“პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება” – მარია ზახაროვა

29
spot_img

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის გამოიყენება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.

მარია ზახაროვა გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება საქართველოში უკრაინის ქალაქ ოდესიდან რუმინეთის, ბულგარეთის და თურქეთის გავლით, „სარფის“ პუნქტით შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთის ქალაქ ვორონეჟში, „დარიალიდან“ იგეგმებოდა.

“სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველო, მისი ტერიტორია (ადრე ეს ხალხიც იყო) პირდაპირი მნიშვნელობით გამოიყენება მათ მიერ, ვისაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურს და ტერორისტულ მეთოდებს მიმართავს. შეგახსენებთ, ჩრდილოეთ კავკასიაში საერთაშორისო ტერორიზმის პარპაში, როდესაც სწორედ საქართველოს ტერიტორიის გავლით საერთაშორისო ტერორისტებს გადაჰქონდათ ან ცდილობდნენ გადაეტანათ (ხანდახან გამოსდიოდათ, ხანდახან აღიკვეთებოდა) იარაღი, საბრძოლო მასალა, ამუნიცია, ფული და ნარკოტიკები, რომელთა გარეშეც ტერორიზმი როგორც მაშინ, ასევე ახლა, კიევის რეჟიმის მაგალითზე, “სრულყოფილი” არ არის თავის მახასიათებლებში”, – განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, საქართველოს გავლით რუსეთის სიღრმეში ასაფეთქებელი მასალის შეტანის მცდელობა იყო, “ტერაქტების ორგანიზების მიზნით”.

“ხომ გვახსოვს, რომ ისინი, ვინც ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო ტერორისტების გადმოსროლის უკან იდგნენ, ამ ბოევიკებსა და ექსტრემისტებს ვაშინგტონსა და ლონდონში იღებდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რათა საქართველოც გაეხადათ საერთაშორისო ტერორიზმის სატრანზიტო პუნქტი, როდესაც პირდაპირი მნიშვნელობით ხეობების გავლით “ტურისტული ბილიკი” შექმნეს და ა.შ. ყველას კარგად გვახსოვს ეს. როგორც მესმის, ეს კარგად ახსოვთ საქართველოშიც. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, თუ რისი გაკეთება უნდოდათ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, [ჩვენი] ერებისთვის მაშინ 1990-იან წლებში, როდესაც ერთმანეთს გვაჯახებდნენ და პროვოცირებას გვიკეთებდნენ”, – განაცხადა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ინციდენტში უკრაინული მხარე დაადანაშაულა, რომელიც “თავისი დასავლელი კურატორების მიერ ხალისდება”.