Home Blog Page 1663

“მისი განცხადებები ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია” – კალაძე კეზერაშვილზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური და სრულად გასაგები სპეკულაციები უწოდა დავით კეზერაშვილის განცხადებას ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ საკუთარი წილის გადაფორმებასთან დაკავშირებით.

როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა,  კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ ცნობილი BBC -ის გამოძიებამდეც უნდა ყოფილიყო.

„ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს სურვილი, ჩრდილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“  და ასე შემდეგ. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ სანამ BBC  ჩაატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, არ იცოდნენ საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებდნენ, რითი იყო ეს ადამიანი დაკავებული თუ ახლა გაიგეს ამის შესახებ? შესაბამისად, ყველაფერი ცხადია. ამიტომ, ეს პოლიტიკური სპეკულაციები გასაგებია მისი მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 104 პირს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 პირს თბილისის მერმა კახა კალაძემ  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

ღონისძიება დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე გაიმართა, სადაც აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

ობიექტზე თავმოყრილ მოქალაქეებს კახა კალაძემ სიტყვით მიმართა.

„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი უკავშირდება საკითხს, რომელიც 30 წლის განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. ეს იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მახსოვს 2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ამ ადამიანებს, დაახლოებით, 3500 ოჯახზეა საუბარი, დავპირდი, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა. ბევრი ისტორია მოვისმინე აღნიშნულთან დაკავშირდებით, ბევრ ადამიანს მოუწია ემიგრაციაში წასვლა ამის გამო. როდესაც მათ ვუთხარით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, არ სჯეროდათ, რადგან მთავრობები იცვლებოდა, საბოლოოდ კი არავინ დგამდა კონკრეტულ ნაბიჯს. დღეს მეც თქვენსავით ბედნიერი ვარ – მაქვს შესაძლებლობა, 104 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დაბრკოლებებში ხედავენ პრობლემას. ბედნიერი ვარ, რომ მყავს თანაგუნდელები, რომლებიც დაბრკოლებებშიც, პრობლემებშიც ხედავენ გამოსავალს. ჩვენ შევძელით, ერთიანი ძალისხმევით მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული. მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს, ასევე, ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ადამიანების გაბედნიერებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებული ოჯახების დიდი ნაწილის ფართებით დაკმაყოფილების პროცესი სხვადასხვა ეტაპზეა.

„ჩვენ გვყავდა 3 500-მდე ოჯახი. დღეის მდგომარეობით, 2 500 ოჯახი დაკმაყოფილებულია და სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. უფრო დეტალურად კი,  ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი  ფართების მშენებლობა, ამ ეტაპზე, 15 მისამართზე მიმდინარეობს, სადაც 1000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, 26 ობიექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. მშენებლობა დასრულებულია 4 პროექტზე და ფართები გადაეცა 154 ოჯახს. სანებართვო ეტაპზეა  5 პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 650-მდე ოჯახი. ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია 3 პროექტი, გამოვლენილია გამარჯვებული ინვესტორი და, დაახლოებით, 350-მდე ოჯახის პრობლემა გადაიჭრება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დემეტრე თავდადებულის N38-ის მიმდებარედ პროექტს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი“ ახორციელებს. დაზარალებულებს აღნიშნულ ობიექტზე ჯამში 9160 კვ. მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.

თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი წარმოგიდგენთ თბილისის 26-ე ჯაზფესტივალს

9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. თიბისი კონცეპტი  და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს წელსაც მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებს გააცნობენ და ტრადიციულად მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებენ.

ფესტივალს წელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში სასტუმროს მისაღებში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები: ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით – „ჯაზის საათი“, ასევე კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა და კახა თოლორდავას რიგით მეორე ფილმის – „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ პრემიერა.

9 მაისს ჯაზფესტივალის კონცერტების სერიას ლუკა თოფურია და მისი ბენდი გახსნის „ჯაზ ლაბის“ დარბაზში. მოგვიანებით კი „სთარ სთეიჯზე“ JAZZ/TAKES SUPERGROUP-სა და მის ოთხ გამორჩეულ შემსრულებელს – Bill Evans-ს, Niels Lan Doky-ს, Felix Pastorius-სა და Harvey Mason-ს შეხვდებით.

