Home Blog Page 1662

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

 

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდმა წარადგინა ანგარიში „დიასპორისა და კავკასიის საკითხები  რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საქმიანობაში“.

ფონდის გენერალურმა დირექტორმა,  პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით განხორციელებული სამუშაო  და სამომავლო გეგმები,  ისაუბრა უცხოეთში მოღვაწე  ქართველი მკვლევარების ჩართულობით მიმდინარე სამეცნიერო პროექტებსა და კავკასიოლოგიის მიმართულების კვლევებზე.  ფონდის გენერალურმა დირექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 2018 წლიდან უცხოეთის მოქალაქეებსა  და ორმაგი მოქალაქეობის მქონე თანამემამულეებს შეუძლიათ იყვნენ ფონდის საგრანტო კონკურსების ბენეფიციარები, როგორც გამორჩეული მეცნიერების, ასევე სხვა კონკურსების ფარგლებში.

ერეკლე ასტახიშვილმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერით დაგეგმილ პროექტზე საქართველოს კვლევებისა და განვითარების ეფექტიანობის შეფასების მექანიზმების შესახებ. აღნიშნულმა პროექტმა,  გრძელვადიან პერსპექტივაში,  ქართული მეცნიერების განვითარებას, მსოფლიოს სამეცნიერო სივრცეში  გლობალური  ინოვაციის მიმართულებით  საქართველოს უკეთ  წარმოჩენას  უნდა შეუწყოს ხელი. მან   ასევე ისაუბრა ცოდნის ტრანსფერის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი ახალი  კონკურსის – „ინოვაციის ვაუჩერის“ შესახებ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა:  „ჩვენ გვინდა,  გამოვიყენოთ თქვენი რესურსები იმისათვის, რომ დიასპორასთან ურთიერთობისა და კავშირების გამყარება, რაც  კონსტიტუციითა გათვალისწინებული, მოხდეს  ჯეროვნად“.  მან  ასევე გამოთქვა  სურვილი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რუსთაველის ფონდისა და კომიტეტის თანამშრომლობით ხელი შეეწყოს დიასპორის საკითხების კვლევებსა და პოპულარიზაციას, განსაკუთრებით,  დიასპორის როლის მნიშვნელობას,  როგორც წარსულში, ასევე,  თანამედროვეობაში მომავალი პერსპექტივების ჭრილში.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა  კითხვა-პასუხით  დასრულდა.

29 პრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 აპრილისთვის 

ვერძი

სამთავრობო უწყებებთან და ოფიციალურ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. უმჯობესია მეტი დრო დაუთმოთ პირად საქმეებს, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობას. ადამიანი, რომელსაც ამ დღეს გაიცნობთ, მომავალში შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ.

კურო

დროა, საკუთარ თავზე, გარეგნობაზე და ჯანმრთელობის პრევენციაზე ზრუნვა დაიწყოთ. ეცადეთ სილამაზის სალონში ვიზიტის დრო გამონახოთ, მასაჟი გაიკეთოთ ან ვარცხნილობა შეიცვალოთ. მჭრელ საგნებთან შეხებისას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დაიმახსოვრეთ სიზმარი, რომელსაც ამ ღამით ნახავთ – ის შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს.

ტყუპები

გადაწყვეტილება, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, თქვენს ცხოვრებასა და სამსახურზე აისახება. გირჩევთ მეტი პრინციპულობა გამოიჩინოთ და საკუთარი შეხედულებები ნებისმიერ ფასად დაიცვათ, თუმცა ოპონენტის სიმართლის აღიარებაც უნდა შეძლოთ. სიჯიუტე და პრინციპულობა ერთი და იგივე არაა.

კირჩხიბი

ამ დღეს მხოლოდ ის საქმე უნდა აკეთოთ, რომელიც ნამდვილად გაინტერესებთ. ასევე შეგიძლიათ რაღაც ახალი ისწავლოთ ან თემატურ მასტერკლასს დაესწროთ. ნუ თანამოსაუბრეზე არ გეთანხმებათ, მოთმინება გამოიჩინეთ და მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ.

