Home Blog Page 1655

პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივნის მუდმივ მოადგილეს სერ ფილიპ ბარტონს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და პოლიტიკური ურთიერთობების განვითარების პოზიტიური დინამიკა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს გაერთიანებული სამეფოს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან წვლილს.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი”, რომელიც ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის თანამშრომლობის მთელ სპექტრს მოიცავს და თანამშრომლობის შეთანხმებას განამტკიცებს.

საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის სომხეთმა ყარაბაღი და რვა ანკლავი აზერბაიჯანის ნაწილად უნდა აღიაროს” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის სომხეთის რესპუბლიკამ ყარაბაღი და კიდევ რვა ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად უნდა აღიაროს.

აღნიშნული განცხადება ალიევმა ჩინური მედიაკორპორაცია Media Group-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ხელმოწერა უახლოეს მომავალში შეიძლება მოხდეს.

„გასული წლის ოქტომბერში სომხეთმა უკვე გააკეთა ძალზე მნიშვნელოვანი განცხადება აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ, რაც აზერბაიჯანის ტერიტორიის 86 600 კვადრატული კილომეტრის აღიარებას გულისხმობს, ყარაბაღისა და რვა აზერბაიჯანული ანკლავის ჩათვლით. ამის შემდეგ ეს მხოლოდ ქაღალდზე გასაფორმებელი რჩება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

“ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს” – ლევან ხაბეიშვილი

გვითხრეს, რომ საქართველოში რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე რუსული კანონი შემოგვასაღეს, რომლის დაღეჭვაც მოუწიათ. რუსული ფრენები აღადგინეს, ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და ამას აკეთებს პუტინის კარის ოლიგარქი – ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სადამსჯელო ღონისძიებას ვუყურებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპროტესტებს პუტინს და ლავროვს.

„გვითხრეს, რომ საქართველოში რუსული უნივერსიტეტი უნდა გახსნან, აქამდე რუსული კანონი შემოგვასაღეს, რომლის დაღეჭვაც შემდეგ მოუწიათ. რუსული ფრენები აღადგინეს, ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ შორდება ჩვენი ქვეყანა ცივილიზებულ სამყაროს და ამას აკეთებს პუტინის კარის ოლიგარქი – ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია.

ასევე, დღეს გურჯაანში, იმ პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ იმართება სასამართლო, ვინც გააპროტესტა ლავროვი და ლავროვის ოჯახი. ფაქტობრივად, ჩვენ ვუყურებთ სადამსჯელო ღონისძიებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც აპროტესტებს პუტინს და ლავროვს. ამ ადამიანებს უმართავენ სასამართლოებს, ათასობით ლარის ჯარიმებს უწერენ, ან პატიმრობით ემუქრებიან. შესაბამისად, ეს ყველა პროცესი აჩვენებს ერთ რამეს – საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, დაიცვას საკუთარი ქვეყნის თავისუფლება და ევროპული მომავალი”, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო

საბურთალოს რაიონში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო.

აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გასხვისდა, თუმცა მუნიციპალიტეტის ამჟამინდელმა მთავრობამ მისი დაბრუნება მოახერხა. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო და კომპანიის წარმომადგენელს, ვის მფლობელობაშიც აღნიშნული ტერიტორია არსებობდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბახტრიონის ქუჩაზე, წლების წინ არსებობდა ჩოგბურთის კორტები, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი ადამიანი იყენებდა, თუმცა წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული სივრცე გასხვისდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ. ტერიტორიის დაბრუნება მოსახლეობის დიდი თხოვნა და ჩვენი საარჩევნო დაპირებაც იყო. ამიტომ, როგორც კი დედაქალაქის მთავრობაში მოვედით, საკითხზე მუშაობა მაშინვე დავიწყეთ. მოხდა ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. შემდეგ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, რომ პროცესში ბიზნესის წარმომადგენლები ჩართულიყვნენ და განეხორციელებინათ პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა სამი კორტის მშენებლობა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა 50-მეტრიანი საცურაო აუზი, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები და საკვები ობიექტი. ჩვენი დაპირება, რომ ჩოგბურთის კორტები თბილისს დაუბრუნდებოდა, შესრულდება. სამუშაოების განხორციელებას, დაახლოებით, 20 თვე დასჭირდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

2021 წელს გამოცხადებული აუქციონი მიზნად ისახავდა მიწის ნაკვეთზე საჩოგბურთო კორტების აღდგენასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურის განვითარებას – ჯამში, 5 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას.

პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, რაც საჩოგბურთო კორტებთან და საცურაო აუზთან ერთად, ფიტნეს-დარბაზს, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებულ სივრცეებს მოიცავს. მიმდინარე სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ.

“პარლამენტის წევრებს ხელფასი აქვთ 4 ათასი ლარი და განკარგავენ 22-მილიარდიან ბიუჯეტს” – იაგო ხვიჩია

ჩვენ რომ აკრძალული გვაქვს ლობიზმი, იწვევს იმას, რომ პოლიტიკური სპექტრი ღარიბი და დაუცველია. ხელფასი პარლამენტის წევრებს აქვთ 4 ათასი ლარი და განკარგავენ 22 მილიარდიან ბიუჯეტს, რაც ყველას ესმის, რომ შეუძლებელია – ჩვენი პოლიტიკოსები ან წმინდანები უნდა იყვნენ ან კორუმპირებულები, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ “ფარას” დოკუმენტების კომენტირებისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ლობიზმი პოლიტიკოსებისთვის იმიტომ არ არის დაშვებული, რომ პოლიტიკოსებმა ფული უკანონო გარიგებების შედეგად მიიღონ და სწორედ ამიტომ მართავთ მათ ერთი ან ორი ადამიანი.

„შეუძლებელია 22 მილიარდიან ეკონომიკას განკარგავდე 4 ათას ლარიანი ხელფასით, ეს ხდება იმისთვის, რომ სხვა წყაროები არსებობდეს პოლიტიკის დაფინანსების და ყველა პოლიტიკოსმა იცოდეს, რომ ხელფასით კი არ ირჩენს თავს, არამედ სხვა უკანონო გარიგებების შედეგად, რადგან ლობიზმი აკრძალულია და ამის გამო დაქვემდებარებულია ქართული პოლიტიკური ელიტა ყოველთვის, ამიტომ არის, რომ ღარიბ პოლიტიკოსებს მართავს ერთი ან ორი ადამიანი, ვისაც შეუძლია მათი არალეგალურად რჩენა, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვუყურებთ ამ ქვეყანაში და მერე სულ ვწუწუნებთ, რატომ არ ეშველა ამ ქვეყანას,”- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება იმას, რომ მარგველაშვილი “ფარას” დოკუმენტებში ფიგურირებს, ხვიჩია აცხადებს, რომ თუ გიორგი მარგველაშვილმა თანხა მიიღო, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

“რა საქმის გაკეთებაც უფასოდ მორალურად პრობლემას არ წარმოადგენს, მისი გაკეთება საფასურით ასევე არ წარმოადგენს პრობლემას, ამიტომ მე არანაირი პრობლემა არ მექნებოდა მარგველაშვილის მიერ ფულის აღებაში იმ საქმისთვის, რასაც ისედაც უფასოდ აკეთებდა,”- განაცხადა ხვიჩიამ.

საქართველოში 26 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს- გარემოს ეროვნული სააგენტო

26 ივლისამდე საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, – ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„26-27 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურამ კი 27 ივლისს შესაძლოა +37, +39 გრადუსს მიაღწიოს. 28 ივლისს ისევ გაწვიმდება და აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 29 ივლისამდე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +30, + 35 გრადუსი იქნება.

თბილისში 25-26 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება. 28 ივლისს ცხელი და ქარიანი ამინდი იქნება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

https://www.facebook.com/nea.georgia/posts/682611123894923?ref=embed_post

“როდესაც პოლიტიკოსი ფულს იღებ იმაში, რომ კონკრეტული პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკოსი თავად წყვეტს, ვისთან და რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ კეთდება, უმძიმესი სანახავია, – ამის შესახებ მან „ნაციონალურ მოძრაობაში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, სამწუხაროა, რომ დღევანდელ ოპოზიციას მსგავსი პოლიტიკოსები წარმოადგენენ.

„ნებისმიერი ადამიანის გადასაწყვეტია, ვისთან, როგორ, რა ფორმით გაერთიანდება, თუმცა, როდესაც ფულს იღებ იმისთვის, რომ რაღაც პოზიცია დაიჭირო, ძალიან მძიმე ფაქტია, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკოსი გქვია. რა თქმა უნდა, შეიძლება გქონდეს განსხვავებული მოსაზრება, პრინციპები, რაღაცის გჯეროდეს, მაგრამ როცა ამას ფულის გამო აკეთებ და განცხადებებში თეთრზე შავს ამტკიცებ, ეს არის უმძიმესი. სამწუხაროა და ძალიან ცუდია, რომ დღევანდელ პოლიტიკაში ასეთი ადამიანები არიან, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას შესაბამის პასუხს გასცემს, როდესაც ამის დრო მოვა და საჭიროება დადგება“, – განაცხადა თბილისის მერმა. მისივე თქმით, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობენ, რეალურად ერთი გუნდის წევრები არიან და „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იმართებიან. „არ ვიცი, მომავალი არჩევნებისთვის ვინ ვისთან გაერთიანდება. სახელს და გვარებს, რომელთაც თქვენ მისახელებთ, არანაირი გაერთიანება არ სჭირდება – ფაქტობრივად, ერთი გუნდის წევრები არიან და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ. არ ვიცი, რა მორალზეა ზოგადად საუბარი, როდესაც ამას ფულის გამო აკეთებ, არ აქვს მნიშვნელობა, რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი. არ ვიცი, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ვინ, როგორ, რა ფორმით იასპარეზებს არჩევნებზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთიანად იმართებიან და ერთი ხერხემალი აქვთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

შავი ზღვის რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი დაუვიწყარ დღეებს გპირდებათ

 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და ისთერნ ფრომოუშენსის ორგანიზებით, 28-30 ივლისს, ბათუმში რიგით მე-16 ჯაზ ფესტივალი გაიმართება.

ორგანიზატორები, ფესტივალის სტუმრებს, განსაკუთრებულ საღამოებს პირდებიან. ფესტივალის, სამი დაუვიწყარი დღის, არტისტები მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები არიან.

წელს ის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ წლების შემდეგ შავი ზღვის საფესტივალო ადგილი შეიცვალა, სტუმრებს ახლად შექმნილი სივრცე „სთეიჯ 17“ უმასპინძლებს (ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ 34).

ჯაზ ფესტივალის ფარგლებში კონცერტებს შემდეგი შემსრულებლები გამართავენ:

28 ივლისი |ბედფორდ ფოლსი (BEDFORD FALLS) და სოულ თრეინი (SOUL TRAIN).

29 ივლისი | მარკუს მილერი  (MARCUS MILLER European Tour 2023).

30 ივლისი | ბრუკლინ ფანკ ესენშელს  (BROOKLYN FUNK ESSENTIALS).

ყოველი დღის ბოლოს კი, 24:00 საათზე ივერია ბიჩზე, საღამოს თიენემ ჯემ სეიშენი (TNM JAM SESSION) დაასრულებს.

ფესტივალის დღეებში შესაძლებლობა გაქვთ, დაესწროთ თიბისი კონცეპტის, ვიზას და ივერია ბიჩის დღის ივენთებს, ისიამოვნოთ სანაპიროთი და გაიხალისოთ დღეები განასაკუთრებული მუსიკით. თიბისი კონცეპტ ვიზა ბარათის მფლობელებისთვის ივერია ბიჩის სანაპიროზე შესვლისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

სტუმრებს თბილისიდან ბათუმამდე ჯაზ მატარებელი მოემსახურებათ. მატარებელში მგზავრების საზეიმო განწყობაზე SALIO იზრუნებს.

სპონსორები: თიბისი კონცეპტი, ვიზა.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, ბათუმის მერიაა.

პარტნიორები: „სთეიჯ 17“ და „ივერია ბიჩი“, ბუკნარი ლისი დეველოპმენტი, მაზდა, საქართველოს რკინიგზა.

წლევანდელ ჯაზ ფესტივალს რესტორანი „პორტო ფრანკო“ და კაფე „პრივეტ იზ ბატუმა“ უმასპინძლებს.

მედია მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ინტერნეტ ჟურნალი Marketer.ge, ონლაინ გამოცემა – ბათუმელები, პალიტრა მედია, რადიო უცნობი, სარეკლამო სააგენტო – ალმა არიან.

ფესტივალის კარი სტუმრებისთვის 19.00 საათზე გაიღება.

თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი, ხოლო თიბისი ვიზა ბარათის მფლობელებისთვის 10%-იანი ქეშბექი.

ფესტივალის ბილეთების შეძენა  www.tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

(R)

თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამის – CUnicorn-ის – დემო დღე გაიმართა

ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტში,  სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn-ის დასკვნითი ღონისძიება – დემო დღე გაიმართა.

სტარტაპერები დემო დღეზე ინდუსტრიის ექსპერტებისა და ინვესტორების წინაშე საკუთარი იდეებით წარდგნენ, ჟიურის წევრების კითხვებს უპასუხეს და პოტენციური პარტნიორები გაიცნეს.

 ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. 10 კვირის განმავლობაში, პროგრამის მონაწილე ხუთმა სტარტაპ გუნდმა გაიარა მენტორინგის ინტენსიური სესიები სფეროს წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო მენტორებთან, მოწვეულ სტუმრებთან ერთად და გაეცნო სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.

 ღონისძიების განმავლობაში მოეწყო პანელური დისკუსია თემაზე – სტარტაპ ეკოსისტემის ევოლუცია. მოწვეული პანელისტები იყვნენ: კრის ბარი – US Mac-ის გენერალური დირექტორი; ქეთი ქვარცხავა – იურიდიული ფირმა BLC–ის მმართველი პარტნიორი, გიორგი ჩუგოშვილი – Phubber-ის თანადამფუძნებელი და გური ქოიავა – ინვესტორთა ქსელი Axel-ის და Startup Buro –ის თანადამფუძნებელი.

დემო დღეზე პირველი ადგილი სტარტაპ Rollycks-მა დაიკავა, მეორე ადგილი AI Farmer-მა, მესამე ადგილი კი  E-Flow-მ მოიპოვა.

 ღონისძიებას მხარი დაუჭირეს: CrocoSquad, Gazelle Finance, Clevertone, VISA, PAYZE, PAVILION WINES, US Mac, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), AXEL, ბიზნეს ფორმულა და Startup Georgia.

 CUnicorn-ში მონაწილეობის მიღება უფასოა და შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან, კურსდამთავრებულებისგან და ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისგან შემდგარ (მინიმუმ ერთი გუნდის წევრი), ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმნელად.

 თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ტექ. სტარტაპების მხარდაჭერა და მათი წახალისება. კომპანია მრავალი პროგრამითა თუ ღონისძიებით ეხმარება სტარტაპების განვითარებას, მაგალითად, თიბისის პროგრამა სტარტაპერი მიზნად ახალი ბიზნესებისა და იდეების მხარდაჭერა ისახავს. სტარტაპერი ახალბედა ბიზნესებს სთავაზობს შეღავათიან სესხს, წვდომას საოპერაციო პროდუქტებზე, ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტაციებს, კონკურსებს, ღონისძიებებს, მარკეტინგულ თუ მედია მხარდაჭერას.

(R)

ამერიკული ლობიზმი და ევროპული კორუფცია! – ლევან მამალაძე

“რამდენად გაიყიდა ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილი?!- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

“რამდენად გაიყიდა ნაპრეზიდენტალი მარგველაშვილი?!- რა მოხდა , მეოთხე პრეზიდენტმა 11500 დოლარი აიღო, სახელმწიფო ინტერესების შელახვაში?! ასე მოქმედებს FARA-ს “რუსული” კანონი ამერიკაში.

სააკშვილი მილიონებს უხდის ლობისტურ კომპანიებს, ამერიკელი ლობისტები ქრთამებს არიგებენ ევროპაში და საქართველოში, რომ სახელმწიფოს პრობლემები შეუქმნან! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ, ქვეყანაში დაძაბულობა შექმნან და რევოლუციად წოდებული გადატრიალება მოაწყონ. მიზანი კი მეორე ფრონტის გახსნაა!

სახელმწიფოს მიმართ მტრობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი მუხლებია!

“დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ – თავი XXXVII

მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.”

საკითხი მარტივად დგას, სანამ ხელისუფლება შერჩევითი სამართლის რეჟიმშია სამშობლოს მოღალატეთა რიცხვი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება!”- წერს სოციალურ ქსელში ლევან მამალაძე.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ ახალი ინფორმაცია 19 ივლისს გამოქვეყნდა.

FARA-ს თანახმად, ერთ-ერთ აქტივობაში, რომელშიც გიორგი მარგველაშვილიც იყო ჩართული, მედიაკომპანიამ მიხეილ სააკაშვილის სახელით 12 000 დოლარამდე თანხა მიიღო.

“დაუშვებელია რუსული გავლენის გაძლიერება საქართველოში”-მიხეილ დაუშვილი 

“ქართულ- რუსულ უნივერსიტეტი დამატებით გავლენის ინსტრუმენტი იქნება რუსეთისთვის, – აცხადებს  პარტია “საქართველოსთვის” წევრი, დეპუტატი მიხეილ დაუშვილი.

მისი თქმით, აუცილებელია ამ საკითხზე ხელისუფლებამ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს და როცა მმართველი გუნდის წევრები ამ საკითხს “ოპოზიციის პროპაგანდას” უკავშირებენ, ეს გაუგებარია, რადგან განცხადება, რომ მსგავსი უნივერსიტეტის გახსნა იგეგმება, ყველამ ნახა.

“მიუღებელი და დაუშვებელია რუსული გავლენების დამატებით გაძლიერება საქართველოში, ასეთი ტიპის უნივერსიტეტის გახსნა, რა თქმა უნდა, იქნება გავლენის და ზემოქმედების დამატებით ინსტრუმენტი საქართველოში, ამიტომ ეს კატეგორიულად მიუღებელია. ასევე, მნიშვნელოვანია, ხელისუფლებისგან მოვისმინოთ მკაფიო პოზიცია, რომ რუსული გავლენების გაზრდა საქართველოში და მსგავსი უნივერსიტეტის გახსნა მიუღებელია,”- განაცხადა დაუშვილმა.

პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ თბილისში ქართულ-რუსული უნივერსიტეტის მშენებლობა იგეგმება და ამისთვის უკვე ადგილს ეძებენ.

რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა.

 

“ჩვენ გვჭირდება ტრადიციული დემოკრატია, ტრადიციული ადამიანის უფლებები, ტრადიციული მედიის თავისუფლება და ტრადიციული საზოგადოება” – ზაზა შათირიშვილი

ჩვენ გვჭირდება ტრადიციული დემოკრატია, ტრადიციული ადამიანის უფლებები, ტრადიციული მედიის თავისუფლება და ტრადიციული საზოგადოება საქართველოს ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ღია წერილში წერს.

მისი თქმით, საკუთარი მიზნების მისაღწევად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შეიმუშავეს დემოკრატიის ახალი, დეგრადირებული მოდელი. ისინი მაქსიმალურად შლიან და ასუსტებენ ხელისუფლებას, განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებს, რათა ის საკუთარ გავლენას იოლად დაუქვემდებარონ.

„ოლიგარქიული ოჯახების გათვლების შესახებ არაერთი წერილი გამოვაქვეყნე. შეგახსენებთ, რომ მათი უმთავრესი მიზანი სამყაროს ერთი ცენტრიდან მართვა, საზოგადოების ბიომასად გადაქცევა და მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირებაა. ამ მიზნის მიღწევის შიშველ იარაღად ისინი იყენებენ ე.წ. ლიბერალებს, რომლებსაც მათივე შექმნილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით აქვთ ტვინი გამორეცხილი.

საკუთარი მიზნების მისაღწევად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შეიმუშავეს დემოკრატიის ახალი, დეგრადირებული მოდელი. ისინი მაქსიმალურად შლიან და ასუსტებენ ხელისუფლებას, განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებს, რათა ის საკუთარ გავლენას იოლად დაუქვემდებარონ. როგორც ქართველი ლიბერალი იტყოდა – სისტემა უნდა დაინგრეს.

თუ დააკვირდებით, საქართველოსთვის წაყენებული ყველა მოთხოვნაც აქეთკენ არის მიმართული: მაგალითად, ითხოვენ მაქსიმალურად დაიშალოს სამართალდამცავი სტრუქტურები; პოლიციას შეეზღუდოს მომიტინგეების აგრესიაზე რეაგირების ბერკეტები; სასამართლო ხელისუფლება და საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს ე.წ. ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, ანუ მათი აგენტურის თანამონაწილეობით; დაწესდეს დაბალი საარჩევნო ბარიერი, რომელიც პოლიტიკურ სისტემას აამღვრევს და ერთიან ნაციონალურ აგენტურას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს მისცემს და ა.შ. დემოკრატიის დეგრადირებული მოდელის აუცილებელი ელემენტია მედიის თავისუფლების ახალი მოდელიც, რომლის ყველაზე ღირებული ელემენტია სიცრუის თავისუფლება. სიცრუით გაჯერებული მედიის უმთავრესი ამოცანაც ხელისუფლების დაშლა და დასუსტებაა.

ეს მოდელი მოქმედებს ქვეყნებში, სადაც ოლიგარქიულ ოჯახებს აგენტოკრატია არ აქვთ დამყარებული. მაგრამ თუკი რომელიმე ქვეყანაში ძალაუფლებას მათი აგენტურა იღებს ხელში, მას სრული კარტბლანში ეძლევა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს და მედიას სრულად დაეპატრონოს. ასე დაიქვემდებარა თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა სასამართლო, შსს და მედია, რომლებიც მთლიანად ერთი ხელიდან იმართებოდა. ზუსტად ასევე დაუქვემდებარეს ალბანეთის მთავრობას რამდენიმე წლის წინ სასამართლო, უკრაინის ხელისუფლებას ცოტა ხნის წინ ტელევიზიები და ა.შ. დღეს დასავლეთში ერთი ხელიდან იმართება პრაქტიკულად მთელი მედია, რომლის მთავარი დავალება დემოკრატიული სისტემების მოშლა, აგენტოკრატიების გამაგრება და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ტირაჟირებაა.

ოლიგარქიული ოჯახების ხელწერის თვალსაჩინო მაგალითია დღევანდელი უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიები. უკრაინაში სახელმწიფოზე გადაფორმდა მედიასაშუალებები და ბიზნესები; ბიზნესის რეკეტი ისეთივე ჩვეულებრივ პრაქტიკად არის ქცეული, როგორც ეს 2004-12 წლების საქართველოში იყო; ე.წ. ვეტინგით, მზადდება სასამართლოს სრული დაქვემდებარება პოლიტიკური ხელისუფლებისადმი; აღარ არსებობს ოპოზიცია და დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები. ანალოგიურად, მოლდოვაში, ვიდრე მაია სანდუ სააკაშვილის პატიმრობაზე დარდობს, ერთმანეთის მიყოლებით ბრალს უყენებენ და იჭერენ წამყვან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია კი ცოტა ხნის წინ საერთოდაც აკრძალეს. ასეთია ოლიგარქიული ოჯახების მოდელი: სადაც დემოკრატიაა, სისტემა უნდა დაიშალოს, ხოლო, სადაც აგენტოკრატიაა, მთელი სისტემა ერთი ხელიდან უნდა იმართებოდეს.

