Home Blog Page 1671

,,მიხეილ სააკაშვილის გზავნილი ძალიან მკაფიო იყო მენეჯმენტის მიმართულებით”- ბაჩო დოლიძე

დაუფარავად გეუბნებით, იმ შემთხვევაში თუ საერთო ენა ვერ გამოვნახე ჩემს პარტიასთან, არ ვაპირებ მუდმივ პაექრობაში ყოფნას. რა თქმა უნდა, ვიფიქრებ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთო , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ მედიასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ წერილზე საუბრისას განაცხადა. ბაჩო დოლიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წერილი ორი ძირითადი ხაზისგან შედგებოდა, მათგან ერთი, დღევანდელ მენეჯმენტს მიემართება, რომელთაც პარტიაში განსხვავებული აზრისადმი მიუღებლობა აქვთ. „მე დავეთანხმები იმ პათოსს, სადაც საუბარია, რომ დებატები და განსხვავებული აზრი უნდა არსებობდეს პარტიაში. არ შეიძლება შენს თანამებრძოლებს სუს-ის აგენტებს ეძახდე იმის გამო, რომ განსხვავებულ პოზიციაზე არიან. შესაბამისად, ეს გზავნილი ძალიან მკაფიო იყო მენეჯმენტის მიმართულებით, ვინ როგორ გაიგო, ეს უკვე მათი საქმეა. მე ფიქრობ, რომ ცხადზე ცხადი იყო ამ თვალსაზრისით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის პოზიცია. ვის აქვს დღეს პარტიაში მიუღებლობა განსხვავებული აზრის მიმართ, ეს მე მგონი ცხადზე ცხადია. ამდენი თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყველა კარია დაკეტილი ყველა ადამიანისთვის, ვისაც განსხვავებული აზრი პოზიცია აქვს. ამ წერილში არის ორი ძირითადი ხაზი, ერთი არის ის, რაზეც უკვე ვისაუბრე და რაც შეეხება იმას, თუ დღეს პარტიას დატოვებს გარკვეულ ადამიანთა ჯგუფი, ისინი განიცდიან ფიასკოს, მე ასე მგონია, რომ ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. იმ შემთხვევაში, თუკი საერთო ენა ვერ გამოვნახე საკუთარ პარტიასთან, ასევე იმ ადამიანებმა, ვინც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არიან ამ პარტიაში და ბევრი სირთულე გამოიარეს, თუ ჩვენ ვაწყდებით კედელს და გამოსავალი არ არის, რა თქმა უნდა, ალტერნატივა არის ის, რომ გავაგრძელებთ პოლიტიკურ ცხოვრებას, რა კონფიგურაციით და როგორ, ეს უკვე მომავლის საქმეა. რა რეზულტატს დავდებთ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ. ბაჩო დოლიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, არ აქვს იმის შიში, რომ ფიასკოს განიცდის. „მე საერთოდ არ მაქვს იმის შიში, რომ შეიძლება ფიასკო განვიცადო. აბსოლუტურად კარგად ვაცნობიერებ თუ რა პოლიტიკური ამინდია ქვეყანაში და რაზეა დაკვეთა ჩვენი მოსახლეობის მხრიდან“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

,,ეს წერილი ჩემთვის არის მორალური დეგრადაციის ნიმუში”- აკაკი ბობოხიძე

ეს წერილი ჩემთვის არის მორალური დეგრადაციის ნიმუში. იმიტომ კი არა, რომ ბოკერიას ახსენებს, ის ისევ აგრძელებს იმ მიდგომას, რომ მის პარტიაში მთავარი არის ბელადის წინააღმდეგ არავინ წავიდეს – ასე უპასუხა „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ „ტვ პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილის წერილზე დასმულ კითხვას.

მისი თქმით, კარგია, რომ სააკაშვილი ბოლომდე ემიჯნება ბოკერიას, იმიტომ, რომ ბოკერია და მიხეილ სააკაშვილი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან. „მის [სააკაშვილის] პარტიაში თუ ვინმეს უნდა პოლიტიკური მომავალი გადაირჩინოს, ბელადთან კარგი ურთიერთობები უნდა შეინარჩუნოს. ამისთვის სჭირდება მას „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ერთობა. დღეს დავა რაზე მიდის, არ ამბობს რომელი ჯგუფია მართალი, რომელი ჯგუფის მხარეზეა სიმართლე. მისთვის მთავარია, ნებისმიერმა ჯგუფმა აღიაროს, რომ ის არის უპირობო ლიდერი. ამას ამბობენ კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები.

