Home Blog Page 1648

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სჯობს, ჩაეტიოს თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის განზრახ, უხეშ დარღვევაზე საჭიროა სათანადო რეაგირება.

ამასთან, პაპუაშვილი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანის, გიორგი მსხილაძის განცხადებას და მას კორექტულობისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესს, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე, ქვეყნის ძირითად კანონზე და როდესაც ხდება ამ კანონის განზრახ, უხეში დარღვევა, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობოს მხრიდან დამოკიდებულება აჩვენებს, რომ უდიერად ეპყრობიან კონსტიტუციას. საუბარია, რომ კი, შეიძლება დაირღვა კონსტიტუცია, მაგრამ – ეს მაგრამ არის მიუღებელი და ამიტომაც იყო ჩვენი რეაგირება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს და სათანადო შეფასება მისცეს. ეს არის ხალხის მიერ მიღებული კონსტიტუცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხალხმა იზრუნოს, მისი კონსტიტუცია იყოს დაცული. ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, არავინ სცემს პატივს ჩვენს კონსტიტუციას. ევროპული სტანდარტია კონსტიტუციის დაცვა. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჩაეტიოს საკუთარი უფლებამოსილების, კომპეტენციის ფარგლებში და არ მგონია, ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებზე ასეთი შეფასებები გამოხატოს. მოვუწოდებ, რომ იყოს კორექტული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ დღეს განაცხადა: „პარლამენტში ჩემი მოსვლის მიზეზია, მენახა ხელმოწერები, რითაც მმართველი გუნდი აპირებს, სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა ვნახავთ, რა დაწერეს, შემდეგ გვექნება პასუხი“.

ვაორმაგებთ სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტებისთვის -ირაკლი ღარიბაშვილი

ვაორმაგებთ სტიპენდიას წარჩინებული სტუდენტებისთვის, დღეიდან 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას, თითო სტუდენტზე გახდება 300 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობა ასევე გააძლიერებს პროექტს, რომლითაც წარჩინებულ სტუდენტებს უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლას უფინანსებენ.

„ჩვენ სტუდენტებს მაქსიმალურად ვეხმარებით. ჯერ კიდევ ჩემი პირველი პრემიერობის დროს დავაფუძნეთ განათლების საერთაშორისო ცენტრი, 1 000-ზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი გავუშვით უცხოეთში საუკეთესო უნივერსიტეტებში და სრულიად უფასოდ ვასწავლით მათ. ასევე, შედარებისთვის მინდა, გავიხსენო, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი, საკუთარ შვილს აფინანსებდა ბიუჯეტიდან, საკუთარ ოჯახის წევრებს უფინანსებდნენ ბიუჯეტიდან სწავლას. ეს არის განსხვავება. ჩვენ ათასზე მეტი საუკეთესო, წარჩინებული სტუდენტი შევარჩიეთ და ვასწავლეთ უცხოეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ბრუნდებიან და არა მარტო სახელმწიფო უწყებაში, არამედ კერძო სტრუქტურებში საქმდებიან. ეს ჩვენი სიმდიდრე, სიძლიერეა. ჩვენ ამ პროექტს მეტად გავაძლიერებთ. ახალი მინისტრი მუშაობს ამ მიმართულებით.

მეორე მიმართულება არის ადგილზე ნიჭიერი, წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების დახმარება, უფრო სწორად, დაფასება, ერთგვარი წახალისება სტუდენტების სტიპენდიების სახით. დღეს მოქმედი პროგრამა ითვალისწინებს დაახლოებით 2 500 სტუდენტზე 150 ლარის სტიპენდიას. ჩვენ ამ სტიპენდიას, დახმარებას გავაორმაგებთ. დღეიდან თითო სტუდენტზე გახდება 300 ლარი და 5 000 წარჩინებული სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას. შეიძლება, ეს სიმბოლური იყოს, მაგრამ ეს არის ჩვენი მხრიდან ჟესტი, დაფასება ჩვენის სტუდენტებისა. კრიტერიუმები, რომლებიც შემუშავდება, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“გურიაში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, აღდგენილია როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გადაადგილება” – პრემიერი

გურიაში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების, აღდგენილია როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გადაადგილება, სასმელი წყალი მოსახლეობას უკვე მიეწოდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო რვა ათასი აბონენტი. დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 ათასი აბონენტი, დღეის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე კი 200 აბონენტს აღუდგება დენი.

„ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების. აღდგენილია როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გადაადგილება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად სასმელი წყალი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას სრულად მიეწოდება უკვე.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო რვა ათასი აბონენტი. დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ხოლო ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 ათასი აბონენტი, დღეის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე 200 აბონენტს აღუდგება დენი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას 105 ოჯახი დაექვემდებარა” – პრემიერი

მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა გურიაში დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განვმარტო, რომ სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში 15-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი, სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი.

ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს თხოვნით მიმართა, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს.

„მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, თუ რა გაკეთდა გურიაში დღეის მდგომარეობით. ჩემი დავალებით მობილიზებულ იქნა ყველა სახელმწიფო უწყება. აქვე მინდა განვმარტო, რომ სტიქიური კერები იყო 22 ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთში, ლანჩხუთში 15.

დღეის მდგომარეობით ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 ლოკაციაზე წერტილოვნად არის ავტომანქანით გადაადგილების შეზღუდვა. სტიქიის პირველივე დღიდან გურიის რეგიონში სამაშველო ღონისძიებაში 200 მაშველი იყო მობილიზებული და ჩართული. ჯამში უსაფრთხო ადგილზე გამოყვანილია 142 ადამიანი.

გეოლოგების მიერ 2 დღის მანძილზე შემოწმებული იქნა 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი. სტიქიის ზონიდან ამ ეტაპზე, განსახლებას დაექვემდებარა 105 ოჯახი. აქვე მინდა თხოვნით მივმართო ამ ოჯახებს, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება. აუცილებელია მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ, მივმართავ ოჯახებს, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. ასევე გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროებში განთავსებულია 110 მოქალაქე”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან.

„ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან სამ მილიარდ 500 მილიონი დოლარის რაოდენობით პირდაპირი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან. წელს ველოდებით, რომ კიდევ უფრო მეტი იქნება. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე. გვინდა, რომ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ ქვეყანაში.

ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში და ჩინეთი დღეს არის მსოფლიოში მეორე ეკონომიკა, უძლიერესი ეკონომიკა. ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ინტერესია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, მეტი ინვესტიციების მოზიდვა ჩინეთიდან, მეტი ტურისტის ჩამოყვანა საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი ვიზიტი.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. შესაბამის განკარგულებას დღეს გამოვცემ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, წამახალისებელი კიდევ უფრო მეტი ტურისტის ჩამოსასვლელად საქართველოში. მინდა, ვთქვა, რომ ჩინელი ტურისტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტებად ითვლებიან. ჩვენ გვაქვს პირდაპირი ფრენებიც. მე მქონდა ჩინეთის პრემიერთან საუბარი ტურიზმზეც და ფრენების საკითხზეც. მინდა, აღვნიშნო ჩინეთის მთავრობის და მათი სისტემის ეფექტურობა. სულ რამდენიმე დღეში ეკონომიკის მინისტრთან ჩამოვიდა დელეგაცია კონკრეტულად პირდაპირი ფრენების საკითხზე. პრემიერთან ჩემი შეხვედრიდან დაახლოებით ორ-სამ დღეში უკვე დელეგაცია იყო გამოგზავნილი ჩინეთიდან. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი რეისი, პირდაპირი ფრენები ჩინეთთან. მეტი ტურისტი გვინდა, რომ ჩამოვიდეს არა მხოლოდ ჩინეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, მეტმა ტურისტმა ნახოს ჩვენი საოცარი, უნიკალური ქვეყანა, კულტურა, ჩვენი ხალხი და მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის, ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

„სამუზეუმო ტანკები უკრაინისათვის: დანიელები, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლების მიზნით, ძველ Leopard 1A5-ებს მუზეუმებში ეძებენ“ – Forbes

