Home Blog Page 1646

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსებისთვის, სითი ბანკისგან 70 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსებისთვის, სითი ბანკისგან 70 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ეს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისისა და სითი ბანკს შორის გაფორმებული რიგით მე-2 შეთანხმებაა.

„სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსით მსხვილი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციებს კიდევ უფრო აქტიურად დავაფინანსებთ. ამასთანავე, მოზიდული თანხა გააძლიერებს ბანკის პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე, სადაც თიბისის მიმდინარე წილი 47%-ია. ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ და ბიზნესებს თანამედროვე პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. შედეგად, თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას.

 

R

საგამოძიებო სამსახურმა ბრილიანტების კონტრაბანდის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაული შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 46 029 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა ზომისა და ხარისხის დაწახნაგებული არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 800-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 862-ს მიაღწია, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია 2 562 ადამიანი.

ამასთან, იმის გამო, რომ მიწისძვრის ზონის დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ ტერიტორიებზეა, ხელისუფლებას დაკარგულთა რაოდენობა, ჯერჯერობით, არ შეუფასებია.

მაროკოელ მაშველებსა და მოხალისეებს სამაშველო სამუშაოებში დახმარებას უწევენ მაშველები ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

“სი ძინპინთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აქვს.

პუტინის თქმით, ჩინეთი ტრადიციულად იღებს მონაწილეობას აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში.

„სიამოვნებით მივიღე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. მან პირადად მიიღო მონაწილეობა ფორუმში. ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ, გადასცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები ჩინეთის პრეზიდენტს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას და სი ძინპინს მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

„როგორც საქმიანი, ასევე პირადი მეგობრული ურთიერთობები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობებისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

“უკრაინის ჯარებმა წინ წაიწიეს ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რაიონებში” – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

უკრაინა წინ მიიწევს ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, – ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს.

„უკრაინის ჯარებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში და ასევე, წინ წაიწიეს ბახმუტის რაიონში და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით ორი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა და წარმატებებს მიაღწია კლეშჩეევკასა და ანდრეევკას მიმართულებებით.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით სულ დაიბრუნეს 4,8 კვადრატული კილომეტრი.

კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა. ის ფხენიანიდან რუსეთში სპეცმატარებლით 10 სექტემბერს გაემგზავრა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კიმ ჩენს ინს თან ახლავს რამდენიმე მაღალჩინოსანი, სამხედრო პირები და საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმირ პუტინისა და კიმის შეხვედრა ვლადივოსტოკში გაიმართება. მედიის ცნობით, პუტინიც უკვე ვლადივოსტოკშია.

4 სექტემბერს The New York Times წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ კიმ ჩენი ინი სექტემბერში რუსეთში ვიზიტს გეგმავდა, რათა პუტინთან შეხვედრაზე რუსეთისთვს უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდების საკითხი განეხილა.

კრემლმა კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ განცხადება მხოლოდ გუშინ, 11 სექტემბერს გაავრცელა.

შეგახსენებთ, თეთრი სახლი კიმ ჩენ ინის ვიზიტის ფონზე ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს არ გადასცეს რუსეთს იარაღი.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომელიც ფხენიანმა აიღო და არ მიაწოდოს და არ მიჰყიდოს რუსეთს იარაღი“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა.

“საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს”- ჯოზეფ ბორელი

საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„გასულ კვირას პირველად ვესტუმრე საქართველოს, რადგან მსურდა, სამი ძირითადი მესიჯი გამეზიარებინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის. პირველი: ევროკავშირისთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ევროპული დროშა ვნახე, ​​ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში. ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ჩვენ სრულად ვაფასებთ ამას. ჩემი ყოფნის დროს ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ გამოთქვა სურვილი და თხოვნა, რომ საქართველოს მალე მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მოწოდება, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში გამუდმებით ვისმენთ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან“, – აღნიშნავს ბორელი.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გზაზე საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც ასახულია ევროკომისიის მიერ წამოყენებულ 12 პრიორიტეტში და საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები მათ მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი შეასრულა, მაგრამ დანარჩენ ცხრაზე საკმაოდ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს, ძირითადად, ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმსა და ადამიანის უფლებებს. საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ თანამშრომლობას. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად გასვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი“, – წერს ბორელი.

ასევე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვადასტურებთ კონკრეტული ქმედებებით. დასასრულს, ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველო წარმატებული ევროპულ გზაზე და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა“, – წერს ბორელი.

