Home Blog Page 1664

,,უკრაინის კონტრშეტევა წარუმატებელია”- The Telegraph

„ექვსი კვირის შემდეგ მნიშვნელოვანი გარღვევის არარსებობა ღირს კითხვად – შეძლებს თუ არა უკრაინის კონტრშეტევა ოდესმე იქცეს წარმატებულად, რადგან ახლა, ნამდვილად არ ეტყობა, რომ წარმატების მიღწევის პროცესში იყოს“, – ამ სიტყვებით იწყება სტატია, რომელსაც The Telegraph ავრცელებს.

სტატიის ავტორი მკითხველს მიმართავს, დღევანდელი „გაყინული, თუმცა ძვირად ღირებული პროგრესი“ შეადარონ „გასული წლის ელვისებურ გამარჯვებებს ხარკოვსა და ხერსონში, როცა უკრაინელები უტევდნენ მტერს, რომელიც ჯარების გადაჯგუფებისა და ადგილის დროზე გაცვლის მიზნით იხევდა უკან“.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, მობილიზაციის ხარჯზე ძალების მოკრებვით და ფართო თავდაცვითი ხაზების გათხრით, რუსები ამჯერად აღარსად წავლენ.

„ამან უკრაინას ერთი ვარიანტი დაუტოვა – ფრონტალური შეტევების განხორციელება მძიმედ დაცულ პოზიციებზე, თითქმის ისეთივე, როგორიც პირველი მსოფლიო ომში დასავლეთის ფრონტზე იყო, სადაც განუწყვეტლივ თხრილები გადიოდა შვეიცარიიდან ზღვამდე და ოთხი წლის განმავლობაში ვერც ერთმა მხარემ ვერ მიაღწია გადამწყვეტ გარღვევას.

მოვლენების ასეთი განვითარება დღეს, კიევს დაუცველს დატოვებდა დასავლეთში განწყობების ცვლილებასთან, თუ გავითვალისწინებთ აშშ-ის პრეზიდენტად ტრამპის მოსვლის ან ევროპელების გადაღლის შესაძლებლობას“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ ეს ის არის, რაც წესით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ უნდა იცოდეს – „და შესაძლოა, ეს დიდ შეშფოთებასაც იწვევდეს“.

სტატიაში ისმის კითხვა – მზად არიან თუ არა უკრაინელები (სამხედრო, პოლიტიკური და ფინანსური კუთხით) თვეების და შესაძლოა, წლების განმავლობაში განახორციელონ ეს შეტევები, რომ 1914-1918 წლების სტილის თავდაცვით სარტყლებში შეაღწიონ სატანკო ხაფანგების, მავთულხლართების, დანაღმული მდელოების, ბუნკერების და სანგრების ხაზებში?

„დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს რუსული სიმაგრეები აღწერა, როგორც „სამხედრო თავდაცვითი სამუშაოების ერთ-ერთი ყველაზე ფართო სისტემა, რაც კი ოდესმე უნახავთ მსოფლიოში”.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სამხრეთით, რომელიც ამ ეტაპზე, როგორც ჩანს კიევის ძალისხმევის მთავარი მიმართულებაა, რელიეფი ძირითადად ღია სასოფლო-სამეურნეო მიწებისგან შედგება, ცოტაოდენი დაფარული მისადგომით, რაც მოულოდნელობის ეფექტს, როგორც ომში წარმატების მიღწევის გადამწყვეტ ფაქტორს, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის – „მოულოდნელობის ფაქტორის არარსებობა, მხოლოდ აღრმავებს კიევის საბრძოლო არასრულფასოვნებას“, – წერს ავტორი.

სტატიის მიხედვით, ჯავშანტექნიკის მძაფრი დეფიციტი მიანიშნებს, რომ კიევი ამ კონტრშეტევას დიდი სიფრთხილით უდგება.

„NATO-ს მიერ მიწოდებული მრავალი ტანკი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა გამოეთიშა ბრძოლას ადრეული შეტევების დროს და შესაბამისად, ისინი დარჩენილი საშუალებების უფრთხილდებიან, რომ ზედმეტად დიდი დანაკარგები თავიდან აირიდონ“, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ მხოლოდ თამამი და შეთანხმებული, მძიმე ტექნიკით მასირებული შეტევის შედეგად არის შესაძლებელი რუსებზე გამარჯვება.