ამერიკული გამოცემა „ფორბსი“ (Forbes) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „სამუზეუმო ტანკები უკრაინისათვის: დანიელები, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სწავლების მიზნით, ძველ Leopard 1A5-ებს მუზეუმებში ეძებენ“ (ავტორი – დევიდ აქსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას:

ერთია ზედმეტი ტანკები უანგაროდ შესწირო უკრაინის არმიას, მაგრამ მეორეა ძველი ტანკები გაარემონტო, აამუშავო და უკრაინელებს მათი მართვა ასწავლო. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ეს ტანკები 19 წელი მუზეუმებში გაუნძრევლად იდგნენ ან საწყობებში ინახებოდნენ.

დანიის მთავრობამ ეს გაკვეთილი საკუთარი მწარე გამოცდილებით გააცნობიერა მას შემდეგ, რაც გერმანიასთან, ნიდერლანდებთან და ბელგიასთან ერთად განაცხადა, რომ შემოდგომამდე უკრაინას 1980-იან წლებში გამოშვებულ Leopard 1A5-ის მოდელის დაახლოებით ასამდე ტანკს მიაწვდიდა, საბოლოოდ კი მათი რაოდენობა 178-მდე გაიზრდებოდა.

კაცმა რომ თქვას, ზოგადად, 178 ტანკი საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალაა და ხუთამდე ბატალიონის შექმნას მაინც ეყოფა, ხოლო რადგანაც თითოეული „ლეოპარდის“ ეკიპაჟი ოთხი ტანკისტისაგან შედგება, ამდენ ტანკს საკმაოდ ბევრი ტანკისტის მომზადება დაჭირდება.

ეკიპაჟების მომზადება უკვე დაიწყო, მაგრამ სწავლების პროცესი პრობლემებთან არის დაკავშირებული.
დანიის არმიამ ნატოს ქვეყნების არმიებიდან ყველაზე გვიან დათმო Leopard 1A5 მოდელის ტანკები – 2005 წელს, რომლებიც უფრო თანამედროვე და იმავდროულად მძიმე Leopard 2-ით ჩაანაცვლა. თუმცა ზოგიერთ ქვედანაყოფში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი ძველი ტანკები.

უკრაინელების გაწვრთნის მიზნით სპეციალურად შეიქმნა დანიელ ვეტერან (პენსიონერ) სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი, რომლებსაც ჯერ კიდევ ახსოვთ Leopard 1A5 მოდელის ტანკები. ისინი ნებაყოფლობით დაუბრუნდნენ სახელმწიფო სამსახურს, გაიხსნა სპეციალური სარემონტო სახელოსნო ტანკების წესრიგში მოსაყვანად. მათ შეუერთდნენ გერმანელი კონსტრუქტორებიც, რომლებსაც „ლეოპარდების“ ექსპლოატაციის გამოცდილება აქვთ.
უკრაინელები, რომლებიც იუტლანდიის ნახევარკუნძულზე განლაგებულ ბაზაში მაისში ჩავიდნენ, მათი მომზადების კურსი ექვსთვიანია. ბუნებრივია, ეკიპაჟებისათვის აუცილებელია ბრძოლისუნარიანი ტანკები ჰქონდეთ. აი, სწორედ აქ გაჩნდა პრობლემა: ძველი ტანკების მფლობელია გერმანული კომპანია Flensburger Fahrzeugbau Gesellschaft, რომელმაც მძიმე ჯავშნიანი ტექნიკა საწყობებში დააყენა და ასე გრძელდებოდა 20 წლის განმავლობაში. როცა სწავლების დრო მოვიდა, აღმოჩნდა, რომ ტანკებს რემონტი სჭირდებოდათ, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება.

რა თქმა უნდა, წვრთნების დაყოვნება არ შეიძლებოდა. ჰოდა, კომპანიამ გამართული ტანკების ძებნა დაიწყო და დახმარების მიღების მიზნით… დანიის მუზეუმებს მიმართეს. აღმოჩნდა, რომ მნახველებისათვის გამოფენაზე მდგარი ათამდე Leopard 1A5 უფრო კარგ მდგომარეობაში იყო, ვიდრე საწყობებში დაყენებული 100-მდე ტანკი. სამმა მუზეუმმა კომპანიას ექვსი სრულიად კარგი „ლეოპარდი“ მიაწოდა და წვრთნებიც გაგრძელდა.

