Home Blog Page 1662

თიბისის მხარდაჭერით კომპანია „სანტი“ საქართველოს ქალაქებში მწვანე კუთხეების შექმნას გეგმავს

თიბისი სტარტაპერის პარტნიორი, კიდევ ერთი კომპანია „სანტი“, რომელმაც უკვე არაერთი ეზო და გარე სივრცე გაალამაზა, ჯერ ერთი წლისაც არ არის, თუმცა ამ მოკლე დროში უკვე ბევრი წარმატებული პროექტი განახორციელა. „სანტის“ წარმატების ისტორიას მისი დამფუძნებელი, გიგი ტაბაღუა გვიყვება:

„კომპანიის დაფუძნების იდეა კოპენჰაგენში გაჩნდა, სადაც გაცვლითი პროგრამით ვიმყოფებოდი სასწავლებლად. კოპენჰაგენში განსაკუთრებით თვალშისაცემია მოვლილი ეზოები, საგანგებოდ დაგეგმილი, ნაფიქრი და ამა თუ იმ დიზაინში გადაწყვეტილი სივრცეები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მათ ყოველთვის დიდი ინტერესით ვათვალიერებ. იქ ყოფნისას კი გაჩნდა იდეა, ასეთი ლამაზი მწვანე სივრცეები ჩემს ქალაქშიც შემექმნა.

დღემდე ვმართავ რამოდენიმე მცირე ბიზნესს და მაქვს დიდი გამოცდილება სტარტაპ პროექტებში. ამიტომაც,  მარტივი იყო, იდეა რეალობად მექცია.

თავდაპირველად, მე და ჩემი თანადამფუცნებლები თავად მივდიოდით რუსთავის მოსახლეობასთან და ვთავაზობდით ეზოების მოწყობას. თუმცა, ამ მიმართულებით ცნობადობა იმდენად დაბალია, რომ ადამიანები ადვილად არ თანხმდებოდნენ ჩვენს ინიციატივას. მას შემდეგ, რაც რამდენიმე მომხმარებელი დავითანხმეთ და შეკვეთა წარმატებით შევასრულეთ, თანდათან გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი გუნდის შესახებ და ნელ-ნელა შევიძინეთ მომხმარებლები, რომლებიც ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილები დარჩნენ.

ამ პერიოდში დაახლოებით 20 -მდე წარმატებული პროექტი განვახორციელეთ.  კმაყოფილმა მომხმარებელმა და დაგროვილმა გამოცდილებამ მიგვახვედრა, რომ კომპანია ოფიციალურად უნდა დაგვერეგისტრირებინა. ამ მიზნით მივმართეთ თიბისი სტარტაპერს, რომელიც გვენდო, გვერდით დაგვიდგა და დავაფუძნეთ კომპანია „სანტი“.

თიბისის მხარდაჭერით შევიძინეთ მაღალი ხარისხის ტექნიკა და სხვა საჭირო ინვენტარი. ასევე, თითქმის დასრულებულია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მუშაობა, მალე კი ავამუშავებთ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებსაც.

დღეისათვის კომპანია „სანტი“ კერძო პირებს, სამშენებლო კომპანიებსა და სხვა იურიდიულ პირს სთავაზობს სრულ ლანდშაფტურ მომსახურებას, ეზოებისა და გარე სივრცეების დაგეგმარებას, განაშენიანებას, მოვლა-პატრონობასა და დასუფთავებას (ერთჯერადად და მრავალჯერადად).

აქამდე მომსახურებას მხოლოდ რუსთავში ვთავაზობდით, დღეისათვით კი ჩვენი გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა და რესურსი საშუალებას გვაძლევს, საქართველოს სხვა ქალაქებშიც მოვემსახუროთ მომხმარებელს.

ჩვენი მთავარი ამოცანა ქალაქში რაც შეიძლება ბევრი მწვანე კუთხის შექმნაა. კომპანია „სანტი“-ს მთავარი მიზანია, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ქართულ ბაზარზე. თუმცა ბიზნეს ხედვებთან ერთად, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს იმ იდეებზე, რითაც, პირველ რიგში, ქალაქ რუსთავს ახალ-ახალ მწვანე სივრცეებს შეუქმნის.