10 მაისის საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ჩეხ შემსრულებლებს – Martin Kratochvil-სა და Jazz Q-ს მოუსმინოთ. მოგვიანებით კი გენიოსად აღიარებულ იტალიელ პიანისტსა და კომპოზიტორს Stefano Bollani-ს, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიაციებს ცნობილი როკ-ოპერიდან „Jesus Christ Superstar“.

11 მაისს, ფესტივალის ბოლო დღეს, „ჯაზ ლაბის” დარბაზში იტალიური ბენდი – Motel Kaiju წარდგება. „სთარ სთეიჯს” კი Stanley Clarke დაიკავებს და სამდღიან ფესტივალს თავისი პერფორმანსით დახურავს.

სამივე დღის განმავლობაში კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება, თუმცა ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათიდან გაიღება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

თიბისის კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისის ვიზა ბარათის მფლობელებზე – 10%-იანი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.

ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში და ჩეხეთის კულტურის ცენტრი.

სპონსორი: ვიზა.

საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთი“,  სარეკლამო სააგენტო „ალმა“.

ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.

” ჩვენ ვშორდებით დასავლეთს და ვუახლოვდებით რუსეთს”- მიხეილ დაუშვილი

ქართული ოცნების“ და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა – ჩვენ ვშორდებით დასავლეთს და ვუახლოვდებით რუსეთს”, -აცხადებს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი  მიხეილ დაუშვილი.

მისი თქმით,  ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშში  გაკეთებული მწვავე განცხადებები საყურადღებოა.

„ბრიტანეთი არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი და მის საკანონმდებლო ორგანოში გაკეთებული განცხადებები მხედველობაშია მისაღები. როგორც „ოცნება“ იქცევა, ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებში ექცევა, ამას აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ”, – განაცხადა დაუშვილმა.

მისივე თქმით, საკმაოდ მძიმე შეფასება გააკეთა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმაც.

„რეალობაა ის, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად ავტოკრატიის გზაზეა. რასაც აკეთებს არ ემსახურება ქვეყნის ევროინტეგრაციის ინტერესებს, ამიტომ მსგავსი შეფასებები გასათვალისწინებელია. თუმცა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს არ მაქვს“, – განაცხადა დაუშვილმა.

“პრეზიდენტი შეეცდება გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია”- მიხეილ სარჯველაძე

პრეზიდენტი შეეცდება გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია, – ასე ეხმაურება   ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე  სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტს.

სარჯველაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის ეს სტრატეგია მის რეპუტაციას „არ ეხმარება“.

„ძნელი სათქმელია, რა იქნება ამ შემთხვევაში მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები. მე პირადად მაქვს მოლოდინი, რომ შეეცდება გაჰყვეს იმ ნარატივს, რომელსაც მიჰყვება საქართველოში ოპოზიცია. მას ეს სტრატეგია და ეს მიდგომები აქვს არჩეული. თუმცა არ მგონია, რომ ეს მის რეპუტაციას ეხმარებოდეს და ქვეყნის ინტერესებს. ნამდვილად არ მგონია, რომ ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგის გაზიარება ქვეყნის ინტერესი იყოს, რადგან ოპოზიციას არჩეული აქვს გეზი, რომ რაც შეიძლება მეტად დააზიანოს ევროინტეგრაცია, ეს არის მათი გეგმა, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ სისხლიანი რევოლუციის სცენარები განვითარდეს,”- განაცხადა სარჯველაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს.

“სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი”- სერგეი შოიგუ

კიევისთვის იარაღის მიწოდება კონფლიქტს ახანგრძლივებს. საბოლოოდ, ისინი ბუმერანგივით ბრუნდება, რაც გავლენას ახდენს სტაბილურობაზე ევროპასა და მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხეების სამხედრო გზით აღმოფხვრის გარდა სხვა გზა არ დაუტოვეს.

“ჩვენი ამოცანები ნათელია და სპეციალური სამხედრო ოპერაცია ბოლომდე იქნება მიყვანილი”, – განაცხადა შოიგუმ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირებას კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით ცდილობენ.