ოთხ თვეში გერმანიის ტანკმშენებელი ქარხნის „რეინმეტალის“ (Rheinmetall) მუშები Leopard 1A5-ებს დაჩქარებული ტემპით გაარემონტებენ. ათამდე ტანკი უკვე უკრაინაშია გაგზავნილი.

რამდენად დიდხანს გაგრძელდება სწავლების პროგრამა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დასრულდება ომი. რა თქმა უნდა, გერმანულ კომპანიას კიდევ დაჭირდება საწყობებიდან და მუზეუმებიდან ძველი ტანკების გამოთრევა. ამბობენ, რომ თურმე საბერძნეთსაც ჰქონია ძველი Leopard 1A5-ები. უკრაინელებს „ბედმა გაუღიმა“.

წყარო

“პარლამენტში ჩემი მოსვლის მიზეზია, მენახა ხელმოწერები, რითაც მმართველი გუნდი აპირებს, სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს”

დღეს პარლამენტში ჩემი მოსვლის მიზეზია, მენახა ხელმოწერები, რითაც მმართველი გუნდი აპირებს, სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, როცა ვნახავთ, რა დაწერეს სარჩელში, ამის შემდეგ გვექნება პასუხი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

„დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ეს დაიწყო სწორედ ამ ხელმოწერებით. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ლუსტრაცია დაიწყო იმის, თუ ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ დაუჭერს პროცესს მხარს. ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რაც განპირობებულია კონსტიტუციით. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი.

მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ მესიჯბოქსს, რომ მათ საქართველოში პრეზიდენტის აქტივობის გარდა, ყველაფერი აკმაყოფილებთ. ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ყველაფერი დღესავით ნათელია, ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს და გაგება უნდა, გაიგებს. როცა ვნახავთ, რა დაწერეს სარჩელში, ამის შემდეგ გვექნება პასუხი“,- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეპუტატების ხელმოწერების ნამდვილობას დაადგენს.

„დასავლეთი ისევ მხარს უჭერს უკრაინის კონტრშეტევას, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის საბოლოო მიზნების მიმართ სკეპტიციზმი მატულობს“ -Sky News

ბრიტანულმა ტელეარხმა „სქაი ნიუსმა“ (Sky News) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სამხედრო ანალიტიკოსის შონ ბელის სტატია სათაურით „დასავლეთი ისევ მხარს უჭერს უკრაინის კონტრშეტევას, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის საბოლოო მიზნების მიმართ სკეპტიციზმი მატულობს“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთი ერთიანი იყო უკრაინაში რუსეთის არმიის უკანონო შეჭრის დაგმობაში. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ნატოს წევრი არ არის, ალიანსის წევრებმა კიევს უპრეცედენტო სამხედრო დახმარება გაუწიეს რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად.

