Home Blog Page 1649

“ყოველდღიურ კონტაქტზე ვართ ათენში ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან”

საქართველოს საელჩო საბერძნეთში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საელჩო კონტაქტზეა ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან.

მათივე ცნობით, საელჩოს წარმომადგენლები მოქალაქეებს სამშობლოში გამგზავრებაში დაეხმარებიან.

„საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოველდღიურ კონტაქტზეა ქ.ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისევე როგორც ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან და ბერძენ სამართალდამცავებთან.

საელჩოს წარმომადგენლები გუშინაც ესაუბრნენ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, რომ ყველანაირად დაეხმარებიან სამშობლოში გამგზავრებაში.

რაც შეეხება არალეგალთა განთავსების ბანაკის დატოვებას (რასაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ითხოვს), აღნიშნული სცილდება საქართველოს საელჩოს უფლებამოსილებას და ამის შესაძლებლობა საქართველოს დიპლომატიურ მისიას არ გააჩნია.

ქ.ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა.

არეულობის დაწყებისთანავე საელჩოს ცხელი ხაზის მეშვეობით 01:43 საათზე დაუკავშირდა, აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქე ხ. მ.

კონსულის მოვალეობის შემრულებელი ინფორმაციის მიღებისთანავე დაუკავშირდა აღნიშნულ პირს და მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა როგორც მასთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა, მათ შორის ხ.მ-მ საელჩოს დაუდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და საქართველოს ყველა მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, 26 ივლისს, დაადასტურა ატიკის პოლიციის უცხოელთა დეპარტამენტმაც.

მორიგი კომუნიკაცია საელჩოსა და მოქალაქე ხ.მ ს-ს შორის შედგა 26 ივლისს დღის საათებში, გადამოწმდა მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მას შეეთავაზა დახმარება საქართველოში დროულად დაბრუნებაში. ხ.მ-მ, რომელსაც აქვს მოთხოვნილი თავშესაფარი საბერძნეთის რესპუბლიკაში უარი განაცხადა საქართველოში დაბრუნებაზე.

შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ზრახვები აქვს სამშობლოსთან მიმართებით”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას რა ზრახვები და მიზნები აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ერთიანდებიან, ერთი პატრონაჟის ქვეშ არიან და ერთი მსოფლმხედველობა აქვთ.

„ვერ გეტყვით რა ძალები ექნება ოპოზიციას, ვიღაც ერთიანდება, ვიღაც არა, არ არის ეს საინტერესო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს პოლიტიკური ძალები არიან ერთი პატრონაჟის ქვეშ, მათ აქვთ ერთი მსოფლმხედველობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხედავს, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას რა ზრახვები აქვს სამშობლოსთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც სხვა წინა არჩევნებზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მიიღო სწორი და გონივრულ გადაწყვეტილება, დარწმუნებული ვარ, 2024 წელსაც ეს დამოკიდებულება იქნება იმიტომ, რომ ხალხი ხედავს. რეალურად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც აქვს იმის რესურსი, რომ პირველ რიგში, ამ ქვეყნის, ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანის ინტერესი გაატაროს, მიუხედავად ზეწოლის და შანტაჟისა, არის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. ეს გუნდი არის ის, რომელსაც აქვს იმის უნარი, შეინარჩუნოს მშვიდობა, მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და დემოკრატიულად განავითაროს ქვეყანა”,-განაცხადა კალაძემ.

“შუახევში, ხულოსა და ქედაში სამეანო მომსახურება და გინეკოლოგიური სამსახური გაუქმდა, ეს მიუღებელია” – ვატო სურგულაძე

„ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოები „ევექსის” დაქვემდებარებაში გადავიდა, შუახევში, ხულოსა და ქედაში სამშობიარო ბლოკები გაუქმდა.

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, „ევექსმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქმიანობა წამგებიანი იყო.

„მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში, შუახევში, ხულოსა და ქედაში, სამეანო მომსახურება და გინეკოლოგიური სამსახური გაუქმდა. ეს სრულად მიუღებელია. კარგად ვიცით, რომ ზამთარში გზები იკეტება. რა უნდა ქნას ორსულმა, როდესაც მშობიარობის დღე დადგება? – 1 თვით ადრე ჩამოვიდეს და ბათუმში დასახლდეს?! უცებ რომ დაეწყოს მშობიარობა, ამ შემთხვევაში რას ვშვრებით?!

მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელ ექიმს, ინდირა ბოლქვაძეს, რომელმაც ეს საკითხი დასვა. ძალიან ბევრი შემოდის გართულებებით, ძალიან ბევრი ბავშვი და დედაა გადარჩენილ სიკვდილს. მოვუწოდებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, რა თქმა უნდა, „ევექსის“ ხელმძღვანელებს, სასწრაფოდ გადაწყვიტონ საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამეანო და გინეკოლოგიური მომსახურება ამ მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ტრაგედიას მივიღებთ. სანამ ეს ტრაგედია მოხდა, მოდი მივიღოთ შესაბამისი ზომები.

