Home Blog Page 1666

“რუსეთმა დღეს კიდევ ორი ბავშვი მოკლა” -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის პორტის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ოთხდღიან დარტყმებსა და რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების მოკვლას აბსოლუტური ბოროტება უწოდა და პირობა დადო, რომ ამ ქმედებებს უკრაინის მხრიდან პასუხი მოჰყვება.

„რუსეთმა დღეს კიდევ ორი ბავშვი მოკლა. […] 2007 წელს დაბადებული გოგონა და 2013 წელს დაბადებული ბიჭი დაიღუპნენ.

დღეს რუსული რაკეტები და დრონები კვლავ ბომბავდნენ ოდესას, ჩვენს სამხრეთ რეგიონებს. მთლიანობაში, კვირის დასაწყისიდან მხოლოდ ოდესის რეგიონში რუსული ტერორისგან 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

ასეთი დარტყმის განხორციელება მხოლოდ აბსოლუტურ ბოროტებას შეუძლია. იქნება პასუხი“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

“ვფიქრობ, სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით”

იმის ნაცვლად, რომ პოლონურ მხარეს ბოდიში მოეხადა და ასეთი ექიმისთვის ლიცენზია შეეწყვიტა, კრიტიკა მივიღეთ, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ანალიზის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ პოლონეთი სააკაშვილთან დაკავშირებით გარკვეულ როლს ასრულებს.

„პოლონელი ექიმების ჩხრეკის ჩანაწერის გასაჯაროება კარგი თანამშრომლობა არ არისო, პოლონეთის საგარეო უწყებამ და პალატიდან ბიოლოგიური მასალის ფეხსაცმლით, უკანონოდ გამოტანა თურმე კარგი თანამშრომლობა ყოფილა.

არ დაგვავიწყდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის მეგობარი იყო და დღეს თუ პოლონეთში პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე ვსაუბრობთ, შეიძლება ითქვას, რომ არაფორმალურად, მაგრამ ძალიან ძლიერად წარმოდგენილი არის კაჩინსკის ძმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი შიდა, პოლონური პოლიტიკისთვის სჭირდება, რადგან პოლონურმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა მიხეილ სააკაშვილისა და გარდაცვლილი კაჩინსკის ურთიერთობა. ამიტომ არის პოლონეთი ამ საქმით ასე განსაკუთრებულად დაინტერესებული.

ასევე, არ დაგავიწყდეს, რომ როდესაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს და ქვეყნიდან გააძევეს, მას სწორედ პოლონეთიდან გაუხსნეს საზღვრები დასაბრუნებლად. ანუ, ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პოლონეთი ამ ყველაფერში ასრულებს გარკვეულ როლს. სწორედ ამიტომ იყვნენ პოლონელი ექიმები ჩამოსულები და არა შვეიცარიელები ან – იტალიელები. პოლონელ ექიმს რომ გამოეტანა ეს ბიოლოგიური მასალა, რაც, რა თქმა უნდა, გაყალბებისთვის სჭირდებოდათ, ამას უკვე პოლონური მხარე გამოიყენებდა. ამის თქმის საფუძველს მათი საგარეო უწყების განცხადება მაძლევს. იმის ნაცვლად, რომ ბოდიში მოეხადათ და ასეთი ექიმისთვის ლიცენზია შეეწყვიტათ, რაც ადეკვატური პასუხი იქნებოდა, მივიღეთ პირიქით – კრიტიკა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ სწორედ პოლონური მხარე იყო დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გამოტანით. შემდეგ, ალბათ, რამე ვორკშოფს მოაწყობდნენ და გამოფენდნენ მასალებს, თუ როგორ „წამლავენ“ მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

“მარტში ჩაგდებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან”

მარტში ჩაგდებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

„ეს დოკუმენტები არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ.

ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა ამ გარე წყაროების ინტერესებში იმუშაონ. ასე რომ, ძალიან მკაფიო სხვაობაა ამერიკულ კანონსა და იმ რუსულ კანონს შორის, რომელიც აქ ჩააგდეს. შეგვიძლია რუსეთს შევხედოთ და ვნახოთ, რა გამანადგურებელი გავლენა ჰქონდა ამ კანონს არასამთავრობო ორგანიზაციებზე რუსეთში. მათი უმრავლესობა დაიხურა ან ქვეყნიდან წავიდა.

