“20 ათასი სტუდენტისთვის საცხოვრებლები უნდა აშენდეს” – ლევან ხაბეიშვილი ინიციატივით გამოდის

103
spot_img

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ინიციატივით გამოდის, რათა 20 ათასი სტუდენტისთვის საუნივერსიტეტო ქალაქებში საცხოვრებლები აშენდეს, კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა შეძლონ სწავლის აღდგენა და ნიჭიერ სტუდენტებს საჯარო სამსახურებში მიეცეთ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, 1000-1500 ლარიანი მინიმალური ანაზღაურებით.

ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა დმანისში, “გამარჯვების პლატფორმის” ფარგლებში, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად, ახალგაზრდებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა.

„ახალგაზრდების დიდ უმრავლესობას არ აქვს პერსპექტივის განცდა. დიდი უმრავლესობა თავქუდმოგლეჯილი გარბის ქვეყნიდან, რომ იპოვოს პერსპექტივა, მოახერხოს თავის რეალიზება, განათლება მიიღოს, განათლების მიღების შემდეგ სამუშაო მოძებნოს და არა აქ, საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიულ რეჟიმში მონურ პირობებში იმუშაოს სხვადასხვა ადგილას. ყველამ კარგად იცით, რომ ახალგაზრდების უმეტესობას, დიდ ნაწილს, მუშაობა უწევს 300-400-500-500 ლარზე, ანუ თვიდან თვემდე დაახლოებით 150-200$-ზე. ამ თანხებით, უმძიმესი შრომის ფასად, უწევთ საკუთარი პრობლემების მოგვარება. ეს არის უდიდესი პრობლემა და ამ პრობლემებზე ფიქრის მაგივრად, ბიძინა ივანიშვილი, რუსული რეჟიმი რასაც აკეთებს ყველამ კარგად ვიცით – ისქელებენ საკუთარ ჯიბეებს, მდიდრდებიან, საკუთარი ოჯახებისთვის აქვთ ყველანაირი პირობა შექმნილი, მაგრამ არავინ ფიქრობს ახალგაზრდების პერსპექტივაზე. მარტო საქართველოში 230 000-მდე სტუდენტია კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, აქედან 70 000-ზე მეტს სტატუსი აქვს შეჩერებული. ანუ მათ უმრავლესობას არ აქვს სწავლის გადასახადის თანხები, რომ ისწავლოს, დაამთავროს, მიიღოს განათლება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ამ 70 000 სტატუსშეჩერებული სტუდენტების პარალელურად, 2021 წლის სტატისტიკის მონაცემებით, სტუდენტების 67% არის რეგიონებიდან. შემოსული რუსების გამო კი რეგიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს კიდევ უფრო გაუძვირდათ ქირის გადასახადი და უმრავლესობას 3-4ჯერ მეტის გადახდა უწევთ, ვიდრე უწევდათ 5-6 წლის წინ. 1000-1500-2000 ლარი სჭირდება სტუდენტს იმისთვის, რომ საცხოვრებელი ჰქონდეს. ცხადია, ამის შესაძლებლობა, ამ მძიმე ეკონომიკურ პირობებში, არც მათ და არც მათ ოჯახის წევრებს არ აქვთ. ამიტომ მთავარი, რაზეც უნდა ვიზრუნოთ და ვიფიქროთ არის შემდეგი:

20 000 სტუდენტისთვის ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ საუნივერსიტეტო ქალაქებში საცხოვრებლების მშენებლობა, სადაც სტუდენტებს მოუწევთ არა 1000-1500-2000 ლარის გადახდა, არამედ შეეძლებათ ადეკვატურ ფასად იცხოვრონ და მიიღონ განათლება;

70 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც აქვს კარგი მოსწრება, კარგი ნიშნები, უნდა განათლების მიღება, ამ ადამიანების სწავლის გაგრძელება უპირობოდ უნდა უზრუნველვყოთ;

მნიშვნელოვანი – ყველა ნიჭიერ, განათლებულ სტუდენტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მათ შორის საჯარო სამსახურებში, სადაც თავიანთი მამიდები და ნათესავები ჰყავთ დასაქმებული, მათ ნაცვლად, ნიჭიერ სტუდენტებს უნდა შეეძლოთ სტაჟირების გავლა და ჰქონდეთ მინიმალური ანაზღაურება- 1000-დან 1500 ლარამდე,” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.