ფოტოგრაფების საქმე- სასამართლომ პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

157
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გაშუქებასთან დაკავშირებით ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე საქართველოს პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

გამამტყუნებელი განაჩენი ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძისა და ნათია გედენიძის მიმართ საბოლოოდ გაუქმდა. ამასთან, პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

წლების წინ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულმა და დღეს უკვე გამართლებულმა ფოტოგრაფებმა, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ   პრესკონფერენცია გამართეს და საქმის დეტალებზე ისაუბრეს.

„ჩვენ შეტანილი გვქონდა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე და გუშინ საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს პროკურატურას დაეკისრა წინა რეჟიმის მიერ დარღვეული დანაშაულებებისთვის ჩვენთვის მორალური ზიანის ანაზღაურება. მინდა განვმარტო, რომ სამწუხაროდ, დღევანდელ პროკურატურას უწევს გადაიხადოს ვალები იმისთვის, თუ რა რეჟიმში მუშაობდა მაშინდელი პროკურატურა. განვმარტავ, რომ პროკურატურამ 2016 წელს ხელახალი გამოძიება დაიწყო და ამის შედეგად დადგა ჩვენი გამამართლებელი განაჩენი. ამ მხრივ, ჩვენი რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2016 წლიდან დაიწყო და გუშინ სასიხარულო გადაწყვეტილებით დასრულდა. აქ არ აქვს მნიშვნელობა კონკრეტულ ციფრებს, მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეს არის პირველი პრეცედენტი საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში. ეს არის პირველად, როცა არ არსებობდა არანაირი მექანიზმი, შაბლონი, ქეისი, არანაირი მსგავსი, მორალური ზიანი არ ანაზღაურებულა. მით უმეტეს, ასეთი მუხლით, რომელიც ჩვენ მიმართ იყო წარდგენილი. ძალიან დიდი მადლობა ამ გადაწყვეტილებისთვის და ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ სამართალი ყოველთვის იზეიმებდა. ეს შედეგი ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს და ამას ხმამაღლა ვაცხადებთ, ყველგან ვიტყვით, რომ სამართალი ყოველთვის იზეიმებს იქ, სადაც ტრიალებს სიმართლე“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდება შეთითხნილი იყო, ჩვენი უდანაშაულობა დავამტკიცეთ, მივიღეთ მორალური და ფინანსური კომპენსაცია, სამართალი ყოველთვის, ყველა შემთხვევაში მოიგებს“, – აცხადებს გიორგი აბდალაძე.

„თითოეული თქვენგანისთვის ცნობილია, რომ ჩვენ ფოტორეპორტიორები ვართ. ზოგიერთი ჩვენგანი საერთაშორისო მედიის სააგენტოებში მუშაობდა. ჩვენ 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადავიღეთ. სასამართლო პროცესების მსვლელობისას დადგინდა, რომ 26 მაისი ის ძირითადი მიზეზი იყო, რის გამოც ჩვენ წინა ხელისუფლებამ დაგვსაჯა, ჯაშუშების იარლიყი მოგვაყენა. უმძიმესი მუხლით გლდანის ციხეში გაგვიშვეს, სადაც ჩვენ ყოველდღიურად, ყოველწამიერად განვიცდიდით წნეხს, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რასაც, რა თქმა უნდა, ბრძანების საფუძველზე ჩადიოდნენ. მაშინდელი ხელისუფლების ყველა მაღალჩინოსანი საქმის კურსში იყო და დღემდე არცერთ მათგანს არ ეყო იმის ვაჟკაცობა, ადამიანობა, რომ ეღიარებინათ ეს უკანონო ბრძანება, რაც ჩვენთან მიმართებით გასცეს. მე ხაზგასმით მინდა, ვთქვა: რომ არა ჟურნალისტების მაშინდელი ვაჟკაცობა, გვერდში დგომა, ჩვენი მდგომარეობა ძალზე მძიმე იქნებოდა. ყოველდღიურად ციხის მაშინდელი მმართველი ე.წ „ქილერა“ სულ მაგას გვეუბნებოდა, თქვენ აქედან ცოცხლები ვერ გახვალთო.
გიორგი ბრეგვაძე არის ერთ-ერთი რედაქტორი, რომელმაც ეს ამბავი პირველმა რომ გაიგო, საპროტესტო აქციები დააანონსა. ყველა ის ჟურნალისტი, ვინც ჩვენ უდანაშაულობაში იყო დარწმუნებული, ყოველდღიურად ცდილობდა, გავემხნევებინეთ. დღევანდელი შედეგი თითოეული თქვენგანის იმ სიბოროტეზე გამარჯვებაა, რაც იმ პერიოდში ჩვენს მიმართ ხდებოდა.
ძალზე რთული პერიოდი გავიარეთ. თქვენი, ჟურნალისტების დახმარებით, იმ ცვლილებებით, რომელიც ქვეყანაში მოხდა, დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ დავამტკიცეთ ჩვენი უდანაშაულობა, მივიღეთ მორალური და ფინანსური კომპენსაცია. ეს პირველი პრეცედენტია მსგავსი არ მახსოვს. იურისტებმაც აღნიშნეს, რომ ეს, ალბათ, ერთ-ერთი სამაგალითო გადაწყვეტილება იქნება, რომელიც შემდგომში სხვა მსგავს, წინა რეჟიმის პერიოდში ჩადენილ დანაშაულებზე, შეიძლება, ბევრს თავის საქმეში დაეხმაროს.
დღემდე Youtube-ზე უამრავი მტკიცებულებაა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ადეიშვილი ჩვენს ბედს უშუალოდ წყვეტდნენ. დღემდე არცერთ მათგანს არც კაცობა, არც ადამიანობა, არც არაფერი გააჩნიათ, რომ ერთი მაინც გამოსულიყო და ფოტოგრაფების საქმეზე თავისი დანაშაული ეღიარებინა. ეს შეთითხნილი ბრალდება იყო, ჩვენი აღიარება, ჩვენება იძულებით მიღებული იყო, ის ოჯახის ლიკვიდაციის დაშინებით, ჩვენი შეურაცხყოფით მიგვაცემინეს.
ჩვენ მოგიგეთ! სამართალი ყოველთვის, ყველა შემთხვევაში მოიგებს. ეს თითოეული ჟურნალისტის, ყველა იმ ადამიანის დამსახურებაა, ვინც ჩვენ ყოველდღიურად გვგულშემატკივრობდა. მათ ბრძოლა იყო გუშინდელი შედეგი. ეს მარტო ჩვენი გამარჯვება არ არის, ეს ქვეყნის გამარჯვებაა“, – განაცხადა აბდალაძემ.

სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის ივლისში დააკავეს. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2018 წელს ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით დამნაშავედ ცნეს.