დემოკრატიის ანალოგიურად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შექმნეს ადამიანის უფლებების საკუთარი მოდელიც, რომელიც მთლიანად ლგბტ პროპაგანდამდეა დაყვანილი. ამ პროპაგანდას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მთლიანად ოლიგარქიული ოჯახების პოლიტიკურ მიზანს – საზოგადოების ბიომასად გადაქცევას და მოსახლეობის ათჯერ შემცირებას ემსახურება. ევროპაში არაერთ ლგბტ პირს ვიცნობ, რომლებსაც თავადაც არ მოსწონთ ის პროპაგანდა, რომლის მიზანი თითქოსდა მათი უფლებების დაცვაა. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, რეპროდუქციული ასაკის ამერიკელებისა და ევროპელების უმრავლესობა მაქსიმუმ 15-20 წელიწადში ლგბტ პირი იქნება, რაც ოლიგარქიულ ოჯახებს დემოგრაფიული პროცესების ტოტალური მართვის შესაძლებლობას მისცემს. ამ პროცესების საბოლოო შედეგი იქნება ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილი „საოცარი ახალი სამყარო“, სადაც ყველა ბავშვი ინკუბატორში იბადება, ბავშვების რაოდენობა კი ამა ქვეყნის ძლიერთა საჭიროების მიხედვით განისაზღვრება.

ოლიგარქიული ოჯახების პოლიტიკის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღი მიგრაციაა, რომელიც ევროპული ქვეყნების ეროვნული და რელიგიური იდენტობის წასაშლელად წარმატებით გამოიყენება. საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის და სხვა დასავლეთევროპული ქვეყნების დიდ ქალაქებში მიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობას უკვე აჭარბებენ ან მალე გადააჭარბებენ. საფრანგეთში არსებული ვითარება, რომელზეც ჩემი ფრანგი ნაცნობები ხშირად მესაუბრებიან, უკიდურესად შემაშფოთებელია. მიგრანტები, რომლებიც უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით იარაღს ფლობენ, ქვეყანას სამოქალაქო ომის საფრთხეს უქმნიან. მიგრანტების მორიგი აჯანყების ჩასახშობად ოლიგარქიული ოჯახები მაკრონს თავდაცვის ძალების გამოყენების უფლებას, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ მისცემენ, რაც ისინი ბოლომდე შეიარაღდებიან. ეს ყველაფერი კი, მორიგი ფრანგული, უფრო სწორად – ანტი ფრანგული რევოლუციით დაგვირგვინდება, რომელიც ხელისუფლების სათავეში მიგრანტებს მოიყვანს, რაც ევროპისთვის სამაგალითო პრეცედენტი იქნება. მსგავსი მიმართულებით ვითარდება პროცესები დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, რაც ევროპას საბოლოოდ იდენტობის სრულ წაშლამდე მიიყვანს. ასეთი ბედი ელის ამერიკასაც, რომლის ქალაქები ცეცხლის ალში არანაკლებ ხშირად ეხვევა და სადაც პოლარიზაცია პოლიტიკური სისტემიდან უკვე ლამის მთელ საზოგადოებას გადაედო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სახელმწიფო ოლიგარქიული ოჯახების მთავარი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტია, ამერიკას ისინი არანაკლებ პრობლემებს უქმნიან, ვიდრე ევროპის სახელმწიფოებს.

