Home Blog Page 1664

“საქართველოს მთავრობა კომერციული სუროგატული დედობის აკრძალვას აპირებს”-რას წერს უცხოური პრესა

ყატარის ტელეარხმა „ალ ჯაზერამ“ (Al Jazeera) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „ჩემთვის ეს გადაწყვეტილება ძალიან საწყენი იქნება“: საქართველოს მთავრობა კომერციული სუროგატული დედობის აკრძალვას აპირებს“ (ავტორი – გური შარმა).

„ელენამ (სახელი შეცვლილია), რომელიც საქართველოს დედაქალაქ თბილისში ცხოვრობს, მეორედ გადაწყვიტა სუროგატული დედა გახდეს, შემოსავლის მიღების მიზნით.

„მე სუროგატული დედობის პროგრამა ძალიან დამეხმარა ჩემი ავადმყოფი გოგონას მკურნალობის მიზნით, თორემ სხვა შემოსავალი არ მაქვს. ძალიან ვემადლიერები სუროგატული დედობის პროგრამას“, – ამბობს ელენე „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში.

მაგრამ, როგორც ჩანს, შემოსავლების ეს წყარო ელენესათვის და საქართველოში მყოფი სხვა უკრაინელი სუროგატული დედებისათვის მალე დაიხურება, თუ საქართველოს მთავრობა თავის განზრახვას შეასრულებს – აკრძალოს უცხოელი წყვილებისათვის კომერციული მომსახურება სუროგატული დედობის სფეროში. კანონი ძალაში შესვლა მომავალი წლიდან არის დაგეგმილი.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუროგატული დედობის სფეროში აუცილებელია ბავშვების დაცვა და ადამიანთა ვაჭრობის თავიდან აცილება. გარდა ამისა, უნდა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ ბავშვების დაბადება-გაჩენა ერთსქესიანი წყვილებისათვის არ ხდებოდეს, რომელიც ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. სუროგატული დედობა ლეგალური დარჩება მხოლოდ „ალტრუიზმის პრინციპით“ და მხოლოდ ქართველი წყვილებისათვის.

კანონპროექტში გათვალისწინებულია სუროგატული დედების სამედიცინო მომსახურების ხარჯების კომპენსაცია, აიკრძალება რეკლამა და ა.შ.

უკრაინის ომი და სუროგატული დედობა

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ბოლო დროს, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოში მნიშვნელოვნად იმატა სუროგატული დედების რაოდენობამ. საქმე იმაშია, რომ ომამდე უკრაინა ევროპაში სუროგატული დედობის უდიდეს ცენტრად ითვლებოდა, ომის დაწყების შემდეგ კი, უკრაინაში უსაფრთხოების დონის შემცირების გამო, ეს „ბიზნესი“ საქართველოშიც გაფართოვდა.

როგორც აშშ-ის ინდიანას უნივერსიტეტში რეპროდუქციის კვლევის ხელმძღვანელი პოლინა ვლასენკო ამბობს (იგი საქართველოში იმყოფებოდა პანდემიამდე) „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში, მოსალოდნელი აკრძალვა საქართველოს კონსერვატიული მთავრობის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილს წარმოადგენს“: „გარკვეულწილად ეს პოპულიზმიც არის. ხელისუფლება ცდილობს თავისი პოლიტიკა გრძნობიერ საკითხებზე ამომრჩეველთა სურვილს შეუთანხმოს, მაგალითად, სუროგატული დედობის შესახებ… მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სუროგატული დედების უფლებები უფრო მეტად იყოს დაცული, მთავრობა მას კრძალავს და საკუთარ მოქალაქეებს, ასე ვთქვათ, უმუშევრად ტოვებს“.

უკრაინის ომის გამო ბევრი სუროგატული უკრაინელი დედა საბერძნეთში, კვიპროსზე და საქართველოში წავიდნენ საცხოვრებლად. საერთაშორისო დონეზე „ბიზნესის“ ამ სექტორზე საკმაო სამართლებრივი ზეწოლა ხორციელდება – იმიტომ, რომ იქ სადაც კანონმდებლობა სუსტია ან არ არსებობს, უნაყოფობის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრები უბრალოდ, ქალთა ექსპლოატაციის ადგილებად გადაიქცნენ.

სუროგატული დედობის „სიღატაკე და ბრწყინვალება“

კომერციული სუროგატული დედობა 30 წლის წინ ჩაისახა აშშ-ში და მას შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. უკრაინა და საქართველო იმ სახელმწიფოების სიაში შედიან, სადაც კომერციულ კომპანიებს კანონიერ საფუძველზე მოქმედების ნება აქვთ დართული. ზუსტი ციფრები უცნობია, მაგრამ ომამდე, 2021 წელს, უკრაინაში იმ წყვილებისათვის, რომლებმაც ბუნებრივი გზით შვილის ყოლა არ შეუძლიათ, 2 ათასამდე ბავშვი დაიბადა.

სუროგატული დედობის მომსახურების პაკეტების მინიმალური ღირებულება 39 ათასი ევროდან (41,8 ათასი დოლარიდან) იწყება, ზრდის ტენდენციით.

ანალიტიკოსთა აზრით, საქართველომ დღეს უკრაინის კლიენტურის ნაწილი „შთანთქა“ და იმის მიუხედავად, რომ კიევში სუროგატული დედობა ნაწილობრივ აღდგა, თბილისში ჯერ კიდევ არიან სუროგატული დედობის სურვილის მქონე უკრაინელი ქალები. საერთაშორისო ტენდენციის შესაბამისად, ხელისუფლება ამ სფეროს სამართლებრივ რეგულირებას ცდილობს.

როგორც უკრაინელი ელენა ამბობს, ქართული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, ალბათ, იგი საქართველოდან გაემგზავრება: „ეს ჩემთვის ძალიან საწყენი იქნება, მაგრამ სხვა გზა არ მრჩება… ახალი კანონით, უპირატესობით მხოლოდ ქართველები ისარგებლებენ. ჩემი აზრით, ასეთი გადაწყვეტილება უფრო დისკრიმინაციაა, ვიდრე სიტუაციის გაუმჯობესება. ყველას აქვს ბავშვის ყოლის უფლება და ეროვნებას ამ მხრივ მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ხომ ადამიანებისთვის სიკეთეს ვთესავთ და ოცნებებს ვუსრულებთ“, – ამბობს ელენა.

წყარო

“საქართველო: აჭარა – ბუნების საგანძური, ტრადიციები და თანამედროვეობა”- Euronews)

საერთო ევროპულმა ტელეარხმა „ევრონიუსმა“ (Euronews), რომლის მთავარი ოფისი საფრანგეთში, ლიონში მდებარეობს და გადაცემებს მსოფლიოს მრავალ ენაზე აწარმოებს, თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი სტატია სათაურით „საქართველო: აჭარა – ბუნების საგანძური, ტრადიციები და თანამედროვეობა“ (ავტორი – ნაომი ლოიდი). პუბლიკაცია მომზადებულია იუნესკოს პროგრამის ფარგლებში.

გთავაზობთ ვრცელ პუბლიკაციას შემოკლებით.

„აჭარა საქართველოს შავიზღვისპირა რეგიონია, რომელიც ისტორიულად ევროპული და აზიური ცივილიზაციების გადაკვეთის ადგილს წარმოადგენს. გარდა ამისა, აჭარაში ისეთი უიშვიათესი ბუნებრივი ლანდშაფტებია შემორჩენილი, რომ მათ იუნესკო იცავს.

აჭარის ბუნება ზღაპრულად მდიდარია. სუბტროპიკული კლიმატის წყალობით აქ ბამბუკისა და ციტრუსების ხეები ხარობენ. ბუნებრივი მცენარეულობა რეგიონის მთავარი ქალაქის – ბათუმის მიღმა იწყება: მთებში ადამიანისაგან ხელუხლებელი ტყეებია, რომლებსაც აჭარის ტერიტორიის თითქმის 60% აქვთ დაკავებული.

