Home Blog Page 1648

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6491 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6491 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6247 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0244 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9082 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0434 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა – ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, ეპიცენტრი სოფელი ანდეზიტი (დაბა ბაკურიანი) იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

„ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მთავარ მტრად ახალგაზრდები გამოაცხადა” – გიორგი ვაშაძე

არ არსებობს განვითარებული და წარმატებული სახელმწიფო, თუ ახალგაზრდა არ არის ამ სახელმწიფოს პრიორიტეტი, თუ მისი განათლება, ცოდნა, მისი დასაქმება, მისი წინსვლა არ არის სახელმწიფოს პრიორიტეტი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დმანისში, “გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთან, ლევან ხაბეიშვილთან ერთად, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის მთავარ მტრად ახალგაზრდები გამოაცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ ივანიშვილ – კობახიძე – ღარიბაშვილის რუსულმა დაჯგუფებამ, ქვეყნის მთავარ მტრად ახალგაზრდები გამოაცხადა. რატომ? იმიტომ, რომ, როცა ქვეყანა რუსეთისკენ მიგყავს და ხედავ, რომ ყველა კვლევით ახალგაზრდების 99% მხარს ევროინტეგრაციას უჭერს, რა თქმა უნდა, გინდა, რომ მტრად გამოაცხადო ის ადამიანები, ვინც შეიძლება შეგეწინააღმდეგოს ამაში. ჩვენ ვნახეთ 7-8 მარტს ახალგაზრდების ძალიან დიდი ბრძოლა და აქტივობა. ვნახეთ 20 ივნისს ახალგაზრდების დიდი ბრძოლა და აქტივობა და ვნახეთ ქართველი ახალგაზრდა პატრიოტები, რომელთაც ვერასდროს რუსეთს ვერ შეაჩეჩებ. 2022 წელი უნდა გამოცხადდეს დემოგრაფიული კატასტროფის წლად. 125 ათასი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან და შობადობა 42 ათასზე ჩამოვიდა, ისტორიულ მინიმუმზე, 49 ათასი გვქონდა გარდაცვალების მაჩვენებელი. 125 ათას ემიგრანტში 50 ათასზე მეტი არის ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელი, ესენი არიან სტუდენტები, სასკოლო ასაკის ადამიანები, მე-11-მე-12 კლასიდან მიდის ხალხი ევროპაში, ყველა პირობას ქმნის რუსული დაჯგუფება ხელისუფლებაში იმისთვის, რომ ახალგაზრდას არ ჰქონდეს გასაქანი ამ ქვეყანაში. ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ ახალგაზრდა ადამიანები ქვეყნიდან გაიქცნენ, რომ ევროპული განვითარების ფორპოსტი, რომელიც არის ახალგაზრდა თაობა, ამოიძირკვოს ქვეყანაში და ქვეყანა შეატრიალონ რუსეთისკენ. რუსების მასობრივი შემოდინებით 200%-ით გაიზარდა საცხოვრებლის ფასი, სტუდენტები დარჩნენ ქუჩაში და ძალიან ბევრს მოუწია სწავლისთვის თავის დანებება, ბევრი წავიდა რაიონში ან წავიდა უცხოეთში. ჩვენი ინიციატივაა, ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც კარგი აკადემიური მოსწრება აქვს, დაუფინანსდეს სწავლა და აღუდგეს სტატუსი; ყველა ახალგაზრდას, ვისაც უნდა ცოდნა მიიღოს, მას არ უნდა ჰქონდეს სადარდებელი საცხოვრებელი და ჩვენ უნდა დავიწყოთ სტაჟირების ანაზღაურებადი პროგრამა, როგორც საჯარო, ასევე კერძო კომპანიებში, რაც იმ გამოცდილებას მისცემს ახალგაზრდებს, რომ გასაუბრებაზე როცა მივლენ, მათ აღარ ეტყვიან, გამოცდილების გარეშე ხარ და ვერ აგიყვანთ სამსახურშიო. ახალგაზრდა უნდა იყოს ყოველთვის სახელმწიფოს საზრუნავი“, – განაცხადა ვაშაძემ.

“კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ”

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას გმობს.

ზურაბიშვილის განცხადებით, ეს რუსეთის უკანონო ქმედებაა, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს.

„კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის – სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ. ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!,“ – წერს სალომე ზურაბიშვილი.

“20 ათასი სტუდენტისთვის საცხოვრებლები უნდა აშენდეს” – ლევან ხაბეიშვილი ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ინიციატივით გამოდის, რათა 20 ათასი სტუდენტისთვის საუნივერსიტეტო ქალაქებში საცხოვრებლები აშენდეს, კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა შეძლონ სწავლის აღდგენა და ნიჭიერ სტუდენტებს საჯარო სამსახურებში მიეცეთ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, 1000-1500 ლარიანი მინიმალური ანაზღაურებით.

ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა დმანისში, “გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა.

„ახალგაზრდების დიდ უმრავლესობას არ აქვს პერსპექტივის განცდა. დიდი უმრავლესობა თავქუდმოგლეჯილი გარბის ქვეყნიდან, რომ იპოვოს პერსპექტივა, მოახერხოს თავის რეალიზება, განათლება მიიღოს, განათლების მიღების შემდეგ სამუშაო მოძებნოს და არა აქ, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმში მონურ პირობებში იმუშაოს სხვადასხვა ადგილას. ყველამ კარგად იცით, რომ ახალგაზრდების უმეტესობას, დიდ ნაწილს, მუშაობა უწევს 300-400-500-500 ლარზე, ანუ თვიდან თვემდე დაახლოებით 150-200$-ზე. ამ თანხებით, უმძიმესი შრომის ფასად, უწევთ საკუთარი პრობლემების მოგვარება. ეს არის უდიდესი პრობლემა და ამ პრობლემებზე ფიქრის მაგივრად, ბიძინა ივანიშვილი, რუსული რეჟიმი რასაც აკეთებს ყველამ კარგად ვიცით – ისქელებენ საკუთარ ჯიბეებს, მდიდრდებიან, საკუთარი ოჯახებისთვის აქვთ ყველანაირი პირობა შექმნილი, მაგრამ არავინ ფიქრობს ახალგაზრდების პერსპექტივაზე. მარტო საქართველოში 230 000-მდე სტუდენტია კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აქედან 70 000-ზე მეტს სტატუსი აქვს შეჩერებული. ანუ მათ უმრავლესობას არ აქვს სწავლის გადასახადის თანხები, რომ ისწავლოს, დაამთავროს, მიიღოს განათლება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ 70 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტების პარალელურად, 2021 წლის სტატისტიკის მონაცემებით, სტუდენტების 67% არის რეგიონებიდან. შემოსული რუსების გამო კი რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს კიდევ უფრო გაუძვირდათ ქირის გადასახადი და უმრავლესობას 3-4ჯერ მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე უწევდათ 5-6 წლის წინ. 1000-1500-2000 ლარი სჭირდება სტუდენტს იმისთვის, რომ საცხოვრებელი ჰქონდეს. ცხადია, ამის შესაძლებლობა, ამ მძიმე ეკონომიკურ პირობებში, არც მათ და არც მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ. ამიტომ მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ არის შემდეგი:

20 000 სტუდენტისთვის ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საუნივერსიტეტო ქალაქებში საცხოვრებლების მშენებლობა, სადაც სტუდენტებს მოუწევთ არა 1000-1500-2000 ლარის გადახდა, არამედ შეეძლებათ ადეკვატურ ფასად იცხოვრონ და მიიღონ განათლება;

70 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც აქვს კარგი მოსწრება, კარგი ნიშნები, უნდა განათლების მიღება, ამ ადამიანების სწავლის გაგრძელება უპირობოდ უნდა უზრუნველვყოთ;

მნიშვნელოვანი – ყველა ნიჭიერ, განათლებულ სტუდენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მათ შორის საჯარო სამსახურებში, სადაც თავიანთი მამიდები და ნათესავები ჰყავთ დასაქმებული, მათ ნაცვლად, ნიჭიერ სტუდენტებს უნდა შეეძლოთ სტაჟირების გავლა და ჰქონდეთ მინიმალური ანაზღაურება- 1000-დან 1500 ლარამდე,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გია ბარამიძე ნიკა მელიას მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გია ბარამიძე პარტიის ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებისა და საკუთარი პარტიის შექმნისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებ რომ წავიდეს თუ აღარ შესტკივა გული. თავისი ოჯახი ააშენოს, ღმერთმა ხელი მოუმართოს. თავისი პარტია ჩამოაყალიბოს და უკეთესი იყოს. სხვისი ლანძღვით კი არა, თავისი ყოფილი გუნდის ლანძღვით კი არა, იმითი, რომ უკეთესი იყოს. სანამ 2021 წლის ამბებზე დღეს ილაპარაკებს, მანამდე გასცეს პასუხი — მაშინ რატომ არ ილაპარაკა ამის თაობაზე თუ ასეთი სიმართლის მთქმელი იყო. რატომ ჩაიგუბა პირში წყალი მაშინ?! მე ეს არ ვიცოდი. მე ნიკას ვეკითხები, ახლა გაიგე ნიკა ეგ ამბავი?“ — აცხადებს გია ბარამიძე.

“ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს და ტონი შეარჩიოს” – ირაკლი ზარქუა

ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, – ასე ეხმიანება აშშ-ის საელჩოს განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.

მისივე თქმით, საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს აშშ-ის იუსტიციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, ამიტომ ეს საკითხი, ” იქ არკვიონ ერთმანეთში.”

“მე ასე ვიტყოდი, რომ ცრუ და უპასუხისმგებლოა, რა განცხადებაც ამ თემაზე საელჩომ გააკეთა და მე ვისურვებდი, ტონი ყოველთვის შეარჩიონ ხოლმე, როცა საქართველოს მთავრობასთან აქვთ ურთიერთობა, მითუმეტეს, ჩვენ ეს განცხადება გავაკეთეთ, რადგან “ფარას” დოკუმენტში ეწერა. “ფარას” დოკუმენტში ამერიკის საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი ფიგურირებს, რომელიც ჩართული იყო სააკაშვილის ლობისტური საქმიანობის პროცესში და თემაში. თუ რაიმე კითხვები აქვთ, საელჩოს ან ვინმეს, მიმართონ კოლეგებს თეთრ სახლში, თუ “ფარას” ადმინისტრაციაში და კითხონ, რის საფუძველზე ამოტივტივდა მათი საელჩოს თანამშრომლის სახელი და გვარი. ჩვენთან რა პრეტენზიები აქვთ?! შემდეგში, ვისურვებდი, ამერიკის საელჩომ კეთილი ინებოს, ტონი შეარჩიოს, როცა საქართველოს ხელისუფლებაზე, ქართველ ხალხზე ან ქართულ სახელმწიფოზეა საუბარი. ესაა ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია. ასე რომ, არავის მივცემთ უფლებას, უსაფუძვლოდ ამ ტონალობაში გველაპარაკოს. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ელჩი იქნება გაწონასწორებული, სამართლიანი, ობიექტური და ქართველი ხალხის მეგობარი, არა კონკრეტული პარტიის, ოპოზიციონერი ხელმოცარულების, არამედ საქართველოს მეგობარი,” – განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ “დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით”.

განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ “მავნებლური ინფორმაცია”, რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, “ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა.

“საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ”

საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ, – ამის შესახებ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული.

„საქართველო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში საბანკო ანგარიშის გახსნას არ უზღუდავს. რამდენიმე ადგილობრივი ბანკი არის საერთაშორისო საბანკო ჯგუფების შვილობილი კომპანია და ექვემდებარება იმავე რეგულაციას. ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები აშშ-სა და სხვა ქვეყნების მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან სრულ შესაბამისობაში მოქმედებენ. ფინანსური ინსტიტუტების მიერ სანქციების შესრულების სათანადო და ეფექტური მონიტორინგისთვის სებ-მა შექმნა ახალი განყოფილება, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური ინსტიტუტებისთვის საერთაშორისო სანქციების შესაბამისობის შესახებ შესაბამისი მეთოდოლოგიური გაიდლაინების მომზადებაზე და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს სანქციების რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში ეხმარება.

საერთაშორისო ფინანსურ სანქციებთან შესაბამისობა სისტემატურად მოწმდება ფინანსური ინსტიტუტების ადგილზე შემოწმების დროს. ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს OFAC-თან, OFSI-სთან და ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან კონკრეტულ საკითხებზე მითითებების მისაღებად და სანქციებთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების გადასაჭრელად“, – აღნიშნულია ანგარიშში.

“საქართველო გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო ადგილი და ინვესტიციების თვალსაზრისით მსხვილ გლობალურ ეკონომიკებს შორის მე-13 ადგილს იკავებს”

გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების შესახებ Bloomberg-ის ყოველწლიური კვლევის მიხედვით, საქართველო გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო ადგილი და ინვესტიციების თვალსაზრისით მე-13 ადგილს იკავებს მსხვილ გლობალურ ეკონომიკებს, მათ შორის აშშ-ს, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს, შორის, – ამის შესახებ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული.

„მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორების 70%-ი ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, 55%-ს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის, ძირითადი საინვესტიციო სფეროები მოიცავს ახალ ბაზრებზე გაფართოებას, ადგილობრივი მიწოდების ქსელების და ბიზნესის მხარდაჭერის სერვისების განვითარებას და ახალი კომერციული ობიექტების და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქცევს მას კარიბჭედ ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვები ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს მთავრობა ასტიმულირებს IT და ბიზნეს სერვისების კომპანიებს ინვესტიციებისთვის ფულადი სახსრების დაბრუნების პოლიტიკით. IT კომპანიებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის“ საგადასახადო კოდით, რომელიც 5%-მდე ამცირებს პირადი საშემოსავლო გადასახადის და მოგების გადასახადის განაკვეთებს ექსპორტიორებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის. კანონმდებლობა ადგენს ხელსაყრელ პირობებს, მაგრამ არა შეღავათიან რეჟიმს უცხოური ინვესტიციებისთვის. „კანონი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიის შესახებ იცავს უცხოელ ინვესტორებს შემდგომი კანონმდებლობისგან, რომელიც ცვლის მათი ინვესტიციების პირობებს ათი წლის ვადით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

“აღმოჩნდა, რომ დეზინფორმაციის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ პოლიტიკოსები და დიპლომატები”

ახსნა-განმარტების ვალდებულება ყველა იმ ორგანიზაციის თუ ინდივიდის მხარესაა, რომელიც, როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრიდან ირკვევა, მედიაპლატფორმების მიცემით, რეზოლუციებში ჩანაწერების გატანით თუ სატელეფონო კომუნიკაციით, დისტანცირების ნაცვლად, თანამშრომლობდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ კერძო კომპანიასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ხელისუფლების მოლოდინია, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან დისტანცირდება.

„სასამართლოს კანონიერი განაჩენების საფუძველზე მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ არ წყდება დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ რამდენად უსამართლო და სიყალბეზე დაფუძნებული იყო გავლენიანი პოლიტიკური და მედიაჯგუფების თავდასხმები. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა ანგარიშმა კი დაადასტურა, რომ ამგვარი აქტიურობა, ძირითადად, არა ბუნებრივი ინტერესით იყო გამოწვეული, არამედ – წინასწარ დაგეგმილი და კოორდინირებული.

ნათლად დავინახეთ, რომ ამ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის ერთადერთი მიზანი ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციის და ხელისუფლების შანტაჟის გზით სამართლიან პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნაა.

დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის სხვა ტაქტიკები თანამედროვე დემოკრატიებისა და სამართლებრივი სახელმწიფოებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომ, ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა, ვისაც ქართველი ხალხის მეგობრობა სურს, დისტანცირდება საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სტილის პროპაგანდისგან.

ამ პირობებში, თავისთავად, განცვიფრება გამოიწვია, როდესაც აღმოჩნდა, რომ რუსული სტილის დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ ლობისტებთან კომუნიკაციას არ თაკილობენ მოქმედი თუ ყოფილი პოლიტიკოსები და დიპლომატები.

ამიტომ, ახსნა-განმარტების ვალდებულება ახლა ყველა იმ ორგანიზაციის თუ ინდივიდის მხარესაა, რომლებიც, როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეესტრიდან ირკვევა, მედიაპლატფორმების მიცემით, რეზოლუციებში ჩანაწერების გატანით თუ სატელეფონო კომუნიკაციით, დისტანცირების ნაცვლად, თანამშრომლობდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის მწარმოებელ კერძო კომპანიასთან.

ღირებულებებისადმი ერთგულება გვკარნახობს, რომ, ასეთ დროს, ყველაზე სწორი გზა ლეგიტიმურ წუხილებზე ამომწურავი პასუხების გაცემა და სამომავლოდ მეტი ღიაობის უზრუნველყოფაა. მეგობრობას გულწრფელობა აძლევს სიმყარეს“,- აცხადებს პაპუაშვილი.

“შემაშფოთებელია, როცა ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას მიხეილ სააკაშვილის ლობირების პროცესში “

შემაშფოთებელია, როდესაც “ფარას” დოკუმენტების მიხედვით, ვხედავთ საელჩოს თანამშრომლის ჩართულობას [მიხეილ სააკაშვილის ლობირების პროცესში], – ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ თბილისში, აშშ-ის საელჩოდან არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში.

კახა კალაძის თქმით, შემაშფოთებელია, როდესაც დოკუმენტებში უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელზეა საუბარი, მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორზე.

„ლობისტური კომპანიის მიერ არის ეს გაკეთებული და ოფიციალურ დოკუმენტში არის ასახული. თქვენ ნახავდით, რომ ეს ხელმისაწვდომია ყველასთვის. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, როდესაც უცხო ქვეყნის საელჩოს თანამშრომელზეა საუბარი, მითუმეტეს სტრატეგიულ პარტნიორზე. ჩანაწერში მითითებული იყო, რომ მას ევალებოდა ორგანიზება გაეკეთებინა სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრებთან დაკავშირებით. რა ესაქმება საელჩოს თანამშრომელს, რომ ამგვარ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა? ეს ძალიან ცუდი და შემაშფოთებელია“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ლობისტური კომპანია თუ კონკრეტულ ადამიანს ქირაობს, ის ვალდებულია, ეს ყველაფერი ასახოს ოფიციალურ დოკუმენტში.

„ეს გამოქვეყნებული იყო და იუსტიციის სამინისტროს შესაბამის ვებ-გვერდზე ვნახეთ, ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამ დოკუმენტში კონკრეტულად წერია ადამიანის სახელი და გვარი“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება “ფარას“ დოკუმენტებში ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ფიგურირებას, კახა კალაძე აცხადებს, რომ სამარცხვინოა, როცა პოლიტიკოსი გქვია და პოზიციის დასაფიქსირებლად ფულს იღებ. კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციაში წასვლა, კალაძემ აღნიშნა: „სადაც უნდა იქ წავიდეს“.

„ზოგადად, ამორალურია, როდესაც ფულს იღებ იმაში, რომ პოზიცია დააფიქსირო და პოლიტიკოსი გქვია. ეს არის ამორალურობა და სამარცხვინოა. თანხის ოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. როდესაც ამ ნაბიჯს დგამ და ასეთ რაღაცას აკეთებ, ეს არის ძალიან მძიმე“,-განაცხადა კალაძემ.

“მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი და ქარი” – 28 ივლისის ამინდის პროგნოზი

ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი იქნება.

„28 ივლისს დღისით, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.