„მაშინ, რაშია პრობლემის სათავე?“ – ვკითხულობთ სტატიაში – „კიევში ზოგი მიუთითებს საჰაერო დახმარების არარსებობაზე და ხაზს უსვამს დასავლელ პარტნიორებში სურვილის არქონას, უკრაინას მიაწოდონ F-16 ტიპის თვითმფრინავები (თუმცა, დიდმა ბრიტანეთმა უკვე აიღო პილოტების გადამზადების ვალდებულება)“, – ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ეს, კიევის გადაუდებელ პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, რადგან თვეები სჭირდება წვრთნას და კიდევ არაერთი თვე თვითმფრინავების გადაცემას.

„გარდა ამისა, როგორც ამერიკის მთავარი გენერალისგან მარკ მილისგან უკვე მოვისმინეთ, „რუსებს 1 000 მეოთხე თაობის მებრძოლი ჰყავს – თუ თქვენ აპირებთ რუსეთს ჰაერში დაუპირისპირდეთ, დაგჭირდებათ მეოთხე და მეხუთე თაობის მებრძოლების მნიშვნელოვანი რაოდენობა“. ჩვენ უნდა ვაღიაროთ ორი რამ: ეს შეუძლებელია დღევანდელ კონტექსტში და ამასთან, საჰაერო ძალა მაინც არ არის ჯადოსნური ტყვია.

სხვები მიიჩნევენ, რომ NATO-ს მგეგმავებმა და სტრატეგებმა უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ – „თუმცა, ისინი უკვე მნიშვნელოვნად ეხმარებიან, რაც ხანდახან სიკეთის მომტანია, ხანდახან არა“, – წერს სტატიის ავტორი, რომელიც აღნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, უკრაინის აღდგენის შესაძლებლობა დამოკიდებულია მის უნარზე, დაასრულოს ფრონტალური თავდასხმები – „ეს სტრატეგია სულ მცირე პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უარყოფილია სამხედრო თეორეტიკოსების მიერ, რომლებიც სამართლიანად ადიდებენ „ირიბი მიდგომის“ ღირსებებს – როცა მიიწევ მინიმალური წინააღმდეგობის ხაზების გასწვრივ, რათა დაარღვიოს მტრის წონასწორობა, მანამ თავს დაესხმები დასუსტებულ წინა ხაზზე.

დასავლეთმა კი ამ დროს, ყურადღება უნდა გაამახვილოს სწორი პრაქტიკული აღჭურვილობის უზრუნველყოფაზე, როგორიცაა განაღმვითი კომპლექტი მტრის დაბრკოლებების, კასეტური საბრძოლო მასალისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გასაწმენდად. ბალანსის დასაბრუნებლად საჭიროა სახმელეთო ომებზე ფოკუსირება – და არა ცის სიმაღლის ოცნებებზე“, – ნათქვამია სტატიაში.

ზაპოროჟიეში RIA Novosti-ს ჟურნალისტი კასეტურ ბომბს ემსხვერპლა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიეს რეგიონში რუსი სამხედრო ჟურნალისტი როსტისლავ ზურავლევი მოკლეს, სამი კი დაჭრილია. როგორც უწყებაში ამტკიცებენ, ჟურნალისტები კასეტური საბრძოლო იარაღით განხორციელებულ დარტყმაში მოჰყვნენ.

CNN რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ დაღუპული ჟურნალისტი საინფორმაციო სააგენტოების RIA Novosti-სა და Izvestia-ს თანამშრომელი იყო და სამოქალაქო ავტომობილით გადაადგილდებოდა ქალაქ ვასილივკას აღმოსავლეთით.

როგორც რუსული გამოცემა RIA Novosti იუწყება, ჟურნალისტი იმ დროს დაიღუპა, როცა რუსი ჯარისკაცები მის ევაკუირებას ცდილობდნენ.