მეცნიერთა თქმით, აჭარის ტყეების ასაკი 20 მილიონი წლით განისაზღვრება. შეიძლება ითქვას, რომ აჭარა ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც კოლხური ტყე არსებობს. რეგიონში ოთხი ეროვნული პარკია შექმნილი, რომელთაგან ერთ-ერთს სახელად „მტირალა“ ჰქვია, უხვი ატმოსფერული ნალექის გამო. „მტირალას“ პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.
მაიკლ ჰარფორტი – სატყეო მეურნეობის ბრიტანელი ექსპერტი – საქართველოში უკვე 20 წელია მუშაობს:
„აქაურმა ტყეებმა გამყინვარების პერიოდი გადაიტანეს, – განმარტავს იგი, – მაშინ როცა ევროპის ტერიტორია მრავალმეტრიანი ყინულისა და თოვლის ფენით იყო დაფარული და ყველა ველური მცენარეულობა განადგურდა, მათ შორის ტყეებიც, კავკასიაში, საქართველოში რბილი კლიმატი შენარჩუნდა და ყველაფერი გადარჩა. აქ არის ისეთი ენდემური ჯიშები, რომლებიც ჩვენს პლანეტაზე სხვაგან არსად არ გვხვდება“.
მაიკლ ჰარფორტი ამბობს, რომ მას საქართველოს ბუნება ძალიან მოსწონს და მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ადგილად მიაჩნია. „იგი აღფრთოვანებულია აგრეთვე სეზონური გემრიელი ხილით, ქართული სტუმართმოყვარეობით და ტრადიციებით“, – წერს ავტორი.
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა ქართული სუფრისა და ღვინის მომზადების ისტორიულ ტრადიციებს, სიმღერებს და ქართულ სამზარეულოს. „ჩვენ მიგვიწვიეს სუფრაზე, რომელიც ქართულ ტრადიციულ ღირსშესანიშნავ დღესასწაულს წარმოადგენს. სუფრა საათობით გრძელდება, რომელსაც თან ახლავს თამადის ფილოსოფიურ-პოეტური სადღეგრძელოები და მრავალხმიანი (პოლიფონიური) სიმღერები. სხვათა შორის, რამდენიმე ქართული სიმღერა იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი“, – ნათქვამია სტატიაში. მასში აღნიშნულია, რომ ქართული ღვინო თავისი არსებობის 8 ათას წელს ითვლის, ხოლო აჭარული კერძები ქართული სამზარეულოს მარგალიტებს წარმოადგენენ (მაგალითად, საკმაოდ ფართოდ არის დახასიათებული აჭარული ხაჭაპური).
„ბათუმი მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან შავი ზღვის სანაპიროზე ვაჭრობის საერთაშორისო ცენტრად გადაიქცა. მეოცე საუკუნეში ქალაქმა თანდათან მიიღო [საკურორტო-სამრეწველო] ქალაქის სახე, ხოლო 21-ე საუკუნეში, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში, აქ თანამედროვე ფუტურისტული შენობები აიგო, გაფართოვდა ძველი ბულვარი, რომელიც დღეს ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
„ბათუმი სწრაფად ვითარდება – ბუნებასთან ჰარმონიულად. სწორედ ამიტომ ბევრ დამსვენებელს და ტურისტს იზიდავს“, – ამბობს თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ადგილობრივი მთავრობის ხელმძღვანელი, – „ჩვენ გვაქვს რამდენიმე ამბიციური პროექტი, რომელსაც უახლოეს წლებში განვახორციელებთ – მსოფლიო სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და პალმის სახიანი ხელოვნური კუნძულის შექმნა“.
მართალია, ბათუმში სუპერთანამედროვე ცათამბჯენები შენდება, მაგრამ სადაც კი ვიყავით, ყველგან და ყოველთვის გვაოცებდა მდიდარი კულტურა და ისტორიული ტრადიციები, რომლებიც დღემდე საიმედოდაა დაცული ქართველების მიერ“, – აღნიშნულია პუბლიკაციის დასასრულს.

წყარო

“ოცნება“ ცრუობს, როცა ამბობს, რომ გახარია მელიას გამო გადადგა” – მიხეილ დაუშვილი

“ოცნება” ცრუობს, რომ გახარია მელიას გამო გადადგა, ერთადერთი მიზეზი, იყო ის, რომ არსებობდა საფრთხე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის – არავინ დაშავდა, რადგან ბევრი აქტორი იყო ჩართული, რამაც სიტუაციაზე გავლენა მოახდინა , – ამის შესახებ განცხადება პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, უნდა დაეკავებინათ თუ არა მელია, ამაზე კითხვა არასდროს ჰქონიათ და დაკავება კანონიერი იყო, თუმცა შეუთანხმებლობა მდგომარეობდა დაკავების ფორმებში. დაუშვილი მეტ დეტალზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ მოვა დრო, როცა ყველაფერზე ისაუბრებენ.

