„სამუზეუმო ტანკები უკრაინისათვის: დანიელები, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლების მიზნით, ძველ Leopard 1A5-ებს მუზეუმებში ეძებენ“ – Forbes

416
spot_img

ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ (Forbes) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „სამუზეუმო ტანკები უკრაინისათვის: დანიელები, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლების მიზნით, ძველ Leopard 1A5-ებს მუზეუმებში ეძებენ“ (ავტორი – დევიდ აქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ერთია ზედმეტი ტანკები უანგაროდ შესწირო უკრაინის არმიას, მაგრამ მეორეა ძველი ტანკები გაარემონტო, აამუშავო და უკრაინელებს მათი მართვა ასწავლო. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს ტანკები 19 წელი მუზეუმებში გაუნძრევლად იდგნენ ან საწყობებში ინახებოდნენ.

დანიის მთავრობამ ეს გაკვეთილი საკუთარი მწარე გამოცდილებით გააცნობიერა მას შემდეგ, რაც გერმანიასთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან ერთად განაცხადა, რომ შემოდგომამდე უკრაინას 1980-იან წლებში გამოშვებულ Leopard 1A5-ის მოდელის დაახლოებით ასამდე ტანკს მიაწვდიდა, საბოლოოდ კი მათი რაოდენობა 178-მდე გაიზრდებოდა.

კაცმა რომ თქვას, ზოგადად, 178 ტანკი საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა და ხუთამდე ბატალიონის შექმნას მაინც ეყოფა, ხოლო რადგანაც თითოეული „ლეოპარდის“ ეკიპაჟი ოთხი ტანკისტისაგან შედგება, ამდენ ტანკს საკმაოდ ბევრი ტანკისტის მომზადება დაჭირდება.

ეკიპაჟების მომზადება უკვე დაიწყო, მაგრამ სწავლების პროცესი პრობლემებთან არის დაკავშირებული.
დანიის არმიამ ნატოს ქვეყნების არმიებიდან ყველაზე გვიან დათმო Leopard 1A5 მოდელის ტანკები – 2005 წელს, რომლებიც უფრო თანამედროვე და იმავდროულად მძიმე Leopard 2-ით ჩაანაცვლა. თუმცა ზოგიერთ ქვედანაყოფში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველი ტანკები.

უკრაინელების გაწვრთნის მიზნით სპეციალურად შეიქმნა დანიელ ვეტერან (პენსიონერ) სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ Leopard 1A5 მოდელის ტანკები. ისინი ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ სახელმწიფო სამსახურს, გაიხსნა სპეციალური სარემონტო სახელოსნო ტანკების წესრიგში მოსაყვანად. მათ შეუერთდნენ გერმანელი კონსტრუქტორებიც, რომლებსაც „ლეოპარდების“ ექსპლოატაციის გამოცდილება აქვთ.
უკრაინელები, რომლებიც იუტლანდიის ნახევარკუნძულზე განლაგებულ ბაზაში მაისში ჩავიდნენ, მათი მომზადების კურსი ექვსთვიანია. ბუნებრივია, ეკიპაჟებისათვის აუცილებელია ბრძოლისუნარიანი ტანკები ჰქონდეთ. აი, სწორედ აქ გაჩნდა პრობლემა: ძველი ტანკების მფლობელია გერმანული კომპანია Flensburger Fahrzeugbau Gesellschaft, რომელმაც მძიმე ჯავშნიანი ტექნიკა საწყობებში დააყენა და ასე გრძელდებოდა 20 წლის განმავლობაში. როცა სწავლების დრო მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ტანკებს რემონტი სჭირდებოდათ, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება.

რა თქმა უნდა, წვრთნების დაყოვნება არ შეიძლებოდა. ჰოდა, კომპანიამ გამართული ტანკების ძებნა დაიწყო და დახმარების მიღების მიზნით… დანიის მუზეუმებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ მნახველებისათვის გამოფენაზე მდგარი ათამდე Leopard 1A5 უფრო კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე საწყობებში დაყენებული 100-მდე ტანკი. სამმა მუზეუმმა კომპანიას ექვსი სრულიად კარგი „ლეოპარდი“ მიაწოდა და წვრთნებიც გაგრძელდა.

ოთხ თვეში გერმანიის ტანკმშენებელი ქარხნის „რეინმეტალის“ (Rheinmetall) მუშები Leopard 1A5-ებს დაჩქარებული ტემპით გაარემონტებენ. ათამდე ტანკი უკვე უკრაინაშია გაგზავნილი.

რამდენად დიდხანს გაგრძელდება სწავლების პროგრამა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დასრულდება ომი. რა თქმა უნდა, გერმანულ კომპანიას კიდევ დაჭირდება საწყობებიდან და მუზეუმებიდან ძველი ტანკების გამოთრევა. ამბობენ, რომ თურმე საბერძნეთსაც ჰქონია ძველი Leopard 1A5-ები. უკრაინელებს „ბედმა გაუღიმა“.

წყარო