,,დეგნანმა თავი აარიდა ისეთ უხერხულ თემებზე საუბარს” – სარჯველაძე

იმდენად მნიშვნელოვანი ამბები წარმოაჩინა FARA-ზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა, რომ ეს არის თავისი მნიშვნელობით ის საკითხი, რომელსაც ვფიქრობ, ელჩი უნდა გაეცნოს, – ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის არ გაცნობია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ.

სარჯველაძის თქმით, ელჩმა ვაშინგტონს უნდა მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. მისივე თქმით, შესაძლოა, კელი დეგნანი გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა, ამ პასუხით თავი აარიდა ისეთ უხერხულ თემებზე საუბარს, როგორიცაა FARA-ს ანალოგის რუსულ კანონად მონათვლა საქართველოში. “რა თქმა უნდა, ინფორმაციის მოწოდება ვაშინგტონისთვის მისი მხრიდან, იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, მათ შორის, სამიზნე ამ ლობისტური საქმიანობის იყო ამერიკელი კონგრესმენების დარწმუნება, რომ საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ. ბუნებრივია, ელჩისთვის ეს საყურადღებო ინფორმაციაა, რომ არა ლობიზმის პრიზმაში გატარებული, არამედ ჭეშმარიტი, გაუმრუდებელი ინფორმაცია მიაწოდოს იგივე კონგრესმენებს ან ზოგადად, დედაქალაქს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

გულწრფელად რომ ვთქვა, მგონია, რომ ინფორმაციას ფლობს FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ . შეიძლება მან ამ გზით, ერთგვარად დიპლომატიური ხერხი გამოიყენა, რომ აერიდებინა უშუალოდ ამ თემაზე საუბარი, მათ შორის, საუბარი იმ თემაზე, რომ რეალურად, ჭეშმარიტი, სწორი ინფორმაცია მიაწოდა ქართულ საზოგადოებას ამერიკაში მოქმედმა “რუსულმა ინსტიტუტმა” FARA-მ – გახსოვთ საქართველოში რა ამბები იყო არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც აშშ ში მოქმედი ზუსტად ის მექანიზმი, რასაც FARA ჰქვია, საქართველოში მოინათლა როგორც რუსული.”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,ეს უშნო ფუსფუსი სააკაშვილის და ადეიშვილის კართან ამ ადამიანების საშინელ მარცხს გამოიწვევს”- ცაგარეიშვილი

 

ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. არავითარი გაერთიანება ეს არ არის. ეს არის ვაშაძის და კიდევ რამდენიმე ფიზიკური პირის ჩალიჩი, პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით იმისთვის, რომ ისინი როგორმე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთიან პარტიულ სიაში მოხვდნენ 2024 წლის არჩევნებისთვის. ეს არის და ეს თავი და ბოლო ამ ტრაგიკომედიის, რომელსაც ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ დგამს და რომელსაც ისინი ეძახიან გაერთიანებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ცაგარეიშვილის განმარტებით, ვერავითარი გაერთიანება, კოალიციის ჩამოყალიბება ვერ მოხდება, რადგან კანონმდებლობით იმპერატიულად ეს აკრძალულია.

