Home Blog Page 1671

“იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია, შევძლებთ ყველანაირი პრობლემის გადალახვას” – კახა კალაძე

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

თბილისის მერმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ირაკლი არის ძალიან კომპეტენტური ადამიანი, ძლიერი პოლიტიკოსი. მინდა წარმატებები ვუსურვო მას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, იქნება წარმატებული პრემიერი.

გუშინ, მან პარლამენტში ისაუბრა იმ გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, ცხადია ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება. იმ კომპეტენციით და შემართებით, რომელიც ირაკლი კობახიძეს გააჩნია, ერთიანი ძალისხმევით, ყველა ერთად შევძლებთ ამ პრობლემების გადალახვას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 47-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე არის ჩანიშნული.

ჩაერთვება თუ არა სასამართლო პროცესს ბრალდებული სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“, ეს ჯერ უცნობია.

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. გასულ სხდომებზე 7 ნოემბერს დაზარალებულები დაიკითხნენ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

“რუსეთი და უკრაინა, ადრე თუ გვიან, შეთანხმებას მიაღწევენ” – პუტინი

უკრაინამ მიიღო დასავლეთის ქვეყნების მითითებები, ებრძოლონ რუსეთს საბოლოო გამარჯვებამდე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, იქნება თუ არა მოლაპარაკებები უკრაინასთან და რატომ არ ყოფილა სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის მოსაგვარებლად აქამდე. პუტინმა უპასუხა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებები 2022 წელს თითქმის დასრულდა, მაგრამ კიევიდან ჯარების გაყვანის შემდეგ უკრაინულმა მხარემ ყველა შეთანხმება უარყო.

”მან გაითვალისწინა დასავლეთის ქვეყნების – ევროპის, შეერთებული შტატების ინსტრუქციები, იბრძოლონ რუსეთის წინააღმდეგ საბოლოო გამარჯვებამდე,” – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმების მიღწევა, რომ ადრე თუ გვიან მოსკოვი და კიევი შეთანხმებას მიაღწევენ და ხალხებს შორის ურთიერთობა აღდგება.

“ადრე თუ გვიან ჩვენ მაინც მივალთ შეთანხმებამდე. და იცით რა? შეიძლება უცნაურადაც კი ჟღერდეს დღევანდელ სიტუაციაში: ხალხებს შორის ურთიერთობა მაინც აღდგება. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აღდგება”, – განაცხადა მან. განაცხადა.

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

რთული და მოვლენებით დატვირთული დღეა. გირჩევთ, ღრუბლებში ფრენა დაასრულოთ და მიწაზე დაეშვათ, რათა დაწყებული საქმეების დროულად დასრულება შეძლოთ. რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ და კრიტიკა გაითვალისწინეთ – ასე ჩანაფიქრის განხორციელება გაგიადვილდებათ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ – ამ დროს მიზნის მიღწევა გაცილებით ადვილი იქნება. თუ რამე არ გამოდის, ნუ ეცდებით ნებისმიერ ფასად დაასრულოთ – ჯობია, სამომავლოდ გადადოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.

ტყუპები

დროა, მოძველებულისგან გათავისუფლდეთ და ადგილი რაღაც ახალსა და საინტერესოს დაუთმოთ. ეცადეთ, ახალ საქმეს მეტი ყურადღება მიაქციოთ და თქვენთვის სასურველი შედეგი მიიღოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობაში და გულწრფელობას მოერიდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რომელიც ფანტაზიას მოითხოვს.

კირჩხიბი

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი საქმეები ან შეხვედრები არ დაგეგმოთ – გარემოებები სწრაფად იცვლება, პრობლემები ყველაზე მოულოდნელ დროს ჩნდება და სასურველი შედეგი მიღება გაგიჭირდებათ. არახელსაყრელი გარემოებები შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოთ და საკუთარ თავში დაფარული ნიჭი აღმოაჩინოთ. თუ შემთხვევით მეგობრის საიდუმლო გაიგეთ, არავის უამბოთ, თორემ პრობლემებს შეიქმნით.

ლომი

ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ და დილიდან საქმის კეთება დაიწყოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ნაყოფიერ და ემოციებით სავსე დღეს უზრუნველყოფს. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც საღამომდე ვერ დაასრულებთ და სამომავლოდ არაფერი გადადოთ. საქმიანი ურთიერთობები ყველაზე წარმატებული დღის პირველ ნახევარში იქნება. მოერიდეთ ჭორაობას და უსარგებლო საუბრებს, განსაკუთრებით სამსახურში.

ქალწული

მომატებული ემოციური ფონის გამო თავის გაკონტროლება გიჭირთ. ეს როგორც სამუშაო საკითხებს, ასევე პირად ურთიერთობებს ეხება. სირთულეების მიუხედავად, წარმატების შანსი მაინც გაქვთ. მთავარია, ერთხელ არჩეულ გზას არ უღალატოთ, თუნდაც გეჩვენებოდეთ, რომ გარემოებები თქვენთვის არასასურველი მიმართულებით ვითარდება. თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ რომანტიკული პაემანი ამ დღისთვის არ დაგეგმოთ.

