Home Blog Page 1669

“სალომე ზურაბიშვილის ხედვა, როგორ შეიძლება, მართლმსაჯულებაში გადაწყდეს ტრადიციული პრობლემა, როგორ არის შესაძლებელი, დამარცხდეს კორუფცია, თანხვედრაში მოდის ჩემს ხედვასთან”

სალომე ზურაბიშვილის ხედვა, როგორ შეიძლება, მართლმსაჯულებაში ტრადიციული პრობლემა გადაწყდეს, როგორ არის შესაძლებელი, დამარცხდეს კორუფცია, თანხვედრაში მოდის ჩემს ხედვასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მე რაც მოვისმინე სალომე ზურაბიშვილისგან, მას აქვს ისეთი ხედვა, რომელიც თანხვედრაში მოდის, მაგალითად, ჩემს ხედვასთან, როგორ შეიძლება, მართლმსაჯულებაში ტრადიციული პრობლემა გადაწყდეს, როგორ არის შესაძლებელი, კორუფცია დამარცხდეს, როგორ არის შესაძლებელი, ქვეყანაში დოვლათს ქმნიდეს არა მხოლოდ 100 ადამიანი, არამედ თანაბრად ნაწილდებოდეს საქართველოს მოქალაქეებზე“, – აღნიშნა მელიამ.

მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ხედვაა საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება, რომელიც მეტ-ნაკლებად ხელს შეუწყობს სხვადასხვა სუბიექტს, რომ კონკურენტუნარიან გარემოში აღმოჩნდეს.

„დიდი წინააღმდეგობა შეგვხვდება ჩვენ „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაგრამ აქ მხარდაჭერა არსებობს და იარსებებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და პოსტარჩევნები, როგორ ვხედავთ უმნიშვნელოვანესი რეფორმების გატარების გზებს. პირველ რიგში, მართლმსაჯულების სისტემაში და ასევე სახელისუფლებო შტოები ერთმანეთისგან როგორ უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს თუ ვერ მოხერხდა, ნიშნავს, რომ შენ ბიძინა ივანიშვილს, გამარჯვების შემთხვევაში ანაცვლებ. კი არ ამარცხებ კორუფციას, ოლიგარქიულ სისტემას, არამედ უბრალოდ ანაცვლებ. ამ კონკრეტიკაზე იყო საუბარი და სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც, რაზეც ახლა თავს შევიკავებ.

მე მივიღებ მონაწილეობას ყველა იმ პროცესში, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას, სადაც სახელები და გვარები გახელისუფლებული ადამიანებისა, ვერ აიგდებენ საქართველოს მოქალაქეებს აბუჩად. იქ, სადაც ეს ინტერესი იქნება ჩადებული, მე ნამდვილად მივიღებ მონაწილეობას ასეთ პროცესში. იქ, სადაც ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, სადაც კორუფცია დამარცხდება, იქ, სადაც გამბედავი იქნება ყველა, მათ შორის ოპოზიციაში“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

“სააკაშვილმა ზურაბიშვილს უთხრა, ორბელიანის სასახლიდან პროცესი რუსთაველზე გადავიტანოთო, მაგრამ სალომემ უპასუხა, ორბელიანის სასახლიდან ლეიბზე გადმოსვლა არ შემიძლიაო”

ინფორმაცია მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სალომე ზურაბიშვილს უთხრა, ორბელიანის სასახლიდან რამენაირად პროცესი რუსთაველის გამზირზე გადავიტანოთო, მაგრამ ქალბატონმა სალომემ უპასუხა – ორბელიანის სასახლიდან ლეიბზე გადმოსვლა არ შემიძლიაო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს, ასეთი იყო 9 აპრილი, 7 ნოემბერი, როცა ადამიანებს მართლა სული ამოხადეს.