„დღეს ეს დესტრუქციული ხაზი გამოიხატება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების სისტემის რეფორმირების სურვილში კონტროლირებადი რეგიონალური ალიანსების შექმნის გზით. დამოუკიდებელ სახელმწიფოებზე უპრეცედენტო ზეწოლა ხდება, იყენებენ აშკარა შანტაჟს, მუქარას, ფერად რევოლუციებს და სახელმწიფო გადატრიალებას, ვრცელდება უხეში დეზინფორმაცია. ეს ყველაფერი დიდი ხანია დასავლეთის სავიზიტო ბარათია”, – განაცხადა შოიგუმ.

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველი ხალხი უკეთესი ცხოვრებისთვის მზად არ არის”

რასაც აქედან ვაკვირდები, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველი ხალხი უკეთესი ცხოვრებისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი, ოთარ ფანცულაია წერს.

მისი თქმით, ვეღარ დავასრულეთ ერთმანეთის სიძულვილისთვის მიზეზების ძებნა.

“ვეღარ გავაძღეთ პოლიტიკოსები ძალაუფლებით და პრივილეგიებით.. მეტი უნდათ.. ვის დავაბრალოთ? ასეთებს ვირჩევთ, ასეთები გვინდა რომ თავზე გვაჯდნენ, ვინც მეტად გვირტყამს ის მეტად გვიყვარს.. მივეჩვიეთ ასეთ გაუსაძლის გარემოში ცხოვრებას..

ქოცობით და ნაცობით ჩვენს შვილებს დიდი ხნით ვუკარგავთ მომავალს, მაგრამ არაფრის გაგონება არ გვინდა, ისევ იმას ვარჩევთ, თუ ორ ცუდს შორის რომელი უფრო ცუდია…

ქართველი ერი ჰგავს ჩვილ ბავშვს, რომელიც სიარულის დაწყებას აგვიანებს…

ევროპაში ბევრმა არაფერი იცის საქართველოს არსებობის შესახებ, ზოგს რუსები ვგონივართ.. ხოლო ვინც იცის, ისიც მხოლოდ ნეგატიური ნიშნის ამბებს ისმენს საქართველოდან – პოლიტიკური ნიშნით დევნა, დაჭერები, ადამიანის უფლებების დარღვევები, გაუთავებელი აქციები, ხმაური, ზუზუნი, ყაყანი, ომი, რუსული დილემა, ოკუპაცია..
ევროპაში ჩასული ქართველების დიდი ნაწილი მაინცდამაინც საამაყოდ არ იქცევა..

მოკლედ, ცუდ კონტექსტში ვჩანვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაგმატულ ევროპელს იოლად ვერ დაარწმუნებ, თუ რატომ უნდა აიტკივოს თავი ჩვენს გამო…

თუ გვინდა საბოლოოდ რაღაც გვეშველოს და ადამიანის განვითარებისთვის და ცხოვრებისთვის კომფორტული სახელმწიფო შევქმნათ, რამდენიმე პირობის შესრულება აუცილებლად მოგვიწევს:

1. უპირველეს ყოვლისა უნდა დავმშვიდდეთ, ცივი გონებით გადავხედოთ იმ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც მორალურად გვფიტავს და გვანადგურებს, ახლიდან გავაანალიზოთ რეალობა.. ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთისთვის ბრძოლა და ერთიანი დიდი ოჯახის განცდით თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, თუ ერთმანეთის ენა არ გვესმის, სხვას რა გავაგებინოთ?

2. ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ და ქვეყნისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად გამოვიყენოთ საქართველოს გეოპოლიტიკური, სატრანზიტო და სტრატეგიული მნიშვნელობა, მათ შორის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში. რამდენადაც საჭირო და შეუცვლელი ხარ, მით მეტად უღირთ შენთან თანამშრომლობა.

3. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ კაპიტალიზაციის პროცესი და უმოკლეს ხანებში ამოვიდეთ სიღარიბის ჭაობიდან.

4. და ბოლოს…

პოლიტიკური სისტემა იმგვარად უნდა ავაგოთ, რომ ის სრულიად გამორიცხავდეს გარკვეულ პირთა ან ჯგუფის პრივილეგირებას, არავის არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი იმ ზომის ძალაუფლებაზე, რომელსაც ხალხის ნება არ აღემატება. გამოსავალი არის მცირე მთავრობა და რეალური დეცენტრალიზაცია, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუკი ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური თანამდებობა არის ისეთივე რიგითი სამსახური, როგორიც ნებისმიერი სხვა.

მინისტრი, პარლამენტარი, გენერალი, მოსამართლე, პრემიერი, უნდა სარგებლობდნენ ზუსტად იმდენივე უფლებებით, რამდენითაც ნებისმიერი მოქალაქე.