სასწორი

ტელეფონზე საუბარი და პირადი პრობლემები სამსახურზე ყურადღების კონცენტრირებაში ხელს გიშლით, ამიტომ დამატებითი პასუხისმგებლობის აღებას უნდა მოერიდოთ და თქვენი უშუალო მოვალეობები შეასრულოთ. მოერიდეთ საქმის სამომავლოდ გადადებას და ეცადეთ, დღესვე დაასრულოთ. სემინარებზე, კონფერენციებზე და მსგავს ღონისძიებებზე შესაძლოა, საჭირო ადამიანები გაიცნოთ.

მორიელი

ამ დღეს ახალ საქმეებს და ექსპერიმენტების ჩატარებას უნდა მოერიდოთ და მხოლოდ მარტივი, კარგად ნაცნობი საქმები აკეთოთ. მშვენიერი დღეა იმისთვის, რომ ახლობელ ადამიანთან შექმნილი უთანხმება დაძლიოთ, გაუგებრობა გაარკვიოთ, თუ საჭიროა, ბოდიში მოიხადოთ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ეს სიტუაციის სწორად შეფასებასა და შეცდომების აცილებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება დიდი ხნის მანძილზე შედგენილი გეგმების განხორციელება მოახერხოთ. მცირე პრობლემები თუ უსიამოვნებები მიზნის მიღწევაში ხელს ვერ შეგიშლით. შესაძლებლობა გქნებათ, რომ ახლობელი ადამიანების გამოცდილება გაიზიაროთ და შეცდომები თავიდან აიცილოთ.

თხის რქა

საკუთარ გეგმებსა და იდეებზე უარს ნუ იტყვით, იმის მიუხედავად, რომ კოლეგები არ გეთანხმებიან. გაუზიარეთ საკუთარი აზრები პროფესიონალ ადამიანებს და მათგან შეიძლება სასარგებლო რჩევა ან თანამშრომლობის შეთავაზება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველ მეგობრებს შეხვდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ.

მერწყული

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გიჭირთ – ახლობელ ადამიანებს თქვენი არ ესმით და თქვენს იდეებს არ ეთანხმებიან. გირჩევთ, ურთიერთობები შეზღუდოთ და უსარგებლო საუბრებზე დრო არ დაკარგოთ, მით უმეტეს, რომ ახალს და საინტერსოს ვერაფერს გაიგებთ.

თევზები

ფიქრი და თვითანალიზი საკუთარი შეცდომების გააზრებაში, მოძრაობის მიმართულების და პრიორიტეტების განსაზღვრაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. ეცადეთ, სიახლეები მშვიდად მიიღოთ და მოვლენების განვითარება არ დააჩქაროთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ეს სიტუაციის სწორად შეფასებაში დაგეხმარებათ.

“ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს გამყოფ ხაზთან ჩასვლა” – ირაკლი კობახიძე

ჩემი ახალი სტატუსიდან გამომდინარე, აუცილებლად მომიწევს გამყოფ ხაზთან ჩასვლა, ეს სტატუსთან არის არსებითად დაკავშირებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, აპირებს, ჩევიდეს საოკუპაციო ხაზთან.

„მომიწევს ადგილზე ვითარების გაცნობა. დღეს გვქონდა საუბარი საპარლამენტო განხილვის დროს იმ საჭიროებებზე, რომლებიც აქვს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ბუნებრივია, ამით უნდა დავინტერესდეთ და, მათ შორის, ადგილზე ვიზიტიც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მათ წინაშე არსებული პრობლემები გადაიჭრას“, – განაცხადა კობახიძემ.

“ჩემი ამოცანა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას”

ჩემი ამოცანა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ვიდგები ყველა ოფიცრის, გენერლის, კაპრალის, რიგითის გვერდით, ვინც თავდაცვის ძალებში მსახურობს“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენლებთან.

მისი განცხადებით, თავდაცვის უწყება სტრატეგიული მიზნებისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

„თავდაცვის უწყება და ჩვენი თავდაცვის ძალები არის ძალიან დიდი ორგანიზმი, რომელსაც აქვს კონკრეტული განვითარების გეგმა. ეს გეგმა გაწერილია ჩვენს ხედვაში, რომელიც 2030 წელთან მიმართებაში გვაქვს, ასევე სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში, ხუთწლიან გეგმაში, დირექტივებში, ბევრი შიდაუწყებრივი დოკუმენტი არსებობს, რომელზეც ბევრ ადამიანს აქვს ნაფიქრი, შესაბამისად, განვითარებას ამ დოკუმენტების მიხედვით გავაგრძელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მდგრადობა, მეორეს მხრივ, განჭვრეტადობა განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის გუნდს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მეთაურობით ნდობა 84 ხმით გამოუცხადა. ახალ გუნდში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა.

“პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ განკარგულებას, რათა სტიქიასთან საბრძოლველად არ შეიქმნას დაბრკოლება, დროულად გამოიცეს შესაბამისი აქტები და მოხდეს რეაგირება”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მინისტრთა კაბინეტი 84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ დამტკიცდა.

“ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება”

საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობიდან მთავრობის ხელმძღვანელის არჩევა ქართული პარლამენტარიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიისთვის არსებითი წინსვლაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

„საქართველოს პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა ქვეყნის ახალ მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ისტორიული ფაქტის მოწმენი გავხდით – საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობიდან მთავრობის ხელმძღვანელის არჩევა ქართული პარლამენტარიზმისა და საპარლამენტო დემოკრატიისთვის არსებითი წინსვლაა.

ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებით იწყება ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რაც უფრო მეტად განამტკიცებს ჩვენს სუვერენიტეტს, მშვიდობას და ეროვნულ უსაფრთხოებას, მოსახლეობისთვის გააჩენს ახალ შესაძლებლობებს სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის გზაზე, გააძლიერებს პრაგმატულ და შედეგზე ორიენტირებულ საგარეო პოლიტიკას, ხელს შეუწყობს ევროპულ ოჯახში საქართველოს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას. ასევე, უფრო მეტად დაგვაახლოებს ქართველი ხალხის ოცნების საქართველოსთან, რომელშიც არ იქნება ოკუპაცია და სიღარიბე.

„ნული პროცენტი ოკუპაცია და ნული პროცენტი სიღარიბე – ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველო“. ვულოცავ ახალ პრემიერ-მინისტრს. მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებებს. საერთო ძალისხმევით ჩვენი სამშობლოსთვის წინ ბევრი გამარჯვება გველოდება“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

“სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე”- ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც, მისი აზრით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთავრობისგან საგარეო ვიზიტებზე თანხმობას არ იმსახურებს.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს ინტერესები არ დააზიანოს.

„ორი მიზეზი, რატომაც სალომე ზურაბიშვილი არ იმსახურებს თანხმობას საგარეო ვიზიტებზე. ერთი არის ის, რომ მან შეგნებულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, ეს არის პირველი მიზეზი, მეორე მიზეზი არის ის, რომ ის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აწარმოებდა აგიტაციას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ბოლო დღეების ჩათვლით ვერ ვათქმევინეთ მას, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნება. ჩვენ სახელმწიფო ინტერესებზე ვზრუნავთ. არ გვაინტერესებს სალომე ზურაბიშვილი სად გაემგზავრება და სად არა. ეს არ არის ჩვენთვის ამოსავალი წერტილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა სახელმწიფოს ინტერესები არ დააზიანოს“,-განაცხადა კობახიძემ.

მან არ გამორიცხა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვიზიტი მთავრობის თანხმობის გარეშე კვლავ გააგრძელოს.

„მან არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია, შეიძლება გააგრძელოს ამ პრაქტიკის მიხედვით მოქმედება. ეს არის მისი საქმე, ამით ის ქვეყანას ვერ დააქცევს. არ იქნება კარგი, ძალიან ცუდი იქნება, თუმცა, ის ამ კუთხით სახელმწიფოს პრობლემებს ვერ შეუქმნის“, – განაცხადა კობახიძემ.

“ოპოზიცია არის ძალიან სუსტი და ამიტომ ჩვენ თავად უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი თავი”

ოპოზიცია არის ძალიან სუსტი, სამწუხაროდ, ოპოზიცია საუბრობს არა ფაქტებით, არამედ ზოგადი წინადადებებით, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეფექტური კონტროლი განხორციელდეს მთავრობის საქმიანობაზე სხვადასხვა კუთხით, მათ შორის კორუფცია, ეფექტიანი, შესრულებულის სამუშაოების ხარისხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთავრობამ თვითონ უნდა განახორციელოს კონტროლი საკუთარ თავსა და უწყებებზე.

„ასეთ ვითარებაში ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი საქმიანობა, საკუთარი უწყებების საქმიანობა, ამას ვგულისხმობდი, როცა ვსაუბრობდი თვითკონტროლზე. იქ, სადაც ოპოზიცია არის სუსტი, ჩვენ თვითონ უნდა გავაკონტროლოთ საკუთარი თავი და ჩვენი უწყებების საქმიანობა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავა

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავა. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული კენჭისყრის შემდეგ განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობას ირაკლი კობახიძის მეთაურობით ნდობა გამოუცხადეს.

ახალი პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი 20-21 თებერვალს შედგება.

„პრინციპში, უკვე დაგეგმილია, 20-21 თებერვალს არის დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ეს ეხება როგორც ევროკავშირს, ასევე ნატო-ს. უკვე არის გაწერილი დღის წესრიგიც. შესაბამისად, პირველი ვიზიტი განხორციელდსება ბრიუსელში“, – აღნიშნა კობახიძემ.