“ჩვენ გვჭირდება ტრადიციული დემოკრატია, ტრადიციული ადამიანის უფლებები, ტრადიციული მედიის თავისუფლება და ტრადიციული საზოგადოება” – ზაზა შათირიშვილი

80
spot_img

ჩვენ გვჭირდება ტრადიციული დემოკრატია, ტრადიციული ადამიანის უფლებები, ტრადიციული მედიის თავისუფლება და ტრადიციული საზოგადოება საქართველოს ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი ღია წერილში წერს.

მისი თქმით, საკუთარი მიზნების მისაღწევად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შეიმუშავეს დემოკრატიის ახალი, დეგრადირებული მოდელი. ისინი მაქსიმალურად შლიან და ასუსტებენ ხელისუფლებას, განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებს, რათა ის საკუთარ გავლენას იოლად დაუქვემდებარონ.

„ოლიგარქიული ოჯახების გათვლების შესახებ არაერთი წერილი გამოვაქვეყნე. შეგახსენებთ, რომ მათი უმთავრესი მიზანი სამყაროს ერთი ცენტრიდან მართვა, საზოგადოების ბიომასად გადაქცევა და მსოფლიო მოსახლეობის ათჯერ შემცირებაა. ამ მიზნის მიღწევის შიშველ იარაღად ისინი იყენებენ ე.წ. ლიბერალებს, რომლებსაც მათივე შექმნილი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით აქვთ ტვინი გამორეცხილი.

საკუთარი მიზნების მისაღწევად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შეიმუშავეს დემოკრატიის ახალი, დეგრადირებული მოდელი. ისინი მაქსიმალურად შლიან და ასუსტებენ ხელისუფლებას, განსაკუთრებით სამართალდამცავ სტრუქტურებს, რათა ის საკუთარ გავლენას იოლად დაუქვემდებარონ. როგორც ქართველი ლიბერალი იტყოდა – სისტემა უნდა დაინგრეს.

თუ დააკვირდებით, საქართველოსთვის წაყენებული ყველა მოთხოვნაც აქეთკენ არის მიმართული: მაგალითად, ითხოვენ მაქსიმალურად დაიშალოს სამართალდამცავი სტრუქტურები; პოლიციას შეეზღუდოს მომიტინგეების აგრესიაზე რეაგირების ბერკეტები; სასამართლო ხელისუფლება და საარჩევნო კომისია დაკომპლექტდეს ე.წ. ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, ანუ მათი აგენტურის თანამონაწილეობით; დაწესდეს დაბალი საარჩევნო ბარიერი, რომელიც პოლიტიკურ სისტემას აამღვრევს და ერთიან ნაციონალურ აგენტურას ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს მისცემს და ა.შ. დემოკრატიის დეგრადირებული მოდელის აუცილებელი ელემენტია მედიის თავისუფლების ახალი მოდელიც, რომლის ყველაზე ღირებული ელემენტია სიცრუის თავისუფლება. სიცრუით გაჯერებული მედიის უმთავრესი ამოცანაც ხელისუფლების დაშლა და დასუსტებაა.

ეს მოდელი მოქმედებს ქვეყნებში, სადაც ოლიგარქიულ ოჯახებს აგენტოკრატია არ აქვთ დამყარებული. მაგრამ თუკი რომელიმე ქვეყანაში ძალაუფლებას მათი აგენტურა იღებს ხელში, მას სრული კარტბლანში ეძლევა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებს და მედიას სრულად დაეპატრონოს. ასე დაიქვემდებარა თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა სასამართლო, შსს და მედია, რომლებიც მთლიანად ერთი ხელიდან იმართებოდა. ზუსტად ასევე დაუქვემდებარეს ალბანეთის მთავრობას რამდენიმე წლის წინ სასამართლო, უკრაინის ხელისუფლებას ცოტა ხნის წინ ტელევიზიები და ა.შ. დღეს დასავლეთში ერთი ხელიდან იმართება პრაქტიკულად მთელი მედია, რომლის მთავარი დავალება დემოკრატიული სისტემების მოშლა, აგენტოკრატიების გამაგრება და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ტირაჟირებაა.