ლომი

ენერგიულობა ოპტიმიზმი მთელი დღის მანძილზე გაგყვებათ. მოქმედება და საკუთარი იდეების განხორციელება გსურთ, მაგრამ გრძნობთ, რომ ახლა ამისთვის ახლობელი ადამიანების დახმარება და საჭირო რესურსი არ არსებობს. ეცადეთ გონივრულად და აუჩქარებლად იმოქმედოთ.

ქალწული

ამ დღეს გარშემო მყოფებთან პირად თემებზე, გულწრფელ საუბარს უნდა მოერიდოთ – შეიძლება ეს ვიღაცას არ მოეწონოს. გამოიჩინეთ თავშეკავება და თანამოსაუბრეს საშუალება მიეცით საკუთარი აზრი ჰქონდეს. ამ დღეს ყველაზე მეტად ადამიანების მოსმენის უნარი გამოგადგებათ. ეცადეთ მთელი დღე თანამოაზრეების გარემოცვაში გაატაროთ.

სასწორი

თუ სხვა ადამიანების მოსმენას და მათი გადაწყვეტილებების პატივისცემას ისწავლით, წარმატებას მიაღწევთ. ნუ ცდილობთ, რომ ყველგან და ყოველთვის მართალი იყოთ, მიმდინარე მოვლენები ობიექტურად შეაფასეთ და ნუ შეგეშინდებათ თქვენი შეცდომების აღიარების. ეცადეთ მიზნისკენ მშვიდად და თანმიმდევრულად იაროთ.

მორიელი

ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ გაუმხელთ მათ პირად ან კონფიდენციალურ ინფორმაციას. ნუ ეცდებით, რომ წარმატებას ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ, თორემ უამრავ პრობლემას შეიქმნით. არაფორმალური ურთიერთობები სასარგებლო იქნება და პროფესიულ საქმიანობაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ახალი საქმის დაწყებას ან საქმიან წინადადებაზე დათანხმებას უნდა მოერიდოთ – ამის დრო ჯერ არ დამდგარა. სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებისთვისაც არახელსაყრელი დროა – მოსალოდნელია ტყუილი, იმედგაცრუება ან სამწუხარო გარემოებები. ეცადეთ საკუთარ თავს და საჭიროებებს მეტი დრო დაუთმოთ.

თხის რქა

გირჩევთ პირად ურთიერთობებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. მიეცით პარტნიორს მეტი თავისუფლება – ამით თქვენი გრძნობები მხოლოდ გაძლიერდება. ეს დღე შესაფერისია სულიერი განვითარებისა და მედიტაციისთვის. მარტოხელა თხის რქა შეიძლება მსგავსი ინტერესების მქონე ოცნების ადამიანს შეხვდეს.

მერწყული

შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს ხელსაყრელი დღე ელით. რთულ ამოცანას თანამოაზრეების გუნდთან ერთად უკეთ გაუმკლავდებით. თუ რომელიმე საჯარო ორგანიზაციასთან დაკავშირებას გეგმავთ, გირჩევთ ეს შუამავლების დახმარებით გააკეთოთ. დროა, მასშტაბური პროექტების დაწყებაზე იფიქროთ.

თევზები

ამ დღეს მოულოდნელი ფინანსური შემოსავლები, მემკვიდრეობის ან დივიდენდების მიღება გელით. თუ მნიშვნელოვან შენაძენს გეგმავთ, ეს ყველაზე შესაფერისი დროა. პროფესიულ სფეროში განვითარება და კარიერული წინსვლა გელოდებათ.

საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება

დღეს, 29 აპრილს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში პარლამენტის, საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები იმართება.

