აშშ-ის გავლენიანი გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას, სათაურით „ჰორიზონტზე ამერიკის პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კრიზისი მოჩანს“ (ავტორი – ჩარლზ ლეინი), რომელშიც გაანალიზებულია დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატთა შანსები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აქცენტი გადატანილია დონალდ ტრამპის სტატუსის იურიდიულ მომენტებზე, თუ მას აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
თუ ვინმესთვის – არ აქვს მნიშვნელობა, დემოკრატი იქნება თუ რესპუბლიკელი – ფიქრობდა, რომ დონალდ ტრამპი პროკურატურის მიერ წაყენებული ოთხი ბრალდებისგან დასუსტდებოდა, მისი იმედები არ გამართლდა. იმის ნაცვლად, რომ ექს-პრეზიდენტის წარმატების შანსები რესპუბლიკელთა პრაიმერიზზე შემცირებულიყო და თამაშიდან გასულიყო, აღმოჩნდა, რომ „იურიდიულმა პრობლემებმა“ მის პოლიტიკურ ბედზე უმნიშვნელო გავლენა მოახდინა და უფრო მეტიც, დადებითი ფაქტორის როლიც კი შეასრულა.
2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 14 თვით ადრე სიტუაცია ასე გამოიყურება: დონალდ ტრამპს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური კანდიდატი იქნება, დემოკრატ ჯო ბაიდენზე გამარჯვების საკმაოდ კარგი შანსები აქვს და არა მარტო მასზე, არამედ ნებისმიერ სხვა კანდიდატზე.
რასაკვირველია, არჩევნებამდე დარჩენილ 14 თვეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ შეიძლება თავის თანაპარტიელ მეტოქეებთან წააგოს ან კიდევ ვინმესთან, რომელიც საკუთარ კანდიდატურას მოგვიანებით წარადგენს. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კრიზისის გამო (ღმერთმა დაიფაროს!) ჯო ბაიდენმა შეიძლება წინასაარჩევნო რბოლიდან თავისი კანდიდატურა მოხსნას. ასევე შეიძლება, რომ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდებების გამო, რესპუბლიკური პარტიის ელექტორატზე დონალდ ტრამპის გავლენა შემცირდეს.
როგორც Reuters-Ipsos-ის მიერ ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, თუ დონალდ ტრამპს სასამართლო დამნაშავედ აღიარებს და ციხეში გაგზავნის, რესპუბლიკელთა 52% მას ხმას არ მისცემს.
მაგრამ თუ დღევანდელი ტენდენცია შენარჩუნდება, ქვეყანაში შეიძლება 2020 წლის სიტუაცია განმეორდეს და მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები – რომლის პოლიტიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული ევროპისა და აზიის უსაფრთხოება, მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სიმტკიცე – შეიძლება პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს: იმის დამოუკიდებლად, თუ კონკრეტულად ვინ გაიმარჯვებს და რამდენად ღირსეულად.
ამჟამად ყალიბდება იმ სცენარის საფუძველი, რომლის დროსაც მოსახლეობას შეიძლება ეჭვი შეეპაროს ან არ მოეწონოს არჩევნების შედეგები. დონალდ ტრამპისათვის და ალბათ, მისი ათობით მილიონი მომხრისათვის არ არსებობს იმ შესაძლებლობის გაცნობიერება, რომ მან შეიძლება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში წააგოს.
ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, „არჩევნებში ჩარევისა“ და „პოლიტიკური ოპონენტების დევნის თაობაზე“ ხშირად თავის სასარგებლოდ იყენებს. თანაც დონალდ ტრამპს, არაერთხელ უთქვამს ტყუილი 2020 წლის არჩევნების შედეგებზე და თავისი მომხრეების მობილიზებისათვის არც ახლა არ დაიხევს უკან.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპს ღირსეულად გამარჯვება შეუძლია. მას ამჟამად მხარს მოსახლეობის 39% უჭერს და ეს ხდება არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებების, საიდუმლო დოკუმენტაციის შენახვის წესების დარღვევის, პორნომსახიობთან სექსუალური კავშირის მიჩქმალვისა და სხვა უკანონო ქმედებების ფონზე.
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მისი მხარდაჭერის დონე 41,2%-ს შეადგენს. ასე რომ, სხვაობა მაინცდამაინც დიდი არ არის.
