Home Blog Page 1676

დავით სერგეენკო პარლამენტში რჩება

პარლამენტში დღეს “ქართული ოცნების” დეპუტატების, ქეთევან დუმბაძისა და დავით სერგეენკოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყარეს კენჭი. ქეთევან დუმბაძეს უფლებამოსილება შეუწყდა, დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტა კი ვერ მოხერხდა. კენჭისყრისას საკითხს მხარი ორი დეპუტატმა დაუჭირა 12 კი წინააღმდეგი იყო. ორივე დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეჩერების შესახებ დადგენილების პროექტები დღეს პლენარულ სხდომაზე ირაკლი ქადაგიშვილმა წარადგინა.

სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

სადახლოსა და ვალეში ცეცხლსასროლი იარაღების და საბრძოლო ვაზნების შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი, კერძოდ: პისტოლეტი მჭიდით, პნევმატური იარაღი, ასევე, ავტომატური იარაღის მჭიდი და 25 ცალი ვაზნა აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული კანონდამრღვევი მოქალაქეების საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა შექმნა

ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ შექმნა.

ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნული პლატფორმის მიზანია, მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, საკუთარი აქტივიზმით წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში.

„ჩვენი მიზანია, შევქმნათ სამოქალაქო პლატფორმა, რომელიც მისცემს შესაძლებლობას სხვადასხვა დარგის პროფესიონალებს, რომლებიც საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ აინტერესებთ და აწუხებთ საქართველოს პერსპექტივა, ევროპული მომავალი, საქართველოს განვითარება, ჩაერთონ სამოქალაქო აქტივიზმში და წვლილი შეიტანონ საქართველოს მომავლის განვითარების ხედვების ჩამოყალიბებაში; საკუთარი აქტივობებით ხელი შეუწყონ საქართველოს ევროინტეგრაციას. ეს არის პლატფორმა არა მხოლოდ კონკრეტული დარგის პროფესიონალებისა და გამოჩენილი თუ წარმატებული ადამიანებისთვის, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც ეძებს პლატფორმას და შესაძლებლობას საკუთარი აქტივიზმისთვის, რომ ეს საზოგადოებრივი ენერგია გარდაიქმნას ქმედებებად, რომელიც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ევროინტეგრაციას და წინ წაგვწევს ამ პროცესში. ჩვენი პირველი აქტივობა შემდეგია: მხარი დავუჭიროთ და ერთად ვიმოქმედოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. რამდენიმე თვეა დარჩენილი სტატუსის მიღებამდე და ამ დროს, როდესაც საკმაოდ რთული პოლიტიკური ვითარებაა, საზოგადოების პოლარიზება და ა.შ., გვინდა, ჩვენი აქტივობებით საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება მოვახდინოთ იმის თაობაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ სტატუსი. კონსოლიდირებული საზოგადოებრივი აზრი, მოქალაქეების ხმა ყოველგვარი ბარიერების გარეშე პირდაპირ მივაწვდინოთ ევროპას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ჩვენი ანუ ქართველი ხალხის ხმა არ ჟღერდება ან არ ისმის ისე ხშირად ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში ჩვენი მთავრობის მხრიდან ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ ისმოდეს, შეგვიძლია, თავად მივიტანოთ ჩვენი ხმა ჩვენს პარტნიორებამდე და უპირველესად, ევროკავშირამდე. ვფიქრობთ, რომ სტატუსის მიღება არის საკითხი, რომელიც შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგზე მაღლა დგას. ეს არის ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ჩვენ ევროპას საზოგადოების კონსოლიდირებას ვუჩვენებთ ამ გადაწყვეტილების გარშემო, ეს მათ პოზიტიური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარებათ. კონკრეტული ქმედებების შესახებ ღონისძიებაზე ვისაუბრებთ, სადაც ჩვენს ხედვებს წარვადგენთ, თუმცა ეს იქნება ისეთი აქტივობები, რაც ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც სვამს კითხვას, რა შემიძლია მე, როგორც ერთ მოქალაქეს, რომ გავაკეთო, რომ ჩემი ხმა ევროპას მივაწვდინო, საშუალებას მისცემს ამ ტიპის აქტივობებში ჩაერთოს სხვადასხვა ფორმით. გვინდა, რომ დარჩენილ პერიოდში შევქმნათ ისეთი შესაძლებლობები, სადაც ყველა ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკოსებთან თანამშრომლობას, ლომჯარია ამბობს, რომ პლატფორმა სამოქალაქოა, თუმცა ნებისმიერ მხარესთან ხედვების გასაზიარებლად მზად არიან.

„ეს არის სამოქალაქო პლატფორმა და გვინდა, რომ ასე პოზიციონირებდეს, თუმცა ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ პოლიტიკოსს შეგვიძლია ჩვენი ხედვები გავუზიაროთ. იქნება ოპოზიცია თუ ხელისუფლება, მივესალმებით, თუ ამ განწყობებს გაიზიარებენ. ეს არის ჩვენი მიზანი, რომ საჯარო პოლიტიკურ დღის წესრიგზე მოვახდინოთ პოზიტიური გავლენა“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

რაც შეეხება იმას, ხომ არაა მოსალოდნელი, რომ „საქართველოს ევროპული ორბიტა“ წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას, ლომჯარია ამბობს, რომ ეს არ იგეგმება და განმარტავს, რომ თავადაც სამომავლო გეგმები აღნიშნულ პლატფორმასთან დაკავშირებით აქვს.

„საქართველოს ევროპული ორბიტა“ სამოქალაქო საზოგადოებრივი პლატფორმაა და არ ვაპირებთ ის პოლიტიკურ მოძრაობად ან გაერთიანებად გადაიქცეს. მე გეგმები მაქვს ამ პლატფორმასთან დაკავშირებით. წინ მნიშვნელოვანი პერიოდი გველოდება და ვფიქრობ, რომ სწორედ სამოქალაქო ტიპის გაერთიანებიდან პოზიციონირება არის დღეს მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პრეზიდენტი რადიკალებთან ერთად დეპოშია – ლადო მგალობლიშვილი

პრეზიდენტი რადიკალებთან ერთად დეპოშია, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლადო მგალობლიშვილი აცხადებს.

მისივე თქმით, პრეზიდენტის პოზიციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ვერანაირად ვერ დაეხმარება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას.

„სახელმწიფო მმართველობაში გადაწყვეტილება მიიღება ორ პრიზმაში – კანონიერებითა და მიზანშეწონილობით. როდესაც სალომე ზურაბიშვილი, თავის მიერ მოწყობილ ინოვაციურ პრესკონფერენციაზე აცხადებს, რომ გასულ წელს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება არ იყო შეცდომა, ასევე ევროპარლამენტში გამოსვლისას დასძენს, რომ 12 პუნქტი სრულდება ნაწილობრივ, არანაირი მიზანშეწონილობა არ არსებობს ის გაემგზავროს საზღვარგარეთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრის მიზნით. ვინაიდან, მისი პოზიციები დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ვერანაირად ვერ დაეხმარება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. ხოლო, კონსტიტუციის შესაბამისად, ის ცალსახად დამოუკიდებლად, მთავრობის გარეშე ვერ გაემგზავრება. როდესაც “ქართულმა ოცნებამ” პირველად განაცხადა, მის მიერ, კონსტიტუციის დარღვევის გამო, იმპიჩმენტის პროცედურის აღძვრის შესახებ, პრეზიდენტმა მატარებლიდან ფოტო ატვირთა სოციალურ ქსელში, რაც სიმბოლურია. აღნიშნული მატარებლით პრეზიდენტი, რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად, დეპოში შევიდა”, – აცხადებს ლადო მგალობლიშვილი, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6279 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6279 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6279 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6248 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0031 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8239 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8356 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0117 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია”- მიხეილ სააკაშვილი

მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამ გზაზე ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ძალები, მაგრამ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს.

ამასთან, როგორც სააკაშვილი წერს, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება.

„მინდა, მივმართო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, ჩვენს გმირულ აქტივს!

ჩემო ძვირფასებო, ძალიან მომენატრა თქვენთან პირადი კონტაქტი, მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამისთვის გავუძელი ყველაფერს აქამდე.

ამ გზაზე ჩვენ ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ჩვენი ძალები, მაგრამ იმისთვის, რომ სხვებთან გვქონდეს მისასვლელი პირი, თვითონ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. ამავე დროს, მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია.

სამიზნე უნდა გავასწოროთ ყველამ, ჩვენი მთავარი და ამ ეტაპზე ერთადერთი სამიზნე რუსული რეჟიმია!“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/posts/pfbid0xwr76qADXvPUNgLKhJxEfg5Kb23Kfmkwvi5B5fob284Q9hFypRJ7WmZwpTePjNXSl

“ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება”

ვაი, ჩვენი ბრალი, ოპოზიციამ ისე წაიყვანეთ საქმე, რომ ბიძინა ივანიშვილის თოჯინის, სალომე ზურაბიშვილის დაცვა გვჭირდება. რისი იმპიჩმენტი, სირცხვილი არ არის პრეზიდენტს რომ იმპიჩმენტი გავუკეთოთ? მე უნდა ვლაპარაკობდე ამაზე? რაც მოსულია, თქვენ რომ მოგყავდათ, მაშინ მე (პ)რეზიდენტს ვეძახდი, მაგრამ თქვენ თქვით, რომ ავიღეთ და დავდეთო, რა ვიცი, მდინარაძემ თქვა. სულ ფაქტებით გესაუბრებით, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქვეყანა ჩაიძირა, სახელმწიფო თავზეა ჩამოლეწილი“.

„ხალხნო, არ არსებობს ისეთი გაჭირვება, რაც დღეს ხდება: უშუქობა, უპატრონობა, პენსია, შიმშილი. როგორ უნდა იყიდოს იმ პენსიით, იმას, რა კალათა ეყოფა, საშინელი მდგომარეობაა! როგორ უნდა ბედავდეს ნინო წილოსანი ამდენ ლაპარაკს?! არ მინდოდა, მაგრამ ასეთი ცინიზმით, რომ არ გამოსულიყო არაფრით ვიტყოდი, გეფიცებით, არაფრით არ შევეხებოდი. ადამიანებს ყოველთვის ვპასუხობ ხოლმე, მე თვითონ არასდროს ვიწვევ. ამხელა მშენებლობა ზურგზე გაქვს მოკიდებული ნაძალადევში, სამარცხვინო, რას ლაპარაკობ, რომელ კორუფციაზე ლაპარაკობ? ქვეყანა ჩაიძირა, სახელმწიფო თავზეა ჩამოლეწილი და აქ, ვიღაცა ლაპარაკობს, ერთი და ორი კომლი – ის ერთი და ორი კომლი უნდა შევინარჩუნოთ, რომ „მიწისაგან პირისა, თითოეული სოფელი არ აღიგავოს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების 22 წევრი დააკავეს

ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ზაფხულის განმავლობაში 7 კრიმინალური დაჯგუფება დაშალა, რომლის წევრებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და სახლებისა და სხვა შენობების ძარცვაში ედებათ ბრალი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ივლისსა და აგვისტოში აღნიშნული დაჯგუფებების 22 წევრი დააკავეს, რომლებსაც, საერთო ჯამში, 17 სახლი გაძარცვეს.

გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს და პოლიცია არ გამორიცხავს, რომ კიდევ მეტი ადამიანი დააკავონ.

ბოლო ოპერაცია 23 აგვისტოს განხორციელდა, როცა პოლიციამ დაჯგუფების 6 წევრი დააკავა.

ესპანური მედია წერს, რომ ქართული კრიმინალური დაჯგუფებები მოქმედებენ სევილიაში, მადრიდში, ბარსელონაში და ესპანეთის სხვა ქალაქებში და მათ სათავეებში ე.წ. კანონიერი ქურდები დგანან. დაჯგუფებები შედგება ორი-ოთხი წევრისგან და მათი ასაკი 25-40 წელია.

“საქართველოში პუტინის დამარცხება შესაძლებელია”- მიხეილ სააკაშვილი კონფერენციის მონაწილეებს

საქართველოში პუტინის დამარცხება შესაძლებელია, თუ აიძულებთ რუს ოლიგარქს, რომ მე გამათავისუფლოს. მე პუტინის პატიმარი ვარ და მისთვის ეს ნამდვილი ალიყური იქნება, თუ დაინახავს, როგორ დავდივარ თავისუფლად კიევისა და თბილისის ქუჩებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც კონფერენციაზე “პუტინიზმის დამარცხება” წაიკითხეს.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ვლადიმერ პუტინის დაშინება ძალიან ადვილია, თუ სიმამაცეს დავუპირისპირებთ.

„ეს კონფერენცია ცოტათი დაგვიანებით ტარდება. ის უნდა ჩატარებულიყო 2007 წელს ან 2013 წელს მაინც და მას უნდა რქმეოდა „როგორ შევაჩეროთ პუტინი“. სამწუხაროდ, ადამიანები ყველაფერს ნელა ვსწავლობთ და სწორედ ამიტომ არის, რომ დღეს განვიხილავთ, როგორ დავამარცხოთ პუტინი. თუმცა, მართალია, პუტინი მართლაც საშიში და უსიამოვნო ფიგურაა, მისი პერსონის პრობლემა არაფერია იმ საფრთხეებთან შედარებით, რომელსაც პუტინიზმი უქმნის მსოფლიო უსაფრთხოებას.

მე 30-ჯერ მაინც შევხვედრივარ პუტინს და ამ შეხვედრების უმეტესობა პირისპირ გაიმართა. მე ვცდილობდი, რომ მასთან ნორმალური, ადამიანური ურთიერთობები დამემყარებინა, მაგრამ ამისთვის არასდროს გამიწირავს საკუთარი ქვეყნის ინტერესები. საბოლოოდ, 2008 წელს, მე წინააღმდეგობა გავუწიე მის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და ოდესის გუბერნატორობის დროსაც ვიბრძოდი მის წინააღმდეგ.

რა შემიძლია ვთქვა პუტინის შესახებ? ის ბოროტების განსახიერებაა, არასანდო, ორპირი, რომლისთვისაც ტყუილის თქმა ჩვეულებრივი რამ არის. ის ბოროტებას თვითრეალიზების საშუალებად მიიჩნევს, ხოლო თავმდაბლობას – ნაკლად, სისუსტის ნიშნად.

ამიტომ, მასთან ბრძოლისას მთავარია ვაჩვენოთ, რომ მტკიცედ ვდგავართ და არაფრის გვეშინია. რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, მისი დაშინება ძალიან ადვილია, თუ სიმამაცეს დავუპირისპირებთ. მასთან ბრძოლისას უნდა იყოთ ნოვატორული, სპონტანური და არაპროგნოზირებადი, რადგან ასე ის ადვილად იბნევა, რადგან ამისთვის მზად არ არის. ხშირად შეახსენეთ მას, რომ ჰააგის სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. მერწმუნეთ, ფიქრი იმაზე, რომ ერთ მშვენიერ დღეს უკრაინაში და სხვაგან ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხისგება მოუწევს, მას ძალიან აშინებს და ღამით ამას კოშმარულ სიზმრებში ხედავს.

საქართველოში კი პუტინის დამარცხება შესაძლებელია, თუ აიძულებთ რუს ოლიგარქს, რომ მე გამათავისუფლოს. მე პუტინის პატიმარი ვარ და მისთვის ეს ნამდვილი ალიყური იქნება, თუ დაინახავს, როგორ დავდივარ თავისუფლად კიევისა და თბილისის ქუჩებში“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს.

„კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს რუსეთის ტერიტორიაზე, იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად შეხვდებიან”

ამერიკული გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) აქვეყნებს სტატიას სათაურით „კიმ ჩენ ინი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს რუსეთის ტერიტორიაზე შეხვდებიან, იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად: მოსკოვს უკრაინის ომში სულ უფრო მეტი საბრძოლო მასალები ჭირდება“ (ავტორები – ედვარდ ვონგი და ჯულიან ბარნსი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ჩრდილოეთ კორეის მეთაური კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩასვლას გეგმავს, ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად. ვიზიტის მოსამზადებლად რუსეთში უკვე იმყოფება კორეელი დიპლომატების ჯგუფი.

კომუნისტური კორეისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა შესაძლოა რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ქალაქ ვლადივოსტოკში გაიმართოს, სადაც ჩრდილოეთ კორეის მეთაური (იგი ძალზე იშვიათად დადის საზღვარგარეთ), ტრადიციულად, დაჯავშნილი მატარებლით უნდა ჩავიდეს. შეხვედრის სავარაუდო თარიღია 10-13 სექტემბერი, როცა ვლადივოსტოკში უნდა ჩატარდეს „აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმი”. ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ ვლადიმერ პუნტინმა კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკება მოსკოვში გამართოს.

ვლადიმერ პუტინს სურს, რომ ჩრდილოეთ კორეამ რუსეთი საარტილერიო ჭურვებითა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით მაომარაგოს, ხოლო კიმ ჩენს ინს – რუსეთმა კორეას მოწინავე ტექნოლოგიები მისცეს კოსმოსური ტანამგზავრებისა და ატომური წყალქვეშა ნავებისათვის. კორეის ლიდერი თავის რუს კოლეგას, სავარაუდოდ, სურსათ-სანოვაგით დახმარების გაწევას სთხოვს (მოსკოვის გამოთვლით, მიმდინარე წელს რუსეთში მარცვლეულის რეკორდული მოსავალია მოსალოდნელი}.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივნის, ედრიენ უოტსონის განცხადებით, რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები იარაღის შეძენის საკითხზე და თეთრ სახლს აქვს ინფორმაცია, რომ კიმ ჩენ ინი მოელის ამ დისკუსიის გაგრძელებას, მათ შორის რუსეთში, ლიდერების დონეზე. ედრიენ უოტსონს არ დაუკონკრეტებია, სად და როდის შეიძლება შედგეს პუტინის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა.

აგვისტოს ბოლოს, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან აწარმოებს საიდუმლო მოლაპარაკებას იარაღის შესაძენად, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს.

ჯონ კირბის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელიც ივლისის ბოლოს ფხენიანში იმყოფებოდა, ცდილობდა ჩრდილოეთ კორეა დაერწმუნებინა რუსეთისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალების მიყიდვის აუცილებლობაში. გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის მეთაურმა კიმ ჩენ ინმა გაცვალეს წერილები, რომლებშიც საუბარია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაზე. ჯონ კირბის ცნობით, ამის შემდეგ ფხენიანში გაემგზავრა რუსი მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ჯგუფი. თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ დელეგაციის მიზანი იყო მოსკოვის და ფხენიანის პოტენციური გარიგების განხილვა.

წყარო

“საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ქვეყანამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა”- პიტერ სიიარტო

საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც სიიარტომ აღნიშნა, საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მისივე თქმით, საქართველომ ამისთვის ყველაფერი გააკეთა.

„ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ კავკასიის რეგიონთან თანამშრომლობას, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ 11-12 ოქტომბერს თბილისში, საქართველოსა და უნგრეთის მთავრობის წევრების მონაწილეობით, ერთობლივი სამიტი გაიმართება. სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერება საინვესტიციო პროგრამას, ასევე სტიპენდიის გახანგრძლივების შესახებ შეთანხმებას. ჩვენ შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხი. ვთვლით, რომ საქართველომ შემოდგომაზე უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის. საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკური საკითხია და ჩვენ ვითხოვთ ევროკავშირისგან ამ პოლიტიკურ ვალდებულებას, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

რატომ ისმის სულ უფრო ხშირად დასავლეთში მოწოდებები რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე? – უცხოური პრესა

 „როცა რაიმე მნიშვნელოვანი მზადდება, ვთქვათ, პრინციპული გეოპოლიტიკური ცვლილება, ის, როგორც წესი, მოულოდნელად და უეცრად არ ხდება. პოლიტიკოსები არასდროს არ აჟღერებენ პირველები ასეთ განცხადებებს – ისინი ჯერ პრესას „აძლევენ“ ამგვარ დავალებას, ანუ მასმედია უშვებს სასინჯ ინფორმაციას („გაჟონილი“ სახით), შემდეგ კი საინფორმაციო სივრცეს განსაზღვრული შინაარსის მქონე მასალებით ავსებენ. სწორედ ასე ხდება დღეს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართაც“, – ნათქვამია ხორვატულ გამოცემა „ედვენსის“ (Advance) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ ისმის სულ უფრო ხშირად დასავლეთში მოწოდებები რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებაზე?“ (ავტორი – დ. მარიანოვიჩი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია ბოლო ხანს ამერიკლ პრესაში გამოქვეყნებული მასალები, კერძოდ, გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის“, ასევე ჟურნალების „ფორინ პოლისისა“ და „ნიუ-იორკერის’ პუბლიკაციები, რომლებშიც ავტორები – ცნობილი ჟურნალისტების და ექსპერტები რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას მიმოიხილავენ, აანალიზებენ უკრაინის კონტრშეტევას, რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას და ა.შ. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ჟურნალ Foreign Affairs-ის აგვისტოს ნომერში დაბეჭდილი მასალა სათაურით „ომი, რომელშიც დასავლეთი ვერ გაიმარჯვებს: რატომ უნდა გამოვიდეს ვაშინგტონი უკრაინიდან“.

როგორც დ.მარიანოვიჩი აღნიშნავს, ბრძოლის ველზე ამჟამად ძირითადად პატური სიტუაცია არის ჩამოყალიბებული. რასაკვირველია, უკრაინული და დასავლური მასმედიის ბევრი წარმომადგენელი კონტრშეტევას აქებს და ადიდებს, მას გარდატეხვად თვლის („აი, გაირღვა უკვე რუსების თავდაცვის პირველი ხაზი!“), თუმცა სინამდვილეში უკრაინის არმიის წარმატება ძალზე მოკრძალებულია. კაცმა რომ თქვას, კიევის დასავლელი მოკავშირეების უმრავლესობა ომის პირველივე დღიდანვე ხვდებოდა იმას, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებდა. თუმცა ისინი იმედოვნებენ, რომ უკრაინისადმი თავიანთი დახმარებით ომში რუსეთი გამოიფიტება, მისი ეკონომიკა სანქციებით დაინგრევა, ქვეყანაში ცხოვრების დონე გაუარესდება, დაიწყება მოსახლეობის უკმაყოფილება, ქვეყნის შიგნით უწესრიგობები, კრემლი დასუსტდება და მოსკოვში სახელმწიფო გადატრიალება მოხდება.

მაგრამ დასავლეთისა და უკრაინის საწყენად, რუსეთის ეკონომიკამ სანქციების ცხრა პაკეტს გაუძლო და ქვეყანა სხვა ბაზრებზე გადაორიენტირდა, პირველეს ყოვლისა, ჩინეთზე და ინდოეთზე. უფრო მეტიც, სერიოზული პრობლემები უგროვდება ანტირუსული სანქციების შემომღებ მხარეს – ევროკავშირს. ბევრ კითხვას იწვევს გერმანიის მდგომარეობა, რომელიც, ტრადიციული გერმანული შრომისმოყვარეობისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მიუხედავად, საკმაოდ იყო დამოკიდებული იაფ რუსულ გაზზე და იაფ მუშახელზე, რომლებსაც ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი მსოფლიოს ყველა კუთხიდან იწვევდა. ბერლინი მიხვდა თავის შეცდომას, მაგრამ ნეგატიური შედეგების გამოსწორებას დიდი დრო ჭირდება. გერმანია თანდათან თმობს ევროპული ეკონომიკის ლოკომოტივის როლს.

ატლანტის ოკეანის გადაღმაც შეშფოთებულები არიან გერმანიისა და საერთოდ, ევროკავშირის რთული ეკონომიკური მდგომარეობით, რომლის შედეგად მემეარჯვენეები უფრო პოპულარულები ხდებიან. ამერიკელი ხალხი, თავის მხრივ, რაც დრო გადის, სულ უფრო ნაკლებად უჭერს მხარს თავის მიერ გადახდილი გადასახადების მნიშვნელოვანი ნაწილის მიცემას უკრაინისადმი იმ დროს, როცა ცხოვრების დონე თვითონაც უმცირდება და სერიოზული პრობლემები ექმნება. აშშ-ში ახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და მოსახლეობის განწყობა წინასაარჩევნო კამპანიაზე და უშუალოდ ხმის მიცემაზე გავლენას აუცილებლად მოახდენს. გარდა ამისა, ამერიკული ელიტის ნაწილს სურს, რომ ევროკავშირს უკრაინის ომისაგან რაც შეიძლება მეტი პრობლემა ჰქონდეს – მათ მოსწონთ, რომ ომი ფიტავს არამარტო რუსეთს, არამედ გერმანიასაც, საფრანგეთსაც და თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკისადმი ლიალურად განწყობილ დიდ ბრიტანეთსაც.

როგორც სტატიის ავტორი ასკვნის, „რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი იზრდება, ქვეყანაში სამხედრო ეკონომიკა ძლიერდება. ამიტომაც, სანამ დასავლეთისათვის უფრო უარესი არ მომხდარა, მანამ ის რუსეთის შეკავებას უნდა შეეცადოს… უკრაინის ომის დასრულების გზით, რაც აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს. დასავლეთს, ერთი მხრივ ჩინეთის პოლიტიკა აშფოთებს (ეკონომიკური და დიპლომატიური გავლენის სახით), მეორე მხრივ კი რუსეთის კურსი (სამხედრო და გეოპოლიტიკური სახით). არსებობს აზრი, რომ ასეთ შემთხვევაში უფრო უმჯობესია ვოლოდიმირ ზელენსკის ბედის ანაბარად გაშვება. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისის მომხრეები სულ უფრო მეტნი ხდებიან“.

წყარო