ოლიგარქიული ოჯახების ხელწერის თვალსაჩინო მაგალითია დღევანდელი უკრაინული და მოლდოვური აგენტოკრატიები. უკრაინაში სახელმწიფოზე გადაფორმდა მედიასაშუალებები და ბიზნესები; ბიზნესის რეკეტი ისეთივე ჩვეულებრივ პრაქტიკად არის ქცეული, როგორც ეს 2004-12 წლების საქართველოში იყო; ე.წ. ვეტინგით, მზადდება სასამართლოს სრული დაქვემდებარება პოლიტიკური ხელისუფლებისადმი; აღარ არსებობს ოპოზიცია და დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოები. ანალოგიურად, მოლდოვაში, ვიდრე მაია სანდუ სააკაშვილის პატიმრობაზე დარდობს, ერთმანეთის მიყოლებით ბრალს უყენებენ და იჭერენ წამყვან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია კი ცოტა ხნის წინ საერთოდაც აკრძალეს. ასეთია ოლიგარქიული ოჯახების მოდელი: სადაც დემოკრატიაა, სისტემა უნდა დაიშალოს, ხოლო, სადაც აგენტოკრატიაა, მთელი სისტემა ერთი ხელიდან უნდა იმართებოდეს.

დემოკრატიის ანალოგიურად, ოლიგარქიულმა ოჯახებმა შექმნეს ადამიანის უფლებების საკუთარი მოდელიც, რომელიც მთლიანად ლგბტ პროპაგანდამდეა დაყვანილი. ამ პროპაგანდას სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ადამიანის უფლებების დაცვასთან და მთლიანად ოლიგარქიული ოჯახების პოლიტიკურ მიზანს – საზოგადოების ბიომასად გადაქცევას და მოსახლეობის ათჯერ შემცირებას ემსახურება. ევროპაში არაერთ ლგბტ პირს ვიცნობ, რომლებსაც თავადაც არ მოსწონთ ის პროპაგანდა, რომლის მიზანი თითქოსდა მათი უფლებების დაცვაა. თუ პროცესები ასე გაგრძელდა, რეპროდუქციული ასაკის ამერიკელებისა და ევროპელების უმრავლესობა მაქსიმუმ 15-20 წელიწადში ლგბტ პირი იქნება, რაც ოლიგარქიულ ოჯახებს დემოგრაფიული პროცესების ტოტალური მართვის შესაძლებლობას მისცემს. ამ პროცესების საბოლოო შედეგი იქნება ოლდოს ჰაქსლის მიერ აღწერილი „საოცარი ახალი სამყარო“, სადაც ყველა ბავშვი ინკუბატორში იბადება, ბავშვების რაოდენობა კი ამა ქვეყნის ძლიერთა საჭიროების მიხედვით განისაზღვრება.

ოლიგარქიული ოჯახების პოლიტიკის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი იარაღი მიგრაციაა, რომელიც ევროპული ქვეყნების ეროვნული და რელიგიური იდენტობის წასაშლელად წარმატებით გამოიყენება. საფრანგეთის, გერმანიის, შვედეთის, ნორვეგიის და სხვა დასავლეთევროპული ქვეყნების დიდ ქალაქებში მიგრანტები ადგილობრივ მოსახლეობას უკვე აჭარბებენ ან მალე გადააჭარბებენ. საფრანგეთში არსებული ვითარება, რომელზეც ჩემი ფრანგი ნაცნობები ხშირად მესაუბრებიან, უკიდურესად შემაშფოთებელია. მიგრანტები, რომლებიც უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობით იარაღს ფლობენ, ქვეყანას სამოქალაქო ომის საფრთხეს უქმნიან. მიგრანტების მორიგი აჯანყების ჩასახშობად ოლიგარქიული ოჯახები მაკრონს თავდაცვის ძალების გამოყენების უფლებას, სავარაუდოდ, მხოლოდ მას შემდეგ მისცემენ, რაც ისინი ბოლომდე შეიარაღდებიან. ეს ყველაფერი კი, მორიგი ფრანგული, უფრო სწორად – ანტი ფრანგული რევოლუციით დაგვირგვინდება, რომელიც ხელისუფლების სათავეში მიგრანტებს მოიყვანს, რაც ევროპისთვის სამაგალითო პრეცედენტი იქნება. მსგავსი მიმართულებით ვითარდება პროცესები დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებშიც, რაც ევროპას საბოლოოდ იდენტობის სრულ წაშლამდე მიიყვანს. ასეთი ბედი ელის ამერიკასაც, რომლის ქალაქები ცეცხლის ალში არანაკლებ ხშირად ეხვევა და სადაც პოლარიზაცია პოლიტიკური სისტემიდან უკვე ლამის მთელ საზოგადოებას გადაედო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სახელმწიფო ოლიგარქიული ოჯახების მთავარი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ინსტრუმენტია, ამერიკას ისინი არანაკლებ პრობლემებს უქმნიან, ვიდრე ევროპის სახელმწიფოებს.