საქართველოს პარლამენტის 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები არიან: ბესიკ წულეისკირი, პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველო“; გიორგი ხახუბია, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

საკრებულოს 2023 წლის 29 აპრილის შუალედური არჩევნებისთვის წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები არიან: გურჯაანის ოლქში – ზურაბ მუხულიშვილი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; თიანეთის ოლქში – იოსებ მათურელი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ახალციხის ოლქში – როინ ნებაძე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ტყიბულის ოლქში – გიორგი კერესელიძე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ტყიბულის ოლქში – გიორგი გაგოშიძე, საინიციატივო ჯგუფი – თენგიზ თევზაძე, ნელი ქარელი-კახიძე, ნანა ბახუტაშვილი, სოფიო სოფრომაძე, პაატა ყელაურაძე, ზაზა ჭანტურიძე; ქუთაისის ოლქში – მიხეილ გიორგაძე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

მუნიციპალიტეტების მერების 2023 წლის 29 აპრილის რიგგარეშე არჩევნებისთვის წარდგენილი მერობის კანდიდატები არიან: ცაგერის ოლქში – ლევან ზალკალიანი, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, თერჯოლის ოლქში – მანუჩარ რობაქიძე, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

საარჩევნო პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

რა კავშირი აქვს კელი დეგნანს ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობასთან

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N23-ში მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობის საკითხზე საყოფაცხოვრებო შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც დაესწრო.

არსებული ინფორმაციით, ქართველი ბიზნესმენი ვასილ ცოტაძე აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობას ითხოვდა, ადგილობრივი მოსახლეობა კი ამის წინააღმდეგი იყო. უარის მიღების შემდეგ ცოტაძემ დახმარებისათვის ამერიკის ელჩს მიმართა. ბიზნესმენი კელი დეგნანთან კომუნიკაციას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ აშშ-ის დიპლომატიურ სამსახურს მართლაც დაუკავშირდა იმ ძველი ნაცნობობის გამო, რომელიც მის მეუღლეს ამერიკელ დიპლომატებთან აკავშირებს.

ცოტაძესა და მოსახლეობას შორის შეხვედრა ცოტახნის წინ დასრულდა. საჯარო უარყოფის მიუხედავად, ფაქტია, რომ პარკინგის თემაზე გამართულ საყოფაცხოვრებო შეხვედრას კელი დეგნანიც ესწრებოდა.

„ჩემი ცოლი ამერიკელია, მისი მშობლები დიპლომატები იყვნენ და თითქმის ყველა ელჩთან მეგობრობდნენ. მერიაში ძალიან ბევრი ხალხი დამეხმარა, რომ ჩემი სისწორე ამეხსნა. საელჩოც, სავაჭრო პალატაც“, – აცხადებს ვასილ ცოტაძე.

„ამ შენობისადმი არსებობს ამერიკული ინტერესი. ჩვენ, როგორც საელჩო, ყოველთვის ვცდილობთ, მხარი დავუჭიროთ ამერიკელ ინვესტორებს საქართველოს განვითარებაში. საინტერესო იყო მეზობლების აზრის მოსმენა ავტოსადგომის სივრცის ნაკლებობის თაობაზე. ამიტომ კარგია, რომ ხალხს მიეცა შესაძლებლობა, დაესვათ შეკითხვები და მოესმინათ პასუხები“, – ამბობს კელი დეგნანი.

“2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით” -მიხეილ სააკაშვილი

2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„2008 წლის ომში ბოლომდე გავმართლდით და ვიპოვეთ სამართლიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.

ჩვენ მაშინ გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა და მე ვამბობდი, რომ სრულად აღვადგენდი სამართლიანობასაც. ახლა ვამბობ, რომ საქართველო ისევე, როგორც უკრაინა, 1991 წლის საზღვრებში განახლდება.

ეს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენი გმირების დამსახურებაა. მათ რომ მაშინ სახელმწიფოებრიობა არ შეენარჩუნებინათ, ევროპელი ლიდერები რომ არ ჩამოსულიყვნენ, ამერიკას მე-6 ფლოტი რომ არ გამოეგზავნა, ჩივილითაც კი არავინ იჩივლებდა. ჩვენ კი მთელი მსოფლიო ფეხზე დავაყენეთ.

ჩვენ უახლოეს თვეებში, წლებში და ათწლეულებში ბევრად მეტად დაგვჭირდება დასავლეთში ინტეგრაცია.

თუმცა, რაც მთავარია, ქართველებს მინიმალური ერთობა გვჭირდება!“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დარღვევებისა და მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დააკისრა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო, მარტვილის მუნიციპალიტეტში ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე გამოსცა.

კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან ათი კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, 2-3 კილომეტრის რადიუსით ჩატარდება ცხოველების ვაქცინაცია. აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც.

მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია. განკარგულების შესაბამისად, ადამიანები, რომლებიც ცხოველის მიერ დაკბენილი ან დადორბლილი იყვნენ, აყვანილ იქნენ ანტირაბიულ (პრევენციულ) კონტროლზე. კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირებისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ.

24 აპრილს მარტვილში მიუსაფარმა ძაღლმა 10 ადამიანი დაკბინა. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული (ანტირაბიული) მკურნალობა.

ძაღლი, დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცხოველის ცოფით დაავადება დადასტურდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდან  ვეტერინარული ღონისძიებები დაიწყეს.

“მორიგი გარდამტეხი გამარჯვება – “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება 2008 წლის ომის სარჩელზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„მორიგი გარდამტეხი გამარჯვება – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. საერთაშორისო სამართალმა საქართველოს სიმართლე კიდევ ერთხელ დაადასტურა. სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს!“, – წერს ზურაბიშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს საფრანგეთის ძლიერ და ქმედით მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მიმართულებით გაწეულ უდიდეს ძალისხმევას. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.

განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა და ამ მიმართულებით აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აგრძელებს ევროპული ღირებულებებისა და ინტერესების ხელშეწყობას, ასევე კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. აღინიშნა საფრანგეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოსთვის მიმდინარე წელს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, კონტინენტური ევროპის დირექტორი ფრედერიკ მონდოლონი, მინისტრის კაბინეტის მრჩეველი ადრიენ ფრიერი, ელჩი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ბრის როკფეი და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რიშარ რეკენა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

” საქართველოს ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია”-კატრინ კოლონა

მინისტრმა მითხრა, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეს გვიძლიერებს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები, – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რუსულმა აგრესიამ უკრაინაში ბევრი რამ შეიცვალა პარადოქსულად, მათ შორის, პარადოქსულად დადებითი გავლენა იქონია ევროკავშირის სურვილზე, რომ წინ წასულიყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მითხრა, რომ მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს გვიძლიერებს სურვილს, რომ დაგეხმაროთ, გახდეთ ევროპელები. ევროპული ოცნება უნდა გახდეს რეალობა, ამისთვის კი უნდა დავეყრდნოთ ყველა ძალას, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.

ძაღლს, რომელმაც მარტვილში 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ძაღლს, რომელმაც მარტვილში, სხვადასხვა ლოკაციაზე 22 ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა.

ძაღლი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიამ დაკვირვებისთვის ოზურგეთის თავშესაფარში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ძაღლი გუშინ გარდაიცვალა.

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, როზა ჯანაშიას ინფორმაციით, დაზარალებულ მოქალაქეებს პრევენციის მიზნით ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ.

მისივე თქმით, 22 ადამიანიდან ორი პირი უარს აცხადებს მკურნალობაზე.

“ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”-გონჩარენკო

PACE-ში ხმის მიცემისას საქართველოს მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს.

“საქართველოს მმართველმა პარტიამ თავისი ხალხის ოცნებებს პუტინის ოცნება აირჩია. PACE-ში ხმის მიცემისას საქართველოს მმართველი პარტიის არც ერთმა წარმომადგენელმა არ დაგმო პუტინისა და ლუკაშენკოს გამოსვლები.

დროა, მსოფლიომ გაიღვიძოს და დაინახოს ვის ემსახურებიან. ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების დროა”, – წერს გონჩარენკო.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა. ასამბლეამ რეზოლუცია 87 ხმით ერთის წინააღმდეგ სტრასბურგში მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე მიიღო.

 

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4967 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.4967 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4991 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7441 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7605 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.