Home Blog Page 1653

დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

ყველაზე თვალსაჩინო იყო სააკაშვილის თითოეულ სასიყვარულო პაემნისთვის გამოყოფილი ადამიანური და მატერიალური რესურსი, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სააკაშვილის მმართველობის დროს, მას და მის ოჯახს, ნათესავებს სახელმწიფო დაცვის სისტემა იცავდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე.

„საქართველოს უახლოეს ისტორიაში სააკაშვილი იყო ერთადერთი პრეზიდენტი, ვისაც უპრეცედენტო რაოდენობისა და მრავალფეროვნების მქონე პირადი სახელმწიფო დაცვის სისტემა იცავდა პირადად მას, მეუღლეს, დედას, შვილებს, ბებიას, ბაბუას, ბიძას, ბიძაშვილებს და ა.შ. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და რამდენიმე სტრუქტურული დანაყოფის ბაზაზე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები.

ყველაზე თვალსაჩინო იყო სააკაშვილის თითოეულ სასიყვარულო პაემნისთვის გამოყოფილი ადამიანური და მატერიალური რესურსი. მე მხოლოდ ერთს მოვიყვან მაგალითად, 2007 წლის 8 აპრილის სააღდგომო ღამე. სამების საკათედრო ტაძარში “სპეცღონისძიებაა”. ისმის ბრძანება: “ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენციის მიმართულებით დილის 5 საათზე გადის ესკორტი”.

ბობოყვათში ესკორტი ჩავიდა დილის 8 საათზე. ეს კიდევ “გამარტივებული” ღონისძიება იყო. თუ მაგალითად ბობოყვათში ლამაზმანთან უნდა გაეტარებინა დრო, ხოლო მანამდე ესადილა მასთან ერთად მესტიაში, ათეულობით სპეცმანქანა მიემართებოდა ამ ორივე ლოკაციის მიმართულებით, ცალკე მიფრინავდა ვერტმფრენი და ასეულობით თანამშრომელი იყო ჩართული ამ “სახელმწიფო მნიშვნელობის” ღონისძიებებში.

2007 წლის 8 აპრილს კი მთავარსარდალი ბათუმში ჩაფრინდა თვითმფრინავით, იქიდან რეზიდენციამდე ესკორტით, ხოლო ბობოყვათში მას ელოდებოდა ვერტმფრენი, რომლითაც გვიან საღამოს ის შავნაბადას სამხედრო ბაზაზე უნდა დაბრუნებულიყო და როგორც აღმოჩნდა, სტუმართან ერთად. ბობოყვათში პრეზიდენტს წინა დღით იქ დაბინავებული სოფიო ნიჟარაძე ელოდებოდა, იმ მომენტისთვის ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი მომღერალი, მოსკოვის ოპერეტის თეატრის პრიმა, 2004-2006 წ.წ. ოპერეტა “რომეო და ჯულიეტაში” ჯულიეტას პარტიის შემსრულებელი.

მესმის თქვენი. ჩემთვისაც ძალიან მიმზიდველია იმ ვარაუდის დაშვება, თუ რაოდენ “გემრიელად” გამოიყურება ოპერატიული ვერსია, თუ როგორ “ჩაუდეს” მთავარსარდალს მოსკოვიდან თავისი პერსპექტიული “გავლენის აგენტი” იმ ძალზე მნიშვნელოვან (!) პერიოდში. მაგრამ, არ გავყვეთ ჩვენს კონსპიროლოგიურ თეორიებს, “სადა აქვთ” რუსეთის სპეცსამსახურებს ამდენი ჭკუა. დავუბრუნდეთ სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯების ამ მხოლოდ ერთ ეპიზოდს – ათობით თანამშრომელი, თავისი კვების და ღამისთევის სამივლინებო ხარჯებით, თვითმფრინავი, ვერტმფრენი, საწვავი, სადილი, ვახშამი, სტუმრისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული საჩუქრები და ა.შ.
რატომ გამიგრძელდა ამ საზიზღრობის გახსენება.

გუშინ ჩემს ერთ-ერთ პატივსაცემ სტრუქტურას, “სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურს” მორიგ ჯერზე ბინძურად შეეხნენ. როდესაც ეს სამსახური სექტის “კანტორად” იქნა ქცეული, სააკაშვილის ყოველ საცხოვრებელ სახლთან, დედამისთან, ბებია/ბაბუასთან ყველგან იყო განლაგებული სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მუდმივმოქმედი დაცვის ჯიხური, ამ ადამიანების უსაფრთხოებას ემსახურებოდა ცალკე დანაყოფები. აბა, ვინმეს ეცადა ბებიასთან ან შვილებთან მიახლოება…

მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის ოჯახი, შვილები ასევე წარმოადგენენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაცვის ობიექტებს, ვერც ჯიხურს ნახავთ მშობლების სახლთან, და არც უსაფრთხოების დამატებით ზომებს პრემიერი არ მიმართავს. სექსოკრატიული ავტორიტარული რეჟიმის დაცვის სისტემა ამ ქვეყანაში წარსულს ჩაბარდა. თავის დროზე, კავკასიის რეგიონში, მხოლოდ რამზან კადიროვის პირადი დაცვა აღემატებოდა სააკაშვილის დაცვას. რატომ აბიჯებენ სექტანტები და მათი “მედია” ყოველ ჯერზე ისეთ დანაღმულ თემებს, თანაც ისეთი გაშმაგებული სიხარულით ჩემთვის ამოუხსნელი ფენომენია. დემენცია ჩვენში კი არა, თავის ბელადში და მის ლაქიებში მოიკითხონ“, – წერს ქართველიშვილი

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს

პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა. უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად, შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა.

დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური (გიორგი) გუჯაბიძის, ასევე ქალბატონ თინათინ რუხაძის გარდაცვალების გამო, რომელნიც ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა.

აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად.

ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია, მისი მკვიდრნი და სრულიად საქართველო“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

,,ჭანჭახის კალაპოტში არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს”- პაპუნა მარგველიძე

უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. დღეს მდინარე ჭანჭახის კალაპოტში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, – ამის შესახებ განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.

„ვეძებთ ერთ დაკარგულ მოქალაქეს. ორივე არასრულწლოვანი იყო ვისაც ვეძებდით, მათ შორის ერთ-ერთია ნაპოვნი“, – აცხადებს მარგველიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს

დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვერტმფრენის საშუალებით. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე, უშუალოდ მდინარის კალაპიტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით – მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია.

„112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა. მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შეწავლას ითხოვდნენ. ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე საფრთხე არ არის. შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა. პირველივე დღეს ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა. პირველივე დღესვე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, ამინდის გამოსვლისთანავე კი ხეობის დათვალიერება შსს-ის ვერტმფრენით მოხერხდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროცესში ჩართული იყო და სამუშაოებს კოორდინაციას უწევდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულო რწმუნებული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კიევი „დიდი ოცეულის“ მიერ მიღებული დეკლარაციის ტექსტით იმედგაცრუებულია

კიევი „დიდი ოცეულის“ მიერ მიღებული დეკლარაციის ტექსტით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტში რუსეთის აგრესია მკაცრად უნდა ყოფილიყო დაგმობილი.

„დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი გუშინ შეათანხმეს. დეკლარაციის საბოლოო ვარიანტში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმობილი არ არის. დოკუმენტი მოიცავს მოწოდებებს კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიმართ, გაეროს პრინციპები დაიცვან.

მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს

გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, ეთერში გასულ სიუჟეტში ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად იყო უგულებელყოფილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა.

,,დასავლეთის ქვეყნებმა დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს”- ლავროვი

ნიუ-დელიში “დიდი ოცეულის” სამიტი წარმატებით დასრულდა , – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

“სამიტი უპირობო წარმატებაა მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნისთვის, ინდოეთისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. “დიდი ოცეული” შიდა რეფორმირებას განიცდის. ეს გამოიხატა იმაში, რომ “დიდი ოცეულის” წევრები გლობალური სამხრეთიდან მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ”, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა სამიტის დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს. ”ძირითადად, გლობალური სამხრეთის კონსოლიდირებული პოზიციის წყალობით, შესაძლებელი გახდა დასავლეთის მცდელობის აღკვეთა, მოეხდინათ სამიტის დღის წესრიგის უკრაინიზაცია განვითარებადი ქვეყნების გადაუდებელი ამოცანების განხილვის საზიანოდ”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, გუშინ, “დიდი ოცეულის” ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკლარაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია.

,,ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი” – ლევან ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებას ითხოვს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გუშინ ტვ პირველმა გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ფრენები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი [ღარიბაშვილის] ვოიაჟი დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე ციხე-რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე, დაახლოებით 700 000 ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე და დაბადების დღეზე, რაშიც 900 000 ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი.

ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი. ამიტომ, პროკურორი რომ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, შოთაძეს ვგულისხმობ, უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს მას ჩადენილი ამ დრომდე და მინდა მას ვუთხრა, რომ თუ ახლა, ამ წუთებში კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების, რაც ჩამოვთვალე, რაც ვნახეთ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის უნდა იყოს დაკავებული”,-თქვა ხაბეიშვილმა.

10 სექტემბერი, წმიდა წინასწარმეტყველი მართალი ანას ხსენების დღეა

მართალი ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ვისი ხსენებაც აღესრულება 10 სექტემბერს,  ასერის ტომიდან იყო. მან მხოლოდ შვიდი წელი იცხოვრა ქმართან, შემდეგ კი, დაქვრივებული, მკაცრი კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და „არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე“ (ლკ. 2,37).

