“შუახევში, ხულოსა და ქედაში სამეანო მომსახურება და გინეკოლოგიური სამსახური გაუქმდა, ეს მიუღებელია” – ვატო სურგულაძე

111
spot_img

„ლელოს“ წევრის, ვატო სურგულაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოები „ევექსის” დაქვემდებარებაში გადავიდა, შუახევში, ხულოსა და ქედაში სამშობიარო ბლოკები გაუქმდა.

როგორც სურგულაძემ აღნიშნა, „ევექსმა“ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საქმიანობა წამგებიანი იყო.

„მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში, შუახევში, ხულოსა და ქედაში, სამეანო მომსახურება და გინეკოლოგიური სამსახური გაუქმდა. ეს სრულად მიუღებელია. კარგად ვიცით, რომ ზამთარში გზები იკეტება. რა უნდა ქნას ორსულმა, როდესაც მშობიარობის დღე დადგება? – 1 თვით ადრე ჩამოვიდეს და ბათუმში დასახლდეს?! უცებ რომ დაეწყოს მშობიარობა, ამ შემთხვევაში რას ვშვრებით?!

მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმელ ექიმს, ინდირა ბოლქვაძეს, რომელმაც ეს საკითხი დასვა. ძალიან ბევრი შემოდის გართულებებით, ძალიან ბევრი ბავშვი და დედაა გადარჩენილ სიკვდილს. მოვუწოდებ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრს, რა თქმა უნდა, „ევექსის“ ხელმძღვანელებს, სასწრაფოდ გადაწყვიტონ საკითხი, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს სამეანო და გინეკოლოგიური მომსახურება ამ მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ტრაგედიას მივიღებთ. სანამ ეს ტრაგედია მოხდა, მოდი მივიღოთ შესაბამისი ზომები.

„ევექსი“ ფინანსური ორგანიზაციაა, ნახეს, რომ წამგებიანია ანესთეზიოლოგია და გინეკოლოგია. ჩათვალეს, რომ ამის გაუქმება შესაძლებელია. ამ შემთხვევაში, სამინისტროებმა უნდა გადაწყვიტონ ეს პრობლემა. დამატებითი ფინანსები და მოტივაცია გამოიყოფა. ასე ადგე და გააუქმო, სამივეს მხრიდან დანაშაულია“,- აღნიშნა ვატო სურგულაძემ.