„არ მგონია, რომ ასეთი სულელური მოწოდებები სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს. რუსთაველის გამზირზე რა პროცესები უნდა გადაიტანოს? საბაბი რა არის? თბილისელებს მთავარ გამზირს რატომ უკეტავენ? – საშინელ აგრესიას მიიღებენ. მათ საკუთარი სასახლეებიდან მართლა კინწის კვრით გამოყრიან. რუსთაველის გამზირის გადაკეტვას განსაკუთრებული მიზეზი უნდა ჰქონდეს, ასეთი იყო 9 აპრილი, 7 ნოემბერი, როცა ადამიანებს მართლა სული ამოხადეს და იყო ტირანია, ყოველი მესამე პრობაციონერი იყო. დღეს რა მიზეზი აქვთ? – ეკონომიკური პრობლემები გვაქვს და ვაღიარებთ, რაც გარშემო შექმნილი პრობლემების მთელი თაიგულია. ნახეთ, სხვადასხვა ქვეყნებში რა ხდება. ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია გახვეული, ევროპის შუაგულში დაპირისპირებაა. საქართველოში მშვიდობაა და ამას გავუფრთხილდეთ. რაღა დარჩა სააკაშვილს, ცოტა ხანიც გაუძლოს ოროთახიან პალატაში ყოფნას და გამოვა. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი ერთოთახიანში ცხოვრობს, ზოგი თავშესაფარში. მამუკა ხაზარაძეს ხან მევახშეს ეძახდა, ხან ემისარს და ლეგატს ევროპასა და ამერიკაში, რომ მას პროცესების პედალირება მოეხდინა. სააკაშვილს მოვუწოდებ, ქართველ ხალხს ნუ აღიზიანებს. ქართველი ხალხის რისხვის მეშინია. ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ეშინოდეს“, – განაცხადა ოდიშარიამ.

“ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ნიკა გვარამია ციხეში ისე შეცვლილიყო, რომ საკუთარი „ნაცობის“უარყოფა დაეწყო”

მგონია, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და სამივე ნიკა – მელია, გვარამია და მაჭუტაძე, ნაცვლად ახალი პარტიის გაკეთებისა, „ნაცებში“ უნდა დაბრუნდნენ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის პრობლემა, სათანადოდ არ მასპინძლობენ ადამიანებს და „გამოდის, რომ ღვაწლმოსილი „ნაცები“ მათგან გარბიან“.

„მე ვერ გეტყვით, რატომ აირჩიეს “ნაცმოძრაობასთან” დისტანცირება, ჩემი აზრით, იმიტომ, რომ “ნაცმოძრაობა” კარებს არ უღებს, მე ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, თორემ ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ნიკა გვარამია ასე შეცვლილიყო ციხეში, რომ გარეთ გამოსვლის დროს ეგრევე დაეწყო უარყოფა საკუთარი „ნაცობის“. აქედან გამომდინარე, “ნაცებში” არის პრობლემა, სათანადოდ არ მასპინძლობენ ადამიანებს და გამოდის, რომ ღვაწლმოსილი “ნაცები” მათგან გარბიან. მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს და სამივე ნიკა – მელია, გვარამია და მაჭუტაძე, ნაცვლად ახალი პარტიის გაკეთებისა “ნაცებში” უნდა დაბრუნდნენ.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა მოთამაშეებმა, სუბიექტებმა საკუთარი თავი წარადგინონ არა ერთი პარტიით, არამედ ერთზე მეტი პარტიით. მაგალითად: მიშას ამ წუთას 5 -ზე მეტი პარტია ჰყავს, “ქოცებს” 2-3 პარტია ჰყავთ. მე მგონია, რომ მათი ტაქტიკა უნდა იყოს “ქოცები” “ქოცებთან”, “ნაცები” “ნაცებთან” და დანარჩენი “გირჩი”, – განაცხადა ხვიჩიამ.

” მინდა, მივმართო აშშ-ის კონგრესს – გთხოვთ, მიეცით უკრაინას დახმარება, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო დამარცხდება”

მინდა, მივმართო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს – გთხოვთ, მიეცით უკრაინას დახმარება, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო დამარცხდება და ამერიკა დამარცხდება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას, ინგლისურ ენაზე გაკეთებული მიმართვისას განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი პატიმარია.

„მინდა მივმართო ჩემს მეგობარ სენატორებს რესპუბლიკური პარტიიდან. თქვენ იცით, რომ ჩემთვის რესპუბლიკური პარტია ყოველთვის არის რონალდ რეიგანის, მთელი ჩემი ცხოვრების გმირის, პარტია და ასევე, ჩემი უახლოესი მეგობრის, ჯონ მაკკეინის პარტია. სწორედ რონალდ რეიგანმა შეიტანა წვლილი საბჭოთა კავშირის განადგურებაში, მან დაასრულა ის. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, არ მიატოვოთ უკრაინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გემუდარებით, ჩემი პატიმრობიდან რუსული რეჟიმის მიერ, მე ვარ პუტინის პერსონალური პატიმარი და გემუდარებით, როგორც უკრაინის მოქალაქე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე ამ რეგიონში მრავალი წლის განმავლობაში, გთხოვთ, მიეცით უკრაინას დახმარება, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, მსოფლიო დამარცხდება და ამერიკა დამარცხდება. მე უკეთ ვიცნობ პუტინს, მას ბევრჯერ შევხვედრივარ და ვიტყვი, რომ ის ამერიკის მთავარი მოძულეა. ეს არის ჩემი მიმართა ამერიკის კონგრესისადმი“,- განაცხადა სააკაშვილმა.

საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი ემსხვერპლა

საჩხერის მუნიციპალიტეტში უბედურ შემთხვევას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომელი ემსხვერპლა.

„ენერგო პრო ჯორჯია“ გამოძიებასთან თანამშრომლობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან კომპანიის 4 თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად იყო გაგზავნილი.

სამუშაოების შესრულებისას ელექტრობოძი გადატყდა, რასაც 50 წლამდე კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გენერალ ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, გენერალი ალექსანდრე სირსკი უხელმძღვანელებს“ – Reuters

მსოფლიოს მასმედია აქტიურად აშუქებს უკრაინის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის არმიის სარდლობის შემადგენლობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებას და გარკვეულ კომენტარებს აქვეყნებს.

გთავაზობთ ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოს „როიტერის” (Reuters) მიერ გავრცელებულ მასალას სათაურით „უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, გენერალ ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, გენერალი ალექსანდრე სირსკი უხელმძღვანელებს“ (ავტორები – ტომ ბალმფორტი და ოლენა ჰარმაში).

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური გენერალი ვალერი ზალუჟნი თანამდებობიდან გადააყენა. მის ნაცვლად ზელენსკიმ კრიტიკულ პოსტზე სახმელეთო ძალების მეთაური, გენერალი ოლექსანდრ სირსკი დანიშნა. „დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვას ახალი გუნდი იღებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

„გენერალ ზალუჟნის მადლობელი ვარ ორწლიანი თავდაცვისთვის. მადლობელი ვარ ყოველი გამარჯვებისთვის, რომელსაც მივაღწიეთ ერთად და უკრაინელი მეომრების წყალობით… დღეს ჩვენ გულახდილად ვისაუბრეთ იმაზე, რომ არმიაში ცვლილებებია საჭირო, სასწრაფო ცვლილებები. გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი დავნიშნე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

სახმელეთო ძალების 58 წლის სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი რუსეთში, ვლადიმირის ოლქშია დაბადებული, მან სამხედრო განათლება საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში მიიღო, სწავლობდა მოსკოვის უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში, 1986 წლიდან საბჭოთა არმიაში მსახურობდა, 1992 წლიდან კი უკრაინის არმიაშია.
ალექსანდრ სირსკიმ დიდი როლი შეასრულა 2022 წელს კიევის თავდაცვის ორგანიზებაში. იმავე წლის ბოლოს კი ხარკოვის ოპერაციის წარმატებით განხორციელებაში. მას მეტსახელად „ლეოპარდს“ უწოდებენ.

დასავლელი ექსპერტების აზრით, ეს საკმაოდ რისკიანი ნაბიჯია იმ დროს, როცა რუსეთის სრულმასშტაბიან თავდასხმასთან ორწლიან ბრძოლაში, მოსკოვი გარკვეულ უპირატესობას აღწევს. თუმცა, პრეზიდენტის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი ასევე ამთავრებს რამდენიმე თვის მანძილზე გაჭიანურებულ სპეკულაციებს ვოლოდიმირ ზელენსკის და ვალერი ზალუჟნის შორის მომხდარ განხეთქილებაზე და გენერლის თანამდებობიდან გაშვების ვარაუდზე. ვალერი ზალუჟნი უკრაინაში ძალზე პოპულარული ფიგურაა და უკრაინაში მას ბევრი „რკინის გენერალს“ უწოდებს – ომის გმირად მიიჩნევს.

უკრაინას არმიაში პრობლემები აქვს. მობილიზაციის პროგრამის სწრაფი რეფორმის დანერგვის მიმართულებით. ვალერი ზალუჟნის გათავისუფლებამ, მისი ავტორიტეტიდან და პოპულარობიდან გამომდინარე, შესაძლოა არმიას მორალური დარტყმა მიაყენოს. ამას გარდა, გასათვალისწინებელია პოლიტიკური შედეგი და ის ზიანი, რაც შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკის რეიტინგს მიადგეს, მსგავსი პოპულარობის მქონე ფიგურის მოხსნის გამო.