როცა ანა 84 წლის გახდა, იგი ღირსი შეიქნა ჩვილი იესოს ხილვისა, რომელიც იოსებმა და ქალწულმა მარიამმა ტაძრად მიიყვანეს „ჩვეულებისა მისებრ შჯულისა“.

მართალ ანას ესმოდა წინასწარმეტყველური სიტყვები, რომლითაც მოხუცებულმა სვიმეონმა ღვთისმშობელს მიმართა, სვიმეონთან ერთად მანაც შეიცნო განკაცებული მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.

 

„მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს ხანგრძლივი ომი იქნება“ – კირილ ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის თქმით, საბრძოლო მოქმედებები დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან რუსეთს ფიზიკურად არ ეყოფა ძალები ხანგრძლივ დროზე გათვლილი საბრძოლო მოქმედებებისთვის.

„მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს ხანგრძლივი ომი იქნება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც ჩვენ, პირველ რიგში, მტრის შესახებ გვაქვს.

ყველას საკუთარი აზრი აქვს იმის „ხანგრძლივ ვადებზე“. თუ ნახევარ წელზე, შვიდ თვეზე თუ ერთ წელზე საუბრობთ და ფიქრობთ, რომ ამას ჰქვია ხანგრძლივი დრო, მაშინ, რა თქმა უნდა, მართალი იქნებით“, – განაცხადა ბუდანოვმა იალტის ევროპული სტრატეგიის (YES) ფარგლებში. 

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა ერთ პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს. ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

,,ცალ-ცალი “კალოშით” მოსული ადამიანები დაეპატრონნენ დიდძალ ქონებას”- ვაშაძე

მივმართავ ღარიბაშვილს – ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს , – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არის სახე იმ სისტემის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩამოაყალიბა.

“გუშინ, ნოდარ მელაძის გადაცემაში ჩვენ ვნახეთ, რა დონეზეა გახრწნილი სისტემა. გახრწნილობის პიკი შეიძლება ვუწოდოთ იმ ჩარტერების სკანდალს, რომელიც ჩვენ ვიხილეთ. პრემიერ მინისტრი, რომელსაც არ სცალია შოვისთვის, გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის, პირდაპირ საბოტაჟშია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესთან, თავისი პირადი მიზნებისთვის იყენებს სახელმწიფო ხარჯებს და იმ ხალხის გადასახადებს, რომლისთვისაც უნდა ეშველათ, როდესაც შოვის ტრაგედიაში მძიმე ვითარებაში იყვნენ.

ეს არ არის ის საქართველო, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ. ღარიბაშვილი არის სახე იმ სისტემის, რომელიც ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილმა “ჭამეთ, ძარცვეთ ქვეყანა, ხალხი. მთავარია, იყავით ჩემი ერთგულები, მთავარია რუსული დავალებები შეასრულოთ” – ეს არის შინაარსი იმის, რაც ჩვენ ვნახეთ.

15 სექტემბერი მოდის, სკოლაში რამდენი ბავშვი მივა დახეული ფეხსაცმლით, რამდენ ბავშვს არ ექნება ტანსაცმელი, ან წიგნები. პრემიერ – მინისტრის შვილისთვის თურმე ჩარტერული რეისებია ხელმისაწვდომი, რომ გაფრინდეს ამერიკაში სასწავლებლად. ეს არის ის უსამართლობა, რაც ქვეყანაში ხდება. მათთვის ეკონომიკა ორნიშნადაც იზრდება და სამნიშნადაც. იმ დონეზე არიან უკვე, რომ უზარმაზარ წვეულებებს აწყობენ – აბა, პატარა დაბადების დღეს ხომ არ გადაიხდის პრემიერ – მინისტრის მეუღლე?! შვილი სპეც. რეისით უნდა წაიყვანო, აბა ჩვეულებრივ თვითმფრინავში ხომ არ ჩაჯდება, ხომ არ ეკადრება მას ეს ყველაფერი?! ეს არის სწორედ რუსული სტანდარტით ქვეყნის მართვა, როცა ხალხი არის უბედურებაში, ხოლო ელიტა არის ზემდიდარი.

ცალ-ცალი “კალოშით” მოსული ადამიანები დაეპატრონნენ დიდძალ ქონებას ხალხის ხარჯზე.

ევროკავშირი მათ შორის, ნიშნავს პასუხი ვაგებინოთ ასეთ ადამიანებს. ასეთი პრემიერ მინისტრით და ასეთი “ქართული ოცნებით” ჩვენ ევროკავშირის წევრი ვერ გავხდებით.

მივმართავ ღარიბაშვილს, ინამუსე და წადი, გეყო რაც ძარცვე ეს ქვეყანა, წადი და შეეშვი ამ ქვეყანას, შეეშვი საქართველოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.