„ვერავითარი გაერთიანება, დაბლოკვა, კოალიციის ჩამოყალიბება ჩვენი კანონმდებლობით ვერ მოხდება იმიტომ, რომ ეს არის აკრძალული იმპერატიულად და ნუ ატყუებენ თავისივე ამომრჩეველს და შეცდომაში ნუ შეჰყავთ საზოგადოება. უნდა აღიაროს ვაშაძემ, რომ მან მოიპოვა თავისთვის და სავარაუდოდ თავისი ორი სამი კოლეგისთვის, მისივე ე.წ. პარტიიდან „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ადგილი. ეს არის და ეს. ამას რა დაერქმევა – პრემიერ-მინისტრობის სავარაუდო კანდიდატი, ვიცე-პრემიერობის სავარაუდო კანდიდატი, თუ სხვა „მომხიბვლელ“ სახელს მოუფიქრებს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს მათი გადასაწყვეტია და ჩვენ ისღა დაგვრჩენია აქედან დავაკვირდეთ ამ საკმაოდ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლს. მაგრამ ამასობაში ბოლო ორი თვის მანძილზე მეხუთე თუ მეექვსე პრემიერობის კანდიდატია უკვე „ნაციონალურ მოძრაობაში“, დაწყებული საქართველოს მოქალაქეობის არმქონე კრიმინალი სააკაშვილით, დამთავრებული ამ კომიკური ვაშაძით. შუაში იყო კიდევ რამდენიმე პერსონა, იყო ხაბეიშვილზე საუბარი, არის გვარამიაზე და კიდევ რამდენიმე ადამიანზეა საუბარი. ერთმანეთში ვერ გარკვეულან ჯერ, რა უნდათ ერთმანეთისგან. ამასობაში, იმ ჯგუფში, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო რეგისტრირებული, რომელსაც თუ არ ვცდები რეფორმების ჯგუფი ერქვა, სადაც რამდენიმე პოლიტიკოსი და პარტია იყო გაერთიანებული, იქიდან აგდებენ ვაშაძეს მანჯგალაძესთან ერთად. თქვენ ნახეთ ქალბატონი სამნიძის, აქუბარდიას შეფასებები და პირდაპირ ეუბნებიან, რომ გადაბრძანდით რამდენიმე რიგით წინ, იქ არის თქვენი ადგილი სხდომათა დარბაზში. ჩვენთან თქვენ ვეღარ იქნებით, რაც პრინციპში ლოგიკურიც არის იმიტომ, რომ ისე გამოჩნდა, ვაშაძის ეს გადაწყვეტილება თანაჯგუფელებთან არ იყო შეთანხმებული პარლამენტში, მათ ზურგს უკან მოხდა ეს ყველაფერი. სხვათა შორის, გულისტკივილით აღნიშნავს ქალბატონი სამნიძე, რომ ეს მეორედ მოხდა უკვე. პირველ ჯერზე გახსოვთ, გაურკვეველი ჯგუფი შეიქმნა ხოშტარიას და ჯაფარიძის მონაწილეობით. ისინიც მიატოვა შუა გზაში, სადღაც კვიპროსის მიდამოებში. ეტყობა კეზერაშვილის ალაყაფის კართან იყვნენ ეს ადამიანები ხელ გამოწვდილები, გაქანდა და პირდაპირ სააკაშვილის უბეში აღმოჩნდა, სადაც არის მისი ადგილი. სინამდვილეში მინდა გითხრათ, რომ გიორგი ვაშაძე ყოველთვის იყო სააკაშვილის ამ დანაშაულებრივი, საშინელი, აღვირახსნილი, არაადამიანური რეჟიმის ერთ-ერთი შემქმნელის, მთავარი არქიტექტორის, ადეიშვილის ხელის ბიჭი და მის ჩრდილში გამოიზარდა. რად გამოიზარდა კი ხედავთ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადეიშვილის ხელწერა არის და შეიძლება უფრო სიღრმისეული პრობლემები გამოჩნდეს იქ. როცა „პრემიერობის“ კიდევ ერთი მომხიბვლელი კანდიდატი გამოჩნდა ჰორიზონტზე გვარამიას თაოსნობით, მაშინ აღმოჩნდა ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“. მე ხელს გიბიძგებთ, რომ ამ მიმართულებითაც იაზროვნოთ – რატომ ემთხვევა ასეთი რაღაცები ერთმანეთს და რაშია საქმე. ისე რომ, მთელი ეს უშნო ფუსფუსი სააკაშვილის და ადეიშვილის კართან გამოიწვევს ამ ადამიანების საშინელ მარცხს. ეს გაუგებარი ნაბიჯები ყელში ამოუვიდა საზოგადოებას და გარწმუნებთ ნაკლებად აინტერესებს ვინ ვისთან ერთიანდება, უბრალოდ რადგანაც ჩვენ აქ ვართ და ვაკვირდებით ამ პროცესს, ჩვენი ვალდებულებები გაგვაჩნია ამაზე, რაღაც რეაგირება მოვახდინოთ და ჩვენი დამოუკიდებელი შეფასება გვქონდეს, თორემ დამერწმუნეთ ნაკლებად აღელვებს ვინ ვისთან გაერთიანდება. საზოგადოება სხვა რამეზე ფიქრობს. ფიქრობს უმთავრესზე-მშვიდობაზე, რომ მშვიდობა იყოს ამ ქვეყანაზე, ამ საშინელ დროში, რაშიც ყველას ერთად გვიწევს ცხოვრება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

