Home Blog Page 1642

“ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია”-ოთარ ფარცხალაძე

მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება.” – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებულთა სიაში შეყვანილმა ოთარ ფარცხალაძემ გადაცემა “კურიერთან” განაცხადა.

“ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე 10 წელია, არათუ საჯარო სამსახურში თანამდებობას არ ვიკავებ, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებთან არანაირი კავშირი არ მაქვს! მიუხედავად ამისა, ნაციონალურ მოძრაობასა და მის პროპაგანდისტულ მედიას, ჩემ წინააღმდეგ ტალახის სროლა და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეუწყვეტია.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ცილისწამებისა და ჩემ მიმართ ტყუილების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, სამჯერ მაქვს მოგებული სასამართლო. მიუხედავად ამისა, ამ ადამიანებს, ერთი წამით არ უთქვამთ უარი ჩემ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანიის შეწყვეტაზე, თანაც ეს იმ ფონზე, როდესაც არც ერთი ფაქტი არ წარმოუდგენიათ იმ მოგონილი ბრალდებების დასადასტურებლად, რომელსაც ავრცელებდნენ.

სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე კონკრეტული პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტების რეაქციებმა დამარწმუნა, რომ აქტიურად ცდილობენ ჩემი სახელის სახელმწიფო ინსტიტუტებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებას, რასაც, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, არანაირი საფუძველი არ აქვს, ხოლო რას ემსახურება აღნიშნული მცდელობები, დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება ყველაზე უკეთ ხვდება.

ყველამ ვინც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება წაიკითხა, ნათლად დაინახა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ვარაუდებზე დაყრდნობით არის მიღებული, რასაც გამოქვეყნებული ტექსტით, მისივე ავტორები ადასტურებენ:
• „FSB ოფიცერი ონიშჩენკო, სავარაუდოდ, დაეხმარა თავის თანამოაზრე ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და შესაძლოა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.“

• „გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო FSBსთან კავშირის შედეგად.“ ამაში დასარწმუნებლად, ტექსტიდან სიტყვა-სიტყვით ციტირებული მხოლოდ ეს ორი ამონარიდიც კმარა! სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტისგან, ისე ჩემ წინააღმდეგ ორკესტრირებული კამპანიის ავტორებისა და მასში ჩართული ადამიანებისგან, თუნდაც ერთ ფაქტს, ერთ მტკიცებულებას მოვითხოვ, რომელიც განცხადებაში წარმოდგენილ ცრუ ბრალდებებს მინიმალურად მაინც გაამყარებს, თუმცა, შემიძლია საზოგადოება დავარწმუნო, რომ ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ არ არსებობს!

რა თქმა უნდა, ჩემ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და იურიდიულ შესაძლებლობას გამოვიყენებ, რათა დავამტკიცო, რომ ჩემს წინააღმდეგ უსამართლო სანქციების დაწესების გადაწყვეტილება, არა ფაქტებზე, არამედ კონკრეტული ინტერესების მქონე სუბიექტების ცილისმწამებლურ კამპანიაზეა დაფუძნებული”,- აცხადებს ოთარ ფარცხალაძე.

 აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა

უკრაინამ შავ ზღვაში რუსული სარაკეტო ხომალდი დაბომბა

უკრაინის უშიშროების სამსახურის საზღვაო დრონმა შავ ზღვაში გუშინ რუსული სარაკეტო ხომალდი „სამუმი“ დაბომბა.

ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ უკრაინის უშიშროების სამსახურზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, დრონი გემის უკანა მხარეს მოხვდა, სევასტოპოლის ყურის შესასვლელთან, რის შემდეგაც გემმა დაზიანებების გამო, სიჩქარე დაკარგა და ის ბუქსირით გადაიყვანეს სარემონტოდ.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, შეტევაში გამოყენებული დრონი არის ექსპერიმენტული მოდელი, რომელსაც შეუძლია ქარიშხალში მოქმედება, მაღალ ტალღებში დამალვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მოხსენებაში კი ნათქვამია, რომ შავ ზღვაში ექვსმა უკრაინულმა დრონმა სცადა თავდასხმა „სამუმზე“ და საპატრულო გემზე „სერგეი კოტოვზე“, მაგრამ ისინი ყველა განადგურდა, შავი ზღვის ფლოტის ავიაციამ კი კიდევ ერთი დრონი აღმოაჩინა და გაანადგურა.

ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული -Reuters

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტოს „როიტერის“ (Reuters) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პირველად აშშ-ის ისტორიაში – პრეზიდენტის შვილს იარაღთან დაკავშირებული კრიმინალური ბრალი წარედგინა: ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი სისხლის სამართლის დანაშაულშია ბრალდებული“ (ავტორი – სარა ლინჩი და ჯარედ რენშოუ).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
ხუთშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის შვილ ჰანტერ ბაიდენს კრიმინალური ბრალი წაუყენეს, რომ მოატყუა იარაღის გამყიდველი, რათა მისთვის ცეცხლსასროლი იარაღი მიეყიდა. ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც თანამდებობაზე მყოფ პრეზიდენტის შვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა ხდება.
დელავერის შტატის საოლქო სასამართლო მართლაც უპრეცედენტო ბრალდებებს იხილავს. ბრალდება ისეთი სკანდალურია, რომ არსებობს თითქმის სრული გარანტია იმისა, რომ სასამართლოს დარბაზში მიმდინარე განხილვა უდიდეს როლს შეასრულებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ჰანტერ ბაიდენის მამა – 80 წლის ჯო ბაიდენი ცდილობს მეორე ვადით იქნას არჩეული პრეზიდენტად და ამით კიდევ ერთი მატჩ-რევანში განახორციელოს 77 წლის კონკურენტის, ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, რომელსაც, თავის მხრივ, ოთხი სისხლის სამართლებრივი ბრალდება აქვს წაყენებული.
ბრალდება ხუთშაბათს, დელავერში, შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოში გაფორმდა და ჰანტერ ბაიდენს ბრალი სამ კრიმინალურ ეპიზოდში ედება, რაც დაკავშირებულია მის ტყუილთან იმ ფაქტის შესახებ, რომ იმ დროს ის უკანონო ნარკოტიკებს მოიხმარდა, რაც კანონის შესაბამისად მას ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას აუკრძალავდა.
ცოტა ხნის წინ დანიშნულ საგანგებო პროკურორ დევიდ ვაისის მიერ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ წარმოდგენილ ახალ ბრალდებებში, ამერიკული საგადასახადო კანონის დარღვევის შესახებ არაფერია ნათქვამი. ადრინდელი შეთანხმების საფუძველზე, 53 წლის ჰანტერ ბაიდენს შეეძლებოდა თავი დამნაშავედ ეცნო ორ არა კრიმინალურ საგადასახადო დარღვევაზე და ჩაწერილიყო პროგრამაში, რათა იარაღთან დაკავშირებული სამართლებრივი დევნა თავიდან აეცილებინა. ივლისში, სასამართლო მოსმენაზე ეს შეთანხმება ჩავარდა.

პროკურორებმა უმცროს ბაიდენს ბრალი დასდეს, რომ იცრუა ნარკოტიკების მოხმარების შესახებ, როდესაც 2018 წლის ოქტომბერში „Colt Cobra” რევოლვერი შეიძინა.
ეს მოხდა ორ დღეში მას შემდეგ, რაც წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებმა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევა დაიწყეს, რომელიც ჰანტერ ბაიდენის უცხოურ ბიზნეს გარიგებებს შეეხება.

ამასთან, როგორც ზოგიერთი ექსპერტმა-იურისტი აცხადებს, ნებისმიერი ბრალდება, რომელიც ცეცხლსასროლ იარაღთან არის დაკავშირებული და ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ არის მიმართული, შეიძლება სადაო გახდეს კონსტიტუციის საფუძველზე იმის შემდეგ, რაც გასულ წელს აშშ-ის უმაღლესმა სასამართლომ თავისი ცნობილი დადგენილებით გააფართოვა იარაღის ტარების უფლება კონსტიტუციის მეორე შესწორების საფუძველზე, რომელიც იარაღის ტარების უფლებას უზრუნველყოფს.

