირო პირველადი მოხმარების საჭიროებებისა და აღჭურვილობისათვის, თიბისის ფონდიდან წითელ ჯვარს გადაერიცხა 30 000 ლარი.

თიბისი რეგულარულად გაავრცელებს განახლებულ ინფორმაციას ფონდში ჩარიცხული თანხების განაწილებასთან დაკავშირებით.

სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ თიბისის საქველმოქმედო ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ლარის, აშშ დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი:

GE89TB7318736080100017

მიმღები: ააიპ თიბისელები

Beneficiary: NNLE TIBISELEBI

 

R

გიორგი ამილახვარი ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სტუდენტობას ულოცავს.

„ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ, ძალიან მნიშვნელოვან, თავგადასავლებითა და შესაძლებლობებით სავსე ეტაპზე.

მჯერა, სკოლებში მიღებულ ცოდნას უნივერსიტეტის კედლებში კიდევ უფრო გაიღრმავებთ, მომავალში კი თქვენი პროფესიონალიზმითა და დიდი შემართებით დაიწყებთ საქართველოს უკეთეს მომავალზე ზრუნვას!

თითოეულ თქვენგანს გიწვდით მეგობრობის ხელს და გირჩევთ, რომ არასდროს შეუშინდეთ გამოწვევებს და შეეცადოთ, აქციოთ ისინი შესაძლებლობებად. ეს არის წარმატებისა და წინსვლის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პირობა.

პირადად მე, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, სრულად ვითავისებ ჩემს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას თითოეული თქვენგანის წინაშე და ყველაფერს გავაკეთებ, რომ თქვენი სტუდენტობა იყოს საინტერესო, აკადემიურად დატვირთული და შესაძლებლობებით აღსავსე“, – აცხადებს ამილახვარი.

ამასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად 34843 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი.

“პირველკურსელებო, გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები” – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს და მათ წარმატებებს უსურვებს.

პრემიერის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტებს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი განვითარებაში.

„ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო, ძვირფასო პირველკურსელებო, გულითადად გილოცავთ ყველას, ვინც წარმატებით ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა თქვენი შრომის, სწავლისა და მონდომების დამსახურებული შედეგია. ამავე დროს, ეს არის ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპის დასაწყისი. მჯერა, ცოდნის დაუფლების, პიროვნული განვითარებისა და პროფესიული სრულყოფის პროცესს საკუთარი მომავლისა და სამშობლოს წინაშე დიდი პასუხისმგებლობით წარმართავთ. განათლებული ახალგაზრდობა – ქვეყნის წინსვლისა და ძლიერების, მისი უკეთესი ხვალინდელი დღის აუცილებელი პირობაა. ამიტომ განათლება ჩვენი მთავრობისთვის, პირადად ჩემთვის, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი განვითარებაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და წარმატებულ, საინტერესო სტუდენტობის გზას, თქვენ მიერ დასახული მიზნების მიღწევას გისურვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დღეს 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი როლანდ პრაისი იქნება

დღეიდან, სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის თანამდებობას როლანდ პრაისი დაიკავებს.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, პრაისი თბილისის ოფისიდან უხელმძღვანელებს მსოფლიო ბანკის სტრატეგიების შემუშავებას სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, კერძოდ, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის. ამასთან ერთად, იგი სამივე ქვეყანაში განახორციელებს საკრედიტო პორტფელისა და საკონსულტაციო სერვისების მართვას, განვითარების მიმართულებით მომუშავე პარტნიორებთან კოორდინაციას და სხვა ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან ჩართულობას ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის პროცესში.

„ჩემთვის დიდი პატივია ამ თანამდებობის დაკავება და მოუთმენლად ველი თანამშრომლობას პარტნიორებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან რეგიონში ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, როგორც თანასწორობის, ისე მდგრადობის თვალსაზრისით. მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ხალხის შემდგომ მხარდაჭერას სტაბილური და წარმატებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა.

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, როლანდ პრაისს რუანდაში მსოფლიო ბანკის ოფიციალური წარმომადგენელის პოზიცია ეკავა.

როლანდ პრაისმა, რომელიც იამაიკის მოქალაქეა, მსოფლიო ბანკში საქმიანობა 2006 წელს დაიწყო როგორც იურიდიულ საკითხებში ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველმა. ის მსოფლიო ბანკში სხვადასხვა ოპერაციულ თანამდებობაზე მუშაობდა რამდენიმე რეგიონში, მათ შორისაა ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის ქვეყნები, აღმოსავლეთ აზია და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნები, აფრიკა და სამხრეთი აზია. ის ასევე მუშაობდა მსოფლიო ბანკის ენერგეტიკისა და მომპოვებელი მრეწველობის გლობალურ პრაქტიკაში ენერგეტიკის რეფორმაზე და რეგულირების საკითხებზე.

პრაისს ხელმძღვანელი პოზიციები ეკავა როგორც ოპერაციულ მენეჯერს ინდონეზიაში და როგორც მსოფლიო ბანკის ოფიციალურ წარმომადგენელს რუანდაში. ინდონეზიაში ის მართავდა სატრასტო ფონდის პორტფელს დაახლოებით 600 მლნ. აშშ დოლარის მოცულობით და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პორტფელს, რომლის მოცულობამაც პიკურ ნიშნულს – 7.5 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. რუანდაში საქმიანობისას, მისი ზედამხედველობით 60%-ით გაიზარდა მსოფლიო ბანკის საკრედიტო პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეიქმნა კერძო სექტორის მტკიცე განვითარების რეფორმის პროგრამა და არსებითად გაიზარდა მსოფლიო ბანკის ჩართულობა კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის საკითხებში, რომელიც მოიცავს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას რუანდაში.

მსოფლიო ბანკში მუშაობის დაწყებამდე პრაისი იყო იამაიკის მთავრობის მრჩეველი საერთაშორისო საჯარო სამართლისა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში და ასევე გახლდათ ვესტ-ინდოეთის უნივერსიტეტის შტატგარეშე ლექტორი.

როლანდ პრაისი ფლობს ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო საჯარო სამართალში; მას მიღებული აქვს სამართლის დოქტორის წოდება მაიამის უნივერსიტეტში და ფლობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესსა და მათემატიკაში.

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს.

შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს სისტემაში. შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება.

პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად“, – აღნიშნულია „ნაეკის“ ინფორმაციაში.