Home Blog Page 1662

,,როგორც კი სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, ყველაფერი ცხადი გახდა” – ვოლსკი

მიღებულია პრაგმატული გადაწყვეტილება ე.წ. გლობალური ომის მხარდამჭერ ძალებში, სადაც უკრაინა თავისი პოზიციით წამყვან როლს თამაშობს, მას აქვს ასეთი პოზიცია, რომ საქართველოს ამ საომარ ვითარებაში ჩართვა, სწორედაც ისაა, რაც მის ამოცანასა და გეგმას წაადგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ მედიას განუცხადა.

მან საქართველოს ომში ჩართვის საკითხზე ისაუბრა.

„როგორც კი სააკაშვილმა უკანონო გზით გადმოკვეთა უკრაინის საზღვარი, რასაკვირველია, მომენტალურად ცხადი გახდა, რომ უკრაინა არა თუ მხარდამჭერია ჩვენი ევროპული გზის, არამედ წინააღმდეგია, ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს არსებული ხელისუფლების წარმატება ჩაითვლებოდა იმ გეგმის საწინააღმდეგოდ, რაც უკრაინას გააჩნდა.

პრაგმატულია გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ე.წ. გლობალური ომის მხარდამჭერ ძალებში, სადაც უკრაინა წამყვან როლს თამაშობს თავისი პოზიციით. მას აქვს ასეთი პოზიცია, რომ საქართველოს ამ საომარ ვითარებაში ჩართვა, სწორედაც ისაა, რაც მის ამოცანასა და გეგმას წაადგება. რასაკვირველია, უკრაინის სიტყვას, მოთხოვნას, თუნდაც კაპრიზს ამ შემთხვევაში გარკვეული წონა გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მან ასევე ისაუბრა სააკაშვილთან დაკავშირებით დავით არახამიას მიერ წარდგენილ და რადას მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც.

„რადას რეზოლუციასთან დაკავშირებით არ უნდა ვისაუბროთ მარტო და განყენებულად არ უნდა განვიხილოთ, ევროპარლამენტის რეზოლუციები უნდა მოვიყვანოთ, ერთი და მეორე; სააკაშვილის მდგომარეობა უნდა გავიხსენოთ და ზუსტად რაც ვიცით, ის უნდა ვთქვათ: სააკაშვილი გეგმაზომიერად, თვითდაზიანებას ეწევა იმისთვის, რათა მისი თემა აქტუალური იყოს და გამოყენებული იყოს იმ ბერკეტად, რომელიც საქართველოზე შეტევისთვისაა საჭირო“, – დასძინა ვოლსკიმ.

,,კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირის ხელში არის მანიპულაციის საშუალება”- გურამ მაჭარაშვილი

კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ევროკავშირის ხელში არის მანიპულაციის საშუალება. ვითომ ამიტომ არ გვაძლევენ კანდიდატის სტატუსს, რომ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია და ფიქრობენ, რომ სტატუსის არმიცემით საზოგადოება გამოვა ქუჩაში ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა. „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აცხადებს, რომ ამის მიზეზის ის არის, რომ ევროპარლამენტარებს შორის „გლობალური ომის პარტიის“ წევრებიც არიან.

„ჩვენ მტკიცებულებებით, პირდაპირ ვამბობდით, რომ გლობალური ომის პარტია მოგონილი კი არ არის, რეალურად არსებობს და მასში შედიან ის ევროპარლამენტარები, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი და ასევე ზოგიერთი ამერიკაში, ვინც ქმნის იმის ილუზიას, თითქოს საქართველოში უბედურება ხდება, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ქვეყანა მერე უკრაინის გვერდით დადგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ფრონტი იქნება“, – მიიჩნევს მაჭარაშვილი.

„ეს არის ხალხი, რომელსაც არ ეკუთვნის საქართველოში პოლიტიკოსობის მორალური უფლება”- სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძემ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები კიდევ ერთხელ შეაფასა. ამ თემაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „იმედის კვირასთან“ ისაუბრა.