მაგრამ ომის სტაგნაციის გათვალისწინებით, ემთხვევა თუ არა ისევ უკრაინისა და დასავლეთის სტრატეგიული მიზნები ერთმანეთს? და თუ აღარ ემთხვევა, რა იქნება შემდეგ?
ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ პოლიტიკური რიტორიკის მიუხედავად, ქვეყნების უმრავლესობას თავიანთი საკუთარი ვიწროს პეციფიკური ინტერესები ამოძრავებთ.
ისიც ყველამ იცის, რომ ომები მთელ დედამიწაზე ბობოქრობენ, მაგრამ მათ უმრავლესობაში საერთაშორისო საზოგადოება იარაღით და სამხედრო ძალით იშვიათად ერევა.
ისმება კითხვა: მაშ რატომ უჭერს მხარს დასავლეთი იმ ქვეყანას, რომელიც ნატოს წევრი არ არის, თანაც გლობალური პანდემიის შემდეგ, შიდა ეკონომიკური კრიზისისა და ცხოვრების გაძვირების პირობებში?
რუსეთი უკვე დიდი ხანია ისეთ ქვეყნად არის შერაცხილი, რომელიც დასავლეთის ინტერესებისათვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თავდაცვითი ბიუჯეტებიც შესაბამისი სახით იქნა ფოკუსირებული.
საბჭოთა კავშირის დამამცირებელი დაშლის შემდეგ ვლადიმერ პუტინი შეეცადა, რომ ამჯერად უკვე რუსეთის „ძველი დიდება და გავლენა“ აღდგენილიყო, ქვეყანა ზესახელმწიფოდ გადაქცეულიყო და ნატოს გაფართოებისათვის წინააღმდეგობა გაეწია.
ნავთობისა და ბუნებრივი გაზის დიდი რეზერვებმა რუსეთის ეკონომიკური ძლიერების საფუძველი უზრუნველყო, ხოლო დასავლეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დონით „მიბმა“ რუსულ ენერგომატარებლებზე ვლადიმერ პუტინს გაბედულებას მატებდა.
არავინ არ ელოდებოდა რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრას, მაგრამ როცა შეიჭრა, რუსეთის დიდი ზომის მიუხედავად, შედარებით პატარა უკრაინა მას გმირულ და ეფექტურ წინააღმდეგობას უწევს.
როცა რუსეთის წინსვლა შეჩერებული იქნა, დასავლეთმა თავის სამომავლო ვარიანტებს გადახედა. რადგანაც უკრაინა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი არ იყო, დასავლეთს ნამდვილად არ ჰქონდა სურვილი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში ჩაბმულიყო.
მაგრამ იმავდროულად რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ევროპისთვის პირდაპირ მუქარას წარმოადგენს და თუ უკრაინა დამარცხდება, რა იქნება შემდეგ?
დასავლეთს არ შეეძლო იმის დაშვება, რომ რუსეთს უკრაინა დაემორჩილებინა. საღმა აზრმა სტიმული მისცა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გაეწია.
რა არის დასავლეთის უკრაინისადმი დახმარების მიზანი? – ის, რომ ევროპას რუსული საფრთხე და მუქარა თავიდან ააცილოს. რაში გამოიხატება უკრაინის ინტერესები და მიზნები? – რუსეთის მიერ ოკუპირებული საკუთარი ტერიტორიის დაბრუნებაში
სხვადასხვა მიზნებია, მაგრამ ერთმანეთთან საკმაოდ შეთანხმებული, რათა ერთიანი ფრონტი შექმნილიყო რუსეთის ძალადობრივი მოქმედების წინააღმდეგ.
ომის მიმდინარეობის კვალობაზე რუსეთის არმია საკმაოდ „შეიფერთხა“, გამომჟღავნდა მისი შიდა სისუსტეები: რუს სამხედროებს ათწლეულები დასჭირდებათ ძალების აღდგენისა და გადაიარაღებისათვის.
დასავლურმა სანქციებმა რუსეთის ეკონომიკას ზიანი მიაყენა. რუსეთი მსოფლიო არენიდან გარიყული აღმოჩნდა, ხოლო მის პრეზიდენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბრალდებები წაუყენა და დაპატიმრების ორდერი გასცა.
ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა საეჭვო კომერციული გარიგებები დაედო ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, იარაღის ყიდვის მიზნით, რათა სამხედრო მოქმედებები გაეგრძელებინა. პარალელურად ნატო გაფართოვდა – კრემლის სურვილების საწინააღმდეგოდ. ფაქტობრივად, სწორედ რუსეთის აგრესიამ დააჩქარა ალიანსის გაფართოება.