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დროა, ამიტომ უმჯობესია, მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ. ეცადეთ, კოლეგების თხოვნა და საკუთარი დაპირებები არ დაივიწყოთ, თორემ შეიძლება, მათი პატივისცემა დაკარგოთ და მათთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმეთ – ახლა თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებათ.

კურო

დილიდან უამრავი სირთულე გელით, რომელსაც დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდები, თუმცა შუადღის შემდეგ ვითარება განიმუხტება და დასვენებას შეძლებთ.

ტყუპები

ახალი შესაძლებლობების დღეა. შანსი გაქვთ, რომ ის გააკეთოთ, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ეცადეთ, დრო უსარგებლო საუბრებში არ დაკარგოთ და ახლავე საქმეს შეუდგეთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც არა მარტო სასიამოვნო, არამედ ძალიან სასარგებლოც იქნება. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საეჭვო გადარიცხვებს მოერიდოთ.

კირჩხიბი

თუ წვრილმან უსიამოვნებებს არ ჩავთვლით, სრულიად ხელსაყრელი დღეა. მეგობრების რჩევა საშუალებას მოგცემთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, ხშირად პირველი შთაბეჭდილება მცდარია. საკუთარ ნივთებს მეტი ყურადღება მიაქციეთ – არსებობს ქურდობის საფრთხე.

ლომი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სასურველის მიღწევაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით. ახალი ბიზნესპარტნიორების მხარდაჭერით თქვენი პროექტები და გეგმები უფრო მასშტაბური და ამბიციური გახდება. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და საბუთების გაფორმებისთვის. მარტოხელა ლომებს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები ელით.

ქალწული

ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას და ძლიერი მხარეების წარმოჩენას მშვენივრად ახერხებთ. დროა საკუთარი იდეების განხორციელება დაიწყოთ – დახმარების მსურველები აუცილებლად გამოჩნდებიან.
ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი ემოციებითა და სასიამოვნო საზრუნავით იქნება სავსე.

სასწორი

საკმაოდ რთული დღეა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კარიერული წინსვლის იმედი აქვს. გახსოვდეთ, რომ გამარჯვების მისაღწევად დიდი ძალისხმევა უნდა გაიღოთ. ზოგ სასწორს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩვევების შეცვლა და სიახლეებთან შეგუება მოუწევს. სამუშაო იმდენად ბევრია, რომ დაგეგმილი დასვენების, შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის შეიძლება დრო აღარ დაგრჩეთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსური საქმეების მდგომარეობას და ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

მორიელი

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ბევრჯერ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო: გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა საუკეთესო გგონიათ, სინამდვილეში წარუმატებელია.
გამორიცხული არ არის, ისეთ ადამიანს ენდოთ, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს. მოერიდეთ მას, ვინც კომპლიმენტებში გხვევთ და მაცდური დაპირებებით თქვენს მოტყუებას ცდილობს.

მშვილდოსანი

დიდი ძალისხმევის ფასად ყველა მიზანს მიაღწევთ და ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ. არაკეთილმოსურნეები ეცდებიან, თქვენი მიღწევები გააუფასურონ და თქვენს ავტორიტეტს დარტყმა მიაყენონ. საკმაოდ ფრთხილი ხართ და შეცდომებს თითქმის არ უშვებთ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ სერიოზული ზიანი მოგაყენოთ.
ეცადეთ, როგორც პროფესიულ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ. იმოქმედეთ, თუნდაც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ იყოთ – ახლა ეს ყველას სარგებელს მოუტანს.

თხის რქა

რთული დღეა, მაგრამ წარმატების შანსი მაინც გაქვთ. მთავარია, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ერიდოთ და საკუთარი შეცდომები გააანალიზოთ – ეს ერთადერთი გზაა უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად. შესაძლებლობა გექნებათ. რაღაც ახალი ისწავლოთ და საკუთარი ცოდნა სხვა ადამიანებს გაუზიაროთ. მოსალოდნელია უფროს ნათესავებთან უთანხმოება, მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მივა – იუმორის გრძნობა ვითარების განმუხტვაში დაგეხმარებათ.

მერწყული

იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია შეაფასოთ და იმოქმედოთ, ზედმეტად ბევრს ფიქრობთ და მოზღვავებულ ემოციებს ებრძვით. ამ დღეს საერთო ენის პოვნა საყვარელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ – ზოგს ძალიან მკაცრად განსჯით, ზოგის მიმართ კი პირიქით, უზომო ლმობიერებას იჩენთ.