აგერ გიგი უგულავამ, აწ უკვე ნაცმოძრაობის წევრმა, ამასწინათ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი და არავითარი ხაბეიშვილი. იმიტომ, რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც, რომ ხაბეიშვილი არ არის ის ფიგურა, რომელიც რამე პლუსის მომტანი იქნება. ამიტომ, მისი ეს დამოკიდებულება, ბელადომანიის ხელშეწყობა კვლავ, ისევ იმავეს გაგრძელებაა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

კვარაცხელია განსაკუთრებული ფეხბურთელია – ესპანეთის ნაკრების მეკარე

ესპანეთის ნაკრების მეკარემ, კეპა არიზაბალაგამ საქართველოსთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისში მოგება რთული იქნება. მან საქართველოს ნაკრებიდან ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია,

„ორი თამაში გვაქვს, რომლებიც უნდა მოვიგოთ. განსაკუთრებით, საქართველოსთან გასვლითი თამაში იქნება რთული. ეს არის გუნდი, რომელიც ჩამოყალიბების სტადიის გამო, ალბათ იტალიას ჰგავს. 5 მცველით თამაშობს, საიდანაც სამი ცენტრალური მცველია. წინ კი ისეთი განსაკუთრებული და განსხვავებული ფეხბურთელი ჰყავს, როგორიც კვარაცხელიაა „ნაპოლიდან“ – ალბათ მათი საუკეთესო ფეხბურთელია. მამარდაშვილიც „ვალენსიაში“ შესანიშნავად თამაშობს და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა“, – თქვა ესპანეთის ნაკრების მეკარემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრები მე-4 შეხვედრას ესპანეთის წინააღმდეგ 8 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე ჩაატარებს. ხოლო 12 სექტემბერს, ოსლოში ნორვეგიას (22:45 საათზე) დაუპირისპირდება.

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში 12 ქულით და უდანაკარგოდ შოტლანდიის ნაკრები ლიდერობს. 4-4 ქულა აქვთ საქართველოსა და ნორვეგიას. თუმცა, საქართველოს ნაკრებს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ესპანეთის აქტივში 3 ქულაა (ორ შეხვედრაში), ხოლო კვიპროსი უქულოდ ბოლო ადგილზეა.

,,აღმოჩნდა, რომ თვალის პაჭუნის მეტი არც არაფერი სცოდნია და გაუკეთებია ამ უმადურ ნაძირალას”- ფოჩხუა

გასაგებია მიშას, ვანოს, ადეიშვილს, მეგის ქარდავას ივანიშვილი სძულდეთ, მან ხომ აწყობილი ცხოვრება დაუნგრია. ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ მას, მაგრამ აი ამ ყვინჩილას რაღა უნდა, რამ გააბოროტა? მოსკოვებიდან წამოიყვანა, პირდაპირ პრემიერ მინისტრის სკამზე შემოასკუპა, იმსახურებდა, არ იმსახურებდა ეს მერე გამოჩნდა, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას შესახებ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შეხვედრას ესწრებოდა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას განიხილავდნენ.

