“ჩვენი ქვეყნის მტრებს უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება”- გიორგი ამილახვარი

349
spot_img

ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა.

„მე მგონი, ნათლად ითქვა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს.

საზოგადოებას მინდა, შევახსენო თუ რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, ალბათ, თქვენც კარგად გახსოვთ. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე რეისებით, მასაჟისტებთან ერთად მგზავრობა, რომ ვიღაცას არ ჩამოსძინებოდა მგზავრობის დროს, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით სწავლის დაფინანსების გადახდა თავიანთი შვილებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით ძალიან ლამაზი კოსტიუმების შეძენა და სხვადასხვა ფუფუნების საგნების გამოყენება.

შესაბამისად, ეს არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება და გეტყვით რატომ. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში თითქმის ორჯერ მოხდა ეკონომიკის ზრდა. ქვეყანა სტაბილურად ვითარდება და აქვს პროგრესი.

ქურდს ჯიბე ეწვოდაო – ახლა ქვეყნის მტრებს, იმ მოღალატეებს, ვისაც ასეთი რაღაცები უკეთებიათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წარმოუდგენიათ, რომ ჩვენს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრი ან ნებისმიერი მინისტრი, თუ სხვა მაღალჩინოსანი რაიმე მსგავს იკადრებს, ან თავში მოუვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. ამიტომ, ტყუილად ცდილობთ ახლა თქვენ რაღაც ღია კარის მტვრევას იქ, სადაც მსგავსი არაფერი არ არსებობს.

ნათლად განიმარტა, რომ არცერთი თეთრი ირაკლი ღარიბაშვილს ბიუჯეტიდან არ გამოუყენებია მისი პირადი ვიზიტისთვის. ბუნებრივია, თავადაც დეკლარაციაში იხილავთ, როცა ამის დრო მოვა, თუ რა წყაროებით დაფინანსდა.

გიდასტურებთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი ამ მგზავრობისთვის არ დახარჯულა. არც ერთი თეთრი“, – აღნიშნა მინისტრმა.