Home Blog Page 1659

21 წლის ასმარ ნურიევა ამერიკული United Airlines-ის პილოტი გახდა

21 წლის ასმარ ნურიევა გარდაბნიდან ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანიის United Airlines-ის პილოტი გახდა. ინფორმაციას აქტივისტი სამირა ბაირამოვა ავრცელებს.

“გაგიზიარებთ სასიხარულო ამბებს სასიამოვნო კვირისთვის.

ასმარ ნურიევა, ჩვენი ძვირფასი მეგობრის, ხალილ ნურის ქალიშვილი, არის Epic Flight Academy-ის სტუდენტი ფლორიდაში, აშში, ის იქნება ჩვენი აზერბაიჯანელი პილოტი გოგო აშშ-ში.

ასმარ ნურიევა საქართველოს ქალაქ გარდაბნის სოფელ ყარაჯალარიდანაა. ეს სოფელუ პარიხანუმის მშობლიური სოფელია და დეპუტატი ქალის საქმიანობა კვლავ გრძელდება.

საქართველოს აზერბაიჯანელებს აქვთ მაღალი ინტელექტი და პოტენციალი, სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის დაინტერესებულია მარტო გაუნათლებული ხალხით და არ აძლევს საქართველოს მოქალაქეების განვითარების საშუალებას”, – წერს ბაირამოვა.

 

 

ხაზარაძემ რეპრესიები დააანონსა, გაციმბირების ნაცვლად, რეპრესიების სახით ადამიანებს ჰპირდება მოსკოვში გადასახლებას -მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ რეპრესიები დაანონსა.

მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებაზე, სადაც ხაზარაძე ამბობს: „ბიძინა ივანიშვილის ადგილი არის კრემლში, ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად წავა, ის უნდა იყოს მოსკოვში, მე როგორ გავაგდებ, პროკურორი კი არ ვარ, ეს არის პოლიტიკური გზავნილი“.

მდინარაძის თქმით, მამუკა ხაზარაძე ახსენებს პროკურორს, რაც მიუთითებს, რომ თავის განცხადებაში ხაზარაძე გულისხმობს სწორედ რეპრესიებს და რეპრესიების სახით, მოსკოვში გადასახლების დაპირებას გასცემს.

„საბჭოთა პერიოდში არსებობდნენ კომკავშირელი აქტივისტები, რომლებიც თავად კომკავშირლებს არ უყვარდათ, იმდენად გამოირჩეოდნენ ამ აქტივიზმით და როგორც ყვებიან, ხაზარაძეც მათ რიგში იყო. ამის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი იყო გაციმბირება. ალბათ გახსოვთ ციმბირში გადასახლება. ხაზარაძემ რეპრესიები დაანონსა, ისე, რომ ცხოვრების პირობები უკეთესი შემოგვთავაზა. ახლა მოსკოვში გადასახლებას გვპირდება. ამის დასტურად შემიძლია, მოვიტანო ის ამბავი, პროკურორს ახსენებს. წარმოიდგინეთ, ქვეცნობიერში რა უდევს ამ ადამიანს. მე არ ვარ პროკურორი, ანუ პროკურორის საქმეაო. როდესაც ადამიანს კითხვას უსვამ, რატომ იქნება მოსკოვში ვიღაც, რა მნიშვნელობა აქვს, ბიძინა ივანიშვილზე სპეკულირებს, მამუკა მდინარაძეზე თუ თქვენზე, ის ხომ ამით იმუქრება? ფიქრობს, რომ უნდა დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ის „ნაცმოძრაობაა“ და ამიტომ რეპრესიები უნდა განახორციელოს. ამ კონტექსტში ამიტომ ახსენებს მისი ქვეცნობიერი პროკურორს და ამბობს, მე არ ვარ პროკურორი, რომ ამაზე გიპასუხოთო. გაციმბირების ნაცვლად, ის ადამიანებს რეპსრესიების სახით ჰპირდება გამოსკოვებას და მოსკოვში გადასახლებას. წარმოიდგინეთ, რამხელა უინტელექტობა და რამხელა ბოღმა, ბოროტება დევს იმ ადამიანებში, ვინც ამას ლაპარაკობდა. „ნაცმოძრაობის“ „ლელო“ იქნება, თუ გახარიები, ისინიც გამოირჩევიან ამ კომკავშირული აქტივიზმით, თუ გნებავთ, ნებისმიერმა თქვენგანმა ჰკითხეთ, თუ რეპრესიებზე არ არის საუბარი, სხვა შემთხვევაში, რა შუაშია პროკურორი? რატომ უნდა ახსენო პროკურორი, თუ საკუთარი ქვეცნობიერი არ გამხელს ამაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

12 თებერვლს 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე გორის საავტომობილო გვირაბის აღმოსავლეთ მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, (აღმოსავლეთის მიმართულებით) სავალი ნაწილის შეკეთების  მიზნით, 2024 წლის 12 თებერვლი 13:45 სთ-დან 15:30 სთ-მდე, საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

დროის ამ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

“ჩვენ რეალურად ვისმენთ ხაზარაძისგან მუქარას, რომ ის თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, დაიწყებს ადამიანების დევნას, უფრო მეტიც, ქვეყნიდან გაძევებას”

შემაშფოთებელია, როდესაც პოლიტიკოსი ხელისუფლებაში დაბრუნების მთავარ მიზნად აცხადებს ადამიანების დევნას, თან ვის დევნას, ბიძინა ივანიშვილის დევნას, რომელიც არის ის ქველმოქმედი მათ შორის, პოლიტიკური უპრეცედენტო ქველმოქმედების ავტორი, რომელმაც ბოლო წლებში, 2012 წლიდან უკვე თვალსაჩინოდ და მანამდეც, არაერთი პროექტის შედეგად ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა და ამდენი წელია სწორედ ბიძინა ივანიშვილია ამ სახელმწიფოს უსაფრთხოების და სტაბილურობის მთავარი გარანტი, აი, ასეთ ადამიანს ის ემუქრება დევნით, – ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, ჩვენ რეალურად ვისმენთ ხაზარაძისგან მუქარას, რომ ის თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, დაიწყებს ადამიანების დევნას და უფრო მეტიც, ქვეყნიდან გაძევებას.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ როგორც არაერთი არჩევნების დროს, წელსაც ფორმაში იქნება და ასეთ ძალებს, რომლის ერთ-ერთ სპიკერად იქცა მამუკა ხაზარაძე, არ მსცემს საშუალებას, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

„არ მახსენდება, რაიმე ტიპის პოლიტიკური შეფასება ან განცხადება გამეკეთებინოს, ყოველ შემთხვევაში, ხშირად არ მომსვლია ასეთი, ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან, ან მის პოლიტიკურ წონასთან დაკავშირებით, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ არასოდეს მისი ან პოლიტიკური ქცევა, ან პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ქმედებები, პოლიტიკური გეგმები არ იწვევდა იმის განცდას, რომ ის ან სიღრმისეული პოლიტიკოსია, ან რაიმე ტიპის პოლიტიკური მომავალი შეიძლება ადამიანმა უწინასწარმეტყველოს, მაგრამ ახლა ალბათ ამ ძალიან შემაშფოთებელ განცხადებასთან დაკავშირებით პასუხის დროა.

ჩვენ რეალურად ვისმენთ ბატონი ხაზარაძისგან მუქარას, რომ ის თუ დაბრუნდება ხელისუფლებაში, დაიწყებს ადამიანების დევნას და უფრო მეტიც, ქვეყნიდან გაძევებას. ვამბობთ ხელისუფლებაში დაბრუნდებაო იმის გამო, რომ თუ მას არ ახსოვს, შეგვიძლია შევახსენოთ ის, რაც ხალხს ძალიან კარგად ახსოვს, რომ ხაზარაძე თავის დროს იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ხელისუფლებასთან შეზრდილი რეკეტირი და სიტყვა დაბრუნდება ხელისუფლებაში და თუ დაბრუნდება, სწორედ რომ უპრიანია მასთან მიმართებაში. თუ დაბრუნდება და ის ამტკიცებს, რომ დაბრუნდება, ის თურმე დააბრუნებს უკვე ხელისუფლების სათავეში მყოფი ხაზარაძე ამ ქვეყანაში დაშინებას, შეშინებას, განადგურების მუქარას და ადამიანების დევნასა და ქვეყნიდან გაძევებას. ეს რა თქმა უნდა, სასაცილოა ერთის მხრივ, იმიტომ, რომ იმ რეიტინგიდან გამომდინარე, რაც მას აქვს, ეს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს სამშობლოს არ ემუქრება, მაგრამ შემაშფოთებელია, როდესაც პოლიტიკოსი ხელისუფლებაში დაბრუნების მთავარ მიზნად აცხადებს სწორედ ადამიანების დევნას, თან ვის დევნას, ბიძინა ივანიშვილის დევნას, რომელიც არის ის ქველმოქმედი მათ შორის, პოლიტიკური უპრეცედენტო ქველმოქმედების ავტორი, რომელმაც ბოლო წლებში, 2012 წლიდან უკვე თვალსაჩინოდ და ხილულად და მანამდეც, არაერთი პროექტის შედეგად ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა და ამდენი წელია სწორედ ბიძინა ივანიშვილია ამ სახელმწიფოს უსაფრთხოების და სტაბილურობის მთავარი გარანტი. აი, ასეთ ადამიანს ის ემუქრება დევნით. ჩვენ რა თქმა უნდა, წელსაც ვიქნებით ფორმაში, როგორც არაერთი არჩევნების დროს წარსულში და ასეთ ძალებს, რომლის ერთ-ერთ სპიკერად იქცა მამუკა ხაზარაძე, არ დავუშვებთ და არ მივცემთ საშუალებას, რომ დემოკრატიული არჩევნების გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“მე წარმოვადგენ ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი” – ირაკლი ჩიქოვანი

მე წარმოვადგენ ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ჩიქოვანმა ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ ფიქრობს თუ არა, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ხომ არ გადაუფასებია ამ საქმესთან დაკავშირებით გარემოები, ან აქვს თუ არა ბრალდებულებთან კომუნიკაცია, განაცხადა, რომ ამ საქმის „სამართლებრივი პროცესი გრძელდება“.

„კომუნიკაცია ამ პირებთან არ მაქვს, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ამ საკითხის სამართლებრივი მიმდინარეობა კვლავაც გრძელდება. შესაბამისად, ეს სამართლებრივი პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება, მომავალში რა შედეგი დადგება, ვნახავთ. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, მინდა გითხრათ ერთი რამე, ამაზე ერთხელ განმარტება გავაკეთე, მესმის, რომ თქვენი მხრიდან გარკვეული ინტერესის სფერო შეიძლება იყოს კი არა, სენსაციურობის ხარისხს იძენდეს – მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და მხვდა პატივი, ჩემს სამშობლოს თავდაცვის მინისტრის რანგში ვემსახურო. დამიჯერეთ, ამაზე დიდი პატივი ჩემთვის ჯერჯერობით ნამდვილად არ ყოფილა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობების აბსოლუტური მაქსიმუმი გავაკეთო, ყველანაირად მოვინდომო, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდეს ჩვენი ჯარის ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის. დანარჩენი, ყველანაირი პოლიტიკური სპეკულაცია, რაღაც პარალელების გავლება, რაღაც შედარებების გაკეთება, მე მგონი, უადგილოა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ის იმ გუნდს წარმოიდგენს, „რომელსაც უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებაში ადანაშაულებდა“, ჩიქოვანმა უპასუხა, რომ ის „ირაკლი ჩიქოვანს წარმოადგენს“.

„მე წარმოვადგენ ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასამართლო პროცესების გარკვეული ეტაპები დასრულებულია და ასევე, სხვაც მიმდინარეობს. აქ სხვა სპეკულირების საშუალება აღარ არის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, ჩიქოვანმა უარყოფითი პასუხი გასცა.

“კომპრომისი არ იქნება არც ერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე” – ირაკლი ჩიქოვანი

ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა, რომ ვიყო სრულად ინფორმირებული თუ რა შესყიდვები ხორციელდება თავდაცვის სამინისტროში და როგორია ფინანსური მდგომარეობა ზოგადად სექტორისა და სისტემის – კომპრომისი არ იქნება არც ერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ამასთან აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით გაკეთებულ რეპორტაჟებში მანიპულაცია და დეზინფორმაციაა.

„ჩემს პირობას გაძლევთ, რომ კომპრომისი არ იქნება არც ერთ ადამიანთან, ვინც მზად არის, კომპრომისი გაწიოს ჯარისკაცების ხარჯზე. ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში, არც კვებით ნაწილში, არც სხვა უზრუნველყოფის ნაწილში კომპრომისი ნამდვილად არ იქნება. ჩვენი ჯარი, ჩვენი თავდაცვის ძალები არის განსაკუთრებული ნაწილი ჩვენი საზოგადოების. ეს არის ჩემი ზოგადი პოზიცია და არ არის განპირობებული, ან ერთი, ან მეორე რეპორტაჟით.

რაც შეეხება რეპორტაჟებს, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ამ რეპორტაჟებში იყო ვარაუდები, მინიშნებები, მანიპულაციები, დეზინფორმაციაც კი, ზოგჯერ. ეს ნამდვილად არის არასწორი, მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ეხება თავდაცვის სფეროს და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი არათუ ინტერესის სფერო, ჩემი ვალდებულება იქნება, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოვიყენო ყველა ის რესურსი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. აქვე გავუსვამ ხაზს და გეტყვით, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდა თავდაცვის სფეროში დანახარჯებთან დაკავშირებით, არის მნიშვნელოვანი განაცხადი, თუ რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ხელისუფლებას თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით, ჩვენს გენერლებთან, ოფიცრებთან, კაპრალებთან, რიგითებთან და აბსოლუტურად ყველასთან და ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და მაქსიმალური ეფექტიანობით მოვახმართ ჩვენს თავდაცვის ძალებს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა  ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის  და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ – ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და  შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის  ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.

აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად,  კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე  ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით  მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში  გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის  უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით  (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო.

საზოგადოებას შევახსენებთ რომ 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ირაკლი ჩიქოვანმა რობინ დანიგანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

მინისტრმა აშშ-ის მხარეს საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით განხორციელებულ ნაბიჯებსა და საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე. აღინიშნა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.

შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო დაესწრო.

„ნაცი“ „ნაცია“ თავისი ბოროტებით” – მდინარაძე

რაც არ უნდა გადანაწილდნენ ერთმანეთში, თაღლითი თაღლითია, მოღალატე მოღალატეა, „ნაცი“ „ნაცია“ თავისი ბოროტებით, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ნაცმოძრაობაზე“, „ლელოსა“ და გიორგი გახარიას პარტიაზე საუბრისას განუცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გასულ კვირას პარლამენტში ამ პარტიების წარმომადგენლების შეცვლილ რიტორიკაზეც ისაუბრა.

„წინა კვირაში, ერთ მშვენიერ დღეს უცებ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან კარგად დავარცხნილები, ჰალსტუხებით წარმოდგენილები, განსხვავებულ ამპლუაში და არიან კონსტრუქციულები. ამ დროს უფრო გაშმაგდნენ „ლელოსა“ და გახარიას წარმომადგენლები. ეს ხომ როლებია. უთხრეს: შენ ამას ითამაშებ, შენ ამას. ეს ხომ სიყალბის მტკიცებულებაც არის. მე რომ ხვალ სხვანაირი გავხდე, ვიდრე ამ წლების განმავლობაში ვიყავი, ხომ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ „ეს უკვე თავის თავს აღარ ეკუთვნის, ეს ადამიანი თამაშობს“. ყველა მათგანი ასრულებს როლს. შესაბამისად, ეს არის უტყუარი მტკიცებულება, რომ ზოგი იქნება ხან რადიკალური, ხან კონსტრუქციული“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ამის მიზანია, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ ჩამოართვას „ხმების 1-2% მაინც“, „ლელომ“ კი რადიკალურად განწყობილი ამომრჩეველი მიიზიდოს.

“ბოლოდროინდელმა ძალადობამ ცხადყო, რომ სოციალური სამსახურის ფუნქცია მოშლილია” – ანა დოლიძე

ჯანდაცვის სამინისტრო უნდა გააქტიურდეს და შეასრულოს დაკისრებული პასუხისმგებლობები, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს მათ დაქვემდებარებაში მყოფი სამსახურების გამართულად მუშაობა – სოც. მუშაკი უნდა იყოს გაწვრთნილი, მოვლილი და არა ისე, რომ იქეთ შეგეცოდოს და დაეხმარო, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ ანა დოლიძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო ეფექტიანად არ მუშაობს და სწორედ, ამიტომ „ოცნებას“ პასუხი უნდა მოეთხოვოს.

„საქართველოში ცხოვრობთ თუ უცხოეთში, დარწმუნებული ვარ საინფორმაციოს ყურება ყველასთვის ნერვიულობის საბაბია. ოჯახში ძალადობის შემთხვევები, ძალადობა, ძალადობა აქ დარჩენილი ბავშვების მიმართ, რომლის მშობლები ხშირად უცხოეთში არიან, ასევე სიღარიბე და სიღარიბიდან გამოწვეული პრობლემები. „სტამბოლის“ ბაზარში ხორცის ფასის გამო, ნისიად მოითხოვა ხორცი და რომ არ მისცეს, ჩაცხრილა ადამიანები. სულ მაგას ვამბობ ნისიად ცხოვრობს ქვეყანა-თქო. ძალადობაა გარშემო, როდესაც ბავშვები აქ არიან დატოვებულები მშობლების გარეშე, ხშირად, რა თქმა უნდა, უფრო დიდი საფრთხეა, ხშირად აღმოვაჩენთ, რომ ძალადობის მსხვერპლები არიან.ამისთვის არის შექმნილი სოციალური სამსახური, რომელიც ფაქტობრივად, რეალურად უცხო ქვეყანაში იმისთვის არსებობს, რომ მსგავსი ფაქტები სანამ მოხდება მანამდე გააჩეროს, ანუ სანამ რაღაც მოხდება, ან სიღარიბის გამო, ან სხვა რაღაცის გამო რაღაც დატრიალდება, მანამდე ჩაერთოს სოციალური სამსახური.

საერთოდ არავის არ ახსოვს ეს ორგანო სად არის. უცხოეთში ეს ყველგან არსებობს. იმისთვის არსებობს, რომ ეს ადამიანი, პატარა ადამიანი, ბავშვი თუ მოზრდილი, თუ მოხუცი შენი ქვეყნის თანამოქალაქე არის და მას, რომ რამე დაემართება, ისევ შენი სახელმწიფოს საზრუნავი არის, ის ტრავმა, ის ტრაგედია, ის ჯანდაცვა, ის მოვლა მაინც შენი სახელმწიფოს გადასახდელია ის თანხა და შენი საზოგადოების წევრია ეს ადამიანი, რომელიც უკვე დაზიანებული და დასახმარებელია. მანამდე შეიქმნა ისტორიული სოციალური სამსახური იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს. ჯანდაცვის სამინისტროში ზის აღნიშნული სოციალური სამსახური, სოციალურ მუშაკებს აქვთ მიზერული ხელფასი, ბენზინს თვითონ ასხამენ მანქანაში თავისი ჯიბიდან, რომ სადღაც წავიდნენ და ბავშვი დაათვალიერონ და მერე დასკვნებს წერენ მარტო სასამართლოში. სასამართლოში, რომ საქმე წავა იქ უკვე გვიან არის ყველაფერი, რადგან მანამდე არის ჩარევა საჭირო და სოციალური სამსახური იმისთვის არსებობს (მაგის უფროსის სახელიც არ ვიცი ახლა უნდა გავიგო), რომ მანამდე ჩაერიოს ამ ყველაფერში და თან ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნებოდა ეს ემიგრანტებისთვის, იმიტომ, რომ ადამიანი, როდესაც წასულია ის მაინც ეცოდინება, რომ პერიოდულად ვიღაც სახლში შეივლის და დარწმუნდება, რომ იქ ყველაფერი წესრიგშია. ჩვენს სახელმწიფოს ამაზე ხელი აქვს ჩაქნეული. მართლა პასუხია მოსათხოვი. ამას წინად კიდევ საშინელი შემთხვევა მოხდა, ქმარმა, რომ მძინარე ცოლი მოკლა. აქ უნდა დაისვას კითხვა, სად არის სოციალური სამსახური? რატომ მანამდე არ რეაგირებს? ვიღაც რომ მოკვდება, დაზიანდება, სცემენ და მერე დააკავებენ. დაჭერაზეა მარტო? ციხე ამის ფუნქციას ვერ ასრულებს, მანამდე უნდა ჩაერიოს სახელმწიფო. სხვათა შორის სოციალური მუშაკების დავალება ბავშვების გაშვილების საკითხი. აქ რა ხდება ხომ იცით? საერთოდ განუკითხაობაა“, – განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარემ.

ანა დოლიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მილიარდობით ლარს ხარჯავს, თუმცა არ მუშაობს.

„ჩვენ ვიხდით გადასახადებს ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიმახსოვროთ. ესენი არიან ჩვენი დაქირავებული ხალხი, ჩვენ ვქირაობთ მათ არ მოგვწონს უნდა გავუშვათ. 8 მილიარდი ლარი არის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, მილიარდობით ლარი არის და არ მუშაობს. ჯერ რა ხდება იქ, ან შესასვლელში რა ხდება, ან რა რიგებია ან რა გაუგებარი სიტუაციაა. მე მინდოდა მეთქვა, შუა რგოლი სანამ რაღაც უბედურება მოხდება, იმ ხალხისთვისაც ვინც არის უცხოეთში ფულს აგზავნის, სოციალური სამსახური უნდა იყოს დასაყრდენი, რომ ყველაფერი წესრიგშია, სიმშვიდეა სხვებთან ერთად თემი, ეზო, მეზობლობა და სკოლა. კიდევ იყო შემთხვევა ბათუმში, როდესაც ბავშვმა გააჩინა შვილი მამისგან. წარმოიდგინეთ რა უბედურებაა, სკოლა იძახის რა ვიცით, როგორ შეიძლება სკოლამ არ იცოდეს, როცა მსგავსი ფაქტი ხდება. ჯერ ბავშვი ორსული, რომ დადის სკოლაში არ უნდა დაინტერესდე რა ხდება? ეს მთელი რგოლი არის ნორმალურ სახელმწიფოში. აი ამიტომ ვაკრიტიკებ „ოცნებას“ ეგეთი ჩავარდნები, რომ აქვთ.

ამ ხალხს უნდა მოეთხოვოთ პასუხი და ამას ვაპირებ ზუსტად. სოციალური სამსახური უნდა გავააქტიუროთ, სოც. მუშაკი უნდა იყოს გაწვრთნილი, მოვლილი და არა ისე, რომ შეგეცოდოს და დაეხმარო იქეთ. თავდადება ამ ხალხს არ აკლიათ,მაგრამ პირობები ხომ სჭირდებათ? სად მიდის ეს მილიარდები, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროშია?!“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან ონკოპაციენტების მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ ონკოპაციენტებს დაფინანსებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. მათ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სახელზე მთავრობის ადმინისტრაციაში წერილი შეიტანეს და ირაკლი კობახიძეს მოუწოდეს, მისი მეთვალყურეობის ქვეშ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ონკოპაციენტების პრობლემებზე იმუშავებს.

როგორც ონკოპაციენტების ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ განაცხადა, ონკოპაციენტები 2024 წლიდან ძალიან ბევრ პრობლემას აწყდებიან ჯანდაცვასთან ურთიერთობაში, რაც მათი სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა.

„დღეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მივმართავთ წერილით, რომ შექმნას მისი მეთვალყურეობის ქვეშ სამუშაო ჯგუფი და დაგვეხმაროს რიგი ხარვეზების გამოსწორებაში, რომელიც ჯანდაცვაში არის დღეს და რომელსაც ონკოპაციენტები აწყდებიან. ეს ხარვეზებია ის, რომ 25 ათას ლარიანი ლიმიტი დაგვიწესა მთავრობამ, რაც არაფრისთვის არ არის საკმარისი, ძალიან ცუდად არის ეს გადაწყვეტილება მიღებული. ამისთვის საჭიროა, რომ მოხდეს პაციენტების დიფერენცირება. ასევე, ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ დაფინანსებამ არ დააგვიანოს, რადგან ხშირად ერთი და ორი თვე აგვიანებს, რაც დაუშვებელია ონკოლოგიური პაციენტებისთვის. ჩვენ ონკოლოგებმა გვითხრეს, რომ 3 დღეც შეიძლება გადამწყვეტი იყოს ამ ადამიანების სიცოცხლისთვის”,-განაცხადა აფხაიძემ.

მისი თქმით, პრობლემების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს აცნობეს, თუმცა უწყებიდან მათ არავინ გამოხმაურებიათ.

“პოზიტიური შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მაგრამ გვაქვს ამბიცია, მოწინავე ვიყოთ მსოფლიოში” – ირაკლი ჩიქოვანი

გვაქვს ამბიცია, შესაძლებლობა, მოწინავე ვიყოთ მსოფლიოში კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ამ ყველაფრის ნაწილი არის  გამჭვირვალობა და ღიაობა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანს კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ეხებოდა.

„პრემიერ-მინისტრის განცხადებაში განმარტებული იყო მიზეზები, რატომაც გააკეთა ეს განცხადება. ბოლო პერიოდში პოზიტიური შედეგები გვაქვს კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მოწინავე ადგილები გვაქვს როგორც რეგიონში, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ გვაქვს ამბიცია, შესაძლებლობა, მოწინავე ვიყოთ მსოფლიოში ამ თვალსაზრისით. გამჭვირვალობა და ღიაობა არის ნაწილი ამ ყველაფრის, შესაბამისად, ეს იქნება უზრუნველყოფილი. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, ჩვენს მოქალაქეებს, ბიზნესებს, კერძო სექტორს ყველას ჰქონდეს მარტივი გარჩევადობის საშუალება სახელმწიფო უწყებების მუშაობასთან დაკავშირებით. დარწმუნებულები ვართ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ამ გარემოებებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.