“3 რამ არის მნიშვნელოვანი. სტრასბურგის ყველაზე ავტორიტეტულმა, დამოუკიდებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს იყო ძალადობრივი შტურმი სახელმწიფო ინსტიტუტზე და იქ ჩადენილი იყო კონკრეტული, უმძიმესი დანაშაული. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მელია, რა თქმა უნდა, იყო დასაკავებელი. ცხადია, ეს დაკავება იყო კანონიერი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ. ეს უმძიმესი დანაშაული, ბატონი მელია და სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი, ფაქტობრივად, გადატრიალების მცდელობა, რომ არის ამნისტირებული, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ერთადერთ “ქართულ ოცნებას”, რადგან მათ არ გაითვალისწინეს, რა ფორმით და რა მოცემულობით უნდა მომხდარიყო მელიას დაკავება. არასდროს კითხვა არ დასმულა დაკავება იყო თუ არა სწორი, რა თქმა უნდა, დაკავება იყო კანონიერი.

მე ერთ რამეს გეტყვით, “ოცნება” ცრუობს, როცა ამბობს, რომ გახარია მელიას გამო გადადგა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს მოხდა, იყო ის, რომ იქ არსებობდა საფრთხე ადამიანების დაზიანების, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის კონკრეტული საფრთხეები არსებობდა,” – განაცხადა დაუშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიას დაკავებისას არავინ დაზიანებულა, დაუშვილი პასუხობს:

“ბევრი რამ შეიცვალა და ბევრი აქტორი იყო ჩართული, რამაც საბოლოო ჯამში იმ სიტუაციაზე გავლენა მოახდინა”.

როგორ აფასებს პენტაგონი უკრაინის წარმატებას: ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელთან

ბრიტანული „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით “როგორ აფასებს პენტაგონი უკრაინის წარმატებას- ინტერვიუ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტოს წარმომადგენელთან“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
უკრაინის არმიის კონტრშეტევა, სამი თვის ნელი ტემპის შემდეგ, როგორც იქნა, გარკვეულ იმპულსს იძენს – რუსების თავდაცვითი ზღუდის პირველი ხაზი ერთ-ერთ ადგილზე, სოფელ რობოტინოსთან, უკვე გარღვეულია. უკრაინელები მეორე ხაზის წინ დგანან…

„ჩვენი საუბარი, რომ ორი კვირის წინ გამართულიყო, მე პესიმისტური განწყობა მექნებოდა“, – ამბობს „ეკონომისტის“ ჟურნალისტთან ინტერვიუში (რაც ძალზე იშვიათი შემთხვევაა) ტრენტ მოლი, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-სადაზვერვო სააგენტოს (DIA) ანალიტიკური განყოფილების უფროსი, – კიევმა რაც განახორციელა, ნამდვილად მნიშვნელოვანია“.
მაგრამ შეძლებს თუ არა უკრაინა, მეორე და მესამე ხაზების გარღვევას მანამ, სანამ ჭურვები დეფიციტი გახდება და ზამთარი დადგება?

