“მე წარმოვადგენ ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი” – ირაკლი ჩიქოვანი

18
spot_img

მე წარმოვადგენ ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, – ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ჩიქოვანმა ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ ფიქრობს თუ არა, რომ ე.წ. კაბელების საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და ხომ არ გადაუფასებია ამ საქმესთან დაკავშირებით გარემოები, ან აქვს თუ არა ბრალდებულებთან კომუნიკაცია, განაცხადა, რომ ამ საქმის „სამართლებრივი პროცესი გრძელდება“.

„კომუნიკაცია ამ პირებთან არ მაქვს, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ამ საკითხის სამართლებრივი მიმდინარეობა კვლავაც გრძელდება. შესაბამისად, ეს სამართლებრივი პროცესი ჩვეულებრივად გაგრძელდება, მომავალში რა შედეგი დადგება, ვნახავთ. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, მინდა გითხრათ ერთი რამე, ამაზე ერთხელ განმარტება გავაკეთე, მესმის, რომ თქვენი მხრიდან გარკვეული ინტერესის სფერო შეიძლება იყოს კი არა, სენსაციურობის ხარისხს იძენდეს – მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და მხვდა პატივი, ჩემს სამშობლოს თავდაცვის მინისტრის რანგში ვემსახურო. დამიჯერეთ, ამაზე დიდი პატივი ჩემთვის ჯერჯერობით ნამდვილად არ ყოფილა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შესაძლებლობების აბსოლუტური მაქსიმუმი გავაკეთო, ყველანაირად მოვინდომო, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი გაკეთდეს ჩვენი ჯარის ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის. დანარჩენი, ყველანაირი პოლიტიკური სპეკულაცია, რაღაც პარალელების გავლება, რაღაც შედარებების გაკეთება, მე მგონი, უადგილოა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ის იმ გუნდს წარმოიდგენს, „რომელსაც უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაშვებაში ადანაშაულებდა“, ჩიქოვანმა უპასუხა, რომ ის „ირაკლი ჩიქოვანს წარმოადგენს“.

„მე წარმოვადგენ ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც ყოველთვის ვსაუბრობდი, რომ კანონის უზენაესობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სასამართლო პროცესების გარკვეული ეტაპები დასრულებულია და ასევე, სხვაც მიმდინარეობს. აქ სხვა სპეკულირების საშუალება აღარ არის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან რაიმე სახის კომუნიკაცია, ჩიქოვანმა უარყოფითი პასუხი გასცა.