Home Blog Page 1661

“ერთ-ერთი აქტუალური საკითხია კლინიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები” – ირაკლი კობახიძე

ზოგადად, გადაწყვეტილებები ყველა თემასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული საზოგადოებასთან, სპეციალისტებთან, დარგის წარმომადგენლებთან ძალიან ფართო კონსულტაციების საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის კლინიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც საჭიროა შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები.

„ყოველთვის, როცა ვიღებთ გარკვეულ გადაწყვეტილებას, საზოგადოებას მაქსიმალურად ფართოდ უნდა განვუმარტოთ ამ გადაწყვეტილების შინაარსი, გადაწყვეტილების მიზეზები. ეს უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი.
ერთ-ერთი აქტუალური საკითხი არის კლინიკური საავადმყოფოს საკითხი და ამ შემთხვევაშიც გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან, საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ჭკუას ვერ სწავლობს რადიკალური ოპოზიცია” – გურამ მაჭარაშვილი

“ჭკუას ვერ სწავლობს რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულებაზე საუბრისას განაცხადა. „ხალხის ძალის“ წევრი იხსენებს იმას თუ რა დამოკიდებულება ჰქონდა ოპოზიციის 12 რეკომენდაციის შესრულებისადმი.

„12 რეკომენდაციაზე არაფერი გაუკეთებიათ საბოტაჟის გარდა და თავიანთი გეგმა ჰქონდათ. ბრიუსელმა უთხრა, ეს თქვენი გეგმა კარგად შეინახეთო და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცა. ახლაც იგივე იქნება. ასეთი უგუნურება როგორ შეიძლება, როცა 9 რეკომენდაცია აქვს გაცემული ბრიუსელს და შენ შენი რეკომენდაციებით მიდიხარ“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

მიმდინარე კვირას საკანონმდებლო ორგანოში ევროკავშირის 9 პრიორიტეტის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ოპოზიციამ საკუთარი პოზიციები უნდა წარმოადგინოს.

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს -ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, თუმცა, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა სხვა საკითხებთან ერთად კორუფციასთან ბრძოლაზეც ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. თუმცა, აქაც ვფიქრობ, კიდევ უფრო მაღალი ამბიციები უნდა გვქონდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ამ თვალსაზრისით ვიყოთ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის, რაც აბსოლუტურად რეალისტური ამოცანაა. მთავარია, რომ ამ ყველაფერზე აქტიურად ვიმუშაოთ.

ზოგადად, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი სამთავრობო გუნდი და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწევთ. ყველაფერი არის ჩვენი მიზანდასახულობის, პრინციპულობის, თანმიმდევრული საქმიანობის, შრომისმოყვარეობის საქმე, რაც არც ერთ თქვენგანს არ აკლია. კიდევ ერთხელ მინდა გისურვოთ წარმატებები“, – მიმართა კობახიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე მინისტრებს.

“მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები” – კობახიძე სტიქიით დაზარალებულ ოჯახებზე

მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისთვის რესურსები ცენტრალური ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გასული კვირა იყო ძალიან მძიმე ჩვენთვის. სტიქიამ, ასევე, უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა 14 ადამიანის სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სამძიმარს დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. ადგილზე გავეცანი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, როგორც სახელმწიფო უწყებებმა, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს ძალიან ბევრი რამ, იმოქმედეს ძალიან სწრაფად. მალევე აღდგა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება ასეულობით სოფლისთვის, სადაც იყო პრობლემა სტიქიის გამო. ასევე, ძალიან სწრაფად გაიწმინდა საავტომობილო გზები და შესაბამის მონაკვეთებზე აღდგა საავტომობილო მოძრაობა. 400 საცხოვრებელი სახლი იყო დაახლოებით დატბორილი, საიდანაც 300-ზე მეტ შემთხვევაში უკვე დასრულდა ამოტუმბვის სამუშაოები. საბოლოო დასკვნის მომზადებამდე უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 296 ოჯახი. ასევე, შეფასდა ზარალი, მზადდება სათანადო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გაიცეს კომპენსაციები შესაბამის ოჯახებზე. საჭიროების შემთხვევაში ამისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდანაც იქნება გამოყოფილი რესურსები. მინდა მადლობა გადავუხადო შესაბამის სამინისტროებს, ვინც აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაობებში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“ამჯერად სანდრო რაქვიაშვილი დაათვალიერებს პრეზიდენტის სასახლეს, გამოვა და ცივ წყალს გადაასხამს იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ იქ ოპოზიციური ერთობა შედგება”

