ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი რაფაჰში ორი მძევლის გათავისუფლებას მიესალმება და აცხადებს, რომ ისრაელი არ გაჩერდება, სანამ ღაზაში მყოფი ყველა მძევალი სახლში არ დაბრუნდება.
„მივესალმები ყველას, ვინც ფერნანდო და ლუისი, მამაცური სამაშველო ოპერაციის საშუალებით, შინ დააბრუნა. გავაგრძელებთ ყველანაირად მოქმედებას, რათა ყველა მძევალი საკუთარ სახლებში დაბრუნდეს, არ გავჩერდებით, სანამ ყველა მძევალი შინ არ დაბრუნდება“, – აღნიშნა ისააკ ჰერცოგმა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაფაჰში განხორციელებული წარმატებული ოპერაციის შედეგად, „ჰამასის“ ტყვეობიდან 2 მძევალი გაათავისუფლეს. მათივე ინფორმაციით, 60 წლის ფერნანდო სიმონ მარმანი და 70 წლის ნორბერტო ლუის ჰარი 7 ოქტომბერს კიბუც ნირ იცხაკიდან გაიტაცეს.
ისრაელის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ „ჰამასში“ 130 მძევალი იმყოფება, მათ შორის არიან გარდაცვლილებიც.