ასე რომ, კიდევ ერთხელ, ამერიკული კანონი ფოკუსირებულია იურიდიული ფირმებისა და ლობისტების გამჭვირვალობაზე, რომლებიც სხვა ქვეყნების წარმომადგენლების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა მათ ინტერესებში იმუშაონ. აქ, საქართველოში, თქვენ ისედაც მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა გაქვთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დონორებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ. ასე რომ, ძალიან განსხვავებული სიტუაციებია“, – განაცხადა დეგნანმა.

დონეცკის ოლქის დაბომბვას ორი უკრაინელი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფელი დაბომბეს, დაიღუპა 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო „ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.

„რუსებმა დღეს დონეცკის ოლქში ორი ბავშვი მოკლეს – ტორეცკის თემის სოფელ დრუჟბაში.

შუადღის დაახლოებით სამ საათზე “რაშისტებმა” სოფელი არტილერიით დაბომბეს – ერთ-ერთი ჭურვი ეზოში მოხვდა, სადაც ბავშვები იყვნენ – 10 წლის ბიჭი და 16 წლის გოგო. და-ძმა. მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო ჭრილობები მიიღეს.

გარდა ამისა, დაბომბვისას ამავე სოფელში მოხუცი ქალი დაშავდა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს”, – წერს კირილენკო.

შავი ზღვის აკვატორიაში ყველა გემის შემოწმებას გეგმავენ

epa04665120 The US cruiser USS Vicksburg sails during a NATO naval drill held on the Black See, off the coast of Constanta, Romania, 16 March 2015. NATO Standing Maritime Group-2 (SNMG-2), a multinational naval NATO forces group commanded by US Admiral Williamson held a multi-purpose war exercise, planned last year. The group is composed by frigates from Turkey, Italy, Canada and Romania, an US cruiser as commander ship, and a fuel tanker from Germany. Participant vessels are US cruiser USS Vicksburg, frigates HMCS Fredericton of Canada, TCG Turgutreis of Turkey, ITS Aliseo of Italy and auxiliary ship FGS Spessart from Germany. EPA/ROBERT GHEMENT

რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში ყველა გემის შემოწმებას გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი შავი ზღვის აკვატორიაში მიმავალ ყველა გემს განიხილავს, როგორც სამხედრო ტვირთის მქონეს, მაგრამ რამე ზომების მიღებამდე მათ შემოწმებას გეგმავს.

„საუბარია იმაზე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ გემს რამე ცუდი არ გადააქვს. ეს ნიშნავს მოთხოვნას, საჭიროების შემთხვევაში შემოწმებას, რათა დავრწმუნდეთ, ასეა ეს თუ არა. უკვე აღარ არის საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი. ახლა უკვე გაზრდილი სამხედრო საფრთხის ზონაა“, – განაცხადა ვერშინინმა.

იტალიის პოლიციამ რეკორდული რაოდენობის – 5.3 ტონა კოკაინი ამოიღო

იტალიის პოლიციამ სიცილიის სანაპიროსთან რეკორდული რაოდენობის (5.3 ტონა) კოკაინი ამოიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ოპერაციის ფარგლებში, იტალიელმა სამართალდამცველებმა 20 პირი დააკავეს: ხუთი პირი სათევზაო გემიდან და 15 პირი პალაუს დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემიდან, საიდანაც კოკაინი იყო გადაზიდული. ამოღებული ნარკოტიკული ტვირთის ღირებულება 850 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

დაკავებულებს შორის არიან იტალიის, ტუნისის, საფრანგეთის, ალბანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეები.

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში 2023 წლის რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამართულ შეხვედრაზე რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ მევენახეებმა მოსავლის რეალიზაცია კარგ ფასად შეძლონ და კიდევ უფრო გაძლიერდეს მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა.

შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირება 2023 წელსაც გაგრძელდება, სახელმწიფო ყურძენს 20 თეთრით დაასუბსიდირებს და 1 კგ თეთრი ყურძნის ფასი მინიმუმ 90 თეთრი იქნება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება ღვინის ექსპორტი, შარშან 30%-მდე ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა და წელსაც, 6 თვეში ძალიან მაღალი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. გასულ წელს მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის – 103 მილიონი ლიტრი, 252 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო. მინისტრის თქმით, ღვინის ექსპორტთან ერთად იზრდება მოთხოვნა ხარისხიან ყურძენზეც.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ კლიმატური პირობების გამო, მოსალოდნელია, რომ წელს ყურძნის მოსავლის ნაწილი არასათანადო ხარისხის იყოს. მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპანიები დაზიანებულ ყურძენსაც მიიღებენ და ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მუხუზლა, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში შეხვედრა გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ქუთაისში, იმერეთის მასშტაბით დაანონსებული შეხვედრა გამართა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო წილოსანი, იმერეთის საბჭოს ხელმძღვანელ მარეხი ნიჟარაძესთან ერთად, ორგანიზაციის საბჭოს წევრებს, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებსა და პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ქალებს შეხვდა.

მათივე ცნობით, ქალთა ორგანიზაცია გამუდმებით ფართოვდება და სულ უფრო მეტ ძალასა და რესურსს იკრებს.

ინფორმაციაშია აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე განხილულ იქნა მიმდინარე პროექტები და ამავე დროს პრობლემური საკითხები, რომელთა განხორციელებაც დადებითი შედეგის მომტანი იქნება იმერეთის მოსახლეობისთვის.

“ორი „ლუზერის“ გაერთიანებით, ცხადია არაფერი შეიცვლება”- კახა კალაძე ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების გაერთიანება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არაფერს შეცვლის.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციას დღეს ფუნდამენტური პრობლემები აქვს, თუმცა მათ ამის დანახვა არ უნდათ.

„ვფიქრობ ამით არაფერი შეიცვლება. ზოგადად, დღეს ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემები. არ ვიცი, ეს ადამიანები ვერ ხედავენ თუ არ უნდათ დაინახონ, რაშია მათი ძირითადი პრობლემები, ან ამის ანალიზს არ აკეთებენ, თუმცა არ მინდა, ამ სიღრმეებში შევიდე. ორი „ლუზერის“ გაერთიანებით ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება. მათი გადასაწყვეტია, ვინ ვისთან გაერთიანდება და რა ფორმულით წარდგება არჩევნებზე. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის მოქალაქეების ხვალინდელი დღე, იმ რეფორმების გაგრძელება, რომელიც წამოწყებული აქვს „ქართულ ოცნებას“, იმ პროექტების დასრულება, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში, სოფელსა თუ ქალაქში მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი ძალა, რომელიც დღეს ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს, „ქართული ოცნებაა“.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დღეს ერთადერთი ძალა არის „ქართული ოცნება“, რომელსაც რეალურად აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეინარჩუნოს მშვიდობა, მიუხედავად ზეწოლისა, მიუხედავად მოწოდებებისა – სანქციების მიერთება იქნება ეს თუ მეორე ფრონტის გახსნა. ერთადერთი ძალა, რომელიც მოქმედებს და იცავს ქვეყნის და ხალხის ინტერესებს, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები იმ რთულ ვითარებაში, იმ რთულ გარემოში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, იგივე მეორე ფრონტთან და სანქციებთან დაკავშირებით, ამიტომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ გამოწვევებს, რეალობას. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის მშვიდობის ფასი და ყოველთვის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.

თურქეთს “გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა” ემუქრება -Cumhuriyet