ამჯერად სანდრო რაქვიაშვილი დაათვალიერებს პრეზიდენტის სასახლეს, გამოვა და ცივ წყალს გადაასხამს იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ იქ ოპოზიციური ერთობა შედგება, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრებს გამოეხმაურა.

ხვიჩიას განცხადებით, ჯერ “გირჩის” წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.

„ჯერ არავინ გამოჩენილა, ჩვენ როგორც ყველაზე გემრიელ ლუკმას, ალბათ, ბოლოსთვის გვინახავენ ან ეს ჩემი ბოლო პერიოდის განცხადებებზე გაბრაზებას უნდა მივაწეროთ. ამჯერად სანდრო რაქვიაშვილი დაათვალიერებს პრეზიდენტის სასახლეს, ეს მოლოდინი გვაქვს. გამოვა, ამბავს მოგიყვებათ და ცოტა ცივ წყალს გადაასხამს იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ იქ ოპოზიციური ერთობა შედგება,”- განაცხადა ხვიჩიამ.

პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები გააცნო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მთავრობის ხელმძღვანელის რანგში პირველი სხდომას მართავს.

ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სამი წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის.

კობახიძემ რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებაც ისაუბრა.

„დღეს იმართება პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს სამი წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის.

რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა, გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მას წარმატებებს ვუსურვებ. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. გვაქვს ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“საქართველოს ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ტურიზმიდან ქვეყანამ ასეთი რაოდენობის შემოსავალი მიიღო” – “მაია ომიაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2023 წლის სტატისტიკურ მონაცემებს და მიღებულ შემოსავლებს აჯამებს.  მაია ომიაძის განცხადებით გასულ წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო, ხოლო ტურისტული  ვიზიტების რაოდენობამ 2019 წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის 100 %-ით აღდგა.

„2023 წელს საქართველომ მიიღო უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის შემოსავლები, 4 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც 2019 წელთან მიმართებაში 26%-ით გადაჭარბებაა.  საქართველოს ისტორიაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ტურიზმიდან ქვეყანამ ასეთი რაოდენობის შემოსავალი მიიღო.  რაც შეეხება ტურისტულ და საერთაშორისო მოგზაურობს, ხაზი უნდა გავუსვათ, რომ 2019 წელთან მიმართებით 75.6%-ით აღდგა ვიზიტები და ქვეყანამ 7 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური მიიღო. აღსანიშნავია, რომ ტურისტულმა ვიზიტებმა 4,6 მილიონს გადააჭარბა, რაც 2019 წელთან მიმართებით თითქმის 100%-იანი აღდგენაა.  პანდემიის შემდგომ წლებში დინამიკა ყოველწლიურად იყო მზარდი, საქართველოში ტურიზმის სექტორი აღდგენის პროცესში იყო, თუმცა 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა, მით უფრო იმ გამოწვევების ფონზე, რაც რეგიონშია“-განაცხადა მაია ომიაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, გრძელდება აქტიური კამპანიები ევროკავშირის,  დიდი ბრიტანეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ასევე ახალ ტურისტულ ბაზრებზე ინდოეთსა და ჩინეთში, საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით და ამ ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გასაზრდელად.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს კამპანიებს, გამოფენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე, ამას მუდმივი სახე აქვს და თავისი შედეგი მოაქვს. ვფიქრობ 2024 წელი ბევრად წარმატებული იქნება და 2019 წელთან შედარებით როგორც ტურისტული ვიზიტებიდან, ასევე შემოსავლებიდან ჩვენ კიდევ უფრო კარგ შედეგებს მივიღებთ“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

იაპონია უკრაინას ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის 106 მილიონ დოლარს გამოუყოფს

იაპონია უკრაინას ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის 15,8 მილიარდ იენს გამოუყოფს, რაც 106 მილიონი დოლარის ეკვივალენტია.

იაპონური მედიის ინფორმაციით, სოლიდური თანხა უკრაინაში სოფლის მეურნეობის დაფინანსებას, ჰუმანიტარული ვითარების გაუმჯობესებას, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის განვითარებას მოხმარდება.

ორი ქვეყნის მთავრობები საინვესტიციო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებსაც გეგმავენ, რაც მიზნად ისახავს რეკონსტრუქციის პროცესში იაპონური კომპანიების მონაწილეობას.

“არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება” – ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი რაფაჰში ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ისრაელი არ გაჩერდება, სანამ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.

„მივესალმები ყველას, ვინც ფერნანდო და ლუისი, მამაცური სამაშველო ოპერაციის საშუალებით, შინ დააბრუნა. გავაგრძელებთ ყველანაირად მოქმედებას, რათა ყველა მძევალი საკუთარ სახლებში დაბრუნდეს, არ გავჩერდებით, სანამ ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს.

ისრაელის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ „ჰამასში“ 130 მძევალი იმყოფება, მათ შორის არიან გარდაცვლილებიც.

2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატო-ში, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ  2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატო-ში, მაგრამ ეს შანსი ხელიდან გაუშვეს.

მისივე თქმით, რუსეთი ამას შემდეგ გაძლიერდა და ასეთი პროცესების განვითარებას აღარ დაუშვებს.

„ჩვენ ვერ შევძელით უკრაინასა და საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები წარმატებით დასრულება, რითაც დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს მომავალი წევრის პერსპექტივა“. – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, უკრაინა უნდა დარჩეს „ბუფერულ ზონად“ რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოების გარკვეულ გარანტიებს, მაგრამ არ  გახდება ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი.

„მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოეწონებათ თუ არა, უკრაინა არის რუკაზე – იქ, სად არის. საუკეთესო პერსპექტივაა ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. თუ ეს არ დაეხმარება, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს.

რუსეთი ისევ და ისევ გაანადგურებს უკრაინას. რუსეთი არასდროს შეეგუება მის საზღვრებზე ევროკავშირისა და ნატო-ს ისეთი წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა“,- აღნიშნა ორბანმა.

ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

„აღნიშნული პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობის და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში იძებნებოდა.

ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მაღალ პოზიციას იკავებდა და 50-ზე მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციიდან ჩართული იყო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩასადენად შექმნილი ელექტრონული პროდუქტების და სერვისების მთელი პორტფელის განაწილებასა და შემდგომ მხარდაჭერაში, რომელთა გამართულ მუშაობაზე დამოკიდებული იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობა.

დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხოლოდ ბავარიის მიწის ტერიტორიაზე მცხოვრებ, იდენტიფიცირებულ დაზარალებულთა რაოდენობა 1000 პირს აჭარბებს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობა 42 მილიონ ევროზე მეტია.

საქართველოს პროკურატურა დაკავებული პირის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში დღეისთვის უნალექო ამინდია ნავარაუდები. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 18, ხოლო დასავლეთ საქართველოში 22 გრადუსამდე იქნება.

უნალექოდ ჩაივლის დღე დედაქალაქში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 20 გრადუსამდე გაიზრდება.

უნალექო, თბილი ამინდები საქართველოში 14 თებერვლამდე შენარჩუნდება.

უფრო დეტალურად კი ამინდის პროგნოზი ასეთია:

12 თებერვალს ქუთაისში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია მზიანი ამინდი.

ჭიათურაში უნალექო დღე და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ახალციხეში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +16, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც უნალექო დღეა. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღე +7 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა ომალოშიც. დღისით +10, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თბილისში უნალექო დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.