“რატომ არ ვაძლევთ უკრაინას იმას, რაც მას ყველაზე მეტად ჭირდება?”-The Spectator

602
spot_img

ბრიტანული ჟურნალის „სფექთეითორის“ (The Spectator) 15 სექტემბრის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „რატომ არ ვაძლევთ უკრაინას იმას, რაც მას ყველაზე მეტად ჭირდება?“, რომლის ავტორია დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი. სხვათა შორის, იგი „სფექთეითორის“ მთავარი რედაქტორი იყო 1999-2005 წლებში.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

როცა თქვენ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების სარეაბილიტაციო ცენტრებს ეწვევით, რომლებსაც ომმა ცხოვრება შეუცვალა, მათი შემხედვარე, ალბათ, შოკში ჩავარდებით, მაგრამ შეეცდებით თავს მოერიოთ, თვალი აარიდოთ და შოკიდან სწრაფად გამოხვიდეთ. შესაძლოა, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აღარც თვალი არ აარიდოთ… რაც დრო გავა, თქვენ შეიძენთ კვალიფიცირებული ექიმებისა და მედდების, ფიზიოთერაპევტების ჩვევას – ყურადღება გაამახვილოთ არა ჭრილობებზე, არამედ ცალკეულ პირების მდგომარეობაზე, რომელთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა მამაკაცია (თუმცა ქალებიც ბევრი დაიღუპა და დაიჭრა).

რაც ჩვენ ახლა მოგვეთხოვება, არის სტრატეგიული თმენა და იმის გაცნობიერება, რომ უკრაინას ჩვენგან სასწრაფოდ ჭირდება სამხედრო დახმარების პროგრამა.

უნდა ვაღიაროთ, რომ რაც დრო გადის, ბრძოლის ველზე უკრაინის მოთხოვნილებები იცვლება: ერთი წლის წინ ჩვენ თავს ვიკავებდით კიევისთვის ტანკებისა და ჯავშანმანქანების მიწოდებაზე, აბსურდული მოსაზრებით, რომ ამგვარი მხარდაჭერა „რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევსო“, თუმცა დღეს დრონები ტანკებისათვის ისეთი მომაკვდინებელი გახდნენ, რომ მეომარი მხარეები ზოგჯერ ჯავშანტექნიკას აღარ იყენებენ და ქვეითად გადაადგილდებიან.

უკრაინის არმიას ჭირდება გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, მათ სჭირდებათ Patriot-ის ტიპის სისტემები, აგრეთვე უფრო სრულყოფილი შორსმსროლელი არტილერია. HIMARS-ები სასარგებლო იყო, მაგრამ სამწუხაროდ, რუსებმა მათ წინააღმდეგ ეფექტური კონტრზომები მიიღეს. კიევს ახლა უფრო მეტად ATACMS-ები გამოადგებათ, შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები, რომელთა მიცემას აშშ ჯერ ვერ ბედავს. თავის მხრივ, დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას რაც შეიძლება მეტი Storm Shadow-ები უნდა მიაწოდოს, ჰაუბიცები და დრონების წარმოების ტექნოლოგიები.

როცა ამას წინათ კიევში ვიყავი, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მითხრა, რომ მას უნდა ATACMS-ის სისტემის სულ რაღაც 200 რაკეტა, რომელიც ამერიკას რეზერვში ათასობით აქვს შენახული. რატომ უნდა გადავდოთ ამ თხოვნის შესრულება? ამ რაკეტებს სხვა რა მიზანი უნდა ჰქონდეთ, თუ არა ის, რომ რუსეთისაგან დასავლეთისა და თვით აშშ-ის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტია უზრუნველყონ?

ვაშინგტონში ვიღაცეები თვლიან, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე მეტი ყურადღება იმ მიმართულებას უნდა დაუთმონ, რომელიც გამოიხატება სტრატეგიაში „ჩინეთი, უპირველეს ყოვლისა“. მათი აზრით, ATACMS-ის რაკეტები შენახული იმ შემთხვევისათვის უნდა ჰქონდეთ, თუ ტაივანს პეკინისაგან დაცვა დაჭირდება. ეს რა სისულელეს ჩმახავენ? ტაივანზე ჩინეთის თავდასხმის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება ისაა, რომ უკრაინელებმა რაც შეიძლება სწრაფად გაიმარჯვონ რუსეთთან ომში.

ჩვენ უკრაინის დასახმარებლად და მისი პოტენციური გამარჯვებისათვის ძალიან ცოტა სახსრებს ვხარჯავთ. ამერიკამ უკრაინის არმიის მხარდასაჭერად თავისი თავდაცვითი ბიუჯეტის მხოლოდ 1% გამოყო, დიდმა ბრიტანეთმა კი – მხოლოდ ძალზე მცირე ნაწილი იმასთან შედარებით, რასაც აშშ ხარჯავს კიევისათვის. მართალია, ამერიკელი ჯარისკაცები უკრაინაში არ არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ დასავლეთისათვის ამ ომის ფსონები მაინც ძალიან მაღალია.

თუ ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს – მისთვის გამარჯვება კი იმას ნიშნავს, რომ მიერთებულ-ოკუპირებული ტერიტორიები შეინარჩუნოს – ამ შემთხვევაში მსოფლიო საშინელი ამბის მოწმე გახდება: დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლაში სამარცხვინოდ დამარცხდა. ეს არ უნდა მოხდეს. „დასავლეთის ერთგული უკრაინელი ლომგული მეომრები“ – აი, ასეთი შეფასებით უნდა შევიდეს უკრაინის ომი ისტორიაში.
ჩვენ თუ ახლა უკან დავიხევთ, გავრცელდება ხმები, რომ დასავლეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი უუნარობა მიცემული სიტყვის შესრულებთან დაკავშირებით, მხარს არ უჭერს მეგობრებს თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაში – იმ დროსაც კი, როცა დასავლელ ჯარისკაცებს საფრთხე არ ემუქრებათ.
თუ უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს, თუ ის შეძლებს მცირედის შენარჩუნებასაც კი იმ ტერიტორიებიდან, რაც მას აქვს ოკუპირებული, გაკვეთილი ასეთი იქნება: თურმე [დაუსჯელად] შეიძლება ევროპული საზღვრების შეცვლა საქართველოსთვისაც, ბალტიის ქვეყნებისათვისაც და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვისაც, პოსტსაბჭოურ სივრცეში.
უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინის გამარჯვება კატასტროფას ნიშნავს როგორც ზოგადად დასავლეთისთვის, ასევე კონკრეტულად აშშ-სთვის, რომელიც დასავლეთის ლიდერის როლს ასრულებს. მე არ ვფიქრობ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი იოლად გადაიტანს ომის ასეთ დასასრულს, მით უმეტეს ისიც, რომელსაც „ამერიკისათვის ძველი დიდების დაბრუნება უნდა“ (სავარაუდოდ, ბორის ჯონსონი გულისხმობს დონალდ ტრამპს – ს.კ.).

განა ჩვენ არ შეგვიძლია, ბოლოს და ბოლოს, რომ უკრაინელებს ისეთი სამხედრო დახმარება გავუწიოთ, რომ მათ მაქსიმალურად მოკლე დროში დაასრულონ დაწყებული საქმე (კონტრშეტევა) და მინიმალურად შემცირდეს ის მსხვერპლი, რომლებიც ამ უაზრო კონფლიქტს ეწირებიან?

მე ადრეც დავსვი კითხვა და ახლა ისევ ვიმეორებ: ეშმაკმა დალახვროს, რას ველოდებით?

წყარო