მე კითხვებს ვუსვამ მისტერ ტრენტ მოლს, რომლის ოფისი ვაშინგტონში, მდინარე პოტომაკის ნაპირზე მდებარეობს (ის ხშირად ზანზარებს, როცა პრეზიდენტის ვერტმფრენი აქეთ-იქით დაფრინავს). სამხედრო-სადაზვერვო სააგენტო (DIA) მუშაობა, რომელიც ცსს-სთან (CIA – ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსთან) შედარებით ნაკლებად არის ცნობილი, იმაში გამოიხატება, რომ ამერიკის მტრების მიმართ სამხედრო ზომები იქნას მიღებული. ასეთი ამოცანის შესრულება რაოდენობრივი შეფასებების გაკეთებას ითხოვს – მაგალითად, ირანული რაკეტის ფრენის სიშორის ან ჩინეთის ფლოტის ძლიერების გამოთვლას. ცივი ომის დროს DIA-ს მოხსენებები „საბჭოთა სამხედრო ძლიერების“ შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებში დიდი მოწონებით სარგებლობდა, მაგრამ დრომ ცვლილებები მოიტანა: მატერიალურ მხარესთან ერთად არამატერიალური ფაქტორებიც უნდა იყოს გასათვალისწინებელი. ამასთან დაკავშირებით მისტერ ტრენტ მოლი სინანულით აღნიშნავს და აღიარებს, რომ მისი უწყება შეცდა ერაყის 2014 წლისა და ავღანეთის 2021 წლის მოვლენების შეფასებისას, როცა აშშ-ის მიერ მომზადებული ეროვნული არმიები ფაქტობრივად რამდენიმე დღეში დაიშალნენ.

„ჩვენ ვფიქრობდით, რომ ავღანეთის არმია თალიბებთან შეტევებს, სულ მცირე, 2021 წლის ბოლომდე მაინც გაუძლებდა და შეეცდებოდა ქაბულის გმირულად დაცვას, ამის ნაცვლად, ჩვენდა სამწუხაროდ, ავღანელმა ჯარისკაცებმა ბრძოლას თავი აარიდეს, ან თალიბთა მხარეს გადავიდნენ. იგივე მოხდა ერაყშიც, როცა 2014 წელს, „ისლამური სახელმწიფოს“ შეტევის შედეგად, ფაქტობრივად დაიშალა. ასეთი ნეგატიური გამოცდილების ფონზე ვფიქრობდით, რომ უკრაინის არმიასაც იგივე დაემართებოდა, რუსეთის თავდასხმის გამო, მაგრამ ასე არ მოხდა“.

მიმდინარე წლის იანვარში DIA-ს ანალიტიკოსების მიერ მომზადდა მოხსენება „უკრაინის არმიის პროფესიული დონის შესახებ“, რომელშიც ქვეყნის ნებისყოფაა შეფასებული მტერთან ბრძოლის თვალსაზრისით.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა, მაგალითად, ქვეყნის მეთაურის ქცევა ომის დროს, დიდი მნიშვნელობა აქვს მებრძოლთა სულისკვეთების ასამაღლებლად: მაშინ როცა ავღანეთის პრეზიდენტი, აშრაფ განი, თალიბების მოახლოებისას, ქაბულიდან გაიქცა, ვოლოდიმირ ზელენსკის კიევი არ დაუტოვებია, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის დედაქალაქი თითქმის ალყაში იყო.
ქვეყნის ლიდერის მოქმედება ჯარისკაცების ნებას განამტკიცებს. ბევრს ეგონა, რომ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ხალხისგან გარიყული უმცირესობაში აღმოჩნდებოდა და სწრაფად დამარცხდებოდა. ასეთი შეცდომების თავიდან ასაცილებლად DIA-მ სპეციალური მეთოდოლოგია შეიმუშავა.
როგორც მისტერ ტრენტ მოლი ამბობს, ამჟამად სადაზვერვო სააგენტო თვალს ადევნებს და სწავლობს რუსეთის არმიის მომარაგებას იარაღით და გამაგრებული ზღუდეების მდგომარეობას. იგი აღიარებს, რომ ამერიკულმა და უკრაინულმა ოფიციალურმა პირებმა ვერ შეძლეს რუსეთის თავდაცვის ხაზების სიღრმის გაგება და ვერ გაითვალისწინეს ის, თუ რამდენად ძნელია დანაღმული ველების გავლა ტანკებთან ერთად. სხვათა შორის უკრაინელმა გენერლებმა გაზეთ „გარდიანთან“ საუბრისას აღიარეს, რომ რუსებმა დიდი შრომა დახარჯეს თავდაცვის პირველი ხაზის მოსაწყობად, მაგრამ მეორე და მესამე შედარებით იოლად იქნება გადალახულიო. ტრენტ მოლი ფრთხილად უყურებს მათ განცხადებებს და განსხვავებულ აზრს ამბობს: „რუსების თავდაცვითი ზღუდის მესამე ხაზი, პირველთან და მეორესთან შედარებით, უფრო მეტადაა გამაგრებული“.
ბოლო კვირებში ამერიკელი სამხედრო ოფიციალური პირები უკრაინის არმიის სარდლობას კერძო საუბრებში აკრიტიკებდნენ, რომ კონტრშეტევის დროს არასწორი ტაქტიკით სარგებლობდნენ. ისინი კიევს მიუთითებდნენ, რომ არმიამ შეტევისათვის ერთი ძირითადი მიმართულება უნდა შეარჩიოსო (მხედველობაშია ზაპოროჟიეს ფრონტზე მელიტოპოლ-ბერდიანსკის მიმართულება, აზოვის ზღვისაკენ). ტრენტ მოლის აზრით, სწორედ ეს მიმართულება გაამაგრა სერგეი სუროვიკინმა იმ დროს, როცა იგი უკრაინაში მოქმედი რუსეთის არმიის სარდლის მოადგილე იყო. „დაზვერვის მონაცემებით, არსებობს მხოლოდ 40-50%-იანი ალბათობა იმისა, რომ უკრაინის არმია მეორე და მესამე ხაზს გადალახავს, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო უარესი იქნება, თუ უკრაინელებს საარტილერიო ჭურვებისა და სხვა საბრძოლო მასალის დეფიციტი გაუჩნდებათ“.
მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, თუ კიევისათვის იარაღის დროულად მიწოდება განხორციელდება. ამ შემთხვევაში უკრაინის არმია რობოტინოსთან მიღწეული წარმატების – პირველი ხაზის გარღვევას შეინარჩუნებს და პლაცდარმს გააფართოებს. თუ ასე მოხდება, მაშინ უკრაინას 2024 წლისათვის ახალი შეტევისათვის კარგი შესაძლებლობები გაუჩნდება.