„გასაგებია მიშას, ვანოს, ადეიშვილს, მეგის ქარდავას ივანიშვილი სძულდეთ, მან ხომ აწყობილი ცხოვრება დაუნგრია. ეს ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ როგორმე ზიანი მიაყენონ მას, მაგრამ აი ამ ყვინჩილას რაღა უნდა, რამ გააბოროტა? მოსკოვებიდან წამოიყვანა, პირდაპირ პრემიერ მინისტრის სკამზე შემოასკუპა, იმსახურებდა, არ იმსახურებდა ეს მერე გამოჩნდა. აღმოჩნდა, რომ თვალის პაჭუნის მეტი არც არაფერი სცოდნია და გაუკეთებია ამ უმადურ ნაძირალას. აგენტია ჩვეულებრივი, აბა პრემიერის პოსტი გაცვალო მელიას განთავისუფლებაში ან კახი მიზანმიმართულად მეორე ტურში გადაიყვანო ან რეგიონებში ნაცებთან კოალიცია შეკრა, ეს არ არის ქვეყნის წინააღმდეგ აგენტის მოქმედება? აგენტები ღირსეულებიც არსებობენ, წამიკითხავს და ფილმებშიც მინახავს, მაგრამ ეს კაცი არის უმადური, მოღალატე, მორალისგან დაცლილი აგენტი. არაფერი იმალება, დარწმუნებული ვარ ამ ნაძირალას ქმედებებს მალე ფარდა აეხდება“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ბათუმში 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა

ბათუმში 24 წლის ბიჭს კატერი შეეჯახა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა TV25.GE ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში სერფინგის დაფით იყო შესული, რა დროსაც მას კატერი დაეჯახა.

გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი მძიმე ტრამვებით კლინიკაში მოათავსეს. სამედიცინო დაწესებულებაში მედიასაშუალებას უთხრეს, რომ პაციენტი მართვით სუნთქვაზეა და მისი მდგომარეობა, ექიმების შეფასებით, მძიმეა.

TV25 წერს, რომ შემთხვევა გუშინ, 5 სექტემბერს მოხდა.

,,პრაქტიკულად „ნაცმოძრაობის“ ერთიანობის მითი გაქრა”- სარჯველაძე

ჯერ იყო მელიას დაჯგუფება, შემდეგ ხაბეიშვილის და პრაქტიკულად „ნაცმოძრაობის“ ერთიანობის მითი გაქრა. ახლა ამ ნანგრევებზე ყველა ცდილობს, საკუთარი სარგებელი მიიღოს, მათ შორის ამომრჩევლის თვალსაზრისით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ფეისბუქპოსტს გამოეხმაურა.

„დაპირისპირება და კონფრონტაცია ორ პოლიტიკურ დაჯგუფებას შორის კონფლიქტით არ დასრულდებოდა. ამას მოჰყვება გაგრძელება და ეს უკვე გამომჟღავნდა სააკაშვილის სტატუსში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მიხეილ სააკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართა: „მე ზღვა გადმოლახული მაქვს, თქვენ შორის ვიმყოფები და თქვენთან ერთად ვიბრძვი საქართველოს გადასარჩენად. ამ გზაზე ყველა პატრიოტთან უნდა გავაერთიანოთ სათითაოდ ძალები, მაგრამ პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე. მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან“. ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ „ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს, როგორც ბოკერია“.

TESTERS DAY 2023 – 4 დღე საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე

9-10 სექტემბერს თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, საქართველოში პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ღონისძიება შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. იქნება პანელური დისკუსიები, ვორფქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.

 

თიბისის ტექნოლოგიური გუნდიდან ტესტერთა დღეზე თათია სებისკევრაძე და ცოტნე აბურჯანია წარსდგებიან, რომლებიც ინოვაციურ და ინსპირაციულ ტრენდებზე და ტექნოლოგიურ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

 

თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის მხარდაჭერა, რადგან ტესტერთა დღის ღონისძიებაზე ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც იზიდავს და აინტერესებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და უჩენს ამ პროფესიის დაუფლების სურვილის. ამავე კონფერენციაზე ტექ ტალანტებს აქვს საშუალება გაეცნონ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს და გამოხატონ ტესტირების ინჟინერიის მიმართულებით დასაქმების თუ გაცნობის სურვილი. ადგილზე თიბისიც ელოდება საკუთარ სტენდთან ჩვენს ტექ გუნდთან შემოერთების მსურველებს.” – ამბობს ალეკო ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

 

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს,  რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

 

ღონისძიებას, ასევე, მხარს უჭერენ Epam, Lineate, Space int., aPeople, Soft Fan და Women’s empowerment principles.