კიდევ ერთი გამოკითხვის თანახმად, რომელიც გაზეთმა „უოლ სტრიტ ჯორნელმა“ ჩაატარა, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 46% პრეზიდენტად სწორედ დონალდ ტრამპს აირჩევდა. დღეისათვის უკვე აშკარად არიან გამოკვეთილები პრორესპუბლიკურად განწყობილი შტატები, რომლებიც მზად არიან დონალდ ტრამპს ამომრჩეველ კოლეგიის წევრთა 235 ხმა მისცენ. მართალია, გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო, მაგრამ დანაკლისი შეიძლება სხვა შტატებში ანაზღაურდეს.
იმავდროულად ყველა იმ ამერიკელისათვის, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში ხმას დონალდ ტრამპს არ მისცემს, ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი აუცილებლად იქნება: მას უფლება აქვს დაეჭვდეს ტრამპის გამარჯვების ლეგიტიმურობაში, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, პოტენციურად სახიფათო მომენტს წარმოადგენს.
შეიძლება ისე მოხდეს, რომ არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი 2025 წლის 20 იანვარს პრეზიდენტის საინაუგურაციო ფიცს პატიმრის (მსჯავრდებულის) სტატუსით დადებს და შემდეგ სასამართლოში გამოცხადდება სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მის პოლიტიკურ გადარჩენაში დიდ როლს შეასრულებენ რელიგიური ფუნდამენტალისტები, კონსერვატორები და მემარჯვენე ნაციონალისტები. და, დიდი ალბათობით, მის მთავრობაში სწორედ ისინი დაიკავებენ საკვანძო პოსტებს.
მსოფლიო ამას წინათ მსგავსი მოვლენის მოწმე უკვე გახდა: ისრაელში პრემიერ-მინისტრად ბენიამინ ნეთანიაჰუ დაბრუნდა, რომელიც ბრალდებულია დანაშაულის (კორუფციული ქმედების) ჩადენაში და მის საქმეს სასამართლო იხილავს. მას მხარს უჭერენ რელიგიური რადიკალები, მემარჯვენეები და ნაციონალისტები, ხოლო ისრაელის საერო და ლიბერალური საზოგადოება „უღირსი პრემიერისა და მისი მთავრობის“ საწინააღმდეგოდ საპროტესტო მიტინგებს მართავს. მსგავსი რამ დონალდ ტრამპსაც შეიძლება დაემართოს.
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, საქმე მასთან დაკავშირებითაც რთულადაა: წარმომადგენელთა პალატა, სადაც რესპუბლიკელები უმრავლესობაში არიან, არ გამორიცხავს განიხილოს ჯო ბაიდენის კორუმპირებულობის საკითხი და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ საქმის ბოლო ეტაპი იქნება სასამართლო პროცესი, რომელიც შეიძლება სენატის არჩევნებს დაემთხვეს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ.
თავის მხრივ დემოკრატები სერიოზულად ფიქრობენ დონალდ ტრამპის სახელის ამოღებას საარჩევნო ბიულეტენიდან (კონსტიტუციის მე-14 შესწორების ძალით, რომლის თანახმად, მასობრივი ანტისაზოგადოებრივი გამოსვლების მონაწილეებს სამთავრობო თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ). მაგრამ ასეთი „დისკვალიფიკაცია“ დონალდ ტრამპის მომხრეებს ძალიან გაამწარებთ, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს… და თუ დონალდ ტრამპი მაინც გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაშიც მას ოპონენტები არ მოასვენებენ იმავე მე-14 შესწორების თანახმად.
ვიმეორებ: ეს არის შეფასება დღევანდელი პოლიტიკური რეალობის მიხედვით და არა ზნეობრივის პარიტეტის გათვალისწინებით. აშშ-ის მთელი პოლიტიკური სისტემა უფრო ჯანმრთელი და მდგრადი იქნებოდა, თუ დონალდ ტრამპი 2020 წელს, უბრალოდ, შეურიგდებოდა დამარცხებას და არ დაანგრევდა უძველეს დემოკრატიულ ტრადიციებს და ნორმებს.
ამერიკულ დემოკრატიას ჯერ კიდევ აქვს დრო თავიდან აიცილოს უარესი სცენარი – მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით გაუგებარია, თუ როგორ უნდა მოახდინოს „თავიდან აცილება“. თუმცა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი, ალბათ, უეჭველია იქნება იმის გაცნობიერება, თუ რა გველოდება წინ.
წყარო