თევზები

ეს დღე აქტიურ მოქმედებას, ამიტომ სურვილის მიუხედავად, დასვენებას ვერ ახერხებთ. გარშემომყოფები მუდმივად გაჩქარებენ, რაც ძალიან გაღიზიანებთ. ეცადეთ, ჩხუბი თავიდან აიცილოთ, თორემ ურთიერთობების აღდგენას ვეღარ შეძლებთ. იქნებ, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ, თუნდაც დროებით და უპირატესობა სწორ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიანიჭოთ.
საღამოს მოულოდნელი შეხვედრები გელით ადამიანებთან, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ.

აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადია და არა ეკონომიკური – გიგა ბოკერია ჩინეთთან უვიზო რეჟიმზე

აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადია და არა ეკონომიკური – ასე ეხმიანება  “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.

გიგა ბოკერიამ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებული შავრაზმული განცხადებები გაიხსენა.

ბოკერიას თქმით, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საქართველო უნდა იღვწოდეს, რომ ნატოს წევრი გახდეს და თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს იმისთვის, რომ დაცული იყოს რუსული აგრესიისგან, ამის ნაცვლად, განაცხადის გაკეთება რუსეთის მოკავშირე ჩინეთის მიმართ ასეთი სახით, არის ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი.

“გვახსოვს წულუკიანის შავრაზმული განცხადებები ზოგადად უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო შემოღებული მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით. კერძოდ ჩინეთზეც, მისი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ნაწილის, ჰონგ-კონგში მცხოვრები მოქალაქეების ან იმათ მიმართ, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამერიკის ან ევროკავშირის ვიზა. ამ ყველაფერს თავს ესხმოდნენ შავრაზმული პოზიციებიდან და ახლა მთელი ჩინეთის მოქალაქეებისთვის აპირებენ უვიზო მიმოსვლის დაშვებას. ეს არის აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადი და არა ეკონომიკური.

“ევროპას სჭირდება, კავკასიაში ჰყავდეს ისეთი დასაყრდენი, როგორიც არის საქართველო”- ბექა დავითულიანი 

მმართველი გუნდი ელოდება თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას, ჩვენ არაერთი ცხელი შემოდგომა, არაერთი ცხელი ზამთარი გვინახავს, ცხელი აგვისტო ისედაც გვქონდა, ველოდებით სტატუსს, რომელსაც ვიმსახურებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა დავითულიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

დავითულიანის თქმით, საქართველო იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

„ყველამ წინასწარ ვიცოდით, რომ ეცდებოდნენ, სტატუსის თემა ყოფილიყო ერთგვარი წამახალისებელი ამ რადიკალური ჯგუფების. თუმცა, კანდიდატის სტატუსი საქართველოს დამსახურებული აქვს. ვფიქრობ, რომ ევროპას სჭირდება, საქართველოს მისცეს კანდიდატის სტატუსი ვინაიდან ევროკავშირის გავლენის არეალში იცოდეს ყველა ჩვენმა კეთილისმსურველმა თუ არაკეთილისმსურველმა, რომ ვართ და ვრჩებით და ინტერესში. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება თუ მოგვცემენ და მგონია, რომ მოგვცემენ. ეს თუ ასე მოხდა, ეს ცხელი შემოდგომა ისევე გაცივდება, როგორც დაიწყება. თუ ასე არ მოხდა, ეცდებიან ვიღაცები, გააცხელონ, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც გაცივდება. იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება, ვინაიდან საქართველო ამას იმსახურებს და ევროპას ეს თვითონაც სჭირდება. ჩვენ პირველივე დღიდან როცა ამაზე საუბარი დაიწყო, როდესაც საქართველო ნამდვილად უფრო წინ იყო, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, მაგრამ მიენიჭა ამ ქვეყნებს, ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილება და ვნებათაღელვა. თუმცა, დღეს არის ფაქტი ის, რომ საქართველო იმსახურებს კრიტერიუმების მიხედვით ყველა სხვასთან შედარებით სტატუსს და იმედი მაქვს, რომ მოგვცემენ. თვითონ ევროპას სჭირდება, კავკასიაში ჰყავდეს ისეთი დასაყრდენი, როგორიც არის საქართველო. ყველა ვხვდებით, რომ გარდა იმ ზოგადი პოლიტიკური გზავნილებისა, რაც ჟღერდება, ამის უკან არსებობს ძალიან დიდი ინტერესები, მათ შორის ტრანსკავკასიური დერეფნის, ენერგოდერეფნის და ევროპას სჭირდება, რომ საქართველო ჰყავდეს და საქართველოს სჭირდება სტატუსი, რადგან სრულფასოვანი წევრი გახდეს, მათ სჭირდებათ საქართველო, როგორც ოჯახის წევრად, ასევე პრაგმატული ინტერესებისთვის“, – განაცხადა დავითულიანმა.

“ჩვენი ქვეყნის მტრებს უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება”- გიორგი ამილახვარი

ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.

„მე მგონი, ნათლად ითქვა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს.

საზოგადოებას მინდა, შევახსენო თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ალბათ, თქვენც კარგად გახსოვთ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე რეისებით, მასაჟისტებთან ერთად მგზავრობა, რომ ვიღაცას არ ჩამოსძინებოდა მგზავრობის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სწავლის დაფინანსების გადახდა თავიანთი შვილებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ძალიან ლამაზი კოსტიუმების შეძენა და სხვადასხვა ფუფუნების საგნების გამოყენება.

შესაბამისად, ეს არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება და გეტყვით რატომ. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში თითქმის ორჯერ მოხდა ეკონომიკის ზრდა. ქვეყანა სტაბილურად ვითარდება და აქვს პროგრესი.

ქურდს ჯიბე ეწვოდაო – ახლა ქვეყნის მტრებს, იმ მოღალატეებს, ვისაც ასეთი რაღაცები უკეთებიათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წარმოუდგენიათ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი ან ნებისმიერი მინისტრი, თუ სხვა მაღალჩინოსანი რაიმე მსგავს იკადრებს, ან თავში მოუვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ, ტყუილად ცდილობთ ახლა თქვენ რაღაც ღია კარის მტვრევას იქ, სადაც მსგავსი არაფერი არ არსებობს.

ნათლად განიმარტა, რომ არცერთი თეთრი ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან არ გამოუყენებია მისი პირადი ვიზიტისთვის. ბუნებრივია, თავადაც დეკლარაციაში იხილავთ, როცა ამის დრო მოვა, თუ რა წყაროებით დაფინანსდა.

გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი ამ მგზავრობისთვის არ დახარჯულა. არც ერთი თეთრი“, – აღნიშნა მინისტრმა.

ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი- მიხეილ ყაველაშვილი

ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი – მისი გაერთიანება ემსახურება მხოლოდ იმას, რომ საქართველოში ძალადობრივი ცვლილებები მოხდეს. ზუსტად ამისთვის უნდათ საზოგადოებისთვის ავტორიტეტი სახეების გამოყენება, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ლომჯარიასნაირ გაერთიანებებში წევრიანდებიან, ან იციან, რომ ბოლო რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალებაა, ან ბრმად მიყვებიან ამ ყველაფერს.

„გლობალური ომის პარტიის მცდელობა იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ერთ სიბრტყეზე დაეყენებინა – გვახსოვს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება ამასთან დაკავშირებით. არაფერი გამოუვიდათ, მაგრამ მცდელობებს აგრძელებენ. არასამთავრობო სექტორის გავლითაც სცადეს საზოგადოების ნაწილის კონსოლიდაცია – ამანაც არ იმუშავა; ახლა უკვე ეროვნული მოტივები შემოიტანეს – რაღაც კლიპი ვნახე, სადაც ხაზგასმული იყო, რომ თითქოს ეროვნული თვითმყოფადობა კავშირშია ევროპულ იდენტობასთან და თითქოს ამ მხრივ მოდის ახალი ძალა და ამის გარშემო უნდათ საზოგადოების გაერთიანება. ჩვენი, „ხალხის ძალის“ მიზანია, ამ ყველაფრის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ. ჩვენ ვიცით ვინ არის ლომჯარია და საიდან ფინანსდება იგი. მისი გაერთიანება ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ საქართველოში ძალადობრივი ცვლილებები მოხდეს. ზუსტად ამისთვის უნდათ საზოგადოებისთვის ავტორიტეტი სახეების გამოყენება, რომ თითქოს ეროვნულ ნიადაგზე შექმნილი გაერთიანებებით „გადაარჩინონ საქართველოს ევროპული მომავალი“, რომელსაც თითქოსდა საქართველოს ხელისუფლება ეწინააღმდეგება.
იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთ გაერთიანებებში წევრიანდებიან, ან იციან, რომ ბოლო რევოლუცია და ხელისუფლების გადატრიალებაა, ან ბრმად მიყვებიან ამ ყველაფერს და მათ კითხვა მაინც უნდა დასვან – ვის ემსახურებიან და საიდან იღებენ დაფინანსებას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.