წყარო

“რატომ არ ვაძლევთ უკრაინას იმას, რაც მას ყველაზე მეტად ჭირდება?”-The Spectator

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) 15 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რატომ არ ვაძლევთ უკრაინას იმას, რაც მას ყველაზე მეტად ჭირდება?“, რომლის ავტორია დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი. სხვათა შორის, იგი „სფექთეითორის“ მთავარი რედაქტორი იყო 1999-2005 წლებში.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

როცა თქვენ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრებს ეწვევით, რომლებსაც ომმა ცხოვრება შეუცვალა, მათი შემხედვარე, ალბათ, შოკში ჩავარდებით, მაგრამ შეეცდებით თავს მოერიოთ, თვალი აარიდოთ და შოკიდან სწრაფად გამოხვიდეთ. შესაძლოა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღარც თვალი არ აარიდოთ… რაც დრო გავა, თქვენ შეიძენთ კვალიფიცირებული ექიმებისა და მედდების, ფიზიოთერაპევტების ჩვევას – ყურადღება გაამახვილოთ არა ჭრილობებზე, არამედ ცალკეულ პირების მდგომარეობაზე, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია (თუმცა ქალებიც ბევრი დაიღუპა და დაიჭრა).

რაც ჩვენ ახლა მოგვეთხოვება, არის სტრატეგიული თმენა და იმის გაცნობიერება, რომ უკრაინას ჩვენგან სასწრაფოდ ჭირდება სამხედრო დახმარების პროგრამა.

უნდა ვაღიაროთ, რომ რაც დრო გადის, ბრძოლის ველზე უკრაინის მოთხოვნილებები იცვლება: ერთი წლის წინ ჩვენ თავს ვიკავებდით კიევისთვის ტანკებისა და ჯავშანმანქანების მიწოდებაზე, აბსურდული მოსაზრებით, რომ ამგვარი მხარდაჭერა „რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევსო“, თუმცა დღეს დრონები ტანკებისათვის ისეთი მომაკვდინებელი გახდნენ, რომ მეომარი მხარეები ზოგჯერ ჯავშანტექნიკას აღარ იყენებენ და ქვეითად გადაადგილდებიან.

უკრაინის არმიას ჭირდება გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მათ სჭირდებათ Patriot-ის ტიპის სისტემები, აგრეთვე უფრო სრულყოფილი შორსმსროლელი არტილერია. HIMARS-ები სასარგებლო იყო, მაგრამ სამწუხაროდ, რუსებმა მათ წინააღმდეგ ეფექტური კონტრზომები მიიღეს. კიევს ახლა უფრო მეტად ATACMS-ები გამოადგებათ, შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები, რომელთა მიცემას აშშ ჯერ ვერ ბედავს. თავის მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას რაც შეიძლება მეტი Storm Shadow-ები უნდა მიაწოდოს, ჰაუბიცები და დრონების წარმოების ტექნოლოგიები.

როცა ამას წინათ კიევში ვიყავი, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა, რომ მას უნდა ATACMS-ის სისტემის სულ რაღაც 200 რაკეტა, რომელიც ამერიკას რეზერვში ათასობით აქვს შენახული. რატომ უნდა გადავდოთ ამ თხოვნის შესრულება? ამ რაკეტებს სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეთ, თუ არა ის, რომ რუსეთისაგან დასავლეთისა და თვით აშშ-ის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყონ?

ვაშინგტონში ვიღაცეები თვლიან, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე მეტი ყურადღება იმ მიმართულებას უნდა დაუთმონ, რომელიც გამოიხატება სტრატეგიაში „ჩინეთი, უპირველეს ყოვლისა“. მათი აზრით, ATACMS-ის რაკეტები შენახული იმ შემთხვევისათვის უნდა ჰქონდეთ, თუ ტაივანს პეკინისაგან დაცვა დაჭირდება. ეს რა სისულელეს ჩმახავენ? ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ისაა, რომ უკრაინელებმა რაც შეიძლება სწრაფად გაიმარჯვონ რუსეთთან ომში.

ჩვენ უკრაინის დასახმარებლად და მისი პოტენციური გამარჯვებისათვის ძალიან ცოტა სახსრებს ვხარჯავთ. ამერიკამ უკრაინის არმიის მხარდასაჭერად თავისი თავდაცვითი ბიუჯეტის მხოლოდ 1% გამოყო, დიდმა ბრიტანეთმა კი – მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი იმასთან შედარებით, რასაც აშშ ხარჯავს კიევისათვის. მართალია, ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში არ არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ დასავლეთისათვის ამ ომის ფსონები მაინც ძალიან მაღალია.

თუ ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს – მისთვის გამარჯვება კი იმას ნიშნავს, რომ მიერთებულ-ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნოს – ამ შემთხვევაში მსოფლიო საშინელი ამბის მოწმე გახდება: დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში სამარცხვინოდ დამარცხდა. ეს არ უნდა მოხდეს. „დასავლეთის ერთგული უკრაინელი ლომგული მეომრები“ – აი, ასეთი შეფასებით უნდა შევიდეს უკრაინის ომი ისტორიაში.
ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, გავრცელდება ხმები, რომ დასავლეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი უუნარობა მიცემული სიტყვის შესრულებთან დაკავშირებით, მხარს არ უჭერს მეგობრებს თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაში – იმ დროსაც კი, როცა დასავლელ ჯარისკაცებს საფრთხე არ ემუქრებათ.
თუ უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, თუ ის შეძლებს მცირედის შენარჩუნებასაც კი იმ ტერიტორიებიდან, რაც მას აქვს ოკუპირებული, გაკვეთილი ასეთი იქნება: თურმე [დაუსჯელად] შეიძლება ევროპული საზღვრების შეცვლა საქართველოსთვისაც, ბალტიის ქვეყნებისათვისაც და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვისაც, პოსტსაბჭოურ სივრცეში.
უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინის გამარჯვება კატასტროფას ნიშნავს როგორც ზოგადად დასავლეთისთვის, ასევე კონკრეტულად აშშ-სთვის, რომელიც დასავლეთის ლიდერის როლს ასრულებს. მე არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი იოლად გადაიტანს ომის ასეთ დასასრულს, მით უმეტეს ისიც, რომელსაც „ამერიკისათვის ძველი დიდების დაბრუნება უნდა“ (სავარაუდოდ, ბორის ჯონსონი გულისხმობს დონალდ ტრამპს – ს.კ.).

განა ჩვენ არ შეგვიძლია, ბოლოს და ბოლოს, რომ უკრაინელებს ისეთი სამხედრო დახმარება გავუწიოთ, რომ მათ მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულონ დაწყებული საქმე (კონტრშეტევა) და მინიმალურად შემცირდეს ის მსხვერპლი, რომლებიც ამ უაზრო კონფლიქტს ეწირებიან?

მე ადრეც დავსვი კითხვა და ახლა ისევ ვიმეორებ: ეშმაკმა დალახვროს, რას ველოდებით?

წყარო

27 სექტემბრიდან საქართველოდან ჩინეთში ყოველდღიური ავიარეისების შესრულება დაიწყება

ავიაკომპანია China Southern Airlines 27 სექტემბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ურუმჩის მიმართულებით ყოველდღიური ავიარეისების შესრულებას იწყებს. ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

ავიაკომპანია თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე ამ ეტაპზე კვირაში სამჯერ დაფრინავს.

China Southern Airlines საქართველოს ავიაბაზარზე, პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, 2023 წლის იანვრიდან დაბრუნდა.

ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს თბილისი-ურუმჩი-თბილისის მიმართულებაზე Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდით შეასრულებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 სექტემბრისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6333 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6362 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8076 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8305 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0229 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანაზე მეტი კონკრეტიკა გვჭირდება”- ირაკლი ქადაგიშვილი

ოთარ ფარცხალაძის სანქცირებულთა სიაში შეყვანაზე მეტი კონკრეტიკა გვჭირდება. ფარცხალაძე 11 წლის წინ იყო გენერალური პროკურორი, მას შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ არის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოკვლევის შედეგებს უნდა დაელოდონ.

„11 წელია, რაც ოთარ ფარცხალაძეს საჯარო სამსახურთან, საჯარო პოლიტიკასთან შეხება არ აქვს და ის კერძო პირია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოკვლევას იწყებს იმასთან დაკავშირებით, რამ განაპირობა ფარცხალაძის სანქცირებულ პირთა სიაში შეყვანა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში ზოგადი განმარტება იყო, მეტი კონკრეტიკა ცნობილი არ არის. აქედან გამომდინარე, მოკვლევა უნდა განახორციელონ კომპეტენტურმა ორგანოებმა. ჩვენ გვჭირდება კონკრეტიკა. ვიღაცას ვიღაცაზე გავლენა ყოველთვის აქვს, მაგრამ რა შუაშია მთავრობა და „ქართული ოცნება“. ფარცხალაძე 11 წლის წინ იყო რამდენიმე თვით გენერალური პროკურორი, მას შემდეგ საჯარო სამსახურში აღარ არის, არ არის პოლიტიკაში და არის კერძო პირი. ჯერ არავინ იცის, ვინ ვისი აგენტი იყო, როდის და რანაირად იყო. ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე მოკვლევას იწყებს, დაველოდოთ მოკვლევას“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამასთან, როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, გასაკვირია, როცა დასანქცირებისას კონკრეტული ახსნა-განმარტება არ კეთდება.

„ზოგადად, სანქცირების საკითხს რაც შეეხება, ჩვენთვის გასაკვირია, რომ მოსამართლეები როცა დასანქცირდნენ, არანაირი კონკრეტული ახსნა-განმარტება არ გაკეთებულა, რა მიზეზით მოხდა მათი დასანქცირება. რელევანტური პასუხი არ არის, როცა გვითხრეს, ღია წყაროებში წაივკითხეთო“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

აშშ რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო ომის წარმოებასთან დაკავშირებით, 150-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირთა შორის არის საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ საქართველო განიხილავს ბულგარეთს, როგორც მეგობარ ქვეყანას და სანდო პარტნიორს.

მთავრობის მეთაურმა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გააქტიურების აუცილებლობას. განიხილეს ქვეყნებს შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები. აღინიშნა, რომ ვაჭრობა და ეკონომიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაში, რადგან ბულგარეთი მუდმივად რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. გამოითქვა მზადყოფნა, ერთობლივი ძალისხმევით გაფართოვდეს საინვესტიციო თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

აღინიშნა, რომ როგორც შავი ზღვის ქვეყნებმა, საქართველომ და ბულგარეთმა უნდა გააგრძელონ ერთობლივი ძალისხმევა, რათა სრულად იქნას გამოყენებული თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში.

“ყველაფერს გამოძიება დაადგენს” – კახა კალაძე ოთარ ფარცხალაძეზე

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა დაიწყო და გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

„პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დასანქცირდა. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა. დღეს მოვისმინეთ განცხადებები მოკვლევასთან დაკავშირებით.  იცით, რომ ჩვენ რუსეთისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ ვუერთდებით, თუმცა ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება და იმ შეხვედრებზე, რომლებიც შემდგარა ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მადლობებიც კი მიგვიღია. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე უწყებაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია საჯარო სექტორში აღარ საქმიანობს.

„ოთარ ფარცხალაძე სისტემაში წინა ხელისუფლების დროსაც მუშაობდა. მე მგონი, ის უკვე 9-10 წელია საჯარო სამსახურში არ საქმიანობს, დაკავებულია კერძო საქმეებითა და ბიზნესებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ყველა შემთხვევაში. პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ასევე ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებზე გვერდის ავლისთვის. ჩატარდება მოკვლევა და ყველაფერი ობიექტურად გაირკვევა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“გლობალური ომის პარტია და მისი აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ოქტომბერ-ნოემბრისთვის ემზადებიან” – “ხალხის ძალა”

ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა ბუნებაში არ არსებობს და აშკარაა, რომ ვიღაცას ამ ყველაფრის გამოგონება კონკრეტული პოლიტიკური მიზნით დასჭირდა, – აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას “ხალხის ძალა“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, ამერიკელები ყოველ ჯერზე ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას ჩაენაცვლონ და მათი სახელით ილაპარაკონ“.

„გუშინ გამოქვეყნდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, სხვა 149 პირთან ერთად, ოთარ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ. გადაწყვეტილების ტექსტში ვკითხულობთ, რომ ფარცხალაძეს სანქციები უწესდება „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“. დოკუმენტში ასევე წერია, რომ „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასიკეთო გავლენის მოხდენისთვის იყენებს“.

სანქციის მიზეზის განმარტება იმდენად არასერიოზულია, რომ გადაწყვეტილების უკან სრულიად სხვა პოლიტიკური მოტივი აშკარად იკითხება. გაუგებარია, სად ნახა ვინმემ ოთარ ფარცხალაძის გავლენა ქართულ პოლიტიკაზე და მითუმეტეს, საზოგადოებაზე. წლებია, ის საჯაროდ არცერთხელ გამოჩენილა. დავით კეზერაშვილისგან განსხვავებით, არც პარტიებს და „ენჯეოებს“ აფინანსებს და არც მედიასაშუალებებს ფლობს. ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე ფარცხალაძის გავლენა ბუნებაში არ არსებობს და აშკარაა, რომ ვიღაცას ამ ყველაფრის გამოგონება კონკრეტული პოლიტიკური მიზნით დასჭირდა.

ამერიკელები ქართულ საზოგადოებაზე მართლა რომ ზრუნავდნენ, აბსურდული მიზეზით სანქციებს კი არ დააწესებდნენ, საზოგადოებას მათ ხელთ არსებულ ინფორმაციას გაუზიარებდნენ და საზოგადოება თავად განსჯიდა, იყო თუ არა ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა მისთვის რაიმე საფრთხის შემცველი. თუმცა, ვხედავთ, რომ ამერიკელები ყოველ ჯერზე ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას ჩაენაცვლონ და მისი სახელით ილაპარაკონ. ისინი ხშირად მიმართავენ ჰიბრიდული ომის ყველაზე უხეშ მეთოდებს და ცდილობენ, გაავლონ ზღვარი ქართულ საზოგადოებასა და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შორის. აცხადებენ, რომ ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს, არა მის მიერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება, არამედ მისგან 9 000 კილომეტრით დაშორებული ამერიკის ხელისუფლება. ხომ არ დაფიქრდებოდა ამერიკის ხელისუფლება, რომ მას ქართულ საზოგადოებაზე ასე უხეშად ზრუნვა არ ევალება? ასეთი ნაბიჯებით, გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედი ამერიკული ოფიციალური სტრუქტურები, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ ისინი ჩვენს სახელმწიფოებრიობას არ ცნობენ და ქართული საზოგადოების მიმართ უდიერ დამოკიდებულებას ავლენენ. ისინი ცდილობენ, თავს მოგვახვიონ აზრი, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში ცნობენ, თუ ძალაუფლებას გლობალური ომის პარტიის აგენტურა, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დაიბრუნებს. ბუნებრივია, თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი ამ გზავნილს არასოდეს შეეგუება.

ყველას გვახსოვს, როგორ დაუწესდა ოთხ ქართველ მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები. ბრალდება მაშინაც არასერიოზული იყო და ამერიკის ელჩს, პრაქტიკულად, იმის აღიარება მოუწია, რომ მოსამართლეებს შეზღუდვები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუწესდათ. ამგვარი მიდგომა უხეშად ეწინააღმდეგება სამართლის უზენაესობის პრინციპს, რომელმაც, სამწუხაროდ, ამერიკის საერთაშორისო პოლიტიკაში აქტუალობა სრულად დაკარგა.

ვხედავთ, რომ ერთი მხრივ, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულების გარეშე უწესებენ კონკრეტულ ადამიანებს შეზღუდვებსა და სანქციებს, ხოლო, მეორე მხრივ, რეალურ ქართველ ოლიგარქს, დავით კეზერაშვილს, რომელიც ჯერ საქართველოში ბიზნესმენებსა და ჯარს ძარცვავდა, ხოლო ახლა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებით არის დაკავებული, ევროპაში თავისუფალი მიმოსვლის საშუალებას აძლევენ. ყველას გვახსოვს, როგორ ხვდებოდა კეზერაშვილს ამერიკელი მაღალჩინოსანი, კურტ უოკერი, რაზეც ქართულ საზოგადოებას განმარტებაც კი არ მოუსმენია. საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაში, კეზერაშვილს ამერიკელები მფარველობენ და მას ნაძარცვი ფულით ქართულ პოლიტიკაში საკუთარი აგენტურის დასაფინანსებლად იყენებენ. სამწუხაროდ, დღემდე არავის უცდია, საზოგადოების ეს ეჭვი გაეფანტა და კრიმინალ ოლიგარქს, თუნდაც, ერთი განცხადებით გამიჯვნოდა.

ამ ყველაფრის მიზანი გასაგებია. გლობალური ომის პარტია საქართველოს მეორე ფრონტის არგახსნას არ პატიობს და ყველანაირად ცდილობს, ქვეყანაში ვითარება რამენაირად არიოს და ხელისუფლება შეცვალოს, რისთვისაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსაც აქტიურად იყენებს. ბუნებრივია, იმთავითვე ცხადი იყო, რომ ქართული აგენტურა, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესებას ხელისუფლებაზე თავდასხმისა და ე.წ. პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის გამოიყენებდა. ფარცხალაძეს მაშინვე გაუხსენეს მის მიერ 10 წლის წინ დაკავებული თანამდებობა და თქვეს, რომ მისი დასანქცირებით, ამერიკამ გაფრთხილება მთელ ხელისუფლებას გაუგზავნა, რაც იოლად პროგნოზირებადი იყო.

გლობალური ომის პარტია და მისი აგენტურა, ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ოქტომბერ-ნოემბრისთვის ემზადებიან. მათი გათვლა არის, რომ ოქტომბრის ბოლოს ევროკომისია გამოაქვეყნებს უარყოფით დასკვნას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რასაც ისინი რევოლუციის მოწყობის კიდევ ერთხელ საცდელად გამოიყენებენ.

ბუნებრივია, ეს სცენარიც ზუსტად ისევე ჩაიშლება, როგორც გლობალური ომის პარტიისა და მისი აგენტურის ყველა წინა რევოლუციური სცენარი ჩავარდა. ამის მთავარი გარანტი კი ქართული საზოგადოებაა. საზოგადოება არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ მისი ქვეყანა მეორე ფრონტის არგახსნისთვის, მშვიდობის შენარჩუნებისა და უკრაინიზაციაზე უარის თქმისთვის დაისაჯოს“, – ნათქვამია „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“დღევანდელი ოპოზიცია დასუსტებული კი არა, დანგრეულია” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანების თუ დაშლის მიუხედავად, დღევანდელ ოპოზიციას აქვს საერთო სამოქმედო გეგმა, რაც სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებს და მიმართულია საქართველოს მომავლისა და განვითარების წინააღმდეგ.

„ჩვენ არაერთხელ გვინახავს ასეთი პლატფორმები, მათი შეკვრა, დაშლა. სიახლე არაფერია. ჩვენ ვიცით ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, რას ემსახურებიან, რა არის მათი ძირითადი სამოქმედო გეგმა და სამიზნე. ერთი რამ ცხადია, რომ მათ ქმედებებში ქვეყნის ინტერესები ნამდვილად არ არის, სხვა ქვეყნის ინტერესები შეიძლება იყოს. ჩვენ ალბათ კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს იმის ნახვა, რომ ვიღაცები დაიშლებიან, ვიღაცები გაერთიანდებიან. მაგრამ ვინც სხვა ქვეყნის ინტერესს ემსახურებიან, რა თქმა უნდა, მათ პოლიტიკურ პარტიას არანაირი მომავალი არ აქვს.

თავისი შინაარსით ეს ადამიანები ერთნი არიან, არაფრით განსხვავდებიან. დღეს შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვათ, ხვალ „ლელო“ დაირქვან, ზეგ – „ევროპული საქართველო“. ამ ადამიანების სულისკვეთება და მსოფლმხედველობა არის მიმართული ამ ქვეყნის განვითარების და მომავლის წინააღმდეგ. მათ ჰყავთ ერთი პატრონი და საქართველოს ნგრევას ემსახურებიან. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც რამდენი უბედურება მოუტანეს ქვეყანას და დღესაც აგრძელებენ. მოსახლეობა რეალობას ძალიან კარგად ხედავს. ასევე, ხედავს ჯერ კიდევ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რაც რეგიონში არსებობს. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს შესაძლებლობა, რომ ზეწოლის მიუხედავად, პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინოს, დაიცვას აქ მცხოვრებლები, შეინარჩუნოს მშვიდობა და მოახდინოს ქვეყნის განვითარება, ეს პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შესახებაც, სადაც ის დღევანდელ ოპოზიციას დასუსტებულს უწოდებს. თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია არის არა დასუსტებული, არამედ დანგრეული.

„დასუსტებულს ვერ დავარქმევდი. უფრო ვიტყოდი, რომ დანგრეული და გაუბედურებული არის დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია. ეს არის რეალობა, რასაც ყველა უნდა შეეგუოს. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ ქვეყანაში რადიკალიზმს არ აქვს მომავალი. რა თქმა უნდა, ქვეყანას, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიულ ზრდას. თუმცა, იმას, რაც დღეს ოპოზიციაში ხდება, ამას არვიცი რა დავარქვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით იზრდება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი კვლავ იზრდება.

ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით გაიზრდება.  ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის  – 2536₾, პარამედიკოსის – 2184₾, მოტომედიკოსის – 2184₾, უმცროსი ექიმის – 1800₾,  ექთნის- 1664₾, მძღოლის – 1520₾, დისპეტჩერის – 1392₾, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის – 1648₾, ცვლის უფროსის – 2560₾, ცვლის უფროსის მოადგილის -2128₾, ოპერატორის -1024₾ .

აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება.

უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა.

2023 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მინდელის ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდა და მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში აგრძელებს.