და პუტინი თავისი ავტორიტეტის დაცემის ყველაზე დიდი საფრთხის წინაშე დადგა, ევგენი პრიგოჟინის ამბოხების გამო.
სიტუაცია იმ წერტილამდე მივიდა, რომ რუსეთი ევროპისათვის რეალურ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამ ომში დასავლეთმა, შეიძლება ითქვას, თავის სტრატეგიულ მიზანს მიაღწია. დადგა დრო, რომ დასავლეთის დემოკრატიულმა მთავრობებმა საკუთარ ქვეყნებს მიხედონ, საკუთარ მოსახლეობას ცხოვრების გაძვირება შეუმსუბუქონ, შეარჩიონ შიდა პრიორიტეტები და იარაღის მარაგი შეივსონ.
მაგრამ უკრაინა ისევ ომობს, რათა რუსეთის ჯარები თავისი ტერიტორიიდან გააძევოს. რა ქნას დასავლეთმა, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და, შესაბამისად, ომის ესკალაცია?
„სი-ენ-ენის“ მიერ ჩატარებულმა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამერიკელების უმრავლესობა წინააღმდეგია, რომ კონგრესი დათანხმდეს უკრაინისათვის დამატებითი ფინანსების გამოყოფას, რუსეთთან ომის გასაგრძელებლად. მეტ-ნაკლებად მსგავსი მდგომარეობაა სხვა ქვეყნებშიც. თუმცა დასავლელი პოლიტიკური ლიდერები საჯაროდ აცხადებენ, რომ არავის ეჭვი არ უნდა შეეპაროს იმაში, რომ ისინი უკრაინას, „რადაც არ უნდა დაუჯდეთ“, მაინც მხარს დაუჭერენ.
დიახ, გასაგებია. მაგრამ მკაცრი რეალობა ისაა, რომ უკრაინისა და მისი მხარდამჭერ-მოკავშირეთა მიზნები ერთმანეთს აღარ ემთხვევა.
ამრიგად, „რა რჩებათ ხელში“ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინას?
რა თქმა უნდა, დასავლეთში კონტრშეტევის წარმატებისადმი იმედი ისევ არსებობს, მაგრამ უახლოეს პერსპექტივაში სკეპტიციზმი და ეჭვები მოიმატებს – მიღწევადია თუ არა საერთოდ ვოლოდიმირ ზელენსკის საბოლოო მიზნები და ილუზია ხომ არ იქნება ამ მიზნებისადმი მხარდაჭერა?
ევროპისათვის აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, უკრაინისათვის კი დანგრეული ეკონომიკის აღდგენა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემის მოგვარება.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავი გამოიჩინა როგორც სამხედრო პერიოდის დიდმა ლიდერმა, მან განახორციელა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაცია უკრაინის გადასარჩენად. მაგრამ ახლა უდიდესი სახელმწიფოებრივი სიბრძნის გამოჩენაა საჭირო დამოუკიდებელი, აყვავებული და თავისუფალი უკრაინული სახელმწიფოს საფუძვლების შექმნისათვის.
ბევრ უკრაინელს სურს, რომ მტერი საკუთარი ტერიტორიიდან გააძევოს. ეს უკრაინის უფლებაა, იბრძოლონ მომავლისათვის და ეროვნული ინტერესების რეალიზებისათვის.
რა თქმა უნდა, ამას ისევ ნგრევა და სისხლისღვრა მოჰყვება. მსხვერპლი მოიმატებს, უამრავი ადამიანი გაწამდება და ტანჯვა შთამომავლობას მემკვიდრეობით გადაეცემა.
როგორია ომისა და მშვიდობის ფასი? რომელი უფრო მისაღებია?
ეს თვითონ უკრაინელებმა უნდა განსაზღვრონ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში შევა, საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში გასაგზავნ წარდგინებას თან დაერთვება.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინებაში მითითებულია პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის 52-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის დარღვევაზე, რაც თავის მხრივ, ამბობს, რომ პრეზიდენტი მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას. კონსტიტუციის ამავე პუნქტის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა.

პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს.

სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ტესტერთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ყველაზე მასშტაბური ტექ ღონისძიება დასრულდა

თიბისის მხარდაჭერით და GeoSTQB-ის ორგანიზებით, 9-10 სექტემბერს პროგრამული ტესტერთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებაზე მონაწილეობა საქართველოს და ევროპის წამყვანმა კომპანიებმა, დარგის ექსპერტებმა და საერთაშორისო სპიკერებმა მიიღეს.

ღონისძიებაზე დამსწრეებმა დაამყარეს მნიშვნელოვანი ურთიერთობები, გააზიარეს ცოდნა და გააძლიერეს პროფესიული ქსელი. 2 დღის განმავლობაში ჩატარდა პანელური დისკუსიები, საინტერესო ვორკშოპები, ასევე საზოგადოება გაეცნო QA-ს (ხარისხის უზრუნველყოფის – Quality Assurance ) – ის ბაზრის უახლეს კვლევას.

“თიბისი, როგორც ტექ კომპანია საქართველოში, ტესტირების მიმართულებით ტექ-პროფესიონალებს გაძლიერებასა და მათ განვითარებას რამდენიმე წელია უჭერს მხარს. ჯამში ჩვენთან დასაქმებულია 180 ადამიანი, 90 მათგანი მუშაობს ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ანუ მანუალ ტესტერად, ხოლო 90 არის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი. ყოველდღიური საქმიანობის გარდა ჩვენი გუნდის წევრები, თავად მუშაობენ განვითარებაზე, ეცნობიან საერთაშორისო სტანდარტებს და ნერგავენ ინსტრუმენტებს სამუშაოს ეფექტურად წარმართვისთვის.”- ნინო ნოზაძე, თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი.

ღონისძიებას 2020 წლიდან ორგანიზებას უწევს საქართველო პროგრამული ტესტირების საკვალიფიკაციო საბჭოს საქართველოს ოფისი GeoSTQB. თიბისი მხარს უჭერს ტესტირების საერთაშორისო დღეს, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

ღონისძიებას, ასევე, მხარი დაუჭირეს – Epam, Lineate, Space int., aPeople, Soft Fan და Women’s empowerment principles.

 

R

2024 წელს ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გამართავს

2024 წელს ნატო ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს გამართავს.

 

სამხედრო სწავლებაში სახელწოდებით, „მტკიცე მცველი“ 40 000-ზე მეტი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას.

სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ნატო-ს წევრები ივარჯიშებენ, როგორ ეცდება ალიანსი რუსეთის აგრესიის მოგერიებას მისი ერთ-ერთი წევრის წინააღმდეგ.

მომავალი წლის თებერვალ-მარტში დაგეგმილ სამხედრო წვრთნებში 500-დან 700-მდე საჰაერო საბრძოლო მისია შესრულდება და 50-ზე მეტი ხომალდი მიიღებს მონაწილეობას. სწავლება ასევე პირველია ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, რომელიც იყენებს რეალურ გეოგრაფიულ მონაცემებს ჯარებისთვის უფრო რეალისტური სცენარების შესაქმნელად.

წვრთნები გერმანიაში, პოლონეთსა და ბალტიისპირეთში ჩატარდება და წარმოადგენს ახალი სასწავლო სტრატეგიის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო ალიანსის ყოველწლიურად ორ დიდ წვრთნას, ერთის ნაცვლად. ნატო ასევე ივარჯიშებს ტერორისტულ საფრთხეებზე მის უშუალო საზღვრებს გარეთ.

“პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები”

იმპიჩმენტის პროცესი არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ევროპელ ლიდერებთან სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები აზიანებს თუ არა ქვეყნის ინტერესებს, მინისტრი პასუხობს:

„მე ამ საკითხს, საქართველოს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით კავშირს, ამ წუთას, ვერ დავინახავდი. აქ საუბარია არის და ამაზე არაერთხელ ითქვა, რომ საკითხი ეხება კონსტიტუციისადმი დამოკიდებულებას, რადგანაც ყველამ ვიცით, რომ კონსტიტუციაში ცალსახად, გასაგებად და ნათლად არის გაწერილი ფუნქცია-მოვალეობები, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებს აკისრიათ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს კონსტიტუცია ეს არის უზენაესი კანონი, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს.

იმპიჩმენტის პროცესი ეს არის ერთადერთი გზა, მოვახდინოთ რეაგირება იმაზე, რომ დაირღვა კონსტიტუციის კონკრეტული მუხლები. რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებას, ჩვენ ფოკუსირებული ვართ პოზიტივზე, 12 რეკომენდაციის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა და ვართ ოპტიმისტურად, რომ საქართველო მორიგ ნაბიჯს გადადგამს ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა.