Home Blog Page 1662

აგვისტოს ომის საქმე – სტრასბურგმა რუსეთს საქართველოსთვის 130 მილიონამდე ევროს გადახდა დააკისრა

სტრასბურგის სასამართლოს რუსეთის ფედერაციას წინააღმდეგ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს შესაბამისი კომპენსაციები დააკისრა, რაც 129 827 500 ევროს ოდენობით განისაზღვრა.

სტრასბურგის სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთს 2008 წელს საქართველოში შეჭრის შედეგად მოქალაქეების მიმართ მიყენებული დარღვევებისა და ზარალისთვის საქართველოსთვის კომპენსაცია სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა.

ევროპის სასამართლოს დიდმა პალატამ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს სარჩელის შესახებ სამართლიანი კომპენსაციის ნაწილთან მიმართებაში დამატებითი გადაწყვეტილება მიიღო ევროპული კონვენციის 41-ე მუხლის მიხედვით, რომელიც არ იყო გათვალისწინებული 2021 წლის მთავარი გადაწყვეტილებით. სასამართლოს დადგენილების მიხედვით, მას აქვს იურისდიქცია, განიხილოს საქართველოს მოთხოვნა კომპენსაციის თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროსაბჭოდან 2022 წელს გააძევეს და რუსულმა მხარე არ ითანამშრომლა სასამართლოსთან საკითხის განხილვისას.

სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის 41-ე მუხლი გამოიყენებოდა წინამდებარე საქმეზე სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა მიმართ. ასევე, „ბუფერულ ზონაში“ სახლების გადაწვისა და გაძარცვის ადმინისტრაციული პრაქტიკის, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის ადმინისტრაციული პრაქტიკის და ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების თვითნებური დაკავების მსხვერპლთა მიმართ „სამხრეთ ოსეთის ძალების“ მიერ „სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სარდაფში, ცხინვალში დაახლოებით 2008 წლის 10-27 აგვისტოს პერიოდში. ასევე, 2008 წლის 8-17 აგვისტოს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ დაკავებული ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლთა, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნების აღკვეთის ადმინისტრაციული პრაქტიკისა და მოპასუხე სახელმწიფოს მსხვერპლთა მიმართ, პროცედურულ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ჩაეტარებინა სათანადო და ეფექტური გამოძიება გარდაცვალების ფაქტებზე, რომელიც მოხდა საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში ან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.

სტრასბურგის სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაეხადა მომჩივანი სახელმწიფოს სასარგებლოდ 3 250 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა სულ მცირე 50-მა ადამიანმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ქართულ სოფლებში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის შედეგად „ბუფერულ ზონაში“; ასევე, მოპასუხე მთავრობის მიერ თავისი პროცედურული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ჩაეტარებინა ადეკვატური და ეფექტური გამოძიება ამ მკვლელობებზე. სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხე სახელმწიფოს უნდა გადაეხადა მომჩივანი მთავრობისთვის სამი თვის ვადაში 2 697 500 ევრო არამატერიალური ზიანის გამო, რომელიც განიცადა სულ მცირე 166-მა ადამიანმა, საქართველოს მოქალაქეების არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ადმინისტრაციული პრაქტიკის და თვითნებური დაკავების შედეგად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძალების მიერ ცხინვალში, 2008 წლის 10-27 აგვისტოს პერიოდში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა 640 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, რომელიც განიცადა ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ადმინისტრაციული პრაქტიკის მსხვერპლმა სულ მცირე 16-მა ადამიანმა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს უნდა გადაეხადა მომჩივანი მთავრობისთვის სამი თვის ვადაში 115 000 000 ევრო არამატერიალური ზიანისთვის, სულ მცირე 23 000 ადამიანისთვის სახლში დაბრუნების აღკვეთის ადმინისტრაციული პრაქტიკის საფუძველზე, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე სახელმწიფოს სამი თვის განმავლობაში მოსარჩელე ქვეყნისთვის უნდა გადაეხადა 8 240 000 ევრო მოპასუხე მთავრობის სულ მცირე 412 მსხვერპლისთვის პროცედურულ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ჩაეტარებინა სათანადო და ეფექტური გამოძიება გარდაცვალების ფაქტებზე, რომელიც მოხდა საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში ან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპული კონვენციის 58-ე მუხლის (დენონსაცია) იურისდიქციას ექვემდებარება აღსრულებულიყო გამსაჩივრებელი ქვეყნის, ანუ საქართველოს მოთხოვნა 41-ე მუხლზე, ანუ სამართლიან დაკმაყოფილებაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროპის საბჭო დატოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებულ ცხინვალის ქართულ სოფლებსა და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ.

დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას.

ფოტოგრაფების საქმე- სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

გამამტყუნებელი განაჩენი ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძისა და ნათია გედენიძის მიმართ საბოლოოდ გაუქმდა. ამასთან, პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

წლების წინ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულმა და დღეს უკვე გამართლებულმა ფოტოგრაფებმა, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ   პრესკონფერენცია გამართეს და საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

„ჩვენ შეტანილი გვქონდა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და გუშინ საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურას დაეკისრა წინა რეჟიმის მიერ დარღვეული დანაშაულებებისთვის ჩვენთვის მორალური ზიანის ანაზღაურება. მინდა განვმარტო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელ პროკურატურას უწევს გადაიხადოს ვალები იმისთვის, თუ რა რეჟიმში მუშაობდა მაშინდელი პროკურატურა. განვმარტავ, რომ პროკურატურამ 2016 წელს ხელახალი გამოძიება დაიწყო და ამის შედეგად დადგა ჩვენი გამამართლებელი განაჩენი. ამ მხრივ, ჩვენი რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო და გუშინ სასიხარულო გადაწყვეტილებით დასრულდა. აქ არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ციფრებს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში. ეს არის პირველად, როცა არ არსებობდა არანაირი მექანიზმი, შაბლონი, ქეისი, არანაირი მსგავსი, მორალური ზიანი არ ანაზღაურებულა. მით უმეტეს, ასეთი მუხლით, რომელიც ჩვენ მიმართ იყო წარდგენილი. ძალიან დიდი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის და ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ სამართალი ყოველთვის იზეიმებდა. ეს შედეგი ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს და ამას ხმამაღლა ვაცხადებთ, ყველგან ვიტყვით, რომ სამართალი ყოველთვის იზეიმებს იქ, სადაც ტრიალებს სიმართლე“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდება შეთითხნილი იყო, ჩვენი უდანაშაულობა დავამტკიცეთ, მივიღეთ მორალური და ფინანსური კომპენსაცია, სამართალი ყოველთვის, ყველა შემთხვევაში მოიგებს“, – აცხადებს გიორგი აბდალაძე.

„თითოეული თქვენგანისთვის ცნობილია, რომ ჩვენ ფოტორეპორტიორები ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი საერთაშორისო მედიის სააგენტოებში მუშაობდა. ჩვენ 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადავიღეთ. სასამართლო პროცესების მსვლელობისას დადგინდა, რომ 26 მაისი ის ძირითადი მიზეზი იყო, რის გამოც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვსაჯა, ჯაშუშების იარლიყი მოგვაყენა. უმძიმესი მუხლით გლდანის ციხეში გაგვიშვეს, სადაც ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწამიერად განვიცდიდით წნეხს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც, რა თქმა უნდა, ბრძანების საფუძველზე ჩადიოდნენ. მაშინდელი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი საქმის კურსში იყო და დღემდე არცერთ მათგანს არ ეყო იმის ვაჟკაცობა, ადამიანობა, რომ ეღიარებინათ ეს უკანონო ბრძანება, რაც ჩვენთან მიმართებით გასცეს. მე ხაზგასმით მინდა, ვთქვა: რომ არა ჟურნალისტების მაშინდელი ვაჟკაცობა, გვერდში დგომა, ჩვენი მდგომარეობა ძალზე მძიმე იქნებოდა. ყოველდღიურად ციხის მაშინდელი მმართველი ე.წ „ქილერა“ სულ მაგას გვეუბნებოდა, თქვენ აქედან ცოცხლები ვერ გახვალთო.
გიორგი ბრეგვაძე არის ერთ-ერთი რედაქტორი, რომელმაც ეს ამბავი პირველმა რომ გაიგო, საპროტესტო აქციები დააანონსა. ყველა ის ჟურნალისტი, ვინც ჩვენ უდანაშაულობაში იყო დარწმუნებული, ყოველდღიურად ცდილობდა, გავემხნევებინეთ. დღევანდელი შედეგი თითოეული თქვენგანის იმ სიბოროტეზე გამარჯვებაა, რაც იმ პერიოდში ჩვენს მიმართ ხდებოდა.
ძალზე რთული პერიოდი გავიარეთ. თქვენი, ჟურნალისტების დახმარებით, იმ ცვლილებებით, რომელიც ქვეყანაში მოხდა, დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავამტკიცეთ ჩვენი უდანაშაულობა, მივიღეთ მორალური და ფინანსური კომპენსაცია. ეს პირველი პრეცედენტია მსგავსი არ მახსოვს. იურისტებმაც აღნიშნეს, რომ ეს, ალბათ, ერთ-ერთი სამაგალითო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც შემდგომში სხვა მსგავს, წინა რეჟიმის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე, შეიძლება, ბევრს თავის საქმეში დაეხმაროს.
დღემდე Youtube-ზე უამრავი მტკიცებულებაა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი ჩვენს ბედს უშუალოდ წყვეტდნენ. დღემდე არცერთ მათგანს არც კაცობა, არც ადამიანობა, არც არაფერი გააჩნიათ, რომ ერთი მაინც გამოსულიყო და ფოტოგრაფების საქმეზე თავისი დანაშაული ეღიარებინა. ეს შეთითხნილი ბრალდება იყო, ჩვენი აღიარება, ჩვენება იძულებით მიღებული იყო, ის ოჯახის ლიკვიდაციის დაშინებით, ჩვენი შეურაცხყოფით მიგვაცემინეს.
ჩვენ მოგიგეთ! სამართალი ყოველთვის, ყველა შემთხვევაში მოიგებს. ეს თითოეული ჟურნალისტის, ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ჩვენ ყოველდღიურად გვგულშემატკივრობდა. მათ ბრძოლა იყო გუშინდელი შედეგი. ეს მარტო ჩვენი გამარჯვება არ არის, ეს ქვეყნის გამარჯვებაა“, – განაცხადა აბდალაძემ.

სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის ივლისში დააკავეს. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წელს ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს.

“ნეტა ქალბატონმა გიულიმ თუ იცის, რომ რამდენიც არ უნდა დახარჯოს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს?”

ექსპერტი გია გაბრიჭიძე, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მასალებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის შესახებ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა ლობისტური კამპანიის ნაწილია და შესაბამისად, ლობისტების დაკვეთით მომზადდა.

„აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე მიხეილ სააკაშვილის ლობისტურ კამპანიასთან დაკავშირებული ახალი მასალები გამოქვეყნდა (რა ქნან, ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონი“ ავალდებულებს, თორემ… ) ამ მასალებში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო მედიაში განთავსებული სტატიების უმრავლესობა სააკაშვილის ლობისტური კამპანიის ნაწილია და ის კომპანიების აკერმანისა და გლობალფოინთის მიერ არის მომზადებული.

ასევე, გამოქვეყნდა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ქართული მხარის მიერ 23 იანვარს გაცემული დასკვნის „საპასუხო დასკვნა“ რომელიც ლობისტური კომპანია „აკერმანის“ თანამშრომლების დაკვეთით იყო მომზადებული.

ნეტა ქალბატონმა გიულიმ თუ იცის, რომ რამდენიც არ უნდა დახარჯოს, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იმ ლობისტებში ფულის გადაყრას ჯობია თავის შვილს წესიერი საკვები მიუტანოს“, – წერს გაბრიჭიძე.

https://www.facebook.com/photo/?fbid=6489728701051063&set=a.164780673545929

“რა რიგგარეშე არჩევნები, ხვალ შუალედური არჩევნებია და ოპოზიციას არსად კანდიდატი არ ჰყავს”

„ქართული ოცნების“ წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებით უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე დღეს აქვს.

„რა რიგგარეშე არჩევნები, ხვალ შუალედური არჩევნებია და არსად კანდიდატი არ ჰყავთ. რომელი რიგგარეშე არჩევნები ამ სიტუაციაში ან რისთვის? ოპოზიციასაც კი რაიმე პრაგმატიზმი თუ აქვს, რიგგარეშე არჩევნები თავისთვის არაფერში სჭირდება, უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე დღესაა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დავითულიანს კითხვით მიმართეს, შეეფასებინა ოპოზიციის ნაწილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ბექა დავითულიანის თქმით, ეს მეტყველებს ოპოზიციის სურვილზე, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„მათი მხრიდან ეს მეტყველებს სურვილზე, რომ ამ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ. იმედი მაქვს, ყველაფერი პირიქით მოხდება“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

“ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდებზე გამოქვეყნებაც არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ნაცსექტა დასპონსორებულ პუბლიკაციებს აქვეყნებს”

„აშშ-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი FARA, რომლის საქართველოში მიღებას აგენტოკრატია გააფთრებით ეწინააღმდეგება, სააკაშვილის მორიგ ლობისტურ საქმიანობაზე გვამცნობს,“ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ოფიციალური ლობიზმი იგივეა, რაც დაკანონებული პოლიტიკური კორუფცია, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, გარე აქტორების ღია ჩარევით, ეს თურმე რუსული აქტივობაა. თუმცა, დესტრუქციულთა მანკიერებები კანონის მიუღებლადაც ცნობილია საქართველოს ფართო საზოგადოებისთვის.

„აშშ-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი FARA, რომლის საქართველოში მიღებას აგენტოკრატია გააფთრებით ეწინააღმდეგება, სააკაშვილის მორიგ ლობისტურ საქმიანობაზე გვამცნობს. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდებზე გამოქვეყნებაც არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ნაცსექტა დასპონსორებულ პუბლიკაციებს აქვეყნებს უცხოურ მედიაში. ოფიციალური ლობიზმი იგივეა, რაც დაკანონებული პოლიტიკური კორუფცია, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, გარე აქტორების ღია ჩარევით, ეს თურმე რუსული აქტივობაა. თუმცა, დესტრუქციულთა მანკიერებები კანონის მიუღებლადაც ცნობილია საქართველოს ფართო საზოგადოებისთვის,“ – წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

“სამი კაცი იყო დარბაზში, დავთვალე – ძალიან მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს”- კალაძე

ლორდთა პალატა საოცრება იყო, დარბაზში სამი კაცი იყო. ვისმენდით განცხადებებს, რომ 2012 წლამდე საქართველოში არსებობდა დემოკრატიის შუქურა, ახლა გარკვეული პრობლემა არის ამ მიმართულებით, თუმცა, რეალურად, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვით მიმართეს ბრიტანელი დეპუტატის, ადამ ჰოლოვეის ლორდთა პალატაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ პროპუტინისტური, პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს რისკის წინაშე აყენებს, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს, მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებსა და პროგრესს ქართველი ხალხი ხედავს და რეფორმები კვლავაც გაგრძელდება.

„ლორდთა პალატა საოცრება იყო, „გადავსებული დარბაზი“ და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. დავთვალე და დარბაზში სამი კაცი იყო, თუმცა ეს ყველაფერი გასაგებია. რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. ვისმენდით მათ განცხადებებს, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა არის გარკვეული პრობლემა ამ მიმართულებით, თუმცა, რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს და ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები რას გრძნობენ საკუთარ თავზე. ძალიან მარტივია, გავაკეთოთ შედარება – რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს, რა ვითარება გვაქვს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, მიღწევები და, რა თქმა უნდა, ეს გზა მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ურთულეს გზაზე განსახორციელებელი რეფორმების თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ გზაზე სიარულს გააგრძელებს და ამ მიმართულებით ყველაფერს გააკეთებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ერთია, ვიღაც რას ამბობს საქართველოზე და მეორეა რეალობა, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე. 2012 წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის წყალგამყოფი – რა ხდებოდა, რა ვითარება იყო ამ წლების განმავლობაში, როდესაც სისხლიანი რეჟიმი მართავდა ქვეყანას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და რა ხდება 2012 წლის შემდეგ, რა მიღწევები გვაქვს, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული. შეხედეთ, დაელაპარაკეთ საზოგადოებას, ჰკითხეთ ხალხს, როგორ გრძნობენ თავს, მაშინ რა იყო, დღეს რა არის. შედარების გაკეთება ძალიან მარტივია. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, გავაგრძელებთ იმ გზაზე სიარულს, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული ამ რთულ გზაზე“, – აღნიშნა კალაძემ.

“სააკაშვილის “ქეისი”, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთვის დაგეგმილი იყო ე.წ მეგობრების ხელით” – კახა კალაძე

სააკაშვილის ქეისი, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთვის, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ მეგობრების ხელით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. მეგობრებმა სააკაშვილის თემა შემოიტანეს იმისთვის, რომ სურდათ საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, თუმცა ამის შესაძლებლობა ქვეყანაში მომუშავე შესაბამისმა უწყებებმა არ მისცა.

„ეს დაგეგმილი იყო იმიტომ, რომ მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე. პირველივე დღიდან, როგორც კი მოხდა სააკაშვილის დაპატიმრება, მაშინვე ჩაირთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს შესაბამისი, რაც უნდა ჰქონდეს პატიმარს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში მას ხელს უწყობენ, პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები და მისი პოლიტიკური პარტია“,- განაცხადა კალაძემ.

სენატორი ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ – მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სენატორი ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ.

სარჯველაძის თქმით, დღეს საქართველო ისეთი დემოკრატიულია, როგორც არასდროს.

„საჭიროა გაკეთებული შეფასებების ახსნა, რომლებსაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. დღეს საქართველო, ისე, როგორც არასდროს, დემოკრატიულია, ეს შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა. გაცილებით მეტი აქვს თავისუფლების ხარისხი, ვიდრე ეს ოდესმე შეიძლება, ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, ეს შეფასება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სენატორს თუ სურვილი ექნება, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

„ჩემი აზრით, ეს აიხსნება იმით, რომ არ არის სწორად ან სრულად ინფორმირებული. ცხადია, არ მაქვს საფუძველი, გამოვთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეგნებულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აქედან გამომდინარე, სხვა ახსნა არ მექნება, თუ მას სურვილი და ინტერესი ექნება, ჩვენს ინტერესში ნამდვილად არის, რომ მეტი ვუამბოთ ჩვენ შესახებ, რა ვითარებაა საქართველოში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“ჩვენი მოლოდინია, რომ შევძლებთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული”

„ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენცია ეკონომიკური ზრდის კუთხით გაგრძელდება მომავალ თვეებში და ჩვენ შევძლებთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ”, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები.

„საქსტატის” ინფორმაციით, 2023 წლის მარტში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენცია და 7.3% შეადგინა, რაც აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის მარტშიც მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.2%-ს გაუტოლდა. ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტისა და დასაწყობებისა და ვაჭრობის სექტორებმა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციებიც. „მარტში ექსპორტის დაახლოებით 33-პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ხოლო ტურიზმის შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ველოდებით”, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

“საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 8.5 -10 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი” – გიორგი ცუცქირიძე

2023 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური შიდა პროდუქტის ზრდამ 7,3 % შეადგინა და როგორც მოსალოდნელი იყო, უფრო მაღალია ვიდრე თებერვლის ზრდის 5,8 % მაჩვენებელი იყო, ეს აისახა მარტში ექსპორტის ზრდის 34 %-იან, ხოლო პირველ კვარტალში 22 %-იან ზრდის დინამიკაშიც, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში  წერს.

“იანვარ-მარტის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.2%-ს გაუტოლდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდის მოცემული მაჩვენებელი ისედაც მოსალოდნელი იყო, ბოლო ორი წლის ორნიშნა ზრდის ბაზისური ეფექტიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში სარეკორდო 18 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, ისევე, როგორც თებერვალში მაღალი 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ხოლო მარტში 10.6 %, საშუალო მაჩვენებელიც მაღალი 14.4 % იყო და შესაბამისად, საბაზო ეფექტიც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი კვარტლის ზრდის დინამიკა აღემატება იგივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზს, რაც როგორც წესი, უფრო კონსერვანტულია (მაგალითისათვის, თუნდაც 2 წელიწადში მათივე 4-5 პროცენტიანი ზრდის პროგნოზები აშკარად ჩამორჩებოდა ეკონომიკის რეალური ორნიშნა ზრდის მაჩვენებლებს).

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 102%- ით, ანუ ორჯერ გადააჭარბა (401.7 მლნ. აშშ. დოლარით) და 795.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 პროცენტით გადააჭარბა.

2023 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები როგორც რუსეთიდან (გაიზარდა 198.7 მლნ. აშშ. დოლარით, 293.4%-ით და 266.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ასევე თურქეთიდან (გაიზარდა 55.5 მლნ. აშშ. დოლარით, 136.1%-ით და 96.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ევროკავშირიდან (გაიზარდა 28.8 მლნ. აშშ. დოლარით, 64.7%-ით და 73.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და ისრაელიდან (გაიზარდა 25.7 მლნ. აშშ. დოლარით, 73.2%-ით და 60.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ზოგადად კი, გლობალური შოკების და გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელების პირობებში, რაც ნავთობზე ფასების ვარდნაში არის ასახული, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ყველა საპროგნოზო მაჩვენებლით წლის მეორე ნახევარში ზრდის დონე, ბაზისური ეფექტის შემცირებასთან ერთად, შედარებით მაღალი იქნება და საშუალო წლიური ზრდა 8.5 -10 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ამას ადასტურებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებები. საქართველოს ეკონომიკა, სსფ-ის კონსერვატორული პროგნოზითაც კი ამერიკულ დოლარში 41 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რითაც გაუთანაბრდება ისლანდიის ეკონომიკის მთლიან მოცულობას, იქამდე კი 2027 წლიდან 600 მილიონი დოლარით გადააჭარბებს კვიპროსის ეკონომიკას (ეს სხვაობა 2028 წლიდან უკვე 1 მილიარდ 900 მილიონი დოლარი გახდება)”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

„მთელი მსოფლიო გაკვირდებათ! ემანდ ფეხი არ დაგიცდეთ არჩევნებზე“ – ხაინდრავა ჯინ შაჰინს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიისაკენ მზარდად მიდის.

„საქართველოს მთავრობა მიდის ავტოკრატიისკენ – სენატორი ჯინ შაჰინი – აშშ მოახლოებულ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება. აშშ საით მიდის და პრეზიდენტი საით, რომ მიგეხედათ, უკეთესი იქნებოდა მისს შახინ. მთელი მსოფლიო გაკვირდებათ! ემანდ ფეხი არ დაგიცდეთ არჩევნებზე“, – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.

“ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციის კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი”

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლების დასამარცხებლად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია.

როგორც მან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანების კარგი მაგალითი მარტში განვითარებული მოვლენების დროს აჩვენეს.

“მგონია, რომ კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი, როცა ასეთი ტიპის რეჟიმს ებრძვი იმიტომ, რომ რესურსები არის მწირი, ყველას უჭირს, არავის ფული არ აქვს, მათ შორის კოორდინაცია, თუნდაც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რაიმე წარმატების ფორმულა ვაჩვენეთ ჯამში ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ეს იყო მარტის დასაწყისში განვითარებული მოვლენები, როცა კონსოლიდირებული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი სამოქალაქო სექტორი და ჯამში, მთელი საზოგადოება. ამაზე უკეთესი წარმატების ფორმულა ჯერჯერობით არ დაგვიდია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მან საქართველოში ევროპელი დიპლომატების ვიზიტებიც შეაფასა და განმარტა, რომ ქვეყანა ყურადღების ქვეშაა.

“ყურადღების ქვეშ ვართ და დასავლეთს ეს ქვეყანა მიტოვებული არ ჰყავს, მაგრამ იმის იმედი, რომ ამის გამო “ქართული ოცნების” პოლიტიკა შეიცვლება, ეს არის ილუზია, არ შეიცვლება. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე შეიცვლება პოლიტიკა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.