,,ვწუხვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ვერ ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე“- ჰერმან საბო

შეიძლება მათ დაარქვეს გამარჯვების პლატფორმა, მაგრამ ეს არის დამარცხების ფორმულით , – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ ვაშაძე-ხაბეიშვილის ალიანსის შეფასებისას განაცხადა.

„ასეთი ფორმით მექანიკურ გაერთიანებებს, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, რომლის მთავარი იდეაა, რომ ბიძინა ცუდია, „ქართული ოცნება“ ძალიან მარტივად უგებს ბოლო 10-11 წელია. ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენმა კოლეგებმა ვერ ისწავლეს საკუთარ შეცდომებზე“, – განაცხადა საბომ.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა გაერთიანების შესახებ განცხადება გააკეთეს.

,,სააკაშვილის აუცილებლად გავათავისუფლებთ”- ვაშაძე

მესმის, ახლა ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა და მთელი ერის, ქართული ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რათა საქართველო იყოს ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს „სტრატეგია აღმაშენებელის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფუძნებულ „გამარჯვების პლატფორმასთან“ დაკავშირებით განუცხადა.
ვაშაძის თქმით, მათი სტრატეგია არის მხოლოდ გამარჯვება.

ამასთან, ექნება თუ არა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და შეათანხმებს თუ არა მასთან გადაწყვეტილებებს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან მას აქამდეც ჰქონდა კომუნიკაცია.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მე მასთან მქონდა კომუნიკაცია. ვაპირებ, გავაგრძელო კომუნიკაცია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშას პარტია და მიხეილ სააკაშვილი დღეს არის სიმბოლო დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის რუსულ ტერორისტულ რეჟიმთან და მას აუცილებლად გავათავისუფლებთ. გაერთიანების პირველი ეტაპი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში. ნახავთ ახალ ადამიანებს. ჩვენ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში ვართ“, – განაცხადა ვაშაძემ.

“აშშ-ის ელჩს რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით?”- ზარქუა

აშშ-ის ელჩს რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით? დოკუმენტმა ფარდა ახადა იმ ლობისტურ საქმიანობას, ეს როგორ არ აქვს წაკითხული, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.

კერძოდ, დეგნანმა აღნიშნა, რომ არ უნახავს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტები, რომლებშიც მიხეილ სააკაშვილის ლობისტების საქმიანობაზეა საუბარი.

„რა არ აქვს წაკითხული, რაც გამოქვეყნებულია თავის სახელმწიფოში მოქმედი კანონით? დოკუმენტებმა ფარდა ახადეს იმ ლობისტურ საქმიანობას. ეს როგორ არ აქვს წაკითხული, რომელიც პირდაპირ, ერთი-ერთში ეხება პატიმარ სააკაშვილს, მის დაფინანსებულ კამპანიას და, ამ კამპანიის შედეგად, შემდეგ უკვე ევროპარლამენტარებისა თუ სენატორების განცხადებებს, რაც ეხება ჩემს ქვეყანას, სადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შავი პიარი ხორციელდებოდა. ამაზე რეაგირება ისე, რომ იცი რა, წაკითხული არ მაქვს და არ ვიცი, რაზეა საუბარი, ძალიან სამწუხაროა.

