“ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს” – ილია დარჩიაშვილი

78
spot_img

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი ცალსახად შესძენს ახალ იმპულსს ერთი მხრივ, საქართვლო-ევროკავშირის ურთიერთობებს, ხოლო მეორე მხრივ, ექნება მნიშვნელოვანი გავლენა შესაბამის გადაწყვეტილებებზე”- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც უმაღლესი წარმომადგენლის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

მინისტრის თქმით, ოქტომბერში საქართველო ელოდება ევროკავშირის შესაბამის ანგარიშს, რომელსაც დეკემბერში მოყვება ევროპული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება. დარჩიაშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, ვიზიტის ფარგლებში, ქართული მხარე დეტალურად გააცნობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებულ პროგრესს.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა ჯოზეფ ბორელს დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი სამუშაოს შესახებ, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება უმაღლეს დონეზე. „ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან სპეციალური გზავნილია და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ რეგიონში ევროკავშირისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს. „აქცენტი გაკეთდება დღეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. ბორელის ვიზიტი სპეციალური გზავნილია და მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება ევროკავშირისთვის მაღალ პრიორიტეტს წარმოადგენს.” – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის ინფორმაციით, ჯოზეფ ბორელს შეხვედრები ექნება ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო წარმომადგენელთან, უმაღლესი თანამდებობის პირებთან.

2023 წლის 7 სექტემბერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, საქართველოს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ჯოზეფ ბორელი პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის. გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. აგრეთვე, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.