არაფერი რთული და მიუღწეველი ამ ყველაფერში არ არის…

ყველა სხვა მიზანი ამ ოთხი ამოცანის გადაჭრაზეა მიბმული,”- წერს ოთარ ფანცულაია.

თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სერჟანტი გარდაცვლილი იპოვეს

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა სუიციდის ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, გამოძიება დაიწყო.

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სერჟანტი მამუკა მელაძე (1978 წელს დაბადებული) გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს, რომელმაც უწყების ერთ-ერთ ობიექტზე თავი ჩამოიხჩო. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით თვითმკვლელობა სავარაუდოდ ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსთავში 25 წლის ახალგაზრდა გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

რუსთავში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბინაში, სადაც  25 წლამდე მამაკაცი ცხოვრობდა, ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობელიდან დაგროვდა. ახალგაზრდა კაცი ოჯახის წევრების ზარებს არ პასუხობდა, მაშველების გამოძახების შემდეგ კი მათ სახლში ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

პროკურატურამ სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა

საქართველოს პროკურატურამ, სოციალური ქსელებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით ჩადენილი თაღლითური სქემა გამოავლინა და სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სოციალური ქსელითა და კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც გაეცნო გამოგონილი სახელებით, შევიდა მათთან ნდობაში და თითქოსდა აშშ-ში გამგზავრების, ასევე ესტონეთისა და ლიეტუვას რესპუბლიკების სამუშაო ვიზების მიღებაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, დიდი ოდენობით ფულადი თანხები მოსთხოვა.

პარალელურ რეჟიმში ბრალდებულმა მოიძია საქართველოში კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირები, რომლებსაც ყალბი ფეისბუქ-პროფილებით დაუკავშირდა და კრიპტოვალუტის შეძენაზე შეუთანხმდა.

ბრალდებულმა ვითომდა გასაწევი მომსახურების სანაცვლოდ, დაზარალებულებს დიდი ოდენობით ფულადი თანხები მის მიერ წინასწარ მოძიებული კრიპტოვალუტით მოვაჭრე პირების კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინა. სანაცვლოდ კი, ამ უკანასკნელებს ჩარიცხული თანხის შესაბამისი ოდენობის კრიპტოვალუტა მოსთხოვა, რომელიც თავისი კონტროლის ქვეშ არსებულ კრიტპო საფულეებზე გადაიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული გზით, ბრალდებული თაღლითურად დაეუფლა დაზარალებულთა კუთვნილ ათეულობით ათას ლარს.

გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია ბრალდებულის სახელზე ვირტუალური აქტივების სერვის პროვაიდერების პლატფორმებზე გახსნილი საფულეები და მათზე განთავსებული კრიპტოვალუტა.

ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაიწყო. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ყირიმში რუსეთის მთავარი ბაზა დაცარიელდა – CNN

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საკვანძო ბაზა დაცარიელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ახალი სატელიტური სურათები აჩვენებს, რომ რუსულმა ძალებმა დატოვეს ძირითადი ბაზა ჩრდილოეთ ყირიმში. სოფელ მედვედევკას და ხერსონის ოლქის საზღვართან ახლოს მდებარე ობიექტში აქამდე რუსული ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა იყო განთავსებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, სამაგიეროდ, რუსი სამხედროები მარიუპოლის გარშემო ამაგრებენ თავდაცვას.

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი პოლიტიკური შეცდომაა -ხათუნა სამნიძე

არ ვეთანხმები ოპოზიციონერ კოლეგებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ახლა რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის დროა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა კონცენტრაცია უნდა იყოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებაზე.

„მგონია, რომ ახლა მთელი ჩვენი კონცენტრაცია და ენერგია 12 რეკომენდაციის შესრულებაზე უნდა იყოს, იმაზე, რომ ვაიძულოთ „ქართული ოცნება“, შესრულდეს ეს რეკომენდაციები და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ჩემი აზრით, ჩვენი საქმიანობისთვის დამაზიანებელი და არასწორია დღეს საუბარი იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. სტატუსის გამო იქნება თუ ზოგადად, დღეს ოპოზიციის მხრიდან რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი, ამისი მოთხოვნა პოლიტიკური შეცდომაა“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.