ბრიტანულმა ტელეარხმა „სქაი ნიუსმა“ (Sky News) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სამხედრო ანალიტიკოსის შონ ბელის სტატია სათაურით „დასავლეთი ისევ მხარს უჭერს უკრაინის კონტრშეტევას, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის საბოლოო მიზნების მიმართ სკეპტიციზმი მატულობს“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დასავლეთი ერთიანი იყო უკრაინაში რუსეთის არმიის უკანონო შეჭრის დაგმობაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის, ალიანსის წევრებმა კიევს უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გაუწიეს რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად.
მაგრამ ომის სტაგნაციის გათვალისწინებით, ემთხვევა თუ არა ისევ უკრაინისა და დასავლეთის სტრატეგიული მიზნები ერთმანეთს? და თუ აღარ ემთხვევა, რა იქნება შემდეგ?
ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკური რიტორიკის მიუხედავად, ქვეყნების უმრავლესობას თავიანთი საკუთარი ვიწროს პეციფიკური ინტერესები ამოძრავებთ.
ისიც ყველამ იცის, რომ ომები მთელ დედამიწაზე ბობოქრობენ, მაგრამ მათ უმრავლესობაში საერთაშორისო საზოგადოება იარაღით და სამხედრო ძალით იშვიათად ერევა.
ისმება კითხვა: მაშ რატომ უჭერს მხარს დასავლეთი იმ ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრი არ არის, თანაც გლობალური პანდემიის შემდეგ, შიდა ეკონომიკური კრიზისისა და ცხოვრების გაძვირების პირობებში?
რუსეთი უკვე დიდი ხანია ისეთ ქვეყნად არის შერაცხილი, რომელიც დასავლეთის ინტერესებისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თავდაცვითი ბიუჯეტებიც შესაბამისი სახით იქნა ფოკუსირებული.
საბჭოთა კავშირის დამამცირებელი დაშლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი შეეცადა, რომ ამჯერად უკვე რუსეთის „ძველი დიდება და გავლენა“ აღდგენილიყო, ქვეყანა ზესახელმწიფოდ გადაქცეულიყო და ნატოს გაფართოებისათვის წინააღმდეგობა გაეწია.
ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დიდი რეზერვებმა რუსეთის ეკონომიკური ძლიერების საფუძველი უზრუნველყო, ხოლო დასავლეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დონით „მიბმა“ რუსულ ენერგომატარებლებზე ვლადიმერ პუტინს გაბედულებას მატებდა.
არავინ არ ელოდებოდა რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრას, მაგრამ როცა შეიჭრა, რუსეთის დიდი ზომის მიუხედავად, შედარებით პატარა უკრაინა მას გმირულ და ეფექტურ წინააღმდეგობას უწევს.
როცა რუსეთის წინსვლა შეჩერებული იქნა, დასავლეთმა თავის სამომავლო ვარიანტებს გადახედა. რადგანაც უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ იყო, დასავლეთს ნამდვილად არ ჰქონდა სურვილი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაბმულიყო.
მაგრამ იმავდროულად რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ევროპისთვის პირდაპირ მუქარას წარმოადგენს და თუ უკრაინა დამარცხდება, რა იქნება შემდეგ?
დასავლეთს არ შეეძლო იმის დაშვება, რომ რუსეთს უკრაინა დაემორჩილებინა. საღმა აზრმა სტიმული მისცა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია.
რა არის დასავლეთის უკრაინისადმი დახმარების მიზანი? – ის, რომ ევროპას რუსული საფრთხე და მუქარა თავიდან ააცილოს. რაში გამოიხატება უკრაინის ინტერესები და მიზნები? – რუსეთის მიერ ოკუპირებული საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებაში
სხვადასხვა მიზნებია, მაგრამ ერთმანეთთან საკმაოდ შეთანხმებული, რათა ერთიანი ფრონტი შექმნილიყო რუსეთის ძალადობრივი მოქმედების წინააღმდეგ.