„ევექსი“ ფინანსური ორგანიზაციაა, ნახეს, რომ წამგებიანია ანესთეზიოლოგია და გინეკოლოგია. ჩათვალეს, რომ ამის გაუქმება შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, სამინისტროებმა უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემა. დამატებითი ფინანსები და მოტივაცია გამოიყოფა. ასე ადგე და გააუქმო, სამივეს მხრიდან დანაშაულია“,- აღნიშნა ვატო სურგულაძემ.

ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებული ორი პირის საქმეს გრიფი „საიდუმლო“ დაედო

ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებული ორი პირის საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაედო, დაკავებულები კი დუმილის უფლებას იყენებენ.

როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის, მურად თავართქილაძის ადვოკატი ვაკო მაჭარაშვილი აცხადებს, დაკავებულებს ერთმანეთთან მხოლოდ შორი ნაცნობობა აკავშირებთ.

„ცნობით ერთი მეორეს შესახებ იცოდნენ. გამარჯობა შეიძლება ერთმანეთისთვის ეთქვათ, მაგრამ არა უმეტესი,” – აღნიშნა ადვოკატმა.

მურად თავართქილაძის უფლებადამცველები დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობას დააყენებენ.

“პატიმრობას არ დავეთანხმებით. გექნება შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შერჩევის თაობაზე. პოზიცია გახლავთ, რომ იყენებს ამ ეტაპზე კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას,” – განაცხადა ვაკო მაჭარაშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალდება ამ ეტაპზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით აქვს წაყენებული და ბრალდების დამძიმებას არ ელიან.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები. დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს.

“ბრიტანულ-ამერიკულმა სანქციების ჯგუფმა ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება”

ჩვენ ძალიან ბევრი მოარული ჭორი და პოლიტიკურად მოტივირებული საუბარი გვესმის სანქციებზე, თუმცა, ბრიტანულ-ამერიკული სანქციების ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლობა, რამდენიმე კვირის წინ იყო საქართველოში და ცალსახად განაცხადეს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის არ გამოიყენება და საქართველო კარგად მუშაობს საერთაშორისო სანქციების დაცვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დავითულიანის თქმით, სანქციების საკითხზე პოლიტიკოსების მხრიდან სხვადასხვა ინტერპრეტაციები ყოვლად უსაფუძვლოა.

„პოლიტიკოსების მხრიდან ამ საკითხის ყველა სხვა ინტერპრეტაცია არის ყოვლად უსაფუძვლო და ეს დადასტურდა კონკრეტული ოფიციალური უწყების მხრიდან. ამიტომ, ნებისმიერი ასეთი საუბარი, ნებისმიერი ინტერპრეტაცია არის ან პოლიტიკურად მოტივირებული ან არის ნაკლებად ინფორმირებული განცხადებები. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში ნაკლებად ინფორმირებული განცხადება გააკეთეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სენატორებმა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

“არც მელია, არც მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი ძალები არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა”

არც ნიკა მელია, არც ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალები, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„მთავარი, რაც მათ აინტერესებთ, ეს არის დესტაბილიზაცია, რისთვისაც სჭირდებათ ეს ფინანსები, რათა პოლიტიკურ ველზე მერე დამატებით კიდევ გარკვეული პრივილეგიები მიიღონ. არც ნიკა მელია, არც ვანო მერაბიშვილი, კეზერაშვილი, ხაბეიშვილი და მათ გარშემო შეკრებილი პოლიტიკური ძალები, გიორგი ვაშაძის ჩათვლით, არ ფიქრობენ იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა“, – „განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის მისამართით სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ბარამიძეს მწვავედ აკრიტიკებს და ბრალს ფაქტების დამახინჯებაში სდებს. მელია თანაპარტიელს პოლიტიკური კორუფციის ჭაობად ქცეულ და პროგრესის მოწინააღმდეგედ მოიხსენიებს. პარტიის ყოფილი თავმჯდომარე გია ბარამიძეს უპრინციპობაშიც ადანაშაულებს.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“ – რუსეთი შავი ზღვის ბლოკადას ვერ შეძლებს

Military Media Center-ის და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი შავ ზღვაში „უკრაინის ბლოკადის უზრუნველსაყოფად“ სამხედრო ხომალდების დაჯგუფებას ზრდის. ამის მიზეზი – უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო გემების იძულებით გაჩერებისთვის და გაჩხრეკისთვის, და ასევე ამ რეგიონში კონტროლის გაძლიერებისთვის პირობების შექმნაა.

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მიმოხილვის მიხედვით, უკრაინაში მიმავალი სამოქალაქო გემების წინააღმდეგ ზომების გაძლიერების მიუხედავად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტი უკრაინის სრულ ბლოკადას ვერ შეძლებს.

„შავ ზღვაში უკრაინის სრული ბლოკადა ნიშნავს, რომ რუსულ ფლოტს უკრაინაში მიმავალი გემების დაკავების და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ცეცხლის გახსნის საშუალებაც კი მიეცემოდა. რუსეთი კი ამაზე ვერ წავა, რადგან ამან შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებთან სამხედრო კონფლიქტის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს, მათ შორის ნატოს წევრებთან – რუმინეთთან, ბულგარეთთან და თურქეთთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანია UVT AERO-ს ჩარტერული ფრენის განხორციელების ნებართვა არ მისცა. აღნიშნული ავიაკომპანია სანქცირებულია და ევროკავშირის შავ სიაში იმყოფება. რაც შეეხება საფეხბურთო კლუბ „აქტობეს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით კლუბის წევრებს საქართველოში ყაზახური ავიაკომპანია ჩამოიყვანს.

„ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 08:45 წუთზე ჩამოფრინდება,“ – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

“გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველო დგამს რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ აკრძალული საქონლის რუსეთში გადაზიდვა”

ვფიქრობ, გამამხნევებელი სიახლეა, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში განაცხადა.

ჯიმ ო’ბრაიენს სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა შეკითხვა საქართველოში მისი ვიზიტის შესახებ და იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, იმედის მომცემია, რომ საქართველოს საბაჟო ორგანოები დგამენ რეალურ ნაბიჯებს, რათა შეზღუდონ იმ საქონლის რუსეთში გადაზიდვა, რასაც ბრძოლის ველზე იყენებენ. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ სრული კონტროლი საქართველოს საზღვრებში ტვირთის მოძრაობაზე, იქნება ეს საჰაერო თუ საგზაო საზღვარი. ამისთვის ბევრი დახმარების გაწევა ხდება, მაგრამ ისინი კარგი პარტნიორები არიან. საკითხი ახლა არის ის, რომ მოხდეს წინსვლა და მკაფიო შეფასება იმაზე, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ საჰაერო ფრენებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

ამის შემდეგ სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ჯიმ ო’ბრაიენს დაუსვა შეკითხვა, არის თუ არა ფრენების განახლება ის საკითხი, რომლის გამოც აშშ შეშფოთებულია, რადგან ის გააჩენს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობას, რაზედაც ჯიმ ო’ბრაიენმა უპასუხა:

„არ ვიტყოდი, რომ შეშფოთებულები ვართ, მაგრამ აშკარად არის შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ვიცით, რა ხდება იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც რუსეთში ბრუნდებიან“, – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

სოჭიდან წამოსული გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა

საკრუიზო გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა. გემი 22 ივლისს სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც მოიცავს, – ამის შესახებ რეპორტაჟი ტელეკომპანია Россия 1-მა მოამზადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემზე 850 მგზავრი, მათ შორის რუსი ტურისტები იმყოფებიან.

„მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი რეისის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტები“, – ნათქვამია ტელეკომპანია Россия 1-ის რეპორტაჟში.

ცნობისთვის, თავად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ აღნიშნულ საკრუიზო გემთან დაკავშირებით განცხადება 25 ივლისს გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, საკრუიზო გემი „ASTORIA GRANDE“ პალაუს დროშის ქვეშ ცურავს და მას თურქული საკრუიზო კომპანია “Miray Cruises International”-ი ემსახურება.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, გემთმფლობელი რეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე კომპანია “Goodwin Shipping Limited”-ის სახელით და საერთაშორისო სანქციებში არ ფიქსირდება.

მათივე ცნობით, აღნიშნული საკრუიზო გემის შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.

“მავნებლები ხართ და ვერც კი აცნობიერებთ!” – გოგა ხაინდრავა გახარიას პარტიას

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ეხმიანება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წევრის მიერ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრთან მიმართებაში გაკეთებულ შეფასებას:

“ღარიბაშვილი არის ჩინელი ორბანი”, – ბერდია სიჭინავა.

ოთხ სიტყვაში სამ სახელმწიფოს შეურაცხყოფა რომ მიაყენო, გახარიას თანამოაზრე და ოპოზიციონერი უნდა იყო!

მავნებლები ხართ და ვერც კი აცნობიერებთ! პოლიტიკა რა თქვენი საქმეა!
ეე, ყოფილო პრემიერო
არ გრცხვენია?!”- წერს ხაინდრავა.

 

ათენის არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ

ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში მყოფი საქართველოს მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ.

როგორც ემიგრანტები აცხადებენ, ერთ-ერთ ქართველს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, თუმცა ის საჭირო მედიკამენტებს ვერ იღებს.

ემიგრანტის, ხატია მახარეიშვილის თქმით, მათთან საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ამ დრომდე არ მისულან.

„გოგონა გვყავს ქართველი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემა. ყურადღება არ გვაქვს წამლის მხრივ, ექიმის მხრივ. რომ რაიმე დასჭირდეს გოგოს, ძალიან რთულად ხდება ექიმთან მიყვანა, საავადმყოფოში გადაყვანა. არც არავინ მოსულა. წესით დღეს დილით აქ უნდა ყოფილიყვნენ საქართველოს საელჩოდან წარმომადგენლები, რომლებსაც უნდა ეკითხათ, რა მდგომარეობა იყო ან ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ, სად ვცხოვრობთ. არავინ მოსულა, არც დაურეკავთ იმის მერე, რაც გაიგეს, რომ ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ჟურნალისტებთან,“ – აცხადებს ხატია მახარეიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო. ემიგრანტების თქმით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილზე პაკისტანის მოქალაქე გარდაიცვალა. მათივე განცხადებით, არეულობის დროს, სამართალდამცავებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.