Home Blog Page 1661

“მარცვლეულით დატვირთულ გემებს შავ ზღვასთან უსაფრთხო წვდომა უნდა ჰქონდეთ” – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მარცვლეულით დატვირთულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო წვდომა შავ ზღვასთან.

როგორც მარლ მიშელმა ინდოეთში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რუსეთმა უნდა შეაჩეროს უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკირება და დაბომბვა.

„მსოფლიოში 250 მილიონზე მეტი ადამიანი განიცდის სურსათის დეფიციტს. უკრაინაზე განზრახ თავდასხმით, კრემლი მათ იმ სურსათის გარეშე ტოვებს, რომელიც სასიცოცხლო სჭირდებათ. სკანდალურია, რომ რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის დატოვების შემდეგ ახდებს უკრაინული პორტების ბლოკირებას და ახორციელებს მათზე თავდასხმას. ეს უნდა შეჩერდეს. მარცვლეულით დატვირთულ გემებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო წვდომა შავ ზღვასთან“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მისივე თქმით, ცინიკურია კრემლის შეთავაზება, რომ ღარიბ აფრიკულ ქვეყნებში უსასყიდლოდ გააგზავნის რუსულ მარცვლეულს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას სურსათის ალტერნატიული მარშრუტებით ექსპორტში.

“მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური და პროპაგანდა, დეზინფორმაცია” – ჯოზეფ ბორელი

მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სისულელე იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა „მთავარი არხის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბორელს დაუსვა კითხვა, რომლის მიხედვითაც, „მუდმივი თავდასხმაა დასავლელ პარტნიორებზე ომში ჩართვის მცდელობაში დადანაშაულებასთან დაკაშვირებით“.

ბორელის თქმით, ეს ყველაფერი ხალხის მოსაწამლად ხდება.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, რადგან ეს ქმნის პრობლემას. ეს ყველაფერი ხალხის მოსაწამლად ხდება, რომ გზავნილები შეილახოს, უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური, ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება თანხვედრას ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთიანი მიდგომა გვქონდეს, რაზეც ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, ჩვენი პოზიციის თანმხვედრი იყოს მათი პოზიცია, როდესაც კანდიდატები გადაიზრდებიან წევრ სახელმწიფოდ, მათაც შეძლონ იმავეს კეთება, რათა თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ გვქონდა პრემიერ-მინისტრთან ამაზე საუბარი, ძალიან თავაზიანად ვახსენეთ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და გიდასტურებთ, ეს ის საკითხია, რომელიც უნდა გაუმჯობესდეს, ეს მაჩვენებელიც უნდა გაუმჯობესდეს. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იქნეს ხაზგასმით ახსნილი, განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თავსებადობაში და ყველა ქვეყნის მოთხოვნაც ეს არის“, – განაცხადა ბორელმა.

თამარაშვილის ქუჩის ნაწილზე გარკვეული დროით მოძრაობა შეიზღუდება

კლდოვანი ფერდობის გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოების პერიოდში, 9 და 10 სექტემბერს, 05:00-დან 08:00 საათამდე თამარაშვილის ქუჩაზე, უნივერსიტეტის ქუჩის კვეთიდან წერეთლის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა შეიზღუდება.

ვაჟა ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებიდან, ასევე, უნივერსიტეტის ქუჩიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ბაგების მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩის გამოყენებით, ვერეს ხეობის მიმართულებით, ზურაბ ავალიშვილის ქუჩის გავლით.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. კერძოდ, N531 მიკროავტობუსი და ავტობუსები: N301, N311, N334, N358, N383, N387, N388, N397 უნივერსიტეტის ქუჩიდან ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შემდეგ კი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილისკენ გადაადგილდებიან, გაივლიან ავალიშვილის ქუჩას, საიდანაც ჭავჭავაძის გამზირზე მოხვდებიან.

“ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს სოფლებში, მუშაობენ შესაბამისი სამსახურები” – დავით გუმბარიძე

სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი დავით გუმბარიძე აცხადებს, რომ მეორე სოფელში ვერტმფრენის ჩართვა გახდა საჭირო, რადგან გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზე ავიდა.

გუმბარიძის თქმით, სტიქიის ადგილზე ვერტმფრენის გარეშე მისი სიმაღლიდან ჩამოყვანა ვერ ხერხდება.

„ძლიერი ნალექის შედეგად მდინარემ დატოვა კალაპოტი და გადმოდის. სოფლებში უკვე ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს. სამაშველო სამსახური შეძლებისდაგვარად მუშაობს. ჩვენც ჩართული ვართ, პოლიცია აქტიურად გვეხმარება. მოქალაქეების გამოყვანა ხდება იმ სახლებიდან, სადაც არ არის მეორე სართული და დაბალია პირველი სართული. გვეხმარებიან ადგილობრივი ბიჭებიც, ნავებით გამოჰყავთ მოსახლეობა. ვინც დასახმარებლად გვირეკავს, არავინ გვრჩება უყურადღებოდ.

წვიმა გრძელდება, მატულობს წყლის დონე. მეორე სოფელში საჭიროა ვერტმფრენის ჩართვა. ადამიანის, რომელიც სიმაღლეზეა ასული, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, არის მდინარის პირას. როგორც ვიცი, ვერტმფრენი გამოძახებულია თბილისიდან და წუთი-წუთზე ელოდებიან“, – განაცხადა სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელმა, დავით გუმბარიძემ.

“მთავრობის გაუგებარი ქცევა პრეზიდენტს ეხმარება, მისი იმიჯი უმჯობესდება” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, პრეზიდეტნთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ნაბიჯები გაუგებარია.

მისივე თქმით, ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ერთად უნდა მუშაობდნენ, „ქართული ოცნება“ კი ამ დროს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უწყობს, რაც კარგი არ არის და ამაზე მიუთითა ჯოზეფ ბორელმაც.

„ქართული ოცნების“ მხრიდან საბოლოო ჯამში სიტყვების თამაშია. კონტექსტი და საღი აზრი ხომ არსებობს. ბორელმაც საბოლოო ჯამში ის თქვა, რომ ცუდად გამოიყურება ერთობის ფორმატში. ოპოზიცია და „ქართული ოცნება“ ერთად უნდა მუშაობდნენ და რაღაც ნაბიჯები გადადგან, ამ დროს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს იმპიჩმენტს უწყობს, რაც ახსნადი არ არის. პრეზიდენტის მიმართვა გუშინ ადეკვატური და ნორმალური იყო. სრულად ტრაგი-კომიკურია, რომ პრეზიდენტი თავისით დადის, ტელეფონით იღებს და საელჩოები არ ეხმარებიან, მთავრობა არ აფინანსებს და ა.შ ეს მთავრობის და „ქართული ოცნების“ პრობლემაა. არ მესმის, რატომ გვარცხვენს საერთაშორისო ასპარეზზე. საბოლოო ჯამში ეს ყოვლად გაუგებარი ქცევაა. პრეზიდენტს ეს ეხმარება, პრეზიდენტის იმიჯი უმჯობესდება და ევროპელები პოზიტიურად არიან მის მიმართ განწყობილი. ჩვენს ქვეყანაშიც ამას ბევრი აფასებს. „ქართულ ოცნებას“ თუ დაგეგმილი აქვს, სალომე ზურაბიშვილი რეიტინგულ პოლიტიკოსად აქციონ, გააგრძელონ“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებდა. მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ქვეყანაში ვიზიტზე უარი ეთქვა. პირველ სექტემბერს კი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. კობახიძემ განმარტა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია. სალომე ზურაბიშვილი ბოლოს საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ის საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „ინსტაგრამზე“ გაავრცელა. მანამდე სალომე ზურაბიშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა, ასევე ბრიუსელში შეხვედრა გამართა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო ვიზიტების შემდეგ გუშინ გააკეთა პირველი განცხადება. ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხზე საზოგადოებისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ მის გადადგომაზე ოცნება ყველამ უნდა დაივიწყოს. „მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ ვივლი ყველგან, სადაც წასასვლელი ვარ, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

“მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს სტატუსი ბონუსად, ჩვენ არ მივიღეთ, ქართველებს ყველაზე მეტად არ გვიყვარს უსამართლობა” – პრემიერი

მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია, ჩვენ არ მივიღეთ, კითხვა ლოგიკური და სამართლიანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს არის უსამართლობა, მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება იყოს სამართლიანი და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს.

„ჩვენ სერიოზულ და რთულ მოცემულობაში მოვყევით. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის შემდეგი. ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ ბონუსად, ავანსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი. კითხვა ლოგიკური და სამართლიანია. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს უსამართლობაა, არ ვეგუებით უსამართლობას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, იყოს სამართლიანი. რაც შეეხება, თუ რა გზავნილი იქნება ასეთ ვითარებაში, როცა არავინ იცის უკრაინაში ომი როგორ და როდის დასრულდება, როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში. მით უმეტეს, ასეთ ვითარებაში, მოლდოვას და უკრაინას ავანსად მიეცით სტატუსი და ჩვენ არ მოგვეცით. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი რთულია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება. ამავდროულად გვესმის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული, რადგან მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ. მინდა, იმედი გამოვთქვა, თუ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, მაშინ ჩვენი პოზიცია შემდეგია, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

“მინდა, დაგარწმუნოთ, რომ რეფორმების მიმართულებით ქართული ძალისხმევა იქნება დაფასებული” – ჯოზეფ ბორელი

მინდა, დაგარწმუნოთ, რომ რეფორმების მიმართულებით ქართული ძალისხმევა იქნება დაფასებული, – ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ობიექტურად იქნება ასახული ევროპული ინსტიტუტების ყველა ანგარიშში.

„ჩვენი დირექტორატის უფროსი დარჩება საქართველოში, გააგრძელებენ მუშაობას. ახლა გავემართები სასაზღვრო ზოლთან, შევხვდები მონიტორინგის მისიის თანამშრომლებს. რუსეთს გაუხარდება ყველაფერი ცუდი – თუ წარმატებული არ იქნება ქვეყანა და ჩვენი ურთიერთობა. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ყველა ქვეყანა განსხვავებულია, ყველა ქვეყანას განსხვავებული პოლიტიკური, სოციალ-ეკონომიკური ვითარება აქვს. მინდა, დაგარწმუნოთ, ქართველები დავარწმუნო, რომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან და რეფორმების მიმართულებით ქართული ძალისხმევა დაფასებული იქნება. ეს აღნიშნული და ობიექტური გზით გაკეთებული იქნება ევროპული ინსტიტუტების ყველა ანალიტიკურ ანგარიში“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

“მჯერა და გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს”

მჯერა და ჩვენ გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ათი წელიწადში, ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ხელშესახები რეფორმები.

„მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მეგობრებს, რომ ბოლო ათი წელიწადში, ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ხელშესახები რეფორმები. საქართველოში თუ ვინმემ, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ მიაღწია კონკრეტულ შედეგს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“ მმართველი პარტია.

ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, შარშან მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. მე მჯერა და ჩვენ გვინდა, იმედი გამოვთქვათ, რომ ოქტომბერში ევროკომისია დადებითი რეკომენდაციით მიმართავს საბჭოს და წლის ბოლოს ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.ბ

“12 პრიორიტეტის სახით მკაფიოდ გაწერილია ამოცანები, ივნისის შემდეგ საქართველომ შეასრულა სამი მათგანი, დანარჩენი ცხრა პროცესშია”

12 პრიორიტეტის სახით ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი, ივნისის შემდეგ საქართველომ შეასრულა სამი მათგანი და დანარჩენი ცხრა პროცესშია, თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, საქართველო ნამდვილად მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა, უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება, ქვეყანამ აიღოს.

„ჩემი საქართველოში ვიზიტის პროცესში, თქვენთან, ქართველ ხალხთან სამი ძირითადი გზავნილი მაქვს. პირველი არის ის, რომ ნამდვილად, საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, ჩამოვსულიყავი საქართველოში და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი, დავინახე ქართველი ხალხის ძლიერი სულისკვეთება. 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არა მხოლოდ რიცხვია, მე ძალიან მიხარია, რომ ვხედავ, ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში. უნდა ვთქვა, რომ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში.

ბატონო პრემიერო, თქვენ ნამდვილად ბრძანეთ და გავიგეთ, რომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს ქვეყანას. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენ ვუსმენთ ხელისუფლებას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას და ასევე, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად მუშაობდეს ამ პროცესში. ამაზე მქონდა საუბარი პარლამენტის წევრებთან. უნდა იყოს ინკლუზიური უმრავლესობა და უმცირესობას უნდა ჰქონდეს თანამშრომლური სულისკვეთება. ეს არის ერთობლივი ძალისხმევა.

რაც შეეხება მთავრობასა და მმართველ პარტიას. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება. ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული იმაზე, რომ შემცირდეს პოლიტიკური დაძაბულობა, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ, რადგან ევროპეიზაციის გზაზე შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე, შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად. ამოცანები არის კარგად და მკაფიოდ გაწერილი 12 პრიორიტეტის სახით და ჩვენ უკვე განვაცხადეთ ეს ჩვენს დასკვნაში. ივნისის შემდეგ თქვენ შეასრულეთ სამი მათგანი და დანარჩენი ცხრა პროცესშია, შესასრულებელია. თუმცა დრო მაინც გვაქვს მათ შესასრულებლად.

პირველ ყოვლისა, უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია პოლიტიკური ლანდშაფტის, დეოლიგარქიზაცია, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სფეროების, სასამართლო სისტემის, საარჩევნო სისტემის რეფორმა, მედიის პლურალიზმი და ადამიანის უფლებები. მოკლე გზა ამის მისაღწევად არ არსებობს, ყველაფერს სჭირდება ძალიან დიდი გულდასმით მუშაობა, პოლიტიკური ნება და მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ფასეულობებისადმი.

ჩემი გამოცდილებით, მინდა, გითხრათ, რომ ეს მუშაობა ნამდვილად ღირს შედეგად არა მარტო იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრი გახდეთ, არამედ ყოველდღიურობა რომ გაუუმჯობესოთ თქვენს მოქალაქეებს. ევროკავშირის წევრობა არის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციული ძალა და უსაფრთხოების ვალდებულება, რაც შეიძლება, ქვეყანამ აიღოს. მე ჩემი ქვეყნის მაგალითზე ვამბობ ამ ყველაფერს. ყველაზე ძლიერი ტრანსფორმაციული ძალაა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

ოზურგეთში, სტიქიის ზონაში, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, 80 წლის ქალის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ სილაურში მოხუცი ქალის საცხოვრებელი სახლი წუხელ განვითარებულმა მეწყერმა მთლიანად გაანადგურა. სტიქიის დროს ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა.

ცნობისთვის, წუხელ ძლიერი წვიმის შედეგად გურიაში პრობლემები შეიქმნა, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

მაშველები 3 ადამიანს ეძებდნენ, საიდანაც ორი უკვე ნაპოვნია. 1 გარდაცვლილი ბავშვია, კიდევ ერთ მოზარდს კი ჯერ კიდევ ეძებენ.

“პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი რისკია და უფრო გაზრდის პოლარიზაციას” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელის, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი და პოლარიზაციას კიდევ უფრო გაზრდის.

მისივე თქმით, ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად.

„პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი უნდა მუშაობდეს ერთად და ძლიერად უჭერდეს მხარს ქვეყანას ევროპულ გზაზე. საქართველოს აქვს პოტენციალი, წარმატებული იყოს ამ პროცესში. თქვენ გაქვთ ძლიერი ადმინისტრაცია, თქვენ გყავთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და ამ ისტორიულ მომენტში წარმატებისთვის გჭირდებათ თანამშრომლობა “, – განაცხადა ბორელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ბორელთან შეხვედრაზე ოპოზიცია იყო ერთიანი” – დავით უსუფაშვილი

ბორელმა პირდაპირ გვითხრა, რომ ევროპის კარი ღიაა, ჩამოვიდა საქართველოს დასახმარებლად და იმის სათქმელად, რომ რეკომენდაციების მცირე ნაწილია ბოლომდე შესრულებული, დანარჩენებზე სერიოზული მუშაობაა საჭირო. დრო საკმარისია, ევროპა მზადაა, დაგვეხმაროს, მაგრამ საკითხები აქ არის გადასაწყვეტი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ამ გზავნილს კარგი გამგონე სჭირდება.

„მგონი, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ნაწილი გაიგებს, ნაწილზე იქეთ აუხსნეს, როგორ უნდა შეიცვალოს ევროპა, რომ ის გახდეს საქართველოს ღირსი. კარგი ამბავი ისაა, რომ ოპოზიცია იყო ერთიანი იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ევროპა უნდა დაგვეხმაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, რათა ქვეყანა წინ წავიდეს. დემოკრატიულმა სამყარომ არ უნდა გაიმეოროს ის შეცდომა, რომელიც 2008 წლის ბუქარესტში ნატო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. MAPI არ მოგვცეს, მაშინაც ნატო-ს წევრებს ჰქონდათ დასაბუთებული ეჭვები მაშინდელი ხელისუფლების დემოკრატიული პრობლემების თაობაზე, მაგრამ მაშინ MAPI-ის არმოცემამ გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან, არამედ დღევანდელი უკრაინის ომიც ამის შედეგია. ამიტომ, მთავრობა, რომელიც საქართველოში ვერ არის იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა იყოს, ეს არ უნდა გახდეს დაბრკოლება.

ევროპისკენ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ და საქართველო შევაფაროთ ევროპული უსაფრთხოების ქოლგას, ვაზიაროთ იმ კეთილდღეობას, თავისუფლებას, რაც ევროპაშია. დღეს გავიგეთ, რომ მთავრობას ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის გადაუცია 7-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა სისტემური მიდგომის თაობაზე, როგორ უნდა მოისპოს საქართველოში ოლიგარქიული სისტემები და ა.შ. ჩვენ ერთი წელი დავკარგეთ ამაზე. არ ვიცი, ამ დოკუმენტში რა წერია, მაგრამ კარგი იქნება, თუ დარჩენილ დროში ნაბიჯები გადაიდგმება.

ევროპელმა მეგობრებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ გასაკეთებელი გვაქვს საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით. პროექტი, რომელიც გუშინწინ დაანონსდა, ალბათ ამის შედეგია, რომ ევროპიდან ჩვენი ხელისუფლების მიმართ ძალიან მკაფიო გზავნილები იყო. მათ თქვეს, რომ ყველა ეს საკითხი ვენეციის კომისიაშია გასავლელი. იყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა იუსტიციის საბჭოს წევრებთან დაკავშირებული საკითხის სწორად გადაწყვეტა. ჩვენმა კოლეგებმა ევროპიდან ძალიან მკაფიო გზავნილები ჩამოიტანეს, რას ელოდებიან ისინი. ხელისუფლების წარმომადგენლების ცოტა არ იყოს, ჭკუის სწავლებაზე მათ გვითხრეს, რომ ელემენტარული ცივილიზაციური წესია – თუ გნებავთ კლუბში შემოსვლა, მაშინ იმ კლუბის კრიტერიუმებს უნდა დაემოეჩილოთ. მობრძანდით და რომ შემოხვალთ ამ წესებით, შემდეგ ერთად ვისაუბროთ, თუ სხვანაირი ევროკავშირი გინდათ, რომელიც ქართულ სტანდარტებზე იქნება მოწყობილი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით მკაფიოდ ითქვა, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებით ევროპამ ნეგატიური მესიჯი მიიღო.

„სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით შეხვედრაზე ასევე მკაფიოდ ითქვა, ბორელმა განაცხადა, რომ ის არ არის ქართული კონსტიტუციის სპეციალისტი, მაგრამ იმპიჩმენტზე დაწყებული საუბარი ამ დროს, ასეთ ვითარებაში, საკმაოდ პრობლემური იყო და ნეგატიური მესიჯი მიიღეს ევროპაში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.