„ეს არის ხალხი, რომელსაც არ ეკუთვნის საქართველოში პოლიტიკოსობის მორალური უფლება. იმიტომ რომ როდესაც ფულს ხარჯავ იმაში, რომ შენი ქვეყანა დასანქცირდეს და ამ ყველაფერს შემდეგ აბრალებ სხვას, ეს, რა საკვირველია, ნიშნავს იმას, რომ აქ პატრიოტიზმი არამცთუ მეორეხარისხოვანია, ეს ნიშნავს იმას, რომ მტრობ ქვეყანას“, – აცხადებს სარჯველაძე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

,,უდიდეს თანხებს იხდიან იმაში, რომ კონგრესს დაასანქცირებინონ საქართველო”- ცაგარეიშვილი

სააკაშვილი და მისი ოჯახის წევრები დებენ მილიონებს, უდიდეს თანხებს იხდიან იმაში, რომ კონგრესს დაასანქცირებინონ საქართველო – აქ „ქართულ ოცნებაზე“ კი არ არის საუბარი, ქვეყანაზე, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირას“ FARA-ს დოკუმენტებზე საუბრისას განუცხადა.

„ის იყო საქართველოს პრეზიდენტი. მისი თავგადაკლული ფანები მას დღესაც პრეზიდენტად და მხედართმთავრად მოიხსენიებენ და ამ ქვეყნის გაშავებასა და განადგურებაში, ამ ქვეყნისთვის ევროპერსპექტივის დასამარებაში ისა და მისი ოჯახის წევრები დებენ მილიონებს. უდიდეს თანხებს იხდიან იმაში, რომ კონგრესს დაასანქცირებინონ საქართველო, აქ „ქართულ ოცნებაზე“ კი არ არის საუბარი, ქვეყანაზე, მის სამშობლოზე, ყოველ შემთხვევაში ყოფილ სამშობლოზე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია გამოქვეყნდა.

დანიაში აქციის მონაწილეებმა ყურანის დაწვა სცადეს

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში ერაყის საელჩოსთან აქცია გაიმართა, რომლის დროსაც აქციის მონაწილეებმა ყურანის დაწვა სცადეს.

კოპენჰაგენის პოლიციის სპიკერის თქმით, აქციის მონაწილეებს მცდელობა ჰქონდათ, რომ ერაყის დროშა დაეწვათ.

ყურანის დაწვის მცდელობას გამოხმაურება მოჰყვა ერაყში.

მეორე დღეს ბაღდადში აქციის მონაწილეებმა „მწვანე ზონაში“ შესვლა სცადეს, სადაც უცხოური საელჩოები და სამთავრობო შენობებია განთავსებული.

პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ამავე დროს, დანიის მთავრობამ დაგმო ყურანის დაწვის მცდელობა.

„წმინდა ტექსტების და სხვა რელიგიური სიმბოლოების დაწვა არის სამარცხვინო ქმედება. ეს არის პროვოკაციული ქმედება, რომელიც ავნებს ბევრ ადამიანს და ქმნის ბარიერს სხვადასხვა რელიგიასა და კულტურას შორის“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

იგო­ე­თის გზა­ზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

კასპი-იგოეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

მომხადრთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

,,ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისია ჩვენს ურთიერთობებში”- ზაზა გოგსაძე

ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, პრემიერის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ხორვატიის რესპუბლიკაში ზაზა გოგსაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერის ვიზიტის დროს იგეგმება ზაგრებში საქართველოს საელჩოს ოფიციალური გახსნა.

” საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ხორვატიაში არის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტი ჩვენი ქვეყნების ურთოერთობების ისტორიაში. ეს თავისთავად არის ახალი ეტაპის დასაწყისი ჩვენს ურთიერთობებში. ხორვატია და საქართველო ერთმანეთის მსგავსი არიან როგორც ტერიტორიული სიდიდით, ასევე მოსახლეობის რაოდენობით და უახლესი ისტორიული წარსულით. ამიტომ, მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხორვატია აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ევროკავშირის გზაზე და ამიტომ, ამ ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ჩვენ რამდენიმე თვის წინ შევქმენით საელჩო, ლოკაციით ზაგრებში. აქამდე ის ბუდაპეშტიდან იფარებოდა და ვგეგმავთ ამ ვიზიტის დროს საელჩოს ოფიციალურ გახსნას, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ხორვატიის პრემიერ-მინისტრი, ასევე ხორვატიის და საქართველოს პრემიერ-მინისტრები, რაც მიანიშნებს იმ მჭიდრო და აქტიურ

ურთიერთობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს”, – განაცხადა ზაზა გოგსაძემ.

„არ შევწყვიტოთ მშვიდობისთვის ლოცვა, განსაკუთრებით უკრაინისთვის”- რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე თავის საკვირაო ქადაგებაში რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ოდესის დაბომბვას გამოეხმაურა და მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია Vatican News-ზე დაყრდნობით იტყობინება.

„არ შევწყვიტოთ მშვიდობისთვის ლოცვა, განსაკუთრებით უკრაინისთვის. სამწუხაროდ, უკრაინა ღამით ისევ დაბომბეს“, – აღნიშნა რომის პაპმა.

23 ივლისის ღამეს რუსეთმა კვლავ განახორციელა სარაკეტო შეტევა ოდესაზე. ექვსი შენობა განადგურდა. ასევე დაზიანდა ქალაქის უდიდესი ტაძარი. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსებმა ღამით ოდესის რეგიონში სხვადასხვა ტიპის 19 რაკეტა გაუშვეს.

მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ თაობაზე ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ თაობაზე გაცნობებთ, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის მოსამზადებლად, ექსპერტების ჯგუფმა, ინტენსიური მუშაობის პირობებში, მოამზადა პროტოკოლის პროექტი, რომელიც ექსპერტიზისა და შეთანხმებისთვის, გაიდლაინების ეროვნულ საბჭოს, მიმდინარე წლის 27 ივნისს გაეგზავნა, – ამის შესახებ აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„გაიდლაინების საბჭოს წევრების შენიშვნები, ასევე მწარმოებლის მიერ დაყენებული მოთხოვნები, ქვეყანაში მედიკამენტის დანერგვისთვის, მულტიპროფილური კლინიკის, მრავალდისციპლინური გუნდისა და მკურნალობაზე დამყოლობის თაობაზე საკითხები განხილულ იქნა 3 ივლისს ჩატარებულ იშვიათი დაავადებების საბჭოზე, რომელსაც ესწრებოდა მშობლების ჯგუფი. საბჭოზე დაითქვა სავარაუდო ვადა განახლებული პროტოკოლის დამტკიცებისთვის (15-20 ივლისი). პროტოკოლის ჯგუფის წევრებმა, დამატებითი კონსულტაციების აუცილებლობის გამო, მ.შ. საერთაშორისო ექსპერტთან, განახლებული პროტოკოლი სამინისტროში წარმოადგინეს 19 ივლისს. აღნიშნულის შესახებ, ამავე დღეს, განახლებული ინფორმაცია, წერილობით, მიეწოდა იშვიათი დაავადებების საბჭოს ყველა წევრს, მათ შორის – მშობლებს.

გარდა ამისა, მშობლების ჯგუფი მუდმივ სატელეფონო კომუნიკაციაში იყო სამინისტროს პასუხისმგებელ თანამშრომელთან, პროტოკოლის მომზადების სტატუსის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ იშვიათი დაავადებების საკოორდინაციო საბჭოს ყველა შეხვედრას ესწრებოდა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე მშობელთა ჯგუფი და შუქდებოდა მედიასაშუალების მიერ.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ გაიდლაინების საბჭოს განხილვისა და ობიექტური გადაწყვეტილებისთვის უნდა ჰქონდეს გონივრული ვადა – ამდენად, საბჭოს წევრებს პროტოკოლის თაობაზე პოზიციის დაფიქსირებისთვის ვადა განესაზღვრათ 24 ივლისამდე. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროცედურები და ექსპერტების მუშაობისთვის შესაფერისი ვადების დაცვა ემსახურება ახალი მედიკამენტის დანერგვასთან დაკავშირებული რისკების გადაზღვევას და ვადებს სამინისტრო ხელოვნურად ვერ შეამცირებს.

საბჭოს წევრების წერილობითი დასტურის შემდეგ, პროტოკოლი დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
პარალელურად, გრძელდება მოლაპარაკებები კომპანია „ბიომარინთან“, ხელშეკრულების პირობების დაზუსტების მიზნით. სამინისტრო გამოხატავს მზაობას იშვიათი დაავადებების საბჭოს რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებასთან დაკავშირებით. მედიკამენტის დანერგვის პროცესი წარიმართება საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
სამინისტრო გააგრძელებს პროცესის კოორდინაციას ყველა ჩართულ და დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით“, “, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ამასთან, სამინისტრო ავრცელებს 19 ივლისს იშვიათი დაავადებების საბჭოს წევრებთან, მათ შორის მშობლებთან, ამავე დღეს გაგზავნილ წერილსაც.

„საბჭოს პატივცემულო წევრებო, მოგესალმებით!
წარმოგიდგენთ 2023 წლის 03 ივლისს გამართული საბჭოს შეხვედრის შემდგომ მიმდინარე პროცესების თაობაზე განახლებულ ინფორმაციას:
პროტოკოლის სამუშაო ჯგუფმა, 2023 წლის 19 ივლისს, სამინისტროში წარმოადგინა განახლებული ,,აქონდროპლაზიის და ჰიპოქონდროპლაზიის დიაგნოსტირება და მართვა 0-18 წლის ასაკში’’ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი);
პროტოკოლი განსახილველად წარედგინა გაიდლაინების საბჭოს. პროტოკოლის დამტკიცებასთან დაკავშირებით, გაიდლაინების საბჭოს ეთხოვა მოსაზრებების წარდგენა 2023 წლის 24 ივლისის დღის ბოლომდე;
გრძელდება მოლაპარაკება კომპანია ბიომარინთან.
საკოორდინაციო საბჭოს ჩატარების თარიღს გაცნობებთ დამატებით.
დანართი სახით გიგზავნით საკოორდინაციო საბჭოს 2023 წლის 03 ივლისის შეხვედრის ოქმს“, – აღნიშნულია წერილში.

დაიმახსოვრეთ მეგობრებო, ეს პროცესები გარდაუვალია – დავით ოსეფაშვილი

როგორც კი საქართველო ჩაეხსნება დასავლეთს და ეს ძალიან მალე მოხდება, ეგრევე დაიწყება დასავლური ინფრასტრუქტურის: პროდასავლური პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მყისიერი დემონტაჟი და დაფინანსების შეწყვეტა, რასაც ასევე, მათი ანტიეროვნული აქტივობების შეწყვეტა მოჰყვება.”– წერს პოლიტოლოგი დავით ოსეფაშვილი სოციალუ ქსელში.

“შესაძლოა ბევრს ეს პერსპექტივა უტოპიად მოეჩვენოს, მაგრამ დაიმახსოვრეთ მეგობრებო, ეს პროცესები გარდაუვალია”- აღნიშნავს დავით ოსეფაშვილი.

,,განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი”- დიმიტრი ლორთქიფანიძე

ე.პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ქართულ-რუსული უნივერსიტეტი დაარსდება. მისი თქმით, მიმდინარეობს იმ ტერიტორიის ძებნა, სადაც უნივერსიტეტი გაიხსნება. ამის შესახებ „საქართველო და მსოფლიო“ წერს.

„ამჟამად კონკრეტულად განიხილება ქართულ-რუსული უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. ამ ეტაპზე ვეძებთ შესაფერის ადგილს ამ სასწავლო დაწესებულებისთვის. უნივერსიტეტში სწავლა უფასო იქნება – დაფინანსების ხარჯებს რუსეთის ფედერაცია დაფარავს. ეს იქნება უნიკალური უნივერსიტეტი, რომელიც სრულად დაკომპლექტდება რუსული მხარის მიერ. მჯერა, რომ სექტემბრის ბოლომდე გვექნება უფრო ნათელი სურათი და გვექნება დეტალები და დეტალები ამ უნივერსიტეტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ლორთქიფანიძემ ასევე განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში „მიდის რეანიმაციის პროცესი”. მან რუსეთში ახალი ვიზიტებიც დააანონსა და ამას რუსეთთან „ურთიერთობების აღორძინების პროცესი“ უწოდა.

„ივლისში რუსეთში ორი კონფერენციის გამართვა იგეგმება და ავიაბილეთების სუბსიდირების საკითხი მოგვარდება. სექტემბერში ვგეგმავთ მორიგ ვიზიტს რუსეთის ფედერაციაში და ველოდებით ახალ საინტერესო ინიციატივებს რუსული მხარისგან“, – თქვა ლორთქიფანიძემ.

ამასთან მან ძალადობრივი ჯგუფების მიერ, 8 ივლისს თბილისში ჩაშლილ პრაიდ ფესტივალზე ისაუბრა და მათი ეს ქმედება მოიწონა.

„8 ივლისს თბილისში ფესტივალის ჩაშლამ გარკვეული იმედი გააჩინა ჩემს სულში და ნათლად აჩვენა, თუ როგორ აძლევს ერს კონსოლიდაციის საშუალება, წარმატებით გადაჭრას ერთი შეხედვით გადაუჭრელი პრობლემები. ცხადი გახდა, რომ საჯარო ლგბტ პროპაგანდა საქართველოში ვერ დამკვიდრდებოდა, რადგან ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებდა“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ

პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეს განცხადებები 4 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში ევგენი პრიმაკოვის საზოგადოებრივი ცენტრის ორგანიზებით გამართულ ქართულ-რუსული ფორუმის „დიალოგი-2023“-ის ფარგლებში გააკეთა, რომელსაც რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორები, ქართველი და რუსი ექსპერტები ესწრებოდნენ. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ პროფესორები: თემურ მაისურაძე, გოჩა ცოფურაშვილი, თამარ კიკნაძე, პოლიტიკური პროცესების ანალიტიკოსი გიორგი მდივანი, ისტორიკოსი გიორგი უხურგუნაშვილი და პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი ანა ხოტივრიშვილი.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თავად პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთთან პირდაპირი რეისის ერთ-ერთი პირველი მგზავრი იყო, რომელიც 20 მაისს მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით განხორციელდა, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 10 მაისს საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

„პოლიტიკური ხეტიალი ზოგადად არ მთავრდება კარგად ქართულ პოლიტიკაში” – ცაგარეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში, საარჩევნო სიაში ადგილის მოპოვების მცდელობაა ის, რაც ახლა ხდება. ეს რით დაგვირგვინდება, მომავალ თვეებში კარგად გაირკვევა, ვერ დავარქმევ ამას გაერთიანებას, თუნდაც ფორმალური მიზეზით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ის ადამიანები, რომლებიც ახლა უერთიანდებიან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, ლამობენ პარტიულ სიაში გარკვეული ადგილების მოპოვებას.

„ნაციონალური მოძრაობა“ მათთან ერთად ამ ე.წ. გაერთიანებას ფუთავს, როგორც დიდ პროცესად, მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად. ჩვენ ამგვარი გაერთიანებები მანამდეც გვახსოვს და ესეც ზუსტად მსგავსი გაერთიანება იქნება. სავარაუდოდ 38-ე ან 122-ე ადგილს ვაშაძე თავისი თანაგუნდელებისთვის, სულ სამნი არიან მე რასაც ვუყურებ, მოიპოვებს, როგორც მანამდე სხვა პოლიტიკოსებმა მოიპოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადგილები და შემდეგ გაიქცნენ იქიდან თავქუდმოგლეჯილები. სხვა გაერთიანებებიც ყალიბდება ნელ-ნელა. ზოგადად, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, კარგია რომ ნელ-ნელა პოლიტიკური სპექტრი გადაეწყობა არჩევნებისთვის, დაიწყებს მზადებას, მოლოტოვის კოქტეილს, ყოველ შემთხვევაში, 2024 წლის ბოლომდე გადამალავენ, შორს არ გადადებენ, მაგრამ იქვე სადმე გაწევენ და დაფიქრდებიან ქვეყნის მომავალზე, სამოქალაქო მშვიდობის დამყარებაზე და გრძელვადიან მშვიდობაზე. ძალიან დიდ იმედებს ნუ დაამყარებენ ამ გაერთიანებებზე, მოლოდინებს ნუ გაუჩენენ საზოგადოებას, რადგან დარწმუნებული ვარ, საპნის ბუშტივით გასკდება ეს ყველაფერი ძალიან მალე. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბატო ვაშაძე საერთოდ შემგროვებელი გახდა გაერთიანებების, მე-5 თუ მე-6 გაერთიანება არის ამ მოკლე პერიოდში, ხან ხოშტარიასთან იყო, ხან ჯაფარიძესთან, ხან ორივესთან ერთად, ხან ლელოსკენ გაიწია, ხან სამნიძეს შეეყარა, ახლა ისევ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აპირებს დაბრუნებას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

გია ცაგარეიშვილის განცხადებით, გიორგი ვაშაძის მიერ გადადგმული ნაბიჯი შეთანხმებულია ზურაბ ადეიშვილთან.

„პოლიტიკური ხეტიალი ზოგადად არ მთავრდება კარგად ქართულ პოლიტიკაში, მთავრდება ძალიან ცუდად პარტიებისთვის. ადეიშვილის ნებართვის გარეშე ეს ადამიანი არაფერს აკეთებს, არც გაუკეთებია არასდროს. მისი ყოველი გამოსვლა და დაბრუნება „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეთანხმებული იქნებოდა ადეიშვილთან, რომელიც მისი შემქმნელი და დამაარსებელია. იგი ხელქვეითი იყო ყოველთვის ადეიშვილის, დანაშაულებრივი სინდიკატის ჩამომყალიბებლის, ერთ-ერთი კრიმინალის, უმძიმეს დანაშაულებში მხილებულის და ძებნილი ადამიანის, რომელიც ასე თბილად შეიფარა უკრაინის ხელისუფლებამ. ასე რომ, პატარა ქვევრუკასავითაა ადეიშვილის ვაშაძე საქართველოში. რასაც ჩასძახებს შემდეგ ის დაწვრილებული ხმით, რადგან პატარაა რა ქნას, ამოსძახებს. ეს კარგად დალაგებული გეგმაა ადეიშვილის და მერაბიშვილის ფლანგის „ნაციონალურ მოძრაობაში“, მას შემდეგ, რაც განდევნეს მელია, როგორც სიმსივნე. ახლა მის ადგილას მეორე კარიკატურული ფიგურა მიავლინეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. არ გამოვრიცხავ ვაშაძე ტროას ცხენად გადაიქცეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და უფრო მოშალოს „ნაციონალური მოძრაობის“ ე. წ. პარტიული სხეული და უფრო გადაკიდოს ხალხი ერთი მეორესთან, რადგან ამ ადამიანის გაერთიანებული, ფეხზე დაყენებული და პროგრესული მე ვერ ვნახე ვერაფერი უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში. ის იყო პირველი, ვინც გაიქცა „ნაციონალური მოძრაობიდან“, განვლო თითქმის ათმა წელმა და უძღები შვილი დაუბრუნდა თავის ბუნაგს, საიდანაც გამოიქცა თუ გამოაგდეს“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.