იცით, რომ ახალი ელჩი დაინიშნება და ეს ბოლო დღეებია ქალბატონი დეგნანი საქართველოში, ვწუხვარ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები წინ ვერ წასწია, რბილად რომ ვთქვათ, რადგან წლებია, საქართველო დამსახურებულად ითხოვს, მათ შორის გამარტივებულ მიმოსვლას აშშ-თან, რადგან ის ჩვენი მთავარი პარტნიორია, თავისუფალ ვაჭრობას, როგორც ეს ევროკავშირთან გვაქვს, სამწუხაროდ, არ არის, ასევე პირდაპირ რეისებს. მგონია, შეეძლო, მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანა ამ მიმართულებით. მისი განცხადებებით კი, მრჩება შთაბეჭდილება, პირიქით, ხელი შეუწყო პოლარიზაციას და ეს ძალიან სამწუხაროა. დარწმუნებული ვარ, ახალ ელჩთან ახალი შემართებით შევძლებთ საერთო, საქართველოს ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის წარმართვას და კიდევ უფრო მეტად დავუახლოვდებით ახალი ელჩის პირობებში აშშ-სა და ევროატლანტიკურ სივრცეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ

“მწუხარებით ვემშვიდობები ვადიმ პრისტაიკოს, რომელიც უკრაინის დიდებული ელჩი ბრიტანეთის მეგობარი იყო”- ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონი ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს გათავისუფლებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„მწუხარებით ვემშვიდობები ვადიმ პრისტაიკოს, რომელიც უკრაინის დიდებული ელჩი და ამ ქვეყნის მეგობარი იყო. იმედი მაქვს, მალე სხვა ინკარნაციაში ვიხილავთ“, – წერს ჯონსონი.

“ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვება, გამარჯვება და გამარჯვება”- გიორგი ვაშაძე

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დავაფუძნეთ „გამარჯვების პლატფორმა“, შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია გამარჯვება. მესმის, ახლა ვიღაცებს უნდათ, თანამდებობების თემაზე ჩაგვციკლონ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს ხალხი, მათთან საუბარი, მსჯელობა და მთელი ერის, ქართული ეროვნული ენერგიის კონსოლიდაცია, რათა საქართველო იყოს ძლიერი, რეგიონის ლიდერი, ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძის თქმით, მათი სტრატეგია არის მხოლოდ გამარჯვება.

„გაერთიანების პირველი ეტაპი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში. ნახავთ ახალ ადამიანებს. ჩვენ მძლავრი დაგეგმვის ფაზაში ვართ. ხომ იცით, არ მიყვარს ზედაპირული მუშაობა, მიყვარს სისტემური მუშაობა, ასეთ მძლავრ დაგეგმვის ფაზაში ვართ. მეორე ეტაპი უკვე გაზაფხულზე იქნება. ჩვენი სტრატეგია არის გამარჯვება, გამარჯვება და კიდევ ერთხელ გამარჯვება. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე. ეს იქნება ჩვენი მთავარი ამოცანა – ქართველ ხალხთან ერთად დიდი გამარჯვების მოპოვება“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, „გამარჯვების პლატფორმა“ იქნება საერთო ეროვნული, სახალხო დიდი გამარჯვების პროცესი და იქნება პლატფორმა, სადაც ყველას შეუძლია, შემოვიდეს“.

„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ინდივიდი შემოვიდეს. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ჩვენ მათ ვუსურვებთ ასევე კონსოლიდაციას და გულწრფელად, ღიად გეტყვით, ახლა ასე სწრაფად ეს ნაბიჯი გადავდგით იმისთვის, რომ ბიძგი მივცეთ ყველას კონსოლიდაციისკენ. ამიტომ ყველასთვის გზა დაგვილოცია, საერთო დიდ გამარჯვებაში ყველა ერთად ვიქნებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

კითხვაზე, ითანამშრომლებენ თუ არა ნიკა მელიასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ „ნიკა მელიას საკითხი არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საკითხი“.

„მე ჩემს პოზიციას გეტყვით. ვფიქრობ, ნიკა მელიას ნამდვილად შეუძლია, თავისი წვლილი შეიტანოს რუსული საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლებაში. დანარჩენი მასზეა დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ექნება თუ არა კომუნიკაცია მიხეილ სააკაშვილთან და შეთანხმებს თუ არა მასთან გადაწყვეტილებებს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილთან მას აქამდეც ჰქონდა კომუნიკაცია.