ვაშინგტონი ხაზს უსვამს, რომ ქვეყნის მთავარსარდალი ზელენსკია და საკადრო ცვლილებები მისი პრეროგატივაა. “ის არის მისი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. მან უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება მისი სამხედრო ლიდერი. სწორედ ეს არის სამოქალაქო კონტროლი. ჩვენ ეს ვიცით და ვიმუშავებთ მასთან, ვინც იქნება მისი სამხედრო მეთაური”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ჯონ კირბიმ, თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

წყარო

“მონაწილეობას არ მივიღებთ ფორმატში, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირებენ”

მონაწილეობას არ მივიღებთ იმ ფორმატში, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირებენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ბუჩუკურს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“ შექმნას გულისხმობს.

„პრეზიდენტის მხრიდან მოულოდნელად გაცხადებული ფორმატი ჩვენთვის მიუღებელია. ამ ფორმატში მონაწილეობას ის პარტიები იღებენ, რომლებიც ქვეყნის ევროპულ მომავალს და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას უკავშირებდნენ. კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გაიმეორა, რომ მათი მხრიდან ეს ფორმატი გამოყენებული იქნება სააკაშვილის გათავისუფლებისთვის. მონაწილეობას არ მივიღებთ იმ ფორმატში, სადაც სააკაშვილის გათავისუფლებას ჩვენი ქვეყნის მომავალს უკავშირებენ. ამ ფორმატში ისეთი ადამიანები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ საქართველო სტატუსს არ იმსახურებდა, ვიდრე არჩევნები არ ჩატარდება და სააკაშვილის გათავისუფლება არ მოხდება. პრეზიდენტის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არ იცვლება და ჩვენი მხრიდან მისი მხარდაჭერა გაგრძელდება, მით უმეტეს, როცა საქმე ევროკავშირს ეხება, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

“სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში” – სააკაშვილი

სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, შენობაში ერთსა და იმავე ხალხთან შეხვედრა არის ერთ წრეზე ტრიალი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ევროპული ერთიანობის პლატფორმა მისასალმებელია.

„ჩემი აზრით, ახლა აღარ არის დისკუსიების დრო და უბრალო ლაპარაკის, ახლა დროა საქმეზე გადასვლის, კონკრეტული წინადადების ჩამოყალიბების, სამოქალაქო სექტორის ჩართვის, არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, პოლიტიკური პარტიების, ბიზნესმენების და სახელმწიფო აპარატის წარმომადგენლების, რათა შევიმუშაოთ კონკრეტული რაღაცები. მარტო ლაპარაკი იმაზე, რომ რუსული დეზინფორმაცია არის ცუდი, ეს არაფერს გვაძლევს. უნდა იყოს კონკრეტული წინადადებები ჩვენ რა უნდა ვაკეთოთ, მარტო ლაპარაკი, რომ უნდა იყოს თავისუფალი არჩევნები, არაფერს გვაძლევს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ უზრუნველვყოთ თავისუფალი არჩევნები.

მე არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილზე რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, შენობაში ერთსა და იმავე ხალხთან შეხვედრა არის ერთ წრეზე ტრიალი. თავისუფლების მოედანი დაპატარავდა სპეციალურად, რომ სივრცე შეამცირეს. იპოდრომი, ის, რაც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობი ადგილია, პრაქტიკულად აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია. თუ ქალბატონი სალომე აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“რა ბედიც შალვას ფანჩატურს ეწია, ის ეწევა სალომეს ფანჩატურსაც, ჩვენ ეს გვაწყობს”

რა ბედიც შალვას ფანჩატურს ეწია, ის ეწევა სალომეს ფანჩატურსაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ ეს აწყობს.

„რა ბედიც შალვას ფანჩატურს ეწია, ის ეწევა სალომეს ფანჩატურსაც, რადგან განსხვავებული ღირებულებებისა და მორალის გაერთიანება ხდება. ეს ჩვენ გვაწყობს. რატომ? – არჩევანი მარტივია. რადიკალები ერთი ფანჩატურის ქვეშ გაერთიანდებიან, მეორე მხარეს იქნება „ქართული ოცნება“, რომელიც ეკონომიკის განვითარების და მშვიდობის წინაპირობა იქნება. მოლოდინები თავადაც არ აქვთ, რადგან იციან, რომ შეიკრიბებიან და თუ დასჭირდებათ, ერთმანეთს გალანძღავენ და მერე დაიშლებიან“, – განაცხადა ზარქუამ.

“ვაპირებ, რომ სათავეში ჩავუდგე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს”

მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ის აპირებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე „წინა ფრონზე“ ბრძოლას, რადგან მისი განცხადებით, სწორედ აქ წყდება საქართველოს მომავლის ბედი.

„მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ, ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ, ასევე, ბევრი საზოგადოებრივად აქტიური მოღვაწე. მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებში ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის, იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა – არ ყოფნის საკითხი, აქ წყდება საერთოდ გვექნება თუ არა მომავალი, თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა“,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“არ მჯერა, რომ პრეზიდენტის იდეიდან რამე გამოვა” – ალეკო ელისაშვილი

არ მჯერა, რომ პრეზიდენტის იდეიდან რამე გამოვა, რადგან ოპოზიციის ლიდერები ზედმეტად ამბიციურები და ამპარტავნები არიან, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის იდეა არის სწორი და დროული, რათა პროევროპული პარტიების კონტური მოიხაზოს.

„თუ გვინდა, ოქტომბერში ხელისუფლება შეიცვალოს, ვერცერთი ოპოზიციონერი ამას ვერ შეძლებს. შესაბამისად, რაღაც ერთობა აუცილებელია. სწორედ ამას ეხმიანება ინიციატივა. არ მჯერა, რომ აქედან რამე გამოვა, რადგან ოპოზიციის ლიდერები ზედმეტად ამბიციურები და ამპარტავნები არიან. ვნახოთ, ამბიციების მოთოკვას შევძლებთ, თუ არა. აქამდე რომ ვერ შევძელით, ამიტომ ვერ შევძელით ხელისუფლების ცვლილებაც. ამიტომ, სწორი დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ“, – აღნიშნა ელისაშვილმა.

“პუტინი, თაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში, ამერიკას „მოლაპარაკების დაწყებისაკენ მოუწოდებს“

აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) თავის 9 თებერვლის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით „ვლადიმერ პუტინი, თაკერ კარლსონისთვის მიცემულ ინტერვიუში, ამერიკას „მოლაპარაკების დაწყებისაკენ მოუწოდებს“ (ავტორი – ანტონ ტროიანოვსკი). მასში მიმოხილული და კომენტირებულია რუსეთის პრეზიდენტის საუბარი ამერიკელ ჟურნალისტთან, რომელიც კრემლში ამ ცოტა ხნის წინ გაიმართა.

თაკერ კარლსონისათვის მიცემულ ორსაათიან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის საკითხში მოლაპარაკებისაკენ მოუწოდა და ეს გააკეთა „შედარებით უფრო სწორხაზობრივად, ვიდრე ჩვეულებრივ აცხადებდა ხოლმე“. მისი თქმით, უკრაინის ომი არა სამხედრო გამარჯვებით, არამედ დასავლეთთან შეთანხმების დადებით დასრულდება, მაგრამ ამისათვის აშშ-მა უკრაინისათვის სამხედრო დახმარება უნდა შეწყვიტოს და უკრაინელი ლიდერები სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებაში დაარწმუნოს.

„თქვენ უნდა უთხრათ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებს, რომ ისინი გაჩერდნენ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ“, – თქვა ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა, შემდეგ პაუზა გააკეთა და დაამატა: „უკრაინაში უსასრულო მობილიზაციის შედეგად გამოწვეული [მოსახლეობის] უკმაყოფილება, ისტერია და საშინაო პრობლემები, ადრე თუ გვიან, კიევს შეთანხმებამდე მიიყვანს“.

როგორც ავტორი ანტონ ტროიანოვსკი წერს, ვლადიმერ პუტინის მონაწილეობამ ინტერვიუში ცხადყო მისი ტაქტიკური თავდაჯერებულობა საკუთარ ძალებში“ იმ დროს, როცა მისი მოწინააღმდეგეებს დასავლეთში მძიმე და სახიფათო დრო დაუდგათ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ამჟამად უკრაინის არმია ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის, კიევის ჯარის შარშანდელი კონტრშეტევა ფაქტობრივად ჩაიშალა, რაც კრემლის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. დღეს უკრაინა ბრძოლის ველზე სირთულეების წინაშე დგას, ჯარისკაცებს აკლიათ იარაღი, საბრძოლო მასალები, აშშ და ევროკავშირი კიევს ძველებურად ვეღარ ეხმარებიან.

უპასუხა რა თაკერ კარლსონის კითხვას – რამდენად შესაძლებელია, რომ ნატო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის გაკონტროლებას დაეთანხმოს – ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა: „დაე, მათ მოიფიქრონ, რამდენად ღირსეულად შეიძლება ამის გაკეთება. ვარიანტები ყოველთვის არსებობს, მთავარია სურვილი იყოს“.

წყარო