თანამედროვე სამყაროში ერთი ხელიდან მართული მედია გამუდმებით აღვივებს შუღლს და დაპირისპირებას, დემოკრატიებში ითხოვენ სისტემის ნგრევას, აგენტოკრატიებში ამყარებენ ავტორიტარიზმს, მიგრანტებს უპირისპირებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ხოლო ლგბტ პირებს უპირისპირებენ ტრადიციულ საზოგადოებას. ყველა ეს პროცესი ოლიგარქიული ოჯახების მიერ ხელოვნურად არის დაგეგმილ-მართული და საზოგადოებების პოლარიზებას ისახავს მიზნად, რათა მღვრიე წყალში თევზი უკეთ დაიჭირონ.

ამ ყველაფერს ერთ დროს ცივილიზებული დასავლეთის, არც მეტი არც ნაკლები, ჩრდილო კორეიზაციისკენ მივყავართ. ბუნებრივია, ჩრდილოეთ კორეაში ისეთივე ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, როგორც სამხრეთში, თუმცა, დიქტატურამ, ტოტალურმა იდეოლოგიამ და ერთი ხელიდან მართულმა მედიამ ისინი მონობისა და სიღარიბისთვის გაწირა. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთში და სამხრეთში ერთი ოჯახის ორი დანაყოფი ცხოვრობს, მაგრამ სისტემის გამო, მათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პირობებში უწევთ არსებობა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეაც ზუსტად ისევე იმართება ოლიგარქიული ოჯახების მიერ, როგორც სამხრეთ კორეა. სწორედ ისინი ზრუნავდნენ ჩრდილოკორეელი დიქტატორებისა და მათი შვილების აღზრდაზე და შესაბამისად, მათზე სრულ გავლენას ფლობენ. სამხრეთკორეელი მეგობრებიც მყავს, რომლებსაც ხშირად უთქვამთ, რომ ამერიკელები თუ მოინდომებენ, კორეა ერთ დღეში გაერთიანდება. თუმცა, კორეა დღემდე შუაზეა გახლეჩილი, სამხრეთ კორეელებს კი ამერიკელები შთააგონებენ, რომ მათი მთავარი მტერი ჩინეთია, ჩინელები კი ყველაზე საშინელი ნაცია არიან.

ჩრდილოეთ კორეა ოლიგარქიული ოჯახებისთვის არის საცდელი ქვეყანა, სადაც ისეთი საზოგადოება იტესტება, როგორიც მთელ სამყაროში სამომავლოდ უნდათ მიიღონ. რაც შეეხება, ევროპის ქვეყნებს, მათ უდიდეს უმრავლესობას დღეს ოლიგარქიული ოჯახების მიერ ხელდასმული აგენტურა მართავს. ერთი ხელიდან იმართება მთელი დასავლური მედიაც. ფსევდო ლიბერალიზმი და ლგბტ პროპაგანდა დასავლეთში ზუსტად ისეთივე ტოტალურ იდეოლოგიად აქციეს, როგორც კომუნიზმი ჩრდილოეთ კორეაში. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროპა ეკონომიკური კატასტროფისკენ მიექანება. უკვე წელიწადზე მეტია, ევროპა აიძულეს, ეკონომიკური თვითდაზიანების რეჟიმზე გადასულიყო, რამაც ევროკავშირის ქვეყნებს ბუნებრივი რესურსები რამდენჯერმე გაუძვირა და ეკონომიკურ რეცესიაში შეიყვანა.

ამ ყველაფრის ფონზე, მინდა მივმართო ქართველ ლიბერალებს, რომლებსაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით აქვთ ტვინი გამორეცხილი: ნუთუ, საქართველო ისეთივე ჩრდილოკორეიზაციისთვის გემეტებათ, როგორისთვისაც ჯერ კიდევ ცივილიზებულ სამყაროს ოლიგარქიული ოჯახები იმეტებენ? ჩვენ გვჭირდება ტრადიციული დემოკრატია, ტრადიციული ადამიანის უფლებები, ტრადიციული მედიის თავისუფლება და ტრადიციული საზოგადოება საქართველოს ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ზაზა შათირიშვილის წერილში.