„ვაპირებ, გავაგრძელო კომუნიკაცია, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიშას პარტია და მიხეილ სააკაშვილი დღეს არის სიმბოლო დასავლური ცივილიზაციის ბრძოლის რუსულ ტერორისტულ რეჟიმთან და მას აუცილებლად გავათავისუფლებთ“, – განაცხადა ვაშაძემ.

ყირიმში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა

ყირიმში, საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქება მოხდა.

როგორც „ბიბისის“ რუსული სამსახური წერს, აფეთქება უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად განხორციელდა.

ყირიმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი სერგეი აქსიონოვი აცხადებს, რომ „დეტონაციას“ ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც საწყობიდანა მოსული კვამლი ჩანს და აფეთქებების ხმა ისმის.

აქსიონოვმა საწყობიდან ხუთი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება გასცა. ასევე შეჩერდა მოძრაობა ყირიმის რკინიგზაზე.

ამასთან, დღეს უკვე მეორედ ყირიმის ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეწყდა.

https://t.me/holodmedia/11855

“გამარჯვების პლატფორმა” შექმნილია სააკაშვილის გარშემო- ცხადია, ის ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში”-ხაბეიშვილი

„გამარჯვების პლატფორმა“ შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „გამარჯვების პლატფორმის“ თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორობაზე.

„მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს. ჩვენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ამ ხალხის პრობლემებზე ორიენტირება, მოქმედებაში მოყვანა, რათა ეს პრობლემები გადაიჭრას. დანარჩენი ბლა, ბლა, ბლა და სისულელეები, არავის აინტერესებს.

ეს არის „გამარჯვების პლატფორმა“. ჩვენ აუცილებლად დავარწმუნებთ თითოეულ მოქალაქეს, რომ რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად ძალა არის მის ხელში. ამ ქვეყანაში რუსული მთავრობა არ უნდათ და უნდათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. ამაზე ყველა კვლევა საუბრობს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას არცერთ კვლევაში არ აქვს ფატობრივად 90%-ზე ნაკლები“, – განაცხდა ხაბეიშვილმა.

ევროპის ისტორიის ახალი თავი დღეს უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთში იწერება – ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოსა და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში დღეს ევროპის ისტორიის ახალი თავი იწერება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა,  ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ იორკში, მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების ჯილდოს მიღებისას განაცხადა.

„ჩვენი კავშირის ისტორია არის ახალგაზრდა და ძველი დემოკრატიების ისტორია, რომლებიც ერთად ძლიერდებიან. ეს არის გერმანიის და იტალიის ისტორია, რომლებიც ხელახლა დაიბადნენ ომის შემდეგ. ეს არის დიქტატურიდან დემოკრატიამდე ესპანეთის, პორტუგალიის და საბერძნეთის გზის ისტორია. ეს არის დემოკრატიული აღორძინების ისტორია „რკინის ფარდის“ დაცემის შემდეგ. დღეს ამ ისტორიის ახალი თავი იწერება უკრაინაში, მოლოდავაში, საქართველოში და ასევე, დასავლეთ ბალკანეთში. ეს არის ევროპის დაპირება, ერთიანი კონტინენტი, სადაც ყველა თანასწორია კანონის წინაშე, თავისუფლებითა და დემოკრატიით ყველასთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის გვერდით იდგება, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მისი თქმით, უკრაინა არა მხოლოდ თავისი, არამედ ყველა ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის ევროკავშირისკენ მისწრაფებებზეც ისაუბრა.

„უკრაინელებს ევროკავშირში გაწევრიანება სურთ. ეს კი ნიშნავს ღრმა და სტრუქტურულ რეფორმებს დაწყებული სასამართლოს დამოუკიდებლობით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით, უმცირესობების უფლებების დაცვითა და მედიის თავისუფლებით დამთავრებული. უნდა ვთქვა, რომ შესანიშნავია იმის ხილვა, როგორ სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა ამ რეფორმებს, ომის მიუხედავად“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.