წყარო

“არ მესმის, რატომ იწვალა პრემიერმა და აშშ-ში თბილისიდან პირდაპირ ჩარტერით რატომ არ გაფრინდა?” – იაგო ხვიჩია

არც კი გრცხვენიათ, რომ სვამთ კითხვებს, თუ საიდან მოიტანა ფული პრემიერმა – გასაკვირია, უფრო კომფორტულად რომ არ იმგზავრა და თვითმფრინავი უფრო ძვირი არ დაჯდა, – ასე უპასუხა “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში კერძო ვიზიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, “პრემიერი იაფიანი თვითმფრინავით გაფრენილა და ჩვენს გამო წვალებაშია”.

„არ მესმის, რატომ იწვალა და აშშ-ში თბილისიდან პირდაპირ ჩარტერით რატომ არ გაფრინდა? ქართველმა ხალხმა უნდა დავუფასოთ, რომ ჩვენი პრემიერი და მისი შვილი წვალობენ – პირდაპირ ჩარტერით კი არ მიფრინავს, ჩვენს გამო წვალებაშია”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

“ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს” – ილია დარჩიაშვილი

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი ცალსახად შესძენს ახალ იმპულსს ერთი მხრივ, საქართვლო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ხოლო მეორე მხრივ, ექნება მნიშვნელოვანი გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე”- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც უმაღლესი წარმომადგენლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მინისტრის თქმით, ოქტომბერში საქართველო ელოდება ევროკავშირის შესაბამის ანგარიშს, რომელსაც დეკემბერში მოყვება ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დარჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე დეტალურად გააცნობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებულ პროგრესს.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ჯოზეფ ბორელს დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი სამუშაოს შესახებ, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება უმაღლეს დონეზე. „ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან სპეციალური გზავნილია და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ რეგიონში ევროკავშირისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს. „აქცენტი გაკეთდება დღეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. ბორელის ვიზიტი სპეციალური გზავნილია და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს.” – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, ჯოზეფ ბორელს შეხვედრები ექნება ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო წარმომადგენელთან, უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

2023 წლის 7 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ბორელი პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. აგრეთვე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.