თანამედროვე სამყაროში ერთი ხელიდან მართული მედია გამუდმებით აღვივებს შუღლს და დაპირისპირებას, დემოკრატიებში ითხოვენ სისტემის ნგრევას, აგენტოკრატიებში ამყარებენ ავტორიტარიზმს, მიგრანტებს უპირისპირებენ ადგილობრივ მოსახლეობას, ხოლო ლგბტ პირებს უპირისპირებენ ტრადიციულ საზოგადოებას. ყველა ეს პროცესი ოლიგარქიული ოჯახების მიერ ხელოვნურად არის დაგეგმილ-მართული და საზოგადოებების პოლარიზებას ისახავს მიზნად, რათა მღვრიე წყალში თევზი უკეთ დაიჭირონ.

ამ ყველაფერს ერთ დროს ცივილიზებული დასავლეთის, არც მეტი არც ნაკლები, ჩრდილო კორეიზაციისკენ მივყავართ. ბუნებრივია, ჩრდილოეთ კორეაში ისეთივე ნიჭიერი ხალხი ცხოვრობს, როგორც სამხრეთში, თუმცა, დიქტატურამ, ტოტალურმა იდეოლოგიამ და ერთი ხელიდან მართულმა მედიამ ისინი მონობისა და სიღარიბისთვის გაწირა. უამრავი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთში და სამხრეთში ერთი ოჯახის ორი დანაყოფი ცხოვრობს, მაგრამ სისტემის გამო, მათ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პირობებში უწევთ არსებობა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ჩრდილოეთ კორეაც ზუსტად ისევე იმართება ოლიგარქიული ოჯახების მიერ, როგორც სამხრეთ კორეა. სწორედ ისინი ზრუნავდნენ ჩრდილოკორეელი დიქტატორებისა და მათი შვილების აღზრდაზე და შესაბამისად, მათზე სრულ გავლენას ფლობენ. სამხრეთკორეელი მეგობრებიც მყავს, რომლებსაც ხშირად უთქვამთ, რომ ამერიკელები თუ მოინდომებენ, კორეა ერთ დღეში გაერთიანდება. თუმცა, კორეა დღემდე შუაზეა გახლეჩილი, სამხრეთ კორეელებს კი ამერიკელები შთააგონებენ, რომ მათი მთავარი მტერი ჩინეთია, ჩინელები კი ყველაზე საშინელი ნაცია არიან.

ჩრდილოეთ კორეა ოლიგარქიული ოჯახებისთვის არის საცდელი ქვეყანა, სადაც ისეთი საზოგადოება იტესტება, როგორიც მთელ სამყაროში სამომავლოდ უნდათ მიიღონ. რაც შეეხება, ევროპის ქვეყნებს, მათ უდიდეს უმრავლესობას დღეს ოლიგარქიული ოჯახების მიერ ხელდასმული აგენტურა მართავს. ერთი ხელიდან იმართება მთელი დასავლური მედიაც. ფსევდო ლიბერალიზმი და ლგბტ პროპაგანდა დასავლეთში ზუსტად ისეთივე ტოტალურ იდეოლოგიად აქციეს, როგორც კომუნიზმი ჩრდილოეთ კორეაში. უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ევროპა ეკონომიკური კატასტროფისკენ მიექანება. უკვე წელიწადზე მეტია, ევროპა აიძულეს, ეკონომიკური თვითდაზიანების რეჟიმზე გადასულიყო, რამაც ევროკავშირის ქვეყნებს ბუნებრივი რესურსები რამდენჯერმე გაუძვირა და ეკონომიკურ რეცესიაში შეიყვანა.

ამ ყველაფრის ფონზე, მინდა მივმართო ქართველ ლიბერალებს, რომლებსაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით აქვთ ტვინი გამორეცხილი: ნუთუ, საქართველო ისეთივე ჩრდილოკორეიზაციისთვის გემეტებათ, როგორისთვისაც ჯერ კიდევ ცივილიზებულ სამყაროს ოლიგარქიული ოჯახები იმეტებენ? ჩვენ გვჭირდება ტრადიციული დემოკრატია, ტრადიციული ადამიანის უფლებები, ტრადიციული მედიის თავისუფლება და ტრადიციული საზოგადოება საქართველოს ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და ცივილიზებული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია ზაზა შათირიშვილის წერილში.