“თურქეთს „გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა“ ემუქრება, – ნათქვამია თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „თურქეთი შეიძლება ომში ჩაბმაზე აიძულონ“, რომელშიც გადმოცემულია ჟურნალისტ ზეინეპ ჩამის საუბრის შინაარსი გადამდგარ კონტრ-ადმირალ ჯემ გიურდენიზთან. იგი თურქულ საზოგადოებას იმ საფრთხის თაობაზე აფრთხილებს, რომელიც „მარცვლეულის გარიგებიდან“ რუსეთის გასვლის შემდეგ წარმოიქმნა. თადარიგის კონტრ-ადმირალი ასევე კომენტარს უკეთებს ვილნიუსის სამიტის შედეგებსაც.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებაში“ თავისი მონაწილეობა შეაჩერა (დოკუმენტის მოქმედების ვადა 17 ივლისს გაუვიდა), დაიწყო დავა, თუ რა ბედი ელოდება „უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისათვის შექმნილ უსაფრთხო დერეფანს. როგორც ცნობილი გახდა, რუსეთის ფედერაციამ საქმის კურსში ჩააყენა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია, რომ ამიერიდან „უსაფრთხოების გარანტიები უქმდება. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა სატვირთო ხომალდი, რომელსაც გეზი უკრაინის ნავსადგურებისაკენ ექნება აღებული, ჩათვლილი იქნება როგორც სამხედრო ტვირთების პოტენციურად გადამტანი გემი, მისგან გამომდინარე ყველა შედეგით.

უკრაინული მარცვლეული და შავი ზღვის სადაო ზონები

ამასობაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ კიევი და რიგი სხვა ქვეყნები მოლაპარაკებას აწარმოებენ, რომ უკრაინული მარცვლეული რუსეთის მონაწილეობის გარეშე იქნას გატანილი საზღვარგარეთ. ნიუ-იორკში ვიზიტით მყოფმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ „თურქეთს, გაეროს და უკრაინას, აგრეთვე რიგ დაინტერესებულ ქვეყნებს თავისუფლად შეუძლიათ ვადაგასული დოკუმენტის ჩარჩოებით ისარგებლონ და ახალი ინიციატივა წამოაყენონ. რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემაა ის, რომ რუსეთმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს მარცვლეულის გადამზიდავ გემს. ჩვენ ყველა ვარიანტს ვიხილავთ“.

ამ ამბების ფონზე გადამდგარმა კონტრ-ადმირალმა ჯემ გიურდენიზმა თურქული საზოგადოება გააფრთხილა, რომ შესაძლოა თურქეთი ომში იძულებით ჩაითრიონ. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ შავ ზღვაში დღეს ტერიტორიული იურისდიქციის ზონები სადავოდ ითვლება და აღნიშნა: „თურქეთი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად.

შესაბამისად, ყირიმის ნახევარკუნძულის ირგვლივ არსებულ საზღვაო იურისდიქციის ზონა უკრაინის ტერიტორიად ითვლება. მაგრამ იმავდროულად რუსეთი ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ ყირიმი მას ეკუთვნის და რეგიონს საომარი მოქმედებების ზონად აცხადებს, ანუ კრიზისულ ზონად. ამიტომაც რუსეთს შეუძლია რეგიონში ბლოკადა შემოიღოს“.

„გეოპოლიტიკური თვითმკვლელობა?“

ჯემ გიურდენიზმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვები „ჩვენ დერეფნით აუცილებლობის შემთხვევაში ყოველთვის ვისარგებლებთო“, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თურქეთის სრუტეების თვალსაზრისით. კონტექსტი ასეთია: ტვირთები ოდესიდან და უკრაინის სხვა ნავსადგურებიდან თურქეთის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებისაკენ წამოვლენ. რუსეთმა უკვე აცნობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, რომ „დერეფანი“ უსაფრთხო აღარ იქნება. ასეთ სიტუაციაში თურქეთის გამოსვლა „მოხალისის როლში“ „გეოპოლიტიკური თვითმკვლელობის“ ტოლფასი იქნება. იმიტომ, რომ ამგვარ შემთხვევაში ანკარა ვალდებული იქნება რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს. ეს ნიშნავს, რომ „მარცვლეულის სცენარში“ თურქეთის მონაწილეობა რუსეთის გარეშე ანკარას აქტიურ ნეიტრალიტეტს დაარღვევინებს.

„ყველაზე ცუდი ივლისი თურქეთისათვის“

„ნატოს ვილნიუსის სამიტზე უკრაინა ალიანსის წევრი ვერ გახდა, მაგრამ სამაგიეროდ, გადაწყდა, რომ უკრაინის კონფლიქტი რუსეთთან გაგრძელდება“, – ამბობს ჯემ გიურდენიზი, – ამჟამად, ომის პირობებში, შავ ზღვაში არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების კუთვნილი ვერცერთი გემი ვერ შევა, მაგრამ დასავლეთი ამ დებულების შეცვლას ცდილობს. ამიტომ თურქეთის შებრუნება 180 გრადუსით დასავლეთისაკენ, რომელიც ანკარამ ვილნიუსის წინ აჩვენა, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, უკიდურესად არაშორსმჭვრეტელური ნაბიჯია. წლევანდელი ვილნიუსური ივლისი გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. დღემდე თურქეთისთვის ივლისის თვე გეოპოლიტიკური გამარჯვებების თვედ ითვლებოდა – ლოზანა, მონტრე, კვიპროსის სამშვიდობო ოპერაცია… მაგრამ იმავდროულად, 2023 წლის ივლისი, როცა ჩვენ რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, თურქეთისათვის ძალზე წარუმატებელი თვე გახდა. მიმდინარე ეკონომიკურმა კრიზისმა თურქეთი თავისი გეოპოლიტიკური სიმდიდრის განკარგვამდე მიიყვანა. დღეს ჩვენ ღრმა ეკონომიკურ კრიზისში ვართ, მაგრამ მთავარი ეს არ არის – კრიზისის გადალახვა ორ-სამ წელიწადში შეიძლება, მაგრამ ათწლეულები დაჭირდება გეოპოლიტიკური ზიანის ანაზღაურებას, იმ უპირატესობის დაბრუნებას, რასაც დავკარგავთ, როცა დასავლეთის წინაშე გეოპოლიტიკურ დათმობებზე წავალთ და იმპერიალისტების მოთხოვნებს შევასრულებთ“.

რა შეიძლება გაკეთდეს?

გადამდგარი კონტრ-ადმირალის თქმით, უკრაინას შეუძლია პირდაპირი ორმხრივი შეთანხმებები გააფორმოს შავიზღვისპირა ქვეყნებთან: „ყველაზე სწორი, რის გაკეთებაც ახლა შეიძლება, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იქნას უკრაინული მარცვლეულის რკინიგზით გადაზიდვა საბერძნეთში, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, იქიდან კი ევროპაში და სხვა ქვეყნებში“, – ამბობს ექსპერტი.

საუბრის დასასრულს ჯემ გიურდენიზმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ უკრაინიდან გატანილი ხორბლის დიდი ნაწილი აფრიკის და აზიის მშიერ ქვეყნებში კი არ მოხვდა, არამედ შედარებით მაძღარ ევროპაში: დასავლეთი მუდმივად აცხადებს, რომ მსოფლიოში შიმშილობა დაიწყებაო, მაგრამ აფრიკაში, რომელიც შიმშილს განიცდის, ბევრად ნაკლები ხორბალი მიდის, ვიდრე ევროპაში. აქაც ჩვენ სრულიად ნათლად ვხედავთ დასავლურ ორმაგ სტანდარტებს“.

როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება, უკრაინიდან „დერეფნის“ მეშვეობით გატანილი ხორბლის დაზუსტებული მოცულობა ასეთია: 40% – ევროპის ქვეყნებში, 30% – აზიის ქვეყნებში, 13% – თურქეთში, 12% – აფრიკაში, 5% – ახლო აღმოსავლეთში“.

წყარო

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ივლისისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5771 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5771 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5693 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა.

 

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8673 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8804 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0131 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას” – მიხეილ სააკაშვილი

მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით, თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის. ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ გაერთიანებას ეხმაურება.

ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ვაშაძეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას ახალ გაერთიანებაში უკიდურესად სასარგებლო როლი აქვს.

„თან არ დაგვავიწყდეს, რომ „ხელისუფლება” კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში – კერძოდ კი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას, მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა, ქვეყნის მომავლისთვის. განსაკუთრებით მინდა ვთქვა გიორგი ვაშაძეზე. მან მოასწრო და იყო „ვარდების რევოლუციის“ პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი. შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ასევე საერთაშორისო არენაზე. მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელს უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა. ამ წლებში ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში,“ – წერს სააკაშვილი.

პოლიტიკური გაერთიანების შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნავენ, ისინი “რუსული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ. მათივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვების პლატფორმას ქმნიან და აცხადებენ, რომ გამარჯვების პლატფორმაში კარი ყველასთვის ღიაა.