Home Blog Page 1645

“პოდოლიაკის საქმე არ არის, საქართველო რას იმსახურებს და რას არა, ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად ხედავს საკუთარ ქვეყანას”

მიხაილ პოდოლიაკის საქმე არ არის, საქართველო რას იმსახურებს და რას არა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.

„საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი არაერთხელ აქვს გადახდილი. ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად ხედავს და რას უკავშირებს საკუთარ ქვეყანას – ეს არის თავისუფალი, დასავლური და ევროპული სამყარო“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.

„წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დააკავეს 12 ჩვენი თანამოქალაქე. აქედან ყველა მათგანი უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საკუთარ ოჯახში. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციას, დაფიქსირდა 14 შემთხვევა. ძირითადად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. შემთხვევათა უმრავლესობა უკავშირდება ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას. ასევე იყო მეტალის ბოძების დამონტაჟების ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ. ეს არის უკიდურესად დესტრუქციული მოვლენა, რომელიც ისედაც ამძიმებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ

ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ ამოფრქვევა დაიწყო

ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ ამოფრქვევა დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ლავის ნაკადი კრატერის ზედაპირზე ვრცელდება. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო წითელი განგაშის სიგნალი აამოქმედა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ვულკანის ამოფრქვევა მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა, მათივე განცხადებით, შესაძლოა, დამძიმდეს სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობა.

ჰავაიზე მდებარე ვულკანებს შორის, კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.

“116 წელი შესრულდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან”- ირაკლი ღარიბაშვილი

116 წელი შესრულდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან, ძნელია, მთელ ისტორიაში მოძებნო ადამიანი, რომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ილია ჭავჭავაძეს სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად.

„დღეს 116 წელი შესრულდა დიდი მწერლისა და ეროვნული მოღვაწის, თანამედროვე საქართველოს უმთავრესი შემოქმედის, ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან.

ამ ტრაგიკული მოვლენის გამო ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოკლავდნენო“. მართლაც, ძნელია, მთელ ისტორიაში მოძებნო ადამიანი, რომლის ბიოგრაფიაც ასე მჭიდროდაა დაკავშირებული ქვეყნის ბედთან. მისმა ტიტანურმა ძალისხმევამ, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს განვითარებაში შეტანილმა უდიდესმა წვლილმა ნიადაგი მოამზადა საქართველოს თავისუფლებისთვის, განსაზღვრა შემდგომი განვითარების პროცესები, შექმნა ურღვევი ფასეულობათა სისტემა, რომელიც დღესაც ორიენტირად რჩება ჩვენთვის.

ჩვენმა დედა ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და ილია მართალი უწოდა. ეს, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის – სწორედ სამშობლოსა და უფლისადმი სიმართლით მსახურების გამო მივიჩნევთ დიდ მწერალს ერის მამად, მამულიშვილობისა და ზნეობის მისაბაძ მაგალითად.

მარადიული იყოს მისი ნათელი ხსოვნა!“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსებისთვის, სითი ბანკისგან 70 მლნ აშშ დოლარი მოიზიდა

თიბისიმ, ვაჭრობის დაფინანსებისთვის, სითი ბანკისგან 70 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა. ეს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისისა და სითი ბანკს შორის გაფორმებული რიგით მე-2 შეთანხმებაა.

„სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსით მსხვილი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციებს კიდევ უფრო აქტიურად დავაფინანსებთ. ამასთანავე, მოზიდული თანხა გააძლიერებს ბანკის პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების ბაზარზე, სადაც თიბისის მიმდინარე წილი 47%-ია. ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან ვთანამშრომლობთ და ბიზნესებს თანამედროვე პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. შედეგად, თიბისი ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია”, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

სითი ბანკი წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას.

 

R

საგამოძიებო სამსახურმა ბრილიანტების კონტრაბანდის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დანაშაული შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 46 029 ლარის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა ზომისა და ხარისხის დაწახნაგებული არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 800-ს გადააჭარბა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 862-ს მიაღწია, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია 2 562 ადამიანი.

ამასთან, იმის გამო, რომ მიწისძვრის ზონის დიდი ნაწილი ძნელად მისადგომ ტერიტორიებზეა, ხელისუფლებას დაკარგულთა რაოდენობა, ჯერჯერობით, არ შეუფასებია.

მაროკოელ მაშველებსა და მოხალისეებს სამაშველო სამუშაოებში დახმარებას უწევენ მაშველები ესპანეთიდან, ბრიტანეთიდან, კატარიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა, თურქეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.

შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

“სი ძინპინთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აქვს.

პუტინის თქმით, ჩინეთი ტრადიციულად იღებს მონაწილეობას აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში.

„სიამოვნებით მივიღე ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი. მან პირადად მიიღო მონაწილეობა ფორუმში. ვისარგებლებ შემთხვევით და გთხოვთ, გადასცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები ჩინეთის პრეზიდენტს“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას და სი ძინპინს მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

„როგორც საქმიანი, ასევე პირადი მეგობრული ურთიერთობები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობებისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

“უკრაინის ჯარებმა წინ წაიწიეს ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რაიონებში” – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

უკრაინა წინ მიიწევს ბახმუტისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, – ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტი აცხადებს.

„უკრაინის ჯარებმა განაგრძეს კონტრშეტევითი ოპერაციები დონეცკისა და ზაპოროჟიეს რაიონებში და ასევე, წინ წაიწიეს ბახმუტის რაიონში და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ცნობით, უკრაინამ გასული კვირის განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით ორი კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლა და წარმატებებს მიაღწია კლეშჩეევკასა და ანდრეევკას მიმართულებებით.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, გასული კვირის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით სულ დაიბრუნეს 4,8 კვადრატული კილომეტრი.

კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი რუსეთში ჩავიდა. ის ფხენიანიდან რუსეთში სპეცმატარებლით 10 სექტემბერს გაემგზავრა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

კიმ ჩენს ინს თან ახლავს რამდენიმე მაღალჩინოსანი, სამხედრო პირები და საგარეო საქმეთა მინისტრი.

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტ  ვლადიმირ პუტინისა და კიმის შეხვედრა ვლადივოსტოკში გაიმართება. მედიის ცნობით, პუტინიც უკვე ვლადივოსტოკშია.

4 სექტემბერს The New York Times წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ კიმ ჩენი ინი სექტემბერში რუსეთში ვიზიტს გეგმავდა, რათა პუტინთან შეხვედრაზე რუსეთისთვს უკრაინის წინააღმდეგ ომში საბრძოლველად დიდი რაოდენობით იარაღის მიწოდების საკითხი განეხილა.

კრემლმა კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ განცხადება მხოლოდ გუშინ, 11 სექტემბერს გაავრცელა.

შეგახსენებთ, თეთრი სახლი კიმ ჩენ ინის ვიზიტის ფონზე ჩრდილოეთ კორეას მოუწოდებს არ გადასცეს რუსეთს იარაღი.

„ჩვენ მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას დაიცვას საჯარო ვალდებულებები, რომელიც ფხენიანმა აიღო და არ მიაწოდოს და არ მიჰყიდოს რუსეთს იარაღი“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა.

“საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს”- ჯოზეფ ბორელი

საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„გასულ კვირას პირველად ვესტუმრე საქართველოს, რადგან მსურდა, სამი ძირითადი მესიჯი გამეზიარებინა ქართველი ხალხისა და საქართველოს ხელისუფლებისთვის. პირველი: ევროკავშირისთვის ეჭვგარეშეა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში სტუმრობისას იგრძნობთ ქართველი ხალხის ევროპულ სწრაფვას. თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ევროპული დროშა ვნახე, ​​ვიდრე ევროპის დედაქალაქების უმეტესობაში. ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის ნაწილი. ეს, რა თქმა უნდა, შთამბეჭდავი მაჩვენებელია და ჩვენ სრულად ვაფასებთ ამას. ჩემი ყოფნის დროს ყველა ჩემმა თანამოსაუბრემ გამოთქვა სურვილი და თხოვნა, რომ საქართველოს მალე მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არის მოწოდება, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში გამუდმებით ვისმენთ ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან“, – აღნიშნავს ბორელი.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ გზაზე საქართველოს მიმართ არის მკაფიო მოთხოვნები, რომლებიც ასახულია ევროკომისიის მიერ წამოყენებულ 12 პრიორიტეტში და საქართველოსთვის ევროპულ გზაზე შემდეგი ნაბიჯები მათ მიღწეულ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

„გასული ივნისის მდგომარეობით, საქართველომ სამი მათგანი შეასრულა, მაგრამ დანარჩენ ცხრაზე საკმაოდ ბევრი სამუშაო რჩება შესასრულებელი. ეს, ძირითადად, ეხება პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების დეოლიგარქიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საარჩევნო რეფორმას, მედიის პლურალიზმსა და ადამიანის უფლებებს. საქართველოს ევროპულ გზაზე ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მართლაც ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციაა. იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი, ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს კონსტრუქციულად. მთავრობამ და ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ უნდა იმუშაონ ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ამ თანამშრომლობას. პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა ეს კონტრპროდუქტიული პოლარიზაცია. იმისთვის, რომ საქართველომ ევროპულ გზაზე სწრაფად გასვლა შეძლოს, ქვეყნის ყველა ინსტიტუტმა ერთად უნდა იმუშაოს, ანუ ითანამშრომლოს. ქართველმა ლიდერებმა არ უნდა გაუშვან ხელიდან ეს ისტორიული შანსი“, – წერს ბორელი.

ასევე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„2008 წლიდან საქართველო პუტინის ნეოიმპერიალისტური მსოფლმხედველობის მსხვერპლია. ჩვენი დიდი ხნის ვალდებულება, ვიყოთ საქართველოს გვერდით, დღეს ისეთივე ძლიერია, როგორც არასდროს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ ამას ვადასტურებთ კონკრეტული ქმედებებით. დასასრულს, ვფიქრობ, რომ ჩემი მთავარი გზავნილი საქართველოს ლიდერებისა და მოქალაქეებისთვის იყო ნათელი: საქართველოს შეუძლია, ევროკავშირის იმედი ჰქონდეს და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველო წარმატებული ევროპულ გზაზე და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი ლიდერები ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელიდან არ გაუშვან ეს დიდი შესაძლებლობა“, – წერს ბორელი.

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დროა, ამიტომ უმჯობესია, მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ. ეცადეთ, კოლეგების თხოვნა და საკუთარი დაპირებები არ დაივიწყოთ, თორემ შეიძლება, მათი პატივისცემა დაკარგოთ და მათთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. გირჩევთ, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმეთ – ახლა თქვენი დახმარება და მხარდაჭერა ნამდვილად სჭირდებათ.

კურო

დილიდან უამრავი სირთულე გელით, რომელსაც დახმარების გარეშე ვერ გაუმკლავდები, თუმცა შუადღის შემდეგ ვითარება განიმუხტება და დასვენებას შეძლებთ.

ტყუპები

ახალი შესაძლებლობების დღეა. შანსი გაქვთ, რომ ის გააკეთოთ, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობთ. ეცადეთ, დრო უსარგებლო საუბრებში არ დაკარგოთ და ახლავე საქმეს შეუდგეთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც არა მარტო სასიამოვნო, არამედ ძალიან სასარგებლოც იქნება. ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებში განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ და საეჭვო გადარიცხვებს მოერიდოთ.

კირჩხიბი

თუ წვრილმან უსიამოვნებებს არ ჩავთვლით, სრულიად ხელსაყრელი დღეა. მეგობრების რჩევა საშუალებას მოგცემთ, შეცდომები თავიდან აიცილოთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. გახსოვდეთ, ხშირად პირველი შთაბეჭდილება მცდარია. საკუთარ ნივთებს მეტი ყურადღება მიაქციეთ – არსებობს ქურდობის საფრთხე.

ლომი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. სასურველის მიღწევაში ხელს ვერავინ და ვერაფერი შეგიშლით. ახალი ბიზნესპარტნიორების მხარდაჭერით თქვენი პროექტები და გეგმები უფრო მასშტაბური და ამბიციური გახდება. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოგვარებისა და საბუთების გაფორმებისთვის. მარტოხელა ლომებს პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები ელით.

ქალწული

ახალი ნაცნობობისა და ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა. გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას და ძლიერი მხარეების წარმოჩენას მშვენივრად ახერხებთ. დროა საკუთარი იდეების განხორციელება დაიწყოთ – დახმარების მსურველები აუცილებლად გამოჩნდებიან.
ხელსაყრელი დღეა პროფესიულ საქმიანობასა და კარიერულ წინსვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისთვის. დღის მეორე ნახევარი ემოციებითა და სასიამოვნო საზრუნავით იქნება სავსე.

სასწორი

საკმაოდ რთული დღეა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კარიერული წინსვლის იმედი აქვს. გახსოვდეთ, რომ გამარჯვების მისაღწევად დიდი ძალისხმევა უნდა გაიღოთ. ზოგ სასწორს წლების მანძილზე ჩამოყალიბებული ჩვევების შეცვლა და სიახლეებთან შეგუება მოუწევს. სამუშაო იმდენად ბევრია, რომ დაგეგმილი დასვენების, შეხვედრებისა და ურთიერთობებისთვის შეიძლება დრო აღარ დაგრჩეთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსური საქმეების მდგომარეობას და ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ.

მორიელი

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად ბევრჯერ დათმობაზე წასვლა მოგიწევთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილეა საჭირო: გადაწყვეტილებები, რომლებიც ახლა საუკეთესო გგონიათ, სინამდვილეში წარუმატებელია.
გამორიცხული არ არის, ისეთ ადამიანს ენდოთ, რომელიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს. მოერიდეთ მას, ვინც კომპლიმენტებში გხვევთ და მაცდური დაპირებებით თქვენს მოტყუებას ცდილობს.

მშვილდოსანი

დიდი ძალისხმევის ფასად ყველა მიზანს მიაღწევთ და ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ. არაკეთილმოსურნეები ეცდებიან, თქვენი მიღწევები გააუფასურონ და თქვენს ავტორიტეტს დარტყმა მიაყენონ. საკმაოდ ფრთხილი ხართ და შეცდომებს თითქმის არ უშვებთ, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმემ სერიოზული ზიანი მოგაყენოთ.
ეცადეთ, როგორც პროფესიულ სფეროში, ისე პირად ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინოთ. იმოქმედეთ, თუნდაც საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული არ იყოთ – ახლა ეს ყველას სარგებელს მოუტანს.

თხის რქა

რთული დღეა, მაგრამ წარმატების შანსი მაინც გაქვთ. მთავარია, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ერიდოთ და საკუთარი შეცდომები გააანალიზოთ – ეს ერთადერთი გზაა უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად. შესაძლებლობა გექნებათ. რაღაც ახალი ისწავლოთ და საკუთარი ცოდნა სხვა ადამიანებს გაუზიაროთ. მოსალოდნელია უფროს ნათესავებთან უთანხმოება, მაგრამ საქმე კონფლიქტამდე არ მივა – იუმორის გრძნობა ვითარების განმუხტვაში დაგეხმარებათ.

მერწყული

იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია შეაფასოთ და იმოქმედოთ, ზედმეტად ბევრს ფიქრობთ და მოზღვავებულ ემოციებს ებრძვით. ამ დღეს საერთო ენის პოვნა საყვარელ ადამიანებთანაც კი გიჭირთ – ზოგს ძალიან მკაცრად განსჯით, ზოგის მიმართ კი პირიქით, უზომო ლმობიერებას იჩენთ.

თევზები

ეს დღე აქტიურ მოქმედებას, ამიტომ სურვილის მიუხედავად, დასვენებას ვერ ახერხებთ. გარშემომყოფები მუდმივად გაჩქარებენ, რაც ძალიან გაღიზიანებთ. ეცადეთ, ჩხუბი თავიდან აიცილოთ, თორემ ურთიერთობების აღდგენას ვეღარ შეძლებთ. იქნებ, მავნე ჩვევებზე უარი თქვათ, თუნდაც დროებით და უპირატესობა სწორ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს მიანიჭოთ.
საღამოს მოულოდნელი შეხვედრები გელით ადამიანებთან, ვისთანაც ოდესღაც სამსახური გაკავშირებდათ.