ღონისძიებაზე რეგისტრაციას და ბილეთების შეძენას შეძლებთ აქ: http://tkt.ge/TestersDay2023

 

10 სექტემბრის ვორკშოპის შერჩევა აუცილებელია წინასწარ შემდეგ ბმულზე: https://form.jotform.com/232066463957060

 

,,ივლისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა”- თიბისი კაპიტალი

ივლისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა. ამ ეტაპზე, ეკონომიკური აქტივობის შედარებით ნორმალიზების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საექსპორტო კატეგორიაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირებაა. მიგრაციის ეფექტს რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ზეგავლენა – წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებითგაცილებით ნაკლები იქნება.

გრძელდება ტრადიციული ტურიზმის აღდგენა. ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიზიტორების გარეშე, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში წლიურმა მატებამ 63% შეადგინა და ძირითადი წილი თურქეთსა და ევროკავშირზე მოდიოდა.

სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების, იმპორტის, საკრედიტო აქტივობისა და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო პარამეტრების გათვალისწინებით, 2023 წლისათვის ეკონომიკის ზრდის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი დაახლოებით 7%-ს შეადგენს.

გაეცანით პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.

 

„ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთის ნაძარცვ ფულს ვერ იყოფენ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არა გაჯანსაღების, არამედ დაშლის პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, მდინარაძის თქმით, პარტიაში მყოფი ადამიანები თავიანთი პატრონების დავალებების შესაბამისად მოქმედებენ და როგორც დააჯგუფებენ, ისე გადალაგდებიან.

„ვინ ეკითხებათ, ვინ ვისკენ იქნება? რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. არცერთ მათ ტელევიზიას არ ეკითხება, ვისკენ იქნება, ისევე, როგორც ე.წ. პოლიტიკოსებს. მათ როგორც დააჯგუფებენ პატრონები, ისე გადალაგდებიან. ჩოხატაურში ჩავარდნენ და ერთი თავისიანს ლობირებდა, მეორე – თავისიანს და გაწევ-გამოწევა იყო. ისინი ამას გაჯანსაღების პროცესად ფუთავენ და ამაზე ვიმსჯელოთ? კი არ გაჯანსაღდნენ, დაიშალნენ, ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ. საინტერესოა, რომ მათ ერთი პატრონი ჰყავთ და საარჩევნოდ ის დაალაგებთ, დავალებებს მისცემენ და ასე იმოქმედებენ. მათ არავინ ეკითხებათ, საით იქნებიან. რომ დაავალონ, გახარია, ხაბეიშვილი, ვაშაძე ერთად იქნებიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შუა დერეფანი მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო კეთილდღეობისთვის – საქართველოში ჩინეთის ელჩი

ლოგისტიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაცია ჩინეთსა და ევროპას შორის ძალიან მნიშვნელოვანია „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისთვის, შუა დერეფანი მნივნელოვანია ჩინეთ-ევროპის ლოგისტიკისთვის, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, მხოლოდ ჩრდილოეთის ხაზი, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

ელჩის განცხადებით, შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ლოგისტიკა.

„ეს ნიშნავს, რომ ტრანსპორტირების უსაფრთხოება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ასე რომ, შუა დერეფანი, შესაძლოა, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ლოგისტიკა, ჩვენ გვსურს, სარგებელი მივიღოთ ტურიზმიდანაც. როგორც ჩინეთში ვამბობთ, თუ გინდათ, გამდიდრეთ, პირველ რიგში, ააშენეთ გზები. ასე რომ, შუა დერეფანი მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, როგორც საქართველოში ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, კონფერენცია, რომელიც დღეს თბილისში იმართება, ეხება „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივის მეათე წლისთავს, ჩინეთის მოდერნიზაციას და ახალ შესაძლებლობებს ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებში.