ამჟამად „სანტიში“ 5 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, სამომავლოდ, მათი რიცხვი  ჩვენი გეგმებისა და ამბიციების შესაბამისად გაიზრდება.“

R

“ჯოზეფ ბორელთან განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე” – ილია დარჩიაშვილი

ევროკავშირი უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველო პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც დარჩიაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების გამოწვევებზე რეგიონში და მის მიღმა.

„ევროკავშირი უმაღლეს წარმომადგენელთან შეხვედრაზე ჩვენ განვიხილეთ საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის იმპლემენტაცია. ჩვენ ასევე შევეხეთ უსაფრთხოების გამოწვევებს რეგიონში და მის მიღმა. მე გამოვხატე მადლიერება ევროკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერისთვის“, – წერს დარჩიაშვილი.

“ევროკავშირი მზადაა, საქართველოს დაეხმაროს 12 პრიორიტეტის შესრულებაში” – ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

როგორც ბორელმა აღნიშნა, ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს 12 პრიორიტეტის შესრულებაში

„დღევანდელი დღე დავიწყე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის შესაბამისობის გაზრდის მნიშვნელობასა და უფრო ფართო რეგიონულ საკითხებზე. ევროკავშირი მზადაა, დაგეხმაროთ 12 პრიორიტეტის შესრულებაში. ჩვენ სრულად ვართ ერთგული საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისადმი“, – დაწერა ჯოზეფ ბორელმა „ტვიტერის“ გვერდზე.

“ომი უკრაინაში – ნიკოლა სარკოზის შოკისმომგვრელი სიტყვები” – რას წერს უცხოური პრესა

საფრანგეთის ტელეარხის France 5-ის ეთერში 6 სექტემბერს, საღამოს გადაიცა ექს-პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ინტერვიუ, რომელიც მას შოუ C à vous-ის სტუდიაში, ტელეწამყვანმა ან-ელისაბედ ლემუანმა ჩამოართვა.
ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი სათაურით „ომი უკრაინაში: ნიკოლა სარკოზის შოკისმომგვრელი სიტყვები“ გამოქვეყნებულია როგორც ტელეარხის ვებ-გვერდზე, ასევე „იუთუბშიც“.

გთავაზობთ ინტერვიუს მოკლე შინაარსს:
„ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, კერძოდ ნატოში და ევროკავშირში უკრაინის მიღებით რუსეთთან ომი არ დასრულდება. უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში გამოიწვევს აშშ-ის გავლენის გაძლიერებას ევროპულ ორგანიზაციაში – იმდენად, რამდენადაც უკრაინა სერიოზულად არის დამოკიდებული ამერიკის შეერთებულ შტატებზე. აშშ ბატონობს სხვა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებზეც. ამასთან, აუცილებელია, რომ არ შეწყდეს მცდელობა მშვიდობის მიღწევისათვის. ამ ომით მოგებულნი რჩებიან ვაშინგტონი და პეკინი“, – ამბობს ნიკოლა სარკოზი.
საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა, ფრანგ ჟურნალისტებს და ტელემაყურებლებს შეახსენა, რომ საომარმა მოქმედებებმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია, დაღუპულებისა და დაჭრილების უმრავლესობა უკრაინელები არიან.

„როცა ჩვენ, ფრანგები, უკრაინის ომს სენ-ჟერმენის ბულვარიდან ვუყურებთ, ყველა მაგრები და გაბედულები ვართ, ჩვენს მიერ კიევისადმი გაწეული დახმარებით კი უკრაინელებს დასაღუპავად ვწირავთ“, – აცხადებს ექს-პრეზიდენტი.

ნიკოლა სარკოზის აზრით, უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მშვიდობის განმტკიცებას ხელს ვერ შეუწყობს. უმჯობესი იქნება, თუ ქვეყანა ნეიტრალური დარჩება და თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით (ხიდი ევროპასა და რუსეთს შორის) მომგებიანად ისარგებლებს.
ექს-პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება რუსეთთან კომპრომისის გარეშე შეუძლებელია.

საფრანგეთი უკრაინის მხარეზე უნდა იყოს, მაგრამ პარიზს, თავისი „განსაკუთრებული გზა უნდა ჰქონდეს, რომელიც აშშ-ზე სწორებას გამორიცხავს. ომი მომგებიანია ვაშინგტონისა და პეკინისათვის: პირველი სულ უფრო მეტ იარაღს, ენერგორესურსებს და მარცვლეულს ჰყიდის, მეორე კი, რუსეთთან ერთად, BRICS-ის წევრების მობილიზებას ახდენს და თავის ამბიციებს იკმაყოფილებს.
ამრიგად, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თავდაპირველი განზრახვა, რომ მოსკოვთან დიალოგი შეენარჩუნებინა, სავსებით სწორი იყო: „ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ომს მოწოდებებით „მეტი იარაღი! მეტი სიკვდილი! მეტი წინააღმდეგობა!“. აუცილებლად უნდა მოვძებნოთ გზა ამ საშინელი სიტუაციიდან გამოსვლის მიზნით“, – აცხადებს ნიკოლა სარკოზი.

წყარო

https://www.youtube.com/watch?v=uLgTeYmrhwI

“სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი” – შსს

სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვნის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

მათივე ინფორმაციით, სტიქიის ადგილებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები იმყოფებიან, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

„მოვუწოდებთ რეგიონში მყოფ მოსახლეობას, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან და დაემორჩილონ ადგილზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მითითებებს.

ამ დროისთვის, მაშველების მიერ ძებნის ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ჯუმათში ნაპოვნია ერთი არასრულწლოვანის ცხედარი, დაკარგული 2 პირის მიმართ კი, გრძელდება საძიებო სამუშაოები.

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ, გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქობულეთში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა, სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყრული პროცესები

ქობულეთში, წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა. მერიაში აცხადებენ, რომ ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც დატბორვა გამოიწვია.

“მერიის შესაბამისი სამსახურები, სხვადასხვა უწყებებთან ერთად აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ ამოტუმბვით და გაწმენდით სამუშაოებს.

სხვადასხვა სოფელში განვითარდა მეწყერული პროცესები”, – წერია განცხადებაში.

წვიმამ პრობლემები შექმნა გურიაშიც.

“სტიქიის ზონაში დაკარგულია სამი ადამიანი, რომელთაგან ორს ოზურგეთში, ერთს კი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეძებენ” – გურიის გუბერნატორი

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის განცხადებით, რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში პრობლემები შექმნა.

„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ, გურიის რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში განვითარდა მეწყრული პროცესები. ამ ეტაპზე, სამ ადამიანს ეძებენ. ორი მათგანს ოზურგეთში, ერთს კი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი, სამაშველო და სამძებრო სამუშაოები. რაც შეეხება სამაშველო ვერტმფრენის ჩართვის აუცილებლობას, ამ წუთისთვის, ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ ვერტმფრენის საჭიროება იყოს”, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

“ჰორიზონტზე ამერიკის პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კრიზისი მოჩანს”- The Washington Post

აშშ-ის გავლენიანი გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას, სათაურით „ჰორიზონტზე ამერიკის პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კრიზისი მოჩანს“ (ავტორი – ჩარლზ ლეინი), რომელშიც გაანალიზებულია დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების კანდიდატთა შანსები 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. აქცენტი გადატანილია დონალდ ტრამპის სტატუსის იურიდიულ მომენტებზე, თუ მას აშშ-ის პრეზიდენტად აირჩევენ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
თუ ვინმესთვის – არ აქვს მნიშვნელობა, დემოკრატი იქნება თუ რესპუბლიკელი – ფიქრობდა, რომ დონალდ ტრამპი პროკურატურის მიერ წაყენებული ოთხი ბრალდებისგან დასუსტდებოდა, მისი იმედები არ გამართლდა. იმის ნაცვლად, რომ ექს-პრეზიდენტის წარმატების შანსები რესპუბლიკელთა პრაიმერიზზე შემცირებულიყო და თამაშიდან გასულიყო, აღმოჩნდა, რომ „იურიდიულმა პრობლემებმა“ მის პოლიტიკურ ბედზე უმნიშვნელო გავლენა მოახდინა და უფრო მეტიც, დადებითი ფაქტორის როლიც კი შეასრულა.
2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 14 თვით ადრე სიტუაცია ასე გამოიყურება: დონალდ ტრამპს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური კანდიდატი იქნება, დემოკრატ ჯო ბაიდენზე გამარჯვების საკმაოდ კარგი შანსები აქვს და არა მარტო მასზე, არამედ ნებისმიერ სხვა კანდიდატზე.
რასაკვირველია, არჩევნებამდე დარჩენილ 14 თვეში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ შეიძლება თავის თანაპარტიელ მეტოქეებთან წააგოს ან კიდევ ვინმესთან, რომელიც საკუთარ კანდიდატურას მოგვიანებით წარადგენს. გარდა ამისა, არაა გამორიცხული, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კრიზისის გამო (ღმერთმა დაიფაროს!) ჯო ბაიდენმა შეიძლება წინასაარჩევნო რბოლიდან თავისი კანდიდატურა მოხსნას. ასევე შეიძლება, რომ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდებების გამო, რესპუბლიკური პარტიის ელექტორატზე დონალდ ტრამპის გავლენა შემცირდეს.

როგორც Reuters-Ipsos-ის მიერ ამას წინათ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, თუ დონალდ ტრამპს სასამართლო დამნაშავედ აღიარებს და ციხეში გაგზავნის, რესპუბლიკელთა 52% მას ხმას არ მისცემს.
მაგრამ თუ დღევანდელი ტენდენცია შენარჩუნდება, ქვეყანაში შეიძლება 2020 წლის სიტუაცია განმეორდეს და მაშინ ამერიკის შეერთებული შტატები – რომლის პოლიტიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული ევროპისა და აზიის უსაფრთხოება, მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სიმტკიცე – შეიძლება პრეზიდენტის ლეგიტიმურობის კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს: იმის დამოუკიდებლად, თუ კონკრეტულად ვინ გაიმარჯვებს და რამდენად ღირსეულად.
ამჟამად ყალიბდება იმ სცენარის საფუძველი, რომლის დროსაც მოსახლეობას შეიძლება ეჭვი შეეპაროს ან არ მოეწონოს არჩევნების შედეგები. დონალდ ტრამპისათვის და ალბათ, მისი ათობით მილიონი მომხრისათვის არ არსებობს იმ შესაძლებლობის გაცნობიერება, რომ მან შეიძლება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში წააგოს.
ექს-პრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს, „არჩევნებში ჩარევისა“ და „პოლიტიკური ოპონენტების დევნის თაობაზე“ ხშირად თავის სასარგებლოდ იყენებს. თანაც დონალდ ტრამპს, არაერთხელ უთქვამს ტყუილი 2020 წლის არჩევნების შედეგებზე და თავისი მომხრეების მობილიზებისათვის არც ახლა არ დაიხევს უკან.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპს ღირსეულად გამარჯვება შეუძლია. მას ამჟამად მხარს მოსახლეობის 39% უჭერს და ეს ხდება არჩევნებთან დაკავშირებული ბრალდებების, საიდუმლო დოკუმენტაციის შენახვის წესების დარღვევის, პორნომსახიობთან სექსუალური კავშირის მიჩქმალვისა და სხვა უკანონო ქმედებების ფონზე.

რაც შეეხება ჯო ბაიდენს, მისი მხარდაჭერის დონე 41,2%-ს შეადგენს. ასე რომ, სხვაობა მაინცდამაინც დიდი არ არის.
კიდევ ერთი გამოკითხვის თანახმად, რომელიც გაზეთმა „უოლ სტრიტ ჯორნელმა“ ჩაატარა, დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 46% პრეზიდენტად სწორედ დონალდ ტრამპს აირჩევდა. დღეისათვის უკვე აშკარად არიან გამოკვეთილები პრორესპუბლიკურად განწყობილი შტატები, რომლებიც მზად არიან დონალდ ტრამპს ამომრჩეველ კოლეგიის წევრთა 235 ხმა მისცენ. მართალია, გამარჯვებისთვის 270 ხმაა საჭირო, მაგრამ დანაკლისი შეიძლება სხვა შტატებში ანაზღაურდეს.
იმავდროულად ყველა იმ ამერიკელისათვის, რომლებიც 2024 წლის არჩევნებში ხმას დონალდ ტრამპს არ მისცემს, ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი აუცილებლად იქნება: მას უფლება აქვს დაეჭვდეს ტრამპის გამარჯვების ლეგიტიმურობაში, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით, პოტენციურად სახიფათო მომენტს წარმოადგენს.
შეიძლება ისე მოხდეს, რომ არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი 2025 წლის 20 იანვარს პრეზიდენტის საინაუგურაციო ფიცს პატიმრის (მსჯავრდებულის) სტატუსით დადებს და შემდეგ სასამართლოში გამოცხადდება სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, მის პოლიტიკურ გადარჩენაში დიდ როლს შეასრულებენ რელიგიური ფუნდამენტალისტები, კონსერვატორები და მემარჯვენე ნაციონალისტები. და, დიდი ალბათობით, მის მთავრობაში სწორედ ისინი დაიკავებენ საკვანძო პოსტებს.
მსოფლიო ამას წინათ მსგავსი მოვლენის მოწმე უკვე გახდა: ისრაელში პრემიერ-მინისტრად ბენიამინ ნეთანიაჰუ დაბრუნდა, რომელიც ბრალდებულია დანაშაულის (კორუფციული ქმედების) ჩადენაში და მის საქმეს სასამართლო იხილავს. მას მხარს უჭერენ რელიგიური რადიკალები, მემარჯვენეები და ნაციონალისტები, ხოლო ისრაელის საერო და ლიბერალური საზოგადოება „უღირსი პრემიერისა და მისი მთავრობის“ საწინააღმდეგოდ საპროტესტო მიტინგებს მართავს. მსგავსი რამ დონალდ ტრამპსაც შეიძლება დაემართოს.
რაც შეეხება ჯო ბაიდენს, საქმე მასთან დაკავშირებითაც რთულადაა: წარმომადგენელთა პალატა, სადაც რესპუბლიკელები უმრავლესობაში არიან, არ გამორიცხავს განიხილოს ჯო ბაიდენის კორუმპირებულობის საკითხი და თუ ეს მართლაც ასე მოხდება, მაშინ საქმის ბოლო ეტაპი იქნება სასამართლო პროცესი, რომელიც შეიძლება სენატის არჩევნებს დაემთხვეს, სადაც უმრავლესობა დემოკრატებს აქვთ.
თავის მხრივ დემოკრატები სერიოზულად ფიქრობენ დონალდ ტრამპის სახელის ამოღებას საარჩევნო ბიულეტენიდან (კონსტიტუციის მე-14 შესწორების ძალით, რომლის თანახმად, მასობრივი ანტისაზოგადოებრივი გამოსვლების მონაწილეებს სამთავრობო თანამდებობების დაკავება ეკრძალებათ). მაგრამ ასეთი „დისკვალიფიკაცია“ დონალდ ტრამპის მომხრეებს ძალიან გაამწარებთ, რასაც გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს… და თუ დონალდ ტრამპი მაინც გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაშიც მას ოპონენტები არ მოასვენებენ იმავე მე-14 შესწორების თანახმად.
ვიმეორებ: ეს არის შეფასება დღევანდელი პოლიტიკური რეალობის მიხედვით და არა ზნეობრივის პარიტეტის გათვალისწინებით. აშშ-ის მთელი პოლიტიკური სისტემა უფრო ჯანმრთელი და მდგრადი იქნებოდა, თუ დონალდ ტრამპი 2020 წელს, უბრალოდ, შეურიგდებოდა დამარცხებას და არ დაანგრევდა უძველეს დემოკრატიულ ტრადიციებს და ნორმებს.
ამერიკულ დემოკრატიას ჯერ კიდევ აქვს დრო თავიდან აიცილოს უარესი სცენარი – მიუხედავად იმისა, რომ ჯერ-ჯერობით გაუგებარია, თუ როგორ უნდა მოახდინოს „თავიდან აცილება“. თუმცა ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი, ალბათ, უეჭველია იქნება იმის გაცნობიერება, თუ რა გველოდება წინ.

წყარო

“იმედი მაქვს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს” – ანა ბუჩუკური

იმედი მაქვს, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, ჩვენმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილი დასავლეთს ირჩევს.

„იმედი მაქვს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რადგან ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად აქვთ გააზრებული ორი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი, მათ ძალიან კარგად იციან, სად დგას ქართველი ხალხი. მოსახლეობის დიდი ნაწილი დასავლეთს და მისი შვილების მომავალს ირჩევს. მათ ასევე ძალიან კარგად აქვთ გააზრებული, რომ ქართულ სახელმწიფოს თავისუფლებისთვის ფასი გადახდილი აქვს არაერთხელ, მათ შორის 2008 წლის ომის სახით და არა მხოლოდ ამით“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

“არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს” – ნიკოლოზ სამხარაძე

არ ვიცი, რომელ ევროპელობაში ჯდება, როდესაც ადამიანი აცხადებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას გააგრძელებს – როცა ამბობდა, ნაწილობრივ ევროპელი ვარო, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა, – ასე ეხმაურება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართვას „ქართული ოცნების“ დეპუტატი ნიკოლოზ სამხარაძე.

სამხარაძის თქმით, არ ჰგონია, რომ რომელიმე ევროპელი პოლიტიკოსი კონსტიტუციის დარღვევით საქმიანობდეს.

„პრეზიდენტი მთავრობასთან შეთანხმებით უნდა მოქმედებდეს, როგორც ეს კონსტიტუციაში წერია. სახეზე გვაქვს კონსტიტუციის ძალიან უხეში დარღვევა. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ ფაქტზე უნდა იმსჯელოს და უნდა დაადგინოს. იქნებ, საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს, რომ ასეთს ადგილი არ ჰქონია. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს ვანდობთ განხილვას, ირღვევა თუ არა კონსტიტუცია”, – განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მიმართა. როგორც ზურაბიშვილმა განმარტა, ევროპის ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად საკუთარ ფინანსურ რესურს იყენებს, რაც „სახელმწიფოსთვის არ არის სწორი“.

მისი თქმით, მას პატივისცემით ხვდებიან, რადგან ის წარმოადგენს ხალხს, რომელმაც აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა.

„ჩემს გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელი ვარ. იმიტომ, რომ ეს არის ჩემი უმაღლესი კონსტიტუციური ვალდებულება. მე ვიცავ კონსტიტუციას, რამეთუ ეს ფიცი დავდე, როცა იყო ჩემი ინაუგურაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტის. ვიქნები ბოლომდე ამ ფიცის ერთგული… მე ეს მიმაჩნია, როგორც ჩემი უმაღლესი და უპირველესი ვალდებულება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტიქიის შემდეგ გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს ეძებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მართვის ცენტრ 112-დან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 100-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული გურიის და აჭარის რეგიონებიდან,- ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

„სტიქიის ადგილებზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები და კომპეტენციის ფარგლებში ატარებენ საჭირო ღონისძიებებს.

ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში, 3 პირის, მათ შორის 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.

სრულად მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ყველა შეტყობინებაზე ეტაპობრივად ხორციელდება რეაგირება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა არასრულწლოვნის ინტიმური ფოტოებისა და ვიდეობის გაყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით 15 წლის გოგო გაიცნო და მასთან აქტიური კომუნიკაციით ნდობა მოიპოვა. შედეგად, არასრულწლოვანმა დაზარალებულმა მას თავისი პირადი ინტიმური ფოტოები და ვიდეოები გადაუგზავნა. აღნიშნულით ბოროტად ისარგებლა ბრალდებულმა და დაზარალებულის სურათით სოციალურ ქსელში ყალბი გვერდი შექმნა, რომლითაც მომხმარებლებს თანხის სანაცვლოდ 15 წლის გოგოს ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების შესყიდვას სთავაზობდა. ხოლო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ, იგი მყიდველს დაზარალებულის შიშველი სხეულის ფოტოებსა და ინტიმურ ვიდეოებს უგზავნიდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვის შემდეგ, გამოძიება, არასრულწოვნის კონფიდენციალურობის სრული დაცვით წარმართა. ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილი იქნა 2003 წელს დაბადებული მამაკაცი, რომლის მობილური ტელეფონიდან დაზარალებულის ინტიმური ფოტოები და ვიდეობი, ასევე მათი გაყიდვის დამადასტურებელი მიმოწერები იქნა ამოღებული.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ზუგდიდის რაიონში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.