“საინტერესოა, საზოგადოებას მელიასთვის გადამდგარი გახარია დღეს რას ეტყვის”- მამუკა მდინარაძე

დღეს დღეს კიდევ უფრო მეტი ლუსტრაცია ხდება იმ მოქმედების, რომელიც მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ჩაიდინა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დადასტურდა, რომ ტყუილი იყო გიორგი გახარიას განცხადებები, თითქოს უკანონოდ მოხდა ნიკა მელიას დაკავება.

„მრავალი რაიონის, მრავალი მუნიციპალიტეტის საკრებულოებში გახარიას პარტია, რომელიც არის „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაში, საუბრობს იმაზე, რომ რაღაც სხვა ალიანსები არსებობს. თვითონ არიან კოალიციაში, სხვა ალიანსებზე საუბრობენ. საინტერესოა, საზოგადოებას მელიასთვის გადამდგარი გახარია დღეს რას ეტყვის იმაზე, რაც საერთო ნარატივი იყო მაშინ, თითქოს უკანონო დაკავება იყო მელიასი, სიმართლის მღაღადებელმა გახარიამ ამიტომ მიატოვა საკუთარი გუნდი. ტყუილია მისი განცხადებაც, მისი გადადგომაც, ყველაფერი სპეკულაციური იყო. დღეს კიდევ უფრო მეტი ლუსტრაცია ხდება იმ მოქმედების, რაც მაშინ მაშინდელმა პრემიერმა გახარიამ ჩაიდინა და ალბათ საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სწორ დასკვნას გააკეთებს ამ გადაწყვეტილების შემდეგ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ნიკა მელია საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. გადაწყვეტილების მიხედვით, ნიკა მელიას დაკავების საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა- პროკურატურა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მელია საქართველოს წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას დაკავება და პატიმრობა კანონიერი იყო და ევროპულ კონვენციას სრულად შეესაბამებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია ნიკანორ მელიას პოლიტიკური ნიშნით დევნას და სახელმწიფოს მოტივი, გამოძიების წარმოების დროს, მელიას პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება არ ყოფილა.

როგორც ცნობილია, ნიკანორ მელიას 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობისთვის და ამგვარ მოქმედებაში მონაწილეობისთვის, რასაც თან ახლდა ძალადობა, დარბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. ძალადობრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიადგათ შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელს.

სტრასბურგის სასამართლოს წინაშე ნიკანორ მელია ამტკიცებდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და მე-18 მუხლი – უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები. მომჩივნის მტკიცებით, სისხლის სამართლის საქმეზე მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა, უკანონო იყო და ის „პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას“ ემსახურებოდა. მომჩივნის მოსაზრებით, საქმე იყო ფალსიფიცირებული, ხოლო მისი დაპატიმრება იყო პოლიტიკურად მოტივირებული. მომჩივნის არცერთი ეს არგუმენტი სასამართლომ არ გაიზიარა.

სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით დადასტურდა, რომ თავდაპირველად დემონსტრაცია მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, თუმცა მოგვიანებით ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან ადგილი ჰქონდა მოწოდებებს, მათ შორის აუდიო მტკიცებულებაში ისმოდა ფრაზა „რევოლუციის დაწყების თაობაზე“. ვიდეო ჩანაწერებით დადასტურდა, რომ ნიკანორ მელია დემონსტრანტებს მოუწოდებდა პარლამენტში შესვლისკენ, რასაც პოლიციის კორდონის გარღვევის მიზნით, პარლამენტის შენობის კიბეებთან შეკრებილი რამდენიმე ასეული დემონსტრანტის ძალისმიერი მიწოლა მოჰყვა; დემონსტრანტების მხრიდან, ასევე ადგილი ჰქონდა პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთების სროლას, მათთვის ფარების და რეზინის ხელკეტების წართმევას და პარლამენტის წინ არსებული მეტალის კონსტრუქციების დემონტაჟს.

სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, მომჩივნის მიმართ ბრალის წარდგენა და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება ეფუძნებოდა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, მათ შორის ისეთ სანდო და ნეიტრალურ მტკიცებულებებს, როგორიცაა 20 ივნისის ამსახველი ვიდეო ჩანაწერები.

სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის მტკიცება მისი პოლიტიკური ნიშნით დევნის თაობაზე. კერძოდ, ევროპულმა სასამართლომ უარყო ნიკანორ მელიას არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფოს მოტივი, გამოძიების წარმოების კონტექსტში, მომჩივნის პოლიტიკური ცხოვრებიდან ჩამოშორება იყო.

დღევანდელი გადაწყვეტილებით ცალსახად დადასტურდა, რომ სისხლის სამართლის საქმე ნიკანორ მელიას მიმართ ეფუძნებოდა მხოლოდ სანდო მტკიცებულებებს და მის მიმართ წარმოებული სისხლისსამართლებრივი პროცედურების ფარგლებში მისი პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ჰქონია. ასევე აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ არ გაიზიარა მომჩივნის პოზიცია მართლმსაჯულების მიკერძოებულობის თაობაზე.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ნიკანორ მელიას მიმართ წარმოებული პროცედურები სრულად თანხვედრაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დებულებებთან და სულისკვეთებასთან, ადგილი არ ჰქონია ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევას და ნიკანორ მელიას მიმართ წარმოებული სამართლებრივი პროცედურები ნაკარნახევი იყო მხოლოდ სამართლებრივი საფუძვლით.

რუსეთმა გადაწყვიტა, კონტროლი დააწესოს მეზობელ ქვეყნებზე – იენს სტოლტენბერგი

რუსეთი აცხადებს, რომ თუკი ქვეყანა გადაწყვეტს ნატო-ს წევრი გახდეს, ეს პროვოკაციაა, ეს არ არის პროვოკაცია ეს არის ერის დემოკრატიული, სუვერენული უფლება, რომ აირჩიოს ესა თუ ის გზა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს სურს, კონტროლი დააწესოს მეზობელ ქვეყნებზე და მათზე გავლენა აღადგინოს.

„რუსეთმა გადაწყვიტა, კონტროლი დააწესოს მეზობელ ქვეყნებზე. რუსეთი ცდილობს აღადგინოს მზარდი გავლენა და აცხადებს, რომ თუკი ქვეყანა გადაწყვეტს ნატო-ს წევრი გახდეს, ეს პროვოკაციაა, ეს არ არის პროვოკაცია ეს არის ერის დემოკრატიული, სუვერენული უფლება, რომ აირჩიოს ესა თუ ის გზა. ამიტომ, ჩვენ გვქონდა საქართველო 2008 წელს, ყირიმი 2014 წელს და სრულმასშტაბიანი შეჭრა”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6251 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6251 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6251 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6268 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0017 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8112 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8209 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0097 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს”-ნიკა მელია

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება:
არ გადავიხადე გირაო,  ბრალისათვის რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურად მოტივირებული.  – ასე ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს, საქმე რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად დიდი ხანია ისევ დამიჭერდნენ.
ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს.
არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია, ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ.

საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ “საჭიროებამდე”, ასეთია ოცნების “სამართალი”.
ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით – გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა. ” – წერს ნიკა მელია “ფეისბუკში”.

 ნიკა მელიამ ევროსასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა წააგო – სტრასბურგმა დარღვევა არ დაადგინა

ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ 2 600 000 ლარად გასხვისდა

საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური საინვესტიციო პროექტის „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში, კურორტ წყალტუბოში, შოთა რუსთაველის ქუჩა N48-ში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 600 000 ლარად გაყიდა.

საპრივატიზებო პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალმა მფლობელმა შპს“გოლდენ თაუერსმა“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე მინიმუმ 100 ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კურორტ წყალტუბოს ტურისტული პოტენციალის გაზრდას და შექმნის დამატებით სამუშაო ადგილს ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

პროექტი „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ ითვალისწინებს წყალტუბოში უნიკალური თანამედროვე სპა-კურორტის შექმნას, სამედიცინო ტურიზმის ჩამოყალიბებას, ტურისტული შეთავაზებების მრავალფეროვნებას, ქალაქის ცენტრისა და საჯარო სივრცის რეაბილიტაციას, ქალაქის ცენტრის ურბანული სივრცის შექმნას.

კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები „თბილისი“, „მედეა“ და „წყალტუბო“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 11,582,300 ლარი შეადგინა. დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი აქტიურად გრძელდება.