„ეს ძალზეც მნიშვნელოვანია, რადგან სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩინეთმა და საქართველომ გამოაქვეყნეს შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, კონტაქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება შუა დერეფანს, „ერთ გზას და ერთ სარტყელს“, რომელიც გაძლიერდა ახალ დონემდე. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6268 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6279 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8209 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8239 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

,,არ გამკვირვებია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად”- მდინარაძე

არ გამკვირვებია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად. კი არ მივიდა, სულ მაგასთან ერთად არის, სულ მაგათთან ერთად ითხოვს ხან საქართველოს დასანქცირებას, იმ ადამიანების დასანქცირებას, ვისაც ამ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებები აქვს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირველ რიგში. რაც უფრო მეტი დამსახურება აქვს ადამიანს ქვეყნის წინაშე, მით უფრო მძლავრია მათი მცდელობის ხარისხი, რომ დასანქცირდეს ასეთი ადამიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, შეხვედრაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას განიხილავდნენ, გიორგი გახარიაც მივიდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, გიორგი გახარია რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, პარადოქსიც არ ჰქვია, ამას ჰქვია რაღაცის პიკი, რომელ რაღაცას ჩვეულებრივ, ისეთ სიტყვას ვერ დაარქმევ, რაც კამერის წინ ითქმება

მისივე თქმით, ეს არ არის დიდი მოულოდნელობა, რადგან „გახარიას პარტია არის ის ორგანიზაცია, რომელიც წინა არჩევნებზე ცდილობდა, რამენაირად 43%-ს ქვევით ჩამოსულიყო „ქართული ოცნების“ რეიტინგი და შესაბამისი საარჩევნო შედეგი.

„გახარიას პარტია არის ის პარტია, რომელიც მესიჯბოქსში ხშირად იყენებს სიტყვას – ნაცქოცური, ამ დროს „ნაცმოძრაობასთან“ საკრებულოში, სადაც შეუძლიათ, კოალიცია აქვთ დალაგებული. წარმოიდგინეთ, პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც იმ საკრებულოებში, სადაც წარმომადგენლები ჰყავს, კოალიცია აქვთ დალაგებული „ნაცმოძრაობასთან“ და „ნაცმოძრაობასთან“ წარმოსახვით კავშირზე ლაპარაკობენ ხოლმე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში. ამას ხომ შუბლის ძარღვიც უნდა, გაწყვეტილი შუბლის ძარღვი ამას ვერ იზამს, გაგლეჯილი უნდა იყოს, არც არასდროს უნდა არსებულიყო ალბათ, რომ შენ კოალიცია გქონდეს ვიღაცასთან დალაგებული და იმასთან კონტაქტს „ქართულ ოცნებას“ აბრალებდე. ამიტომ, არ გამკვირვებია თქვენი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად. კი არ მივიდა, სულ მაგასთან ერთად არის, სულ მაგათთან ერთად ითხოვს ხან საქართველოს დასანქცირებას, იმ ადამიანების დასანქცირებას, ვისაც ამ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებები აქვს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირველ რიგში. რაც უფრო მეტი დამსახურება აქვს ადამიანს ქვეყნის წინაშე, მით უფრო მძლავრია მათი მცდელობის ხარისხი, რომ დასანქცირდეს ასეთი ადამიანი. რაც უფრო ქართველი ხარ მენტალურად, მით უფრო გებრძვიან, რაც უფრო მეტად ცდილობ, რომ შენს ქვეყანაში მიიღებოდეს შენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები, მით უფრო გებრძვიან და გემუქრებიან სანქციებით. ამ შედეგებზე ზრუნავენ, მაგრამ ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომელიმე თეორიულ გათვლაში, საქართველოში ქართველმა ხალხმა დაუშვას, რომ დაიჩაგროს ლიდერი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი იმის გამო, რომ მას პრიორიტეტად აღებული ჰქონდა ეროვნული ინტერესი, მიუხედავად ათასგვარი სპეკულაციური დაბრალებისა, მას პრიორიტეტად ჰქონდა რეალური და ჭეშმარიტი ევროპელობა, მას პრიორიტეტად ჰქონდა აღებული ღირებულება. ამისთვის ვერ დავიჩაგრებით და ვერ დავისჯებით, ამის მცდელობები რა თქმა უნდა არის და ამ მცდელობაში თანამონაწილე, თქვენი ინფორმაციის თანახმად, აღმოჩნდა გიორგი გახარიაც. გიორგი გახარია რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, პარადოქსიც არ ჰქვია, ამას ჰქვია რაღაცის პიკი, რომელ რაღაცას ჩვეულებრივ, ისეთ სიტყვას ვერ დაარქმევ, რაც კამერის წინ ითქმება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.