“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველი ხალხი უკეთესი ცხოვრებისთვის მზად არ არის”

116
spot_img

რასაც აქედან ვაკვირდები, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ქართველი ხალხი უკეთესი ცხოვრებისთვის მზად არ არის, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი, ოთარ ფანცულაია წერს.

მისი თქმით, ვეღარ დავასრულეთ ერთმანეთის სიძულვილისთვის მიზეზების ძებნა.

“ვეღარ გავაძღეთ პოლიტიკოსები ძალაუფლებით და პრივილეგიებით.. მეტი უნდათ.. ვის დავაბრალოთ? ასეთებს ვირჩევთ, ასეთები გვინდა რომ თავზე გვაჯდნენ, ვინც მეტად გვირტყამს ის მეტად გვიყვარს.. მივეჩვიეთ ასეთ გაუსაძლის გარემოში ცხოვრებას..

ქოცობით და ნაცობით ჩვენს შვილებს დიდი ხნით ვუკარგავთ მომავალს, მაგრამ არაფრის გაგონება არ გვინდა, ისევ იმას ვარჩევთ, თუ ორ ცუდს შორის რომელი უფრო ცუდია…

ქართველი ერი ჰგავს ჩვილ ბავშვს, რომელიც სიარულის დაწყებას აგვიანებს…

ევროპაში ბევრმა არაფერი იცის საქართველოს არსებობის შესახებ, ზოგს რუსები ვგონივართ.. ხოლო ვინც იცის, ისიც მხოლოდ ნეგატიური ნიშნის ამბებს ისმენს საქართველოდან – პოლიტიკური ნიშნით დევნა, დაჭერები, ადამიანის უფლებების დარღვევები, გაუთავებელი აქციები, ხმაური, ზუზუნი, ყაყანი, ომი, რუსული დილემა, ოკუპაცია..
ევროპაში ჩასული ქართველების დიდი ნაწილი მაინცდამაინც საამაყოდ არ იქცევა..

მოკლედ, ცუდ კონტექსტში ვჩანვართ, რაც იმას ნიშნავს, რომ პრაგმატულ ევროპელს იოლად ვერ დაარწმუნებ, თუ რატომ უნდა აიტკივოს თავი ჩვენს გამო…

თუ გვინდა საბოლოოდ რაღაც გვეშველოს და ადამიანის განვითარებისთვის და ცხოვრებისთვის კომფორტული სახელმწიფო შევქმნათ, რამდენიმე პირობის შესრულება აუცილებლად მოგვიწევს:

1. უპირველეს ყოვლისა უნდა დავმშვიდდეთ, ცივი გონებით გადავხედოთ იმ პოლიტიკურ გარემოს, რომელიც მორალურად გვფიტავს და გვანადგურებს, ახლიდან გავაანალიზოთ რეალობა.. ერთმანეთთან საუბარი, ერთმანეთისთვის ბრძოლა და ერთიანი დიდი ოჯახის განცდით თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, თუ ერთმანეთის ენა არ გვესმის, სხვას რა გავაგებინოთ?

2. ბოლომდე უნდა გავაცნობიეროთ და ქვეყნისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად გამოვიყენოთ საქართველოს გეოპოლიტიკური, სატრანზიტო და სტრატეგიული მნიშვნელობა, მათ შორის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში. რამდენადაც საჭირო და შეუცვლელი ხარ, მით მეტად უღირთ შენთან თანამშრომლობა.

3. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ კაპიტალიზაციის პროცესი და უმოკლეს ხანებში ამოვიდეთ სიღარიბის ჭაობიდან.

4. და ბოლოს…

პოლიტიკური სისტემა იმგვარად უნდა ავაგოთ, რომ ის სრულიად გამორიცხავდეს გარკვეულ პირთა ან ჯგუფის პრივილეგირებას, არავის არ უნდა მიუწვდებოდეს ხელი იმ ზომის ძალაუფლებაზე, რომელსაც ხალხის ნება არ აღემატება. გამოსავალი არის მცირე მთავრობა და რეალური დეცენტრალიზაცია, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, თუკი ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური თანამდებობა არის ისეთივე რიგითი სამსახური, როგორიც ნებისმიერი სხვა.

მინისტრი, პარლამენტარი, გენერალი, მოსამართლე, პრემიერი, უნდა სარგებლობდნენ ზუსტად იმდენივე უფლებებით, რამდენითაც ნებისმიერი მოქალაქე.

არაფერი რთული და მიუღწეველი ამ ყველაფერში არ არის…

ყველა სხვა მიზანი ამ ოთხი ამოცანის გადაჭრაზეა მიბმული,”- წერს ოთარ ფანცულაია.