ომის მიმდინარეობის კვალობაზე რუსეთის არმია საკმაოდ „შეიფერთხა“, გამომჟღავნდა მისი შიდა სისუსტეები: რუს სამხედროებს ათწლეულები დასჭირდებათ ძალების აღდგენისა და გადაიარაღებისათვის.
დასავლურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენა. რუსეთი მსოფლიო არენიდან გარიყული აღმოჩნდა, ხოლო მის პრეზიდენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრალდებები წაუყენა და დაპატიმრების ორდერი გასცა.
ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა საეჭვო კომერციული გარიგებები დაედო ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, იარაღის ყიდვის მიზნით, რათა სამხედრო მოქმედებები გაეგრძელებინა. პარალელურად ნატო გაფართოვდა – კრემლის სურვილების საწინააღმდეგოდ. ფაქტობრივად, სწორედ რუსეთის აგრესიამ დააჩქარა ალიანსის გაფართოება.
და პუტინი თავისი ავტორიტეტის დაცემის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დადგა, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების გამო.
სიტუაცია იმ წერტილამდე მივიდა, რომ რუსეთი ევროპისათვის რეალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამ ომში დასავლეთმა, შეიძლება ითქვას, თავის სტრატეგიულ მიზანს მიაღწია. დადგა დრო, რომ დასავლეთის დემოკრატიულმა მთავრობებმა საკუთარ ქვეყნებს მიხედონ, საკუთარ მოსახლეობას ცხოვრების გაძვირება შეუმსუბუქონ, შეარჩიონ შიდა პრიორიტეტები და იარაღის მარაგი შეივსონ.
მაგრამ უკრაინა ისევ ომობს, რათა რუსეთის ჯარები თავისი ტერიტორიიდან გააძევოს. რა ქნას დასავლეთმა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და, შესაბამისად, ომის ესკალაცია?
„სი-ენ-ენის“ მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ კონგრესი დათანხმდეს უკრაინისათვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას, რუსეთთან ომის გასაგრძელებლად. მეტ-ნაკლებად მსგავსი მდგომარეობაა სხვა ქვეყნებშიც. თუმცა დასავლელი პოლიტიკური ლიდერები საჯაროდ აცხადებენ, რომ არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ ისინი უკრაინას, „რადაც არ უნდა დაუჯდეთ“, მაინც მხარს დაუჭერენ.
დიახ, გასაგებია. მაგრამ მკაცრი რეალობა ისაა, რომ უკრაინისა და მისი მხარდამჭერ-მოკავშირეთა მიზნები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.
ამრიგად, „რა რჩებათ ხელში“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინას?
რა თქმა უნდა, დასავლეთში კონტრშეტევის წარმატებისადმი იმედი ისევ არსებობს, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში სკეპტიციზმი და ეჭვები მოიმატებს – მიღწევადია თუ არა საერთოდ ვოლოდიმირ ზელენსკის საბოლოო მიზნები და ილუზია ხომ არ იქნება ამ მიზნებისადმი მხარდაჭერა?
ევროპისათვის აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უკრაინისათვის კი დანგრეული ეკონომიკის აღდგენა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავი გამოიჩინა როგორც სამხედრო პერიოდის დიდმა ლიდერმა, მან განახორციელა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია უკრაინის გადასარჩენად. მაგრამ ახლა უდიდესი სახელმწიფოებრივი სიბრძნის გამოჩენაა საჭირო დამოუკიდებელი, აყვავებული და თავისუფალი უკრაინული სახელმწიფოს საფუძვლების შექმნისათვის.
ბევრ უკრაინელს სურს, რომ მტერი საკუთარი ტერიტორიიდან გააძევოს. ეს უკრაინის უფლებაა, იბრძოლონ მომავლისათვის და ეროვნული ინტერესების რეალიზებისათვის.
რა თქმა უნდა, ამას ისევ ნგრევა და სისხლისღვრა მოჰყვება. მსხვერპლი მოიმატებს, უამრავი ადამიანი გაწამდება და ტანჯვა შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცემა.
როგორია ომისა და მშვიდობის ფასი? რომელი უფრო მისაღებია?
ეს თვითონ უკრაინელებმა უნდა განსაზღვრონ.