“ჩემი ამოცანა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას”

49
spot_img

ჩემი ამოცანა იქნება მაქსიმალურად ეფექტიანად უზრუნველვყო და მხარი დავუჭირო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას. ვიდგები ყველა ოფიცრის, გენერლის, კაპრალის, რიგითის გვერდით, ვინც თავდაცვის ძალებში მსახურობს“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენლებთან.

მისი განცხადებით, თავდაცვის უწყება სტრატეგიული მიზნებისა და თავდაცვის ძალების კიდევ უფრო გაძლიერებაზე იქნება ორიენტირებული.

„თავდაცვის უწყება და ჩვენი თავდაცვის ძალები არის ძალიან დიდი ორგანიზმი, რომელსაც აქვს კონკრეტული განვითარების გეგმა. ეს გეგმა გაწერილია ჩვენს ხედვაში, რომელიც 2030 წელთან მიმართებაში გვაქვს, ასევე სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტში, ხუთწლიან გეგმაში, დირექტივებში, ბევრი შიდაუწყებრივი დოკუმენტი არსებობს, რომელზეც ბევრ ადამიანს აქვს ნაფიქრი, შესაბამისად, განვითარებას ამ დოკუმენტების მიხედვით გავაგრძელებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მდგრადობა, მეორეს მხრივ, განჭვრეტადობა განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის გუნდს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მეთაურობით ნდობა 84 ხმით გამოუცხადა. ახალ გუნდში საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა.