Home Blog Page 1672

“გახარიამ რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ერთი, ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში” – ირაკლი კობახიძე

გიორგი გახარიამ რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ერთი, ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პარლამენტში გამოსვლისას კობახიძემ ოპოზიციის განცხადებები შეაფასა.

„მადლობას გადავუხდი ყველა იმ დეპუტატს, მათ შორის ოპოზიციიდან, რომლებიც საქმიანად მიუდგნენ ამ განხილვას. თუმცა, იყო არასაქმიანი ნაწილიც ამ დისკუსიაში. თქვენ მოისმინეთ ვაშაძის, ბოკუჩავას გამოსვლები. იყო ტრადიციულად „ლელო“ და ასევე ტრადიციულად იყვნენ ნორჩი გახარიელები. ადრე არსებობდნენ ნორჩი ლენინელები, ლენინმა ოქტომბრის რევოლუცია მაინც მოაწყო, ამ კაცმა რა მოაწყო, დღემდე ვერ გავიგე, ბუჩუკური მოაწყო პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა.

84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ – ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

პრემიერ-მინისტრის გარდა, ცვლილება მხოლოდ თავდაცვის უწყებას შეეხო – თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა:

პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე;

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – გიორგი ამილახვარი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;

იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თეა წულუკიანი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.

“საქართველოში შედგა საპარლამენტო დემოკრატია, მუშაობს საპარლამენტო პოლიტიკა და ამ რეფორმის სათავეში გახლავთ სწორედ ირაკლი კობახიძე”

ამ ორი დღის განმავლობაში, ოპოზიციის ქცევიდან გამომდინარე, ცხადია, რომ საქართველოში შედგა საპარლამენტო დემოკრატია და მუშაობს საპარლამენტო პოლიტიკა, ამ რეფორმის სათავეში გახლავთ სწორედ ირაკლი კობახიძე, გამოჩნდა, რომ ოპოზიცია ძალიან კარგად ხვდება, ვისთან აქვს დღეს საქმე, პოლიტიკურ ლიდერთან, რომელმაც კარგად იცის შიდა საპარლამენტო პოლიტიკა და პოლიტიკური პროცესები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიცია დაკავებულია საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟითა და პროცესების დესტაბილიზაციით. მისივე განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კრახი განიცადა.

„ქართული საზოგადოება არ მიიღებს იმ პოლიტიკურ პარტიას უკან ხელისუფლებაში, რომელმაც უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებები, ხალხს ჩამოართვა საკუთრება, დაარბია მედია და საქართველოში დაასამარა ევროპული ღირებულებები. ჩვენს თვალწინ ხდება ახალი პოლიტიკური ბანაკის ჩამოყალიბება, რომელიც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრე გენეტიკური კოდით, მაგრამ მას ევალება, რომ გაემიჯნოს „ნაციონალურ მოძრაობას“, თუმცა ამავე დროს, დაამტკიცოს, რომ არის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ უფრო „ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მოხსენება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მან ქვეყნის განვითარების მომავალი ოთხი წლის გეგმა წარადგინა.

„ირაკლი კობახიძემ ზუსტად დასვა აქცენტები ისტორიას, გეოპოლიტიკურ რეალობას, მომავალ მიზნებსა და ეროვნულ ღირებულებებს შორის. აჩვენა საუკეთესო ბალანსი, რომელიც საქართველოს სჭირდება, რომ ერთი მხრივ, დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება, იდენტობა, გახადოს კიდევ უფრო მეტად საინტერესო დასავლური ცივილიზაციისთვის და ამავე დროს, გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელსაც ქვეყანას აძლევს გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

“ირაკლი კობახიძემ ბრძანა, რომ ჩვენი პატიმრების რაოდენობა 5 500 ადამიანამდე უნდა შემცირდეს, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება”

თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენი პატიმრების რაოდენობა 5 500 ადამიანამდე უნდა შემცირდეს, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, ძალიან დიდი იმედია თითოეული პატიმრისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. მინდა, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ თქვენ, თქვენი პრემიერობის განმავლობაში ამ მიზანს მიაღწიოთ, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვის დროს.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, ეს ისეთი იდეაა წინასაარჩევნოდ, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის პოპულარული იქნება, საზოგადოების რაღაც ნაწილისთვის კი პრობლემური და მნიშვნელოვანია ასეთ თემებზე პოლიტიკური კონსენსუსი.

„ეს ისეთი ტიპის მიზანია, სადაც ჩვენ თანამოაზრეები ვართ. უფრო მეტსაც გეტყვით. მე დაახლოებით ასეთი ტიპის ამნისტიის კანონპროექტი შევიმუშავე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ალექსანდრე ელისაშვილთან ერთად. რაღაც ტიპის ვერსია არსებობს და სხვა პარტიებთანაც გავდივარ კონსულტაციას.

ამ იდეას სერიოზულად რომ შევხედოთ, შეგვიძლია, საგაზაფხულო სესიაზე დავაინიციროთ ეს კანონპროექტი. მზად ვარ, რომ ეს კანონპროექტი თქვენთან ერთადაც გავიარო ან თქვენს  მიერ დამუშავებულში მივიღო მონაწილეობა. ეს იქნება უპრეცედენტო შემთხვევა წინასაარჩევნოდ, როდესაც პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან იმაზე, რომ ეს საკითხი არ არის წინასაარჩევნო სპეკულაციების ამბავი და არჩევნებამდე ვაგვარებთ კონსენსუსით. ეს იქნება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ძალიან მძლავრი ნაბიჯი როგორც პოლიტიკურ პარტიებს შორის პარლამენტში, ასევე საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის.

მე არ დავმალავ ბატონო ირაკლი და ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა, ჩემს შეკითხვაზე პასუხიც ძალიან მომეწონა და თქვენი გამოსვლები, რომელსაც ამ დღეებში ვისმენდით მგონია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის, ბოლო პერიოდში რასაც მე შევსწრებივარ, ყოველ შემთხვევაში, ბატონი  ბიძინას შემდეგ, ყველაზე უკეთესი და ოპტიმალური იყო არსებული კონიუქტურის გათვალისწინებით“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ-არხში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

ალექსანდრ სირსკი უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური იყო.

„გენერალ ზალუჟნის მადლობელი ვარ თავდაცვის ორი წლისთვის. მადლობელი ვარ თითოეული გამარჯვებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ ყველა უკრაინელი მეომრის წყალობით, რომლებიც გმირულად აწარმოებენ ამ ომს. გულღიად ვილაპარაკეთ დღეს იმაზე, თუ რა საჭიროებს ცვლილებებს არმიაში. სასწრაფო ცვლილებები. შევთავაზე გენერალ ზალუჟნის დარჩეს გუნდში. მადლობელი ვიქნები მისი თანხმობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ახალ გუნდს გადაეცემა.

„მინდა, რომ ომის ხედვა იყოს ერთიანი რობოტინოსა და ავდეევკაში ჩვენს სამხედროებს შორის, ასევე გენერალურ შტაბში და სამხედრო მეთაურებში. მე ათობით საუბარი გავმართე სხვადასხვა დონის მეთაურებთან. კერძოდ, დღეს ვესაუბრე გენერლებს ანდრეი გნატოვს, მიხაილ დრაპატის, იგორ სკიბიუკს, ასევე პოლკოვნიკებს პაველ პალისას და ვადიმ სუხარევსკის. ყველა მათგანი განიხილება არმიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იმსახურებენ ყველაზე გამოცდილი უკრაინელი მეთაურის ხელმძღვანელობას. მას აქვს თავდაცვის წარმატებული გამოცდილება, ჩაატარა კიევის თავდაცვითი ოპერაცია. მას ასევე აქვს შეტევის წარმატებული გამოცდილება ხარკოვის განმათავისუფლებელ ოპერაციაში. მე გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დავნიშნე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თავად ვალერი ზალუჟნიმ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ უმაღლეს მთავარსარდალთან მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი ჰქონდა. მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიის შეცვლის საჭიროების შესახებ.

„დიდი ომის პირველ, ყველაზე რთულ დღეებში ჩვენ გავუძელით საძაგელ და ძლიერ მტერს. გავუძელით ერთად. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ყოველდღე იცვლება. 2022 წლის ამოცანები განსხვავდება 2024 წლის ამოცანებისგან, ამიტომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს და ადაპტირდეს ახალ რეალიებთან. გამარჯვება ასევე ერთად უნდა მოვიპოვოთ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს გუნდის, უკრაინის პრეზიდენტის გვერდითაა. მე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ვამაყობ თითოეულით, ვინც იცავს ჩვენი შვილების მომავალს, ყველა სამხედროთი, სერჟანტითა და ოფიცრით. ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის და თავისუფლებისთვის. გვახსოვს და შურს ვიძიებთ ყველასთვის. უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ“, – დაწერა ზალუჟნიმ ტელეგრამ-არხში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

“ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და სახლი ცარიელია”

დღეს, ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და სახლი ცარიელია, რადგან ქართველებს საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში დარჩენის შესაძლებლობა არ აქვთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, საქართველოში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა და აღნიშნა, რომ ქართველებს ამ პირობების გამო წლების განმავლობაში უწევთ ემიგრაციაში წასვლა.

მისივე თქმით, ემიგრაციის მასშტაბები „ოცნების“ პირობებში ყოველწლიურად მატულობს, ასევე მძიმდება პენსიონერთა მდგომარეობა და სულ უფრო მეტი ახალგაზრდა რჩება სამსახურის გარეშე.

„დღეს, ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის თავზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უამრავი ეზო და სახლი ცარიელია, რადგან ქართველებს საკუთარ სამშობლოში, საკუთარ სახლებში დარჩენის შესაძლებლობა არ აქვთ. ჩვენი თანამემამულეები მძიმე ეკონომიკურმა პირობებმა და უმუშევრობამ აიძულა წასულიყვნენ და მიეტოვებინათ ყველაფერი, რაც მათ ეკუთვნით და რაც უყვართ.

საზღვარგარეთ ყოფნის დროს მუდმივად ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო იქ მყოფ ქართველებთან.

მათთან საუბრები, როგორც წესი, ყოველთვის იწყება ხალისით, სამშობლოს და ოჯახური ისტორიების გახსენებით და სრულდება ტკივილით და უდიდესი ნოსტალგიით, მათ ენატრებათ საკუთარი სახლი.

რამდენიმე დღის წინ საუბარი მქონდა 57 წლის ქალბატონ ნინოსთან, მინდა, მისი ისტორია მოგიყვეთ. ქალბატონ ნინოს ჰყავს 28 და 30 წლის ბიჭები. 90-იანი წლების ბოლოს უკიდურესი სიღარიბის გამო ქალბატონი ნინო საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. ის თითქმის 23 წლის მანძილზე იმყოფებოდა ემიგრაციაში და დღე და ღამე უწევდა მუშაობა.

ქალბატონი ნინო მიყვებოდა: საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ღირდა ეს წვალება და ტკივილი, რადგან მეგონა, მალე დავაგროვებდი თანხას, დავბრუნდებოდი საქართველოში და ჩემს შვილებთან ერთად კარგად ვიცხოვრებდი.  2022 წელს ქალბატონი ნინო 23-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, 57 წლის ასაკში დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი პრობლემები არ გამქრალა.

მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა საკმარისი ფული ჰქონდა საკუთარი თავისთვის და ელემენტარული პირობებისთვის, უმუშევრობის გამო ახლა უკვე მისმა შვილებმა გადაწყვიტეს საქართველოდან წასვლა, რათა შესძლებოდათ საკუთარი ოჯახების უზრუნველყოფა ისე, როგორც მან უზრუნველყო ისინი თავის დროზე. ეს არ არის მხოლოდ ქალბატონი ნინოს ისტორია, სამწუხაროდ, ასე ცხოვრობს ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე. წლები გარბის, პრობლემას პრობლემა ემატება, შვილები მშობლებისგან მოშორებით იზრდებიან. ახლა, სამწუხაროდ, ქალბატონი ნინოს შვილიშვილები იზრდებიან მამების გარეშე. 12 წლის მანძილზე, რაც ივანიშვილის პარტია იმყოფება ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, თითქმის არაფერი გაუმჯობესებულა.

პირიქით, მიგრაციის მასშტაბები გაიზარდა, 800 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამემამულემ დატოვა საქართველოს ტერიტორია. ბავშვები ისევ შიმშილობენ; პენსიონერს ყოველდღიურად უწევს არჩევანის გაკეთება საჭმელსა და წამალს შორის;ახალგაზრდა ადამიანი უმაღლეს სასწავლებელს ამთავრებს და სამსახურს ვერ შოულობს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ფოთში, საცხოვრებელ სახლში, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს

ფოთში, ნაბადის უბანში მდებარე კერძო სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ბუ­ნებ­რი­ვი აირის ნამ­წვით ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ა გახდა. შემთხვევის დროს ისინი სახლში მარტო იყოფებოდნენ. ადგილობრივის ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ახლობელთან კონტაქტზე არ გადიოდა, რის შემდეგაც კარი შეამტვრიეს.

„დეტალები ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, ადგილზე იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პოლიცია. დამატებით დეტალებს ალბათ გამოძიება დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია“, – განაცხადა ნაბადის უბნის მუნიციპალიტეტის მთავარმა სპეციალისტმა, რომეო ჩაჩხიანმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

“ვენაცვალე ჩვენს პარლამენტს და რეგლამენტს, ორი დღეა, შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს”

ვენაცვალე ჩვენს პარლამენტს, რეგლამენტს, ორი დღეა, შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, რეგლამენტის მიხედვით, თეა წულუკიანს ცალმხრივად მოუწევს კრიტიკის მოსმენა.

„ქალბატონო თეა, ერთ კომიტეტში კოლეგები ვიყავით, თქვენ თუ ისეთივე მეთოდებით აპირებთ მინისტრობას, როგორც აქამდე იყავით კულტურის მინისტრი, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ სფეროსთვის, რომელსაც ხელმძღვანელობთ. მაუზერით და ნაგანით ასე არქეოლოგების, მწერალთა სახლის დარბევა და ა.შ. არ შეიძლება და იმიტომაც არის, რომ საკუთარ გუნდს და ქვეყანას პოლიტიკურ პრობლემებს უქმნით.

სიმართლე გითხრათ, რაზეც მეცინება, ვენაცვალე ჩვენს პარლამენტს, ჩვენს რეგლამენტს, ორი დღეა, შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს. მაგარი ამბავია ისე. ასე წერია რეგლამენტში. სატევარივით კი აქვს ხოლმე ენა და სიტყვა მომარჯვებული და ახლა პაპუაშვილმა თუ ჩაურთო მიკროფონი, ხომ დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, სისხლის გუბეები დადგება აქ, მაგრამ რეგლამენტი უნდა დავიცვათ, ქალბატონო თეა, და მოგიწევთ, ცალმხრივად ჩემი კრიტიკის მოსმენა. სამწუხაროდ, მართლა ასე ვფიქრობ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

“საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება”

საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და არაღიარების პოლიტიკა ჩვენს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად რჩება. მზად ვართ, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და ყველა არსებული ფორმატი გამოვიყენოთ, რათა მშვიდობიანი გზებით შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება.

ნიკოლოზ სამხარაძემ ირაკლი კობახიძეს მადლობა გადაუხადა რვაწლიანი საპარლამენტო საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში პარლამენტი სწორედ ირაკლი კობახიძის ძალისხმევით გახდა ქვეყანაში ერთ-ერთი ძლიერი ინსტიტუტი.

„ის, რომ დღეს პარლამენტი ნამდვილად ასრულებს თავის ფუნქციას და პარლამენტში არის პოლიტიკური ცხოვრება, მიმდინარეობს პოლიტიკური დებატები, ამაში ლომის წილი მიუძღვის სწორედ ირაკლი კობახიძეს. მსურს, ამისთვის დიდი მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით საჭიროა ევროკავშირთან ერთად ისეთი მექანიზმის შემუშავება, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირის დახმარების მიმღები ქვეყნების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების პრევენციას.

ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, გაგრძელდება მუშაობა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-თან. მისივე თქმით, საქართველოს რეგიონში სტრატეგიული პარტნიორობა აქვს თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან.

„იმის პარალელურად, რომ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო, ენერგეტიკული და საფინანსო ჰაბის ფუნქციები იზრდება, საქართველოს აქვს პოტენციალი, ერთი მხრივ, გახდეს მნიშვნელოვანი ფასილიტატორი სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირებაში, მეორე მხრივ, ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი რეგიონის ქვეყნებსა და ევროკავშირს შორის. ვფიქრობ, ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს მეტ რეგიონულ ინტეგრაციას და რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის განმტკიცებას. ვაგრძელებთ ურთიერთობების გაღრმავებას აზიის ქვეყნებთან, რისი ნათელი მაგალითიც არის ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება. ჩვენი ამოცანაა შუა აზიის, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან მეგობრული კავშირების განმტკიცება, რაც არ არის მიმართული რომელიმე სხვა ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, გლობალური პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, წლევანდელი და მომავალი წლები ახალი გამოწვევებით და საფრთხეებით აღსავსე იქნება.

„შესაბამისად, საფრთხეები და გამოწვევები გაიზრდება საქართველოს მიმართაც, ამიტომ მთავარი ამოცანაა პრაგმატული, ფრთხილი და მიზანმიმართული საგარეო პოლიტიკით გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ პრემიერმინისტრობის კანდიდატს და მის გუნდს საქმიანობაში წარმატებები უსურვა და სამთავრობო პროგრამის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

“დავით აღმაშენებლის სული ალბათ ძალიან შეძრწუნებულია იმით, რასაც ახლა ხედავს, ვის ხელშია ეს ქვეყანა”

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გელათში რომ ისევ ჩამოვიდა წყალი და მორიგ ჯერზე ჩამოირეცხა უნიკალური ხატები, ეს არის თქვენი გამარჯვება? დავით აღმაშენებლის სული ალბათ ძალიან შეძრწუნებულია იმით, რასაც ახლა ხედავს, ვის ხელშია ეს ქვეყანა, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი მიმდინარეობს.

ნაცვლიშვილის თქმით, გელათი არის სიმბოლო იმისა, რა დღეშიც ჩააგდო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ქვეყანა.

„გამარჯვებებზე იყო საუბარი, რას მიიჩნევთ გამარჯვებად, ძალიან მაინტერესებს. შემთხვევით არ ახსენეთ დიდი დავით აღმაშენებლის ხსენების დღე. მის დღეს გელათში რომ ისევ ჩამოვიდა წყალი და მორიგ ჯერზე ჩამოირეცხა უნიკალური ხატები, ეს არის თქვენი გამარჯვება? ასე ზომავთ გამარჯვებას? დავით აღმაშენებლის სული ალბათ ძალიან შეძრწუნებულია იმით, რასაც ახლა ხედავ, ვის ხელშია ეს ქვეყანა, როგორი ხელისუფლება ჰყავს მის ქვეყანას. ეს არ არის გამარჯვება. კულტურის მინისტრს შეუძლია, ბევრი პერსონალური თავდასხმა თუ სხვა ოინბაზობები მოიხმოს, რომ ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოს, მაგრამ ვერც თქვენ და ვერც თქვენი ხელისუფლება ვერ აიცილებთ პასუხისგმებლობას ვერც სამართლის და ვერც ისტორიის წინაშე იმის გამო, რაც დამართეთ გელათს. წინა ხელისუფლებას ნუ გადააბრალებთ, მათ თავისი ეყოფათ. მე-12 წელია, ხელისუფლებაში ხართ, რა ვერ შეძელით, რა ვერ გადახურეთ, რომ ისტორიული, უნიკალური ძეგლი არ ირეცხებოდეს? გელათი დღეს არის სიმბოლო იმისა, რა დღეშიც ჩააგდეთ ქართული სახელმწიფო და საზოგადოება. ეს არ არის ერთადერთი, მაგრამ არის ძალიან მძიმე, ტრაგიკული გამოხატულება და სამუდამოდ დარჩება თქვენი ხელისუფლების დაღად“, – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

“პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება” – მარია ზახაროვა

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მარია ზახაროვა გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, „დარიალიდან“ იგეგმებოდა.

“სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო, მისი ტერიტორია (ადრე ეს ხალხიც იყო) პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება მათ მიერ, ვისაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს და ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს. შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმის პარპაში, როდესაც სწორედ საქართველოს ტერიტორიის გავლით საერთაშორისო ტერორისტებს გადაჰქონდათ ან ცდილობდნენ გადაეტანათ (ხანდახან გამოსდიოდათ, ხანდახან აღიკვეთებოდა) იარაღი, საბრძოლო მასალა, ამუნიცია, ფული და ნარკოტიკები, რომელთა გარეშეც ტერორიზმი როგორც მაშინ, ასევე ახლა, კიევის რეჟიმის მაგალითზე, “სრულყოფილი” არ არის თავის მახასიათებლებში”, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, საქართველოს გავლით რუსეთის სიღრმეში ასაფეთქებელი მასალის შეტანის მცდელობა იყო, “ტერაქტების ორგანიზების მიზნით”.

“ხომ გვახსოვს, რომ ისინი, ვინც ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტების გადმოსროლის უკან იდგნენ, ამ ბოევიკებსა და ექსტრემისტებს ვაშინგტონსა და ლონდონში იღებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა საქართველოც გაეხადათ საერთაშორისო ტერორიზმის სატრანზიტო პუნქტი, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით ხეობების გავლით “ტურისტული ბილიკი” შექმნეს და ა.შ. ყველას კარგად გვახსოვს ეს. როგორც მესმის, ეს კარგად ახსოვთ საქართველოშიც. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, თუ რისი გაკეთება უნდოდათ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, [ჩვენი] ერებისთვის მაშინ 1990-იან წლებში, როდესაც ერთმანეთს გვაჯახებდნენ და პროვოცირებას გვიკეთებდნენ”, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინციდენტში უკრაინული მხარე დაადანაშაულა, რომელიც “თავისი დასავლელი კურატორების